ლარის კურსის დაცემამ შეიძლება სამართალდამცავები შეიწიროს
   

    საქართველოს ხელისუფალთა ოპტიმიზმი ლარის დევალვაციის შემდეგ საერთაშორისო დახმარების მიღების თაობაზე ერთობ გადაჭარბებული აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ჰანტერ მონრო, ისევე, როგორც მისი კოლეგა მსოფლიო ბანკიდან ჯული ოსკონორი, ამ საკითხს სულაც არ მიიჩნევენ გადაწყვეტილად და არ იზიარებენ შევარდნაძე-ლორთქიფანიძის ოპტიმიზმს.
    მათი განცხადებით, ლარის დევალვაცია აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი ღონისძიებაა: კრედიტების მისაღებად კი საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ რეალურად ძალუძს ბიუჯეტის შევსება ანუ გადასახადების აკრეფა. მხოლოდ ამ შემთხვევაში განიხილავს სავალუტო ფონდი საქართველოსთვის «ისააფის ხაზით» ახალი კრედიტის (38 მილიონი დოლარი) გამოყოფის საკითხს.
    ისიც, მხოლოდ «განიხილავს».
    იმ შემთხვევაში, თუ ვერდიქტი დადებითი იქნება, მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი გამოჰყოფენ დაპირებულ კრედიტებს. სავალუტო ფონდი ამ საკითხებში დომინანტის როლს ასრულებს, - მისი თანხმობის გარეშე ვერვინ გაბედავს დაეხმაროს განვითარებად ქვეყანას. ასეთია «ჯენტლმენური შეთანხმება» ვაშინგტონსა და ევროკავშირს (ბრიუსელს) შორის, რომლისთვისაც არც ერთ მხარეს არასდროს უღალატია.
    საეჭვოა, გამონაკლისი დაუშვან მაინცდამაინც საქართველოსთვის.
    ამრიგად, ეკონომიკური რეფორმის ერთი ეპოქა საქართველოში დასრულდა. თუ გულახდილნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: დასრულდა იგი წარუმატებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბოლოდროინდელ კრახზე და აი, რატომ: მონეტარული კონცეფციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში დამყარდეს ფინანსური სტაბილურობა, რაც აუცილებელი პირობაა ეკონომიკური ფონის შესაქმნელად. ასეთ ვითარებაში შესაძლებელია ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, მაგრამ ქვეყანა, საზოგადოება დგება არჩევანის წინაშე თუ როგორ გამოიყენებს ამ სტაბილურობას.
    თუ საზოგადოების სახელმწიფოებრივი კულტურა, მათ შორის შრომითი კულტურა, - ე.წ. «მწარმოებლური ინსტინქტი» საკმარისად მაღალია, მაშინ ფინანსურ სტაბილურობას უეჭველად მოჰყვება წარმოების ზრდა. ანუ, თავისთავად, ასეთი სტაბილურობა გახდება სტიმული იმისთვის, რათა ბუნებით «მწარმოებელმა საზოგადოებამ» თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულება დაიწყოს.
    ეკონომიკური მეცნიერება ამ თვალსაზრისით ერთმანეთისაგან ანსხვავებს «მწარმოებელ» და «მომხმარებელ» საზოგადოებებს. ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა, აგრეთვე თვით საზოგადოება თავისი ბუნებით, შინაგანი არსით არამწარმოებელი აღმოჩნდა (განსხვავებით, თუნდაც სომხური საზოგადოებისაგან), ამიტომ ფინანსურმა სტაბილურობამ წარმოებას კი არ მისცა სტიმული, არამედ მოხმარებას, ანუ გამოიღო კლასიკური შედეგი არამწარმოებლური საზოგადოებისთვის, როდესაც იგი ფინანსურ სტაბილურობას აღწევს.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდი 9 წლის განმავლობაში (1994 წლის შემოდგომიდან) ელოდა, როგორ განვითარდებოდა პროცესები, მაგრამ რამდენიმე თვის წინ საბოლოოდ დარწმუნდა: ქართულმა ელიტამ აირჩია «იოლი, არამწარმოებლური» გზა და წურბელასავით მიეწება სავალუტო ფონდის კრედიტებს, რომლებიც ძირითადად იმპორტს მოხმარდა; ეროვნული ბანკი ახორციელებდა ინტერვენციებს ბანკთაშორის ბირჟაზე, ინარჩუნებდა ლარის კურსს, რაც უაღრესად ხელსაყრელი იყო იმპორტიორებისთვის; შევარდნაძემაც კი აღიარა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საქართველო მთლიანად «იმპორტზე» მუშაობდა. იმპორტიორი ფირმები და მათ უკან მდგომი ოლიგარქები ვერა და ვერ გაძღნენ; ან კი რა გააძღებდათ? დიდ ფულს ყოველთვის სჯობს კიდევ უფრო დიდი ფული - სან-ფრანცისკოში სახლის ქონას, სჯობს გქონდეს სახლი სან-ფრანცისკოშიც, ჟენევაშიც, კურშაველშიც და პარიზშიც.
    საბედნიეროდ (დიახაც, ქვეყნის საბედნიეროდ), სავალუტო ფონდის ექსპერტები დარწმუნდნენ: მონეტარული სტაბილურობა საქართველოში არ იწვევდა წარმოების განვითარებას, არამედ მრავალმილიონიანი კრედიტები ხმარდებოდა მხოლოდ იმპორტის ზრდას.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდი რომ მართლა «იმპერიალისტური ორგანიზაცია» იყოს, როგორც ზოგიერთი ამტკიცებს, იგი რომ მხოლოდ «დასავლური საქონლისთვის გასაღების ბაზრების შესაქმნელად ზრუნავდეს», მაშინ შექმნილი მდგომარეობა მისთვის ხელსაყრელი იქნებოდა და საქართველოში წარმოების (მით უმეტეს, კონკურენტუნარიანი მრეწველობის) განვითარებისთვის, ექსპორტის სტიმულირებისთვის იგი ნამდვილად არ იზრუნებდა, მაგრამ სავალუტო ფონდი უმთავრესად სწორედ იმაზე ზრუნავს, როგორ დაიბრუნოს გაცემული კრედიტები. ეს უაღრესად პრაგმატული ანგარიშია: «მომხმარებელი საზოგადოება» კრედიტს ვერ დააბრუნებს და სავალუტო ფონდი იძულებული იქნება ეს კრედიტი ისევ «ჩამოწეროს», როგორც საბჭოთა «გოსპლანი» ჩამოწერდა ხოლმე აგროსამრეწველო კომპლექსისთვის გაცემულ თანხებს. Aამიტომ, სავალუტო ფონდის უმთავრესი ამოცანაა, არამწარმოებელი საზოგადოება - მწარმოებლად აქციოს.
    რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ეს მიიღწევა მონეტარული სტაბილურობის პირობებში. ანუ, საუკეთესო შემთხვევაში, წარმოების განვითარება ხდება ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებით; მაგრამ რაკი სავალუტო ფონდი დარწმუნდა, რომ ქართველებს წარმოება (შრომა) ეზარებათ და ურჩევნიათ იოლი ფულით (იმპორტით) გაძღნენ, - მან სხვა ხერხს მიმართა: მოგვთხოვა ლარის დევალვაცია, ამით გაანადგურა იმპორტი, შემოგვაღებინა ლარის «მფრინავი კურსი», რომელიც მთლიანად იქნება დამოკიდებული საგარეო სავაჭრო სალდოზე.
    ასეთ ვითარებაში იმპორტზე ბევრად უფრო მომგებიანი ექსპორტი ხდება, რაც უეჭველად აიძულებს მომხმარებელ საზოგადოებას დაიწყოს ტრანსფორმაცია «მწარმოებელ საზოგადოებად»; თუ ამ ხერხმაც ვერ გაჭრა, მაშინ სავალუტო ფონდი აღიარებს, რომ ეს სახელმწიფო ტრანსფორმაციას არ ექვემდებარება და თავს დაგვანებებს, - თვითონაც დაისვენებს და ჩვენც მოგვასვენებს.
    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ სავალუტო ფონდის ექსპერტები საქართველოს მიმართ სულ უფრო თავშეკავებულნი და ფრთხილნი ხდებიან. მათ შენიშნეს უმთავრესი თვისება, რომელიც ამ ქვეყანას ახასიათებს, - სახელმწიფოებრივი უკულტურობა, რამაც შეიძლება არარად აქციოს ნებისმიერი ეკონომიკური სქემა თუ გათვლა.
    როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს გადასახადების აკრეფას, - იქ ნებისმიერი ეკონომიკური კონცეფცია უაზრობა ხდება, ვინაიდან სავალუტო ფონდი ახორციელებს ეკონომიკურ პოლიტიკას მხოლოდ იმ პირობით, თუ ქვეყანაში სახელმწიფოებრივი პრობლემები მაინც არის მოგვარებული.
    საქართველოს სახელმწიფოებრივი პრობლემის უმთავრესი გამოხატულება კორუფციის ყოვლისმომცველობაა. სავალუტო ფონდი ხედავს, რომ ნებისმიერი მისი ძალისხმევა (თუნდაც ისეთი რადიკალური ზომა, როგორიცაა ეროვნული ვალუტის სრული ლიბერალიზაცია) უშედეგო იქნება კორუმპირებული სახელმწიფო აპარატის პირობებში.
    საქართველოს მთავარი უბედურებაც სწორედ ეს კორუმპირებული აპარატია. სანამ ქვეყანას ასეთი კორუმპირებული მოხელეები (მინისტრებიდან - საგადასახადო საბაჟო სამსახურების თუ პოლიციის რიგით მუშაკებამდე) ეყოლება, მას არაფერი ეშველება. ფუჭია ყოველგვარი მცდელობა რეფორმის გატარებისა ნებისმიერ, მათ შორის, უპირველესად ეკონომიკის სფეროში. სანამ ასეთი გახრწნილია სახელმწიფო სტრუქტურა, სამართალდამცავი ორგანოები, სანამ «ხელფასზე ცხოვრება» შეუძლებელიცაა და სისულელედაც ითვლება, სანამ შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრიც ურიგდება ამ სიბინძურეს, სანამ კორუფცია ლამის ლეგალიზებულია «წილებითა» და «კრიშებით» - არანაირი ძალისხმევა (მით უმეტეს გარედან) შედეგს არ გამოიღებს; ხოლო თუ კორუფციის აღმოფხვრა, არაკორუმპირებული აპარატის შექმნა საქართველოში შეუძლებელია, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია! როგორც ჩანს, ხელისუფლება (თავის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე) ცდილობს ძალაც იხმაროს. კორუმპირებულთა წინააღმდეგ სხვა კორუმპირებულთა მეშვეობით ბრძოლას რომ აზრი არა აქვს, - პრეზიდენტიც ხვდება და მისი გარემოცვაც; უახლოეს მომავალში შეიძლება განხორციელდეს არა იმდენად საკადრო, რამდენადაც თვისებრივი ცვლილებანი სახელმწიფო აპარატში, რისი პირველი მცდელობაცაა «საგანგებო ანტიკორუფციული კომისიის» შექმნა ძალიან მაღალი ოფიციალური ანაზღაურებით.
    გარკვეული ნიშანია, აგრეთვე, ვახტანგ ქუთათელაძის დანიშვნა უშიშროების მინისტრად. უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.
    სავალუტო ფონდი ყოველივე ამას პირდაპირ ვერ მოგვთხოვს, მაგრამ ეს თავისთავად იგულისხმება.

7 დღე, 9 დეკემბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე