მიხეილ მაჭავარიანი «კომუნისტურ ნომენკლატურასა» და «თინეიჯერთა» შორის

მიხეილ მაჭავარიანი «კომუნისტურ ნომენკლატურასა» და «თინეიჯერთა» შორის

 

    რამდენიმე დღის წინ გია ბარამიძე, რომელიც მანამდე «კორუფციის წინააღმდეგ» მებრძოლი კომისიის ხელმძღვანელი იყო, აირჩიეს «მოქალაქეთა კავშირის» ფრაქციის თავმჯდომარედ პარლამენტში. ლანა ღოღობერიძე «საპარლამენტო უმრავლესობის» ლიდერი გახდა. როგორც ჩანს, «მოქალაქეებმა» ჩათვალეს, რომ «ანტიკორუფციულმა კომისიამ» უკვე გააკეთა შესაძლებლის მაქსიმუმი - დაასახელა «ქართული მაფიის» ბოსთა სახელები, მათ მიმართ შესაბამისი ქმედების განხორციელება კი უკვე სცილდებოდა კომისიის კომპეტენციას.
    რასაკვირველია, ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირის» ახალი ლიდერის, ისევე, როგორც თვით მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის, მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნა ედუარდ შევარდნაძის უშუალო მონაწილეობის გარეშე არ მოხდებოდა; აქაც უეჭველად ვლინდება ის მკაცრად განსაზღვრული ტაქტიკა, რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი ატარებს საკადრო სფეროში.
    მიხეილ მაჭავარიანი ჯერ სულ ახალგაზრდაა, ისევე, როგორც ფრაქციის ლიდერი და ისევე, როგორც «ქვემო ქართლისა» და «გურიის» გუბერნატორები. შეუძლებელია, ისინი ვინმემ დაადანაშაულოს «ნომენკლატურულ წარსულში» და «ფუნქციონერობაში». ფაქტობრივად, მიხეილ მაჭავარიანი ქმნის ძალზე ძლიერ «ანტისტერეოტიპს» ოპოზიციის მიერ შექმნილი იდეოლოგემების წინააღმდეგ.
    «ედუარდ შევარდნაძე არის კომუნისტური წარსული სიმბოლო, რომელმაც კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში ის ფენა, რომელიც ქვეყანას მართავდა სამოცდაათიანი წლის განმავლობაში». ეს იდეოლოგემა დაიმსხვრა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც «შევარდნაძის პარტიის» გენერალური მდივანი ზურაბ ჟვანია გახდა. ამ, პოსტს გასაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ «მოქალაქეთა ელიტაც» და «პარტიის თავმჯდომარეც» არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდნენ გენერალური მდივნის პოსტზე ისეთი პიროვნების დანიშვნას, რომელიც ოპოზიციის ადვილი სამიზნე გახდებოდა.
    მიხეილ მაჭავარიანის წინააღმდეგ პროპაგანდისტული კომპანიის «აგორება» ძნელია. ბოლოს და ბოლოს, «ოპოზიციური სტერეოტიპის» შემქმნელნი თავად შეიძლება აღმოჩნდნენ უხერხულ მდგომარეობაში - «მოხუცი არ მოგწონთ, ახალგაზრდა არ მოგწონთ, კომუნისტი არ მოგწონთ, არც არაკომუნისტი მოგწონთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის თქვენი მოსაწონი?»
    ამ არგუმენტს ხელისუფლება ძალზე ოსტატურად იყენებს. მაჭავარიანი იმდენად ახალგაზრდაა, რომ იგი არათუ კომუნისტურ პარტიაში, არამედ, მგონი, კომკავშირში შესვლასაც ვერ მოასწრებდა. რეალურად, მისი დანიშვნა «მოქალაქეთა კავშირის» გენერალურ მდივნად უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ეს პარტია ნამდვილად არ არის (ვერც იქნებოდა) კომუნისტური პარტიის მემკვიდრე საქართველოში.
    სხვა საკითხია, რამდენად მისაღები ან მიუღებელია ამ პარტიის მიერ გატარებული პოლიტიკა საგარეო და საშინაო სფეროში. მიუხედავად ამისა, «ოპოზიციურმა აზრმა» მაინც სცადა, მიეგნო საწინააღმდეგო სტერეოტიპისათვის, რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ «მოქალაქეთა» დისკრედიტაციას.
    ამგვარი მცდელობის მაგალითია «თინეიჯერთა» მითის გავრცელება. თუმცა, ხელისუფლებას შეუძლია ეს ორი არგუმენტი - «კომუნისტური ნომენკლატურა» და «თინეიჯერები» ერთმანეთს დაუპირისპიროს და ამით გარკვეული წონასწორობა შექმნას, რომლის დარღვევა არც ისე ადვილია.

«მერიდიანი», 13 დეკემბერი, 1996 წელი.