ადგილობრივი საარჩევნო ფოკუსი

ადგილობრივი საარჩევნო ფოკუსი

      

        იმ საინფორმაციო ტალღაში, რაც ბუნებრივად მოჰყვა კოდორის ამბებს, თითქოსდა დაიკარგა ძალზე მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც უფრო მშვიდ ვითარებაში, ალბათ, საშინელ გნიასსა და ისტერიას გამოიწვევდა.
        ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ყბადაღებული «ადგილობრივი არჩევნების» გადადების შესახებ. უაღრესად საყურადღებოა, რომ ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ წრეებში არავითარი სერიოზული დებატები არ მოჰყოლია. ერთადერთი «მრეწველები» აჯანყდნენ და სასამართლოში იჩივლეს, მაგრამ (მიაქციეთ ყურადღება) ისინიც ვერ ახერხებენ ყოველივე მხოლოდ ხელისუფლებას დააბრალონ, ვინაიდან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება მიიღო 14 ხმით - 1-ის წინააღმდეგ.
        მაშასადამე, ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ («მოქალაქეებმა», «ტრადიციონალისტებმა», «სოციალისტებმა,» აღორძინებამ», «ახლებმა» და ა.შ.), გარდა გოგი თოფაძის «მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს» წარმომადგენლისა.
        ერთი შეხედვით, ეს თითქოს უცნაურია, ვინაიდან მცირე ხნის წინ «ოპოზიცია» ბრალად სდებდა «ტრადიციონალისტებს», რომ ისინი შეეკვრნენ მმართველ პარტიას და აპირებენ წაგლიჯონ ამომრჩეველს მისი წმიდათაწმიდა უფლება, აირჩიოს ადგილობრივი ხელისუფლება. მაგრამ ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც პრეზიდენტი გადადგა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან და პარლამენტში ვითარება «აირია».
        დავუშვათ, «მოქალაქეთა კავშირს» ხელს აძლევდა ლოკალური არჩევნების გადატანა, სანამ პარლამენტში ვითარება ყოველმხრივ არ «დალაგდებოდა» და თვით «მოქალაქეთა კავშირშიც» არ დასრულდებოდა თვითგამორკვევის პროცესი.
        მაგრამ მხოლოდ «მოქალაქეთა კავშირს» ეს გადაწყვეტილება არ მიუღია. იგი მიიღეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც.
        სხვათა შორის, ასევე აღსანიშნავია, რომ მომავალი ლოკალური არჩევნების უმძაფრესი მოვლენა გახდებოდა ქალაქ რუსთავის, ქუთაისის და სხვა ქალაქების მერთა პირდაპირი არჩევნები.
        უეჭველია, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა თოფაძის ხალხს. ანუ იმ ფიგურებს, რომლებიც მის დაჯგუფებას წარმოადგენდნენ, რაც სერიოზულ წინაპირობას ქმნის 2003 წლის არჩევნებში «მრეწველთა» ტრიუმფისათვის.
        Aამიტომ, სხვა ოპოზიციური პარტიები ამჟამად ყველაფერს აკეთებენ, რათა როგორმე გააჯანჯლონ ლოკალური არჩევნების ჩატარება. მათი უმთავრესი მიზანია, ისეთნაირად შეცვალონ საარჩევნო კოდექსი და თვით ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა, რომ ერთ რომელიმე პარტიას (არა მხოლოდ უკვე «მოქალაქეთა კავშირს», არამედ მრეწველებსაც) გამოკვეთილი წარმატების საშუალება აღარ მიეცეს.
        მაგრამ ამ გადაწყვეტილების შემდეგ (იგი უკვე მიღებულია და წყალი არ გაუვა) სამი ერთმანეთზე რთული პრობლემა წარმოიშობა, უპირველეს ყოვლისა, რას ვუშვრებით ევროსაბჭოში ნაკისრ ვალდებულებას, რომლის თანახმად, არჩევნები (ახალი კანონმდებლობის შესაბამისად) 2002 წლის აპრილამდე უნდა ჩატარებულიყო?
        უფრო ზუსტად, აპრილამდე უნდა ამოქმედებულიყო თვითმმართველობის ახალი სისტემა. რა თქმა უნდა, «ტრადიციონალისტები» გულისხმობენ, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო თავს «ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის» შესახებ და დააფუძნებს რეგიონალიზმს, მაგრამ მათ ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებ, რომ ამ საკითხში ქართული საზოგადოება, მთლიანად, ისტებლიშმენტი და პოლიტიკური ელიტა, ჯერ არ შეთანხმებულა. უფრო მეტიც, რეგიონალიზმისა ძალიან ბევრს, ეშინია და არცთუ უსაფუძვლოდ.
        მეორე პრობლემაა ადგილობრივი თვითმმართველობის ამჟამინდელ ორგანოთა უფლებამოსილების საკითხი. მათი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში იწურება.
        მესამე პრობლემა: ჩატარდება თუ არა ადგილობრივი არჩევნები აჭარაში? - ზოგიერთი ცნობით, ავტონომიის ხელმძღვანელობა აპირებს არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში ჩაატაროს- საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად. მაშინ, როდესაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არჩევნების დანიშვნის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს.
        «მრეწველები,» მართლაც, გარკვეულწილად, კომიკურ მდგომარეობაში არიან, ვინაიდან, ყველაფრის მიუხედავად, ცდილობენ ოპოზიციურ მოძმეებთან ურთიერთობა არ გაიფუჭონ.

მერიდიანი, 24 ოქტომბერი, 2001 წელი