ეროვნული იდეოლოგიის არარსებობაც ეროვნული იდეოლოგიაა

    საქართველოს ტელევიზია იშვიათად გვანებივრებს კარგი საავტორო გადაცემებით. თამარ ცაგარეიშვილის «რეტროპერსპექტივა» ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია
    ბოლო რამდენიმე გადაცემა «ეროვნული იდეოლოგიისა» და, ზოგადად, იდეოლოგიის საჭიროებას მიეძღვნა. ზოგიერთი ფრიად განსწავლული და «რეგალიზებული» გვამის უაპელაციო განცხადება - საქართველოს, ისევე, როგორც ზოგადად დემოკრატიულ სახელმწიფოს, იდეოლოგია არ სჭირდებაო» - განცვიფრებას იწვევს. ამ ხალხს, როგორც ჩანს, «იდეოლოგია» მხოლოდ მარქსიზმ-ლენინიზმი ჰგონია. ეს მოძღვრება ნორმალურ ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ სჭირდება, მაგრამ კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა და არც არსებობს სახელმწიფო იდეოლოგიის გარეშე. იქნებ ჰგონია ვინმეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს (მრავალი თვალსაზრისით დემოკრატიის ეტალონად მიჩნეულ ქვეყანას) იდეოლოგია არ გააჩნია? იდეოლოგიური პლურალიზმი, რომელიც გამორიცხავს რაიმე იდეოლოგიის თავს მოხვევას საზოგადოების ან მისი რომელიმე ნაწილისათვის - უკვე თავისთავად იდეოლოგიაა! ამერიკის სახელმწიფო იდეოლოგია ლიბერალიზმია. ამერიკის კონგრესში კედლებზე ხშირად წაიკითხავთ, მაგალითად, ასეთ ფრაზებს: «ყველა, ვინც დედამიწის ნებისმიერ წერტილში იბრძვის თავისუფლებისათვის - იბრძვის ამერიკისათვის!» ეს ხომ წმინდა წყლის იდეოლოგიური ფორმულაა, რომელიც ძალიან მომგებიანი სახელმწიფო იდეოლოგია აღმოჩნდა!
    ამერიკას შეუძლია წყნარი ოკეანის რომელიღაც კუნძულისკენ გააგზავნოს უზარმაზარი სამხედრო ფლოტი იმ საბაბით, რომ კუნძულზე თუნდაც ერთი ამერიკელი მოქალაქე იმყოფება და თავი იმართლოს ლიბერალიზმის უმთავრესი (სავსებით სამართლიანი) დებულებით: თითოეული პიროვნების უფლება და ღირსება ხელშეუხებელია! განა ეს არ არის სახელმწიფო (ეროვნული) იდეოლოგია? რა თქმა უნდა, თუ «ეროვნულში» ვიგულისხმებთ ეთნიკურ იდეოლოგიას, მაშინ პრიმიტიულ დონეზე დავალთ, მაგრამ თუ «ეროვნულში» იგულისხმება ნაციონალური, მაშინ იდეოლოგიის გარეშე «ნაცია-სახელმწიფოს» არსებობა არ ძალუძს. იდეოლოგია არ არის მხოლოდ ფასეულობათა სისტემა - იდეოლოგია ამ ნაციის მისწრაფებებს უნდა გამოხატავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერი (ნაცია) ემსგავსება «საძოვარზე მიშვებულ საქონელს», რომელსაც, რა თქმა უნდა, არანაირი შემკრები ფუნქცია არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონდეს.
    იდეოლოგია იმ გაგებით, როცა თითოეულ ადამიანს თავში უჭედავენ მარქსისა და ენგელსის ხშირად იდიოტურ პოსტულატებს, საქართველოს არ სჭირდება, მაგრამ ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს რაღაც ხელშეუხებელი - მაგალითად, ამერიკაში ვინმემ თეთრი სახლის წინ ამერიკის «მამა დამფუძნებლების» ფოტოები რომ გამოიტანოს და ამერიკის დროშასთან ერთად დაწვას - მას, რა თქმა უნდა, ვერ დასჯიან, ვინაიდან ამერიკის კონსტიტუცია გამორიცხავს «სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას», მაგრამ ესეც თავისთავად «იდეოლოგიაა», რომ არ შეიძლება ადამიანს აუკრძალო ნებისმიერი ფორმით აზრის გამოთქმა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს აზრი სხვებისათვის მიუღებელია.
    საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და გაცამტვერდა «კომუნისტურ იდეოლოგიასთან» ერთად, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ზოგადად იდეოლოგიის უსარგებლობას და არარსებობას. უბრალოდ, ლიბერალურმა იდეოლოგიამ დაჯაბნა ტოტალიტარული იდეოლოგია.
    რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ (ნაციონალურ) იდეოლოგიას, იგი უნდა გამომუშავდეს იმ ფასეულობათა შესაბამისად, პიროვნული და ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, რომლებიც მთელ საზოგადოებას ან მის უმეტეს ნაწილს აქვს გაცნობიერებული. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ლიბერალური იდეოლოგია, ანუ თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის იდეოლოგია. სხვაგვარი იდეოლოგია საქართველოს მართლაც არ სჭირდება.

მერიდიანი, 4 თებერვალი, 1998 წ.

მთელ გვერდზე