«მეგრული თემის» ციებ-ცხელება
   

    საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს უკვე დაატყდათ თავს საზოგადოების რისხვა 9 თებერვლის ტერაქტთან დაკავშირებით. ძირითადად ეს ეხება უშიშროების სამინისტროს, რომელსაც სამეგრელოში კარგად შეიარაღებული, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო დაჯგუფების არსებობა «გამოეპარა»
   

    «უშიშროების მინისტრს» (ისევე, როგორც მის კოლეგებს სხვა უწყებებიდან), როგორც იტყვიან «თავისი უბედურებაც ეყოფოდა». ახალმა ბრალდებებმა კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ასეთ ბრალდებათა რიგს განეკუთვნება პრეტენზია: რატომ დაასახელეს ტერორისტთა სახელები, ამით ხომ «ანტიმეგრული სინდრომის» წარმოშობას შეუწყვესო ხელი? ჯემალ გახოკიძეს არავის დაცვა არ სჭირდება, მაგრამ ეს პრეტენზია ანგარიშგასაწევია. მით უფრო, არავითარი «ანტიმეგრული სინდრომი» საქართველოში არ წარმოშობილა და ვერც წარმოიშობა. თუ ყურადღებით დააკვირდებით, როგორ ირჯებოდნენ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები 12, 13, 14 თებერვალს (როცა უკვე დაკავებული ჰყავდათ პირველი ეჭვმიტანილები) უეჭველად შენიშნავთ, რომ მათ არ სურდათ დაპატიმრებულთა გვარების დასახელება.
    არ სურდათ სწორედ ამ მიზეზით, რათა არავის მისცემოდა საშუალება «მეგრული სინდრომის გაღვივებაზე» ელაპარაკა. მაგრამ შეიქმნა საქართველოსათვის ჩვეული ვითარება: როგორც არ უნდა მოქცეულიყვნენ გახოკიძე, ბაბილაშვილი და თარგამაძე - მათ საქციელს უეჭველად მიეცემოდა ნეგატიური ელფერი. ვთქვათ, არ დაესახელებინათ დაპატიმრებულთა გვარები. გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში სწორედ ის ხალხი, ვინც ამჟამად «მეგრული სინდრომის» გაღვივებაში სდებს მათ ბრალს, უეჭველად იტყოდა (ამბობდნენ კიდეც): გვატყუებენ, სინამდვილეში არავინ დაუპატიმრებიათ და გვარებსაც ამიტომ არ ასახელებენო. დანაშაულში ეჭვმიტანილთა ვინაობის დაფარვა იმასაც გამოიწვევდა, რომ თვით მათი ბრალეულობის საკითხიც ბევრისათვის კიდევ უფრო სათუო გახდებოდა. განსაკუთრებით ტერორისტთა ახლობლები დაიწყებდნენ აქტიურობას: «არ არიან დარწმუნებულნი დაკავებულების ბრალეულობაში, თორემ გვარებს აქამდე როგორ არ დაასახელებდნენო». გარდა ამისა, ტრადიციულ რადიოინტერვიუში (რაკი ეს ყოველივე გათვალისწინებული ჰქონდა) საქართველოს პრეზიდენტმაც კატეგორიულად მოითხოვა სამართალდამცავთაგან ტერორისტული ბანდის წევრთა გვარების დასახელება.
    ამდენად, ტრიო თარგამაძე-გახოკიძე-ბაბილაშვილი იძულებული გახდა გვარები ოფიციალურად გამოექვეყნებინათ. (არაოფიციალურად ეს მაინც გახდებოდა ცნობილი), მაგრამ ამით «ვაის გაეყრებოდნენ და უის შეეყრებოდნენ». ესაა ქართული საზოგადოების თვისება: სწორედ ამიტომ არის საოცრად ძნელი საქართველოში ნორმალური პოლიტიკის წარმოება. საზოგადოებრივი ცნობიერების ინფანტილიზმი უკიდურეს ზღვარს აღწევს. თუმცა, სამართალდამცავებს ამ შემთხვევაში სიმტკიცე უნდა გამოემჟღავნებინათ და გვარები ალბათ მაინც არ უნდა დაესახელებინათ (უდანაშაულობის პრეზუმფციის მომიზეზებით). ყოველ შემთხვევაში 19 თებერვლის ჯიხაშკარის ტერაქტამდე, როცა ისედაც ყველაფერი ნათელი გახდებოდა. გოჩა ესებუა ხომ თავად გამოვიდა ტელევიზიით და რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადება გააკეთა. ჟურნალისტის კითხვის პასუხად (იღებდა თუ არა იგი მონაწილეობას 9 თებერვლის აქციაში), მან თქვა: ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, სანამ ყველა ჩემი მოთხოვნა არ შესრულდებაო.

მერიდიანი, 23 თებერვალი, 1998 წ.

მთელ გვერდზე