ედუარდ შევარდნაძემ ჰეიდარ ალიევს დაბადების დღე მიულოცა

    9 მაისს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა გამარჯვების პარკში ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 53 წლისთავი მიულოცა, იგი ბაქოს ეწვია ხანმოკლე ვიზიტით. ეს მეგობრული «სტუმრობა» იყო - უფრო სწორად, საპასუხო ვიზიტი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 70 წლის იუბილეზე ჰეიდარ ალიევიც ყველასთვის მოულოდნელად ჩამოვიდა. ბაქოში სულ ბოლოს, როდესაც სამადლობელ სიტყვას ამბობდა, ალიევმა იხუმრა: «ძვირფასო მეგობარო, თქვენს 75 წლისთავზე ისე ჩამოვალ და მოგილოცავთ, რომ საერთოდ ვერავინ გაიგებს თბილისში როგორ აღმოვჩნდიო».
    მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი ყოველგვარ პროტოკოლს არღვევდა, ალიევმა, სტუმრისადმი განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მას ოფიციალური ხასიათი შესძინა. მაგალითად, აეროპორტში შესრულდა სახელმწიფო ჰიმნები. ხოლო საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის გვარდია მიესალმა. შემდგომ ალიევი და შევარდნაძე ძეგლის გახსნაზე გაემართნენ. საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის სახელით აზერბაიჯანს ასი ათასი დოლარის ღირებულების ძეგლი აჩუქა, სახელწოდებით «ცეცხლოვანი რაში». ძეგლი ქართველმა მოქანდაკემ, გია ჯაფარიძემ შექმნა. მისი ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებაზე კრიტიკოსებს და ხელოვნებათმცოდნეებს ერთგვაროვანი აზრი არ ექნებათ, ეს მასპინძლებსაც შეეტყოთ, მაგრამ მთლიანობაში ჟესტი საკმოად ლამაზი იყო - ბაქოს ცენტრალურ უბანში, თბილისის პროსპექტზე, აღიმართა ძეგლი წარწერით: «აზერბაიჯანელ ხალხს - ქართველი ხალხისგან». თავისთავად, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია.
    შეხვედრის მთავარი ღონისძიება გახდა საზეიმო სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელსაც ის ხალხი დაესწრო, ვისაც ადრე «აქტივს» უწოდებდნენ, დღეს კი - «ისტებლიშმენტს». აზერბაიჯანული ისტებლიშმენტი დარბაზში საათნახევრით ადრე მოიყვანეს - სანამ პრეზიდენტები ერთი-ერთზე საუბრობდნენ, ისინი მდუმარედ ისხდნენ და ელოდნენ. საქართველოში საბედნიეროდ ასეთი რამ შეუძლებელია, ანუ შეუძლებელია, ქართული ელიტა ღონისძიებამდე საათნახევრით ადრე მიიყვანო დარბაზში და მდუმარედ გააჩერო. ეს თითქოს წვრილმანია, მაგრამ ამგვარი წვრილმანი მაინც თვალნათლივ მეტყველებს არა მხოლოდ მენტალურ სხვაობაზე ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის, არამედ ორი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონეზე, რამდენიმე თვის წინათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს თეთრ სახლში ცნობილ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ნახევარი საათით დააგვიანდა. 20 წუთის შემდეგ ბიზნესმენები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, 25 წუთის შემდეგ კი უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ. საერთოდ, ალიევი აზერბაიჯანში დაახლოებით ისეთივე ფიგურაა, როგორც მისი შორეული წინამორბედი, აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შეჰბენდე ხანი. მას აზერბაიჯანელები აღმერთებენ, ყოვლისშემძლედ მიიჩნევენ და მისი ყველა ნაბიჯი მათთვის უდიდესი სიბრძნეა. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ალიევმა მსოფლიო აზერბაიჯანისკენ შემოატრიალა, სომხეთს საინფორმაციო ომი მოუგო და გამოიწვია შიდა დაპირისპირება სომხურ ელიტაში - რაც შორს არ უნდა იყოს ჭეშმარიტებისაგან.
    ედუარდ შევარდნაძის სიტყვა ამ რეალობებს ითვალისწინებდა. მან დაიწყო დამსწრეთათვის იმის შეხსენებით, რომ დღეს 9 მაისი იყო. ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე. ამ გამარჯვებაში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა დივიზიებმა. ედუარდ შევარდნაძის თქმით, ისინი ომის დამთავრებისთანავე დაშალეს სწორედ იმის გამო, რომ «ნაციონალურნი იყვნენ». ამ ფაქტის შეხსენებით საქართველოს პრეზიდენტმა მასპინძლებს ქარაგმულად აგრძნობინა: კავკასიის გაერთიანებისა და ერთობლივი ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა - რუსეთი ყოველთვის შეძლებს «დაყავი და იბატონეს» პოლიტიკის გატარებას და ამჟამინდელივით დაბეჩავებულ მდგომარეობაში დავრჩებითო. კავკასიას შევარდნაძემ «სტრატეგიული სიმაღლე» უწოდა, რაც თავისთავად, აგრეთვე, საკმაოდ ღრმააზროვანი შედარება იყო. მით უმეტეს, მეტაფორა მოიხმო შემდეგ კონტექსტში: «კავკასია ჩვენი სტრატეგიული სიმაღლეა და ვალდებულნი ვართ, იგი ბოლომდე დავიცვათ».
    საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჰეიდარ ალიევი მას მუდამ წინ უსწრებდა. «მთელი 5 წლით დამასწრო დაბადება, მაგრამ ჩემი ბრალი ეს ნამდვილად არ არის. დამასწრო თავის რესპუბლიკაში გაპირველკაცება, პოლიტბიუროს წევრობა» და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ ჰეიდარ ალიევსა და ედუარდ შევარდნაძეზე ჟურნალისტები «ორმაგ პორტრეტს» ხატავდნენ და ხატავენ. შევარდნაძის აზრით, ხშირ შემთხვევაში ეს «ორმაგი პორტრეტი» დადებით ეფექტს ატარებს, ხშირად კი ნეგატიური, უარყოფითი ფერებით იხატება». ჩვენ ხშირად ვგრძნობთ სიძულვილის მუხტებს - აღარაფერს ვამბობთ მათ ტროტილურ გამოხატულებაზე», ანუ იმ მუხტებზე, რომლებიც ბაქოშიც და თბილისშიც აფეთქდა 1995-98 წლებში.
    ედუარდ შევარდნაძემ გაიხსენა ურთიერთობა ბრეჟნევთან და საკმაოდ საინტერესო ფაქტები მოყვა (პირველად). როგორც აღმოჩნდა, შევარდნაძის დანიშვნას საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად შევარდნაძის დანიშვნას აქტიურად დაუჭირა მხარი ჰეიდარ ალიევმა. ბრეჟნევმა შეხვედრისას შევარდნაძეს განუცხადა: «დიდხანს გსწავლობდით და დავასკვენით, რომ უნდა გაგიწიოთ რეკომენდაცია პირველი მდივნის პოსტზე, მით უმეტეს, რომ შენი მეზობელი, აზერბაიჯანის ცეკას პირველი მდივანი მხარს გიჭერსო. ეს მხარდაჭერა ქვეყნისთვის, ეტყობა მართლაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. იმდროინდელი ნომენკლატურა უმკაცრესი კანონებით მოქმედებდა საკადრო ცვლილებაში «ბრაკი» წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ედუარდ შევარდნაძეში, როგორც ჩანს, მაინც შეცდნენ - ამის მაჩვენებელია ტოტალიტარული საბჭოთა კავშირის ბედი. თუმცა, ედუარდ შევარდნაძის თქმით, იგი უარყოფითად არ იყო განწყობილი ლეონიდ ბრეჟნევისადმი. «მასთან მუშაობა შეიძლებოდა», - განაცხადა პრეზიდენტმა - «არცთუ ისე ცოტას ნიშნავს, როდესაც კაცი ხელს არ გიშლის».
    შევარდნაძემ გაიხსენა ჰეიდარ ალიევის ინიციატივა - კორუფციასა და ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის შესახებ. ეს იყო სწორედ აზერბაიჯანში წამოწყებული პროცესი, რომელიც საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმაც აიტაცა ჩვენს ქვეყანაში და დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს საბჭოთა კავშირში. იმ დროს «კორუფციაზე» არავინ ლაპარაკობდა, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ სოციალისტურ სისტემას კორუფცია არ ახასიათებს. ამიტომ, როგორც ედუარდ შევარდნაძემ ბაქოში განსაკუთრებით აღნიშნა, ჰეიდარ ალიევის ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებდნენ ცენტრში, ანუ მოსკოვში.
    არ არის შემთხვევითი, რომ ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება, ვინაიდან «კორუფციაც» და «ბრეჟნევთან ურთიერთობაც» ის საკითხებია, რომელთა გადაწყვეტისას საქართველოსა და აზერბაიჯანის იმდროინდელი ხელისუფალნი ერთ პოზიციაზე იდგნენ. არაფერი გვრჩებოდა იმის გარდა, დაგვეფარა ჩვენი აზრები, რათა შეგვენარჩუნებინა რეფორმისტული იდეების განხორციელების საშუალება. ხშირად ეს იდეები ინიღბებოდა გარეგნულად თითქოსდა უწყინარი ინიციატივების საფარქვეშ. აქ, ალბათ, იგულისხმება «ფოთისა» და «აბაშის» ექსპერიმენტები, რომელთაც შესაბამისად ბაკურ გულუა და გურამ მგელაძე ედგნენ სათავეში. ტარდებოდა თუ არა ანალოგიური ექსპერიმენტები აზერბაიჯანში - ჩემთვის უცნობია. თუმცა საეჭვოა ჰეიდარ ალიევის ფრონდერობა ასე შორს წასულიყო. «კორუფციის წინააღმდეგ» ბრძოლასაც იგი (დარწმუნებული ვარ) «დისციპლინის განმტკიცების» კონტექსტში მოიაზრებდა მხოლოდ. გარდა ამისა, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ იმდროიდანვე აზერბაიჯანში არ არსებობდა საზოგადოებაში რეფორმისტული განწყობის მომწიფების ყველაზე მთავარი ნიშანი - დისიდენტურად განწყობილი ინტელიგენცია, რაც შესაბამის მხატვრულ ნაწარმოებებში უნდა გამოხატულიყო. არაფერი მსგავსი აზერბაიჯანში არ ხდებოდა. ალბათ, არა მხოლოდ იმის გამო, რომ აზერბაიჯანულ ინტელიგენციას «შემოქმედებითი პოტენციალი არ ეყო».
    ედუარდ შევარდნაძის გამოსვლაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ნავთობი და ნავთობსადენი. მისი თქმით, აზერბაიჯანის ნავთობი ამჟამად მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. განიხილება მისი ტრანსპორტირების შესაძლო მარშრუტები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა «არამეგობრული იქნება ნავთობის ტრანსპორტირება მოძმე ქვეყნის გვერდის ავლით». თითქოსდა ასეთი კატეგორიები, როგორიცაა «მოძმე», «მეგობარი» და ასე შემდეგ - პოლიტიკაში არ უნდა ფიგურირებდეს. ეს მართალია, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე. უფრო ზუსტად იმ მომენტამდე ვიდრე პოლიტიკოსი შეძლებს თავს მოახვიოს პარტნიორს თამაშის საკუთარ წესები. ედუარდ შევარდნაძემ ეს ნამდვილად მოახერხა - ჰეიდარ ალიევისთვის «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირებისთვის უკვე ძნელი იქნება ნებისმიერი სხვა მარშრუტის არჩევა - საქართველოს გარდა, ვინაიდან ეს აღიქმება, როგორც ღალატი - ყველა თანამდევი შედეგით. ამის შემდეგ საქართველოს უკვე ექნება საშუალება და უფლება (პოლიტიკურად), უარყოს ყველა სხვა ვალდებულება აზერბაიჯანის მიმართ. ედუარდ შევარდნაძე სწორედ ამიტომ ცდილობს, მუდმივად «დააბალანსოს» ურთიერთობები სომხეთთან, რათა თუ საჭირო გახდა მანევრირების საშუალება ჰქონდეს. ალიევთან ვიზიტის შემდეგ შევარდნაძე შესაძლოა ქოჩარიანსაც ეწვიოს ერევანში. ყოველ შემთხვევაში, მან უკვე განაცხადა «სომხეთის პრეზიდენტთან უფრო ფუნდამენტური შეხვედრის» აუცილებლობის შესახებ. ალბათ, უკვე იბადება კონტრარგუმენტი, უფრო სწორად კითხვა - «რას მისცემს, ბოლოს და ბოლოს, ეს ნავთობსადენი საქართველოს?» ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრს თითქოს არაფერს - სულ რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს, მაგრამ მთავარი მაინც გეოპოლიტიკური პოტენციალის რეალიზება იქნება. ნავთობსადენი, რომელიც საქართველოზე გაივლის, აზერბაიჯანისთვის სახელმწიფოებრივი მდგრადობის უმთავრესი წყარო გახდება. იგი ათეულობით მილიარდ დოლარს მოუტანს ამ ქვეყანას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ XXI საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს აზერბაიჯანი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი და (მასშტაბთა გათვალისწინებით) უმძლავრესი სახელმწიფო გახდება. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, გაცილებით საამაყო და ღირსეული იქნებოდა, თავად ქცეულიყო «ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს სახელმწიფოდ», ხოლო სხვა მეზობლები სატრანზიტო ფუნქციით დაკმაყოფილებულიყვნენ. ვინაიდან უფალმა ნავთობი არ გვარგუნა, ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გაგვაჩნია. თუმცა, ეს არცთუ ისე ცოტაა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავტომატურად მოიხსნება (დღესაც და პერსპექტივაშიც) ქვემო ქართლის პრობლემა, ვინაიდან აზერბაიჯანი არასდროს, არანაირი ფორმით არ შეუწყობს ხელს დესტაბილიზაციას. ამ რეგიონში, რადგან ამ შემთხვევაში საქართველო ღილაკს თითის დაჭერით ან რაიმე ტექნიკური სირთულის მომიზეზებით, ან ნებისმიერი სხვა საბაბით, უბრალოდ გადაკეტავს ნავთობის მდინარეს და «ნავთობდოლარების» დინება ბაქოს ქისაში შეწყდება. გარდა ამისა, საქართველო გახდება უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი ხიდი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რასაც აგრეთვე, დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობის თვალსაზრისით.
    ედუარდ შევარდნაძემ რუსეთი კვლავ «გაკენწლა» სატრანზიტო მონოპოლიისკენ მისწრაფების გამო. მისი თქმით, «როდესაც ცარ-ბატიუშკას დროს აშენებდნენ ბაქო-ბათუმის ნავთობსადენს, არავის მოსვლია აზრად, გაეკიცხა საქართველო რუსეთის ინტერესთა იგნორირების გამო». იგულისხმებოდა, რომ საქართველო მაშინ რუსეთის ნაწილი იყო, ხოლო დღეს იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ნავთობსადენი ხელს უწყობს დამოუკიდებლობის განმტკიცებას და მას რუსეთში ესოდენი გააფთრებით სწორედ ამიტომ ებრძვიან ის წრეები, რომელთაც წარსულის დაბრუნება სურთ. თუმცა, თქვენც ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ვიზეა ლაპარაკი», - დასძინა შევარდნაძემ. მან ჰეიდარ ალიევს მისი პორტრეტი და რამდენიმე წლის წინათ დაღუპული მეუღლის ბიუსტი აჩუქა. ალიევი ამ უკანასკნელმა საჩუქარმა აშკარად ააღელვა, სამადლობელ სიტყვაში მან დიდი მადლობა მოახსენა ქართველ სტუმრებს და კვლავ დაადასტურა სიყვარული და ერთგულება საქართველოსადმი. რამდენად გულწრფელია მისი სიტყვები - მნიშვნელობა არ აქვს. Mმთავარია, რომ ამგვარი ურთიერთობა პოლიტიკური პროცესის მნიშვნელოვან ფაქტორად, ამ პროცესის დომინანტად იქცა.
   

ახალი მხედრიონი ძველი იდეებით

    გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა უდავოდ იყო, ცნობა «გარეთ დარჩენილი» მხედრიონელების ხელახალი შეკრების შესახებ საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც აფხაზეთის ომისა და სამეგრელოს სამოქალაქო ომში დაღუპული მხედრიონელები განისვენებენ. მრავალი მათგანი მართლაც გმირულად დაიღუპა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. თუმცა ემოციური მუხტი მოვლენას პოლიტიკურ შეფერილობას ვერ შესძენს. «მხედრიონი» ამჟამად განადგურებულია. მისი რეანიმაცია ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჯაბა იოსელიანი ციხეში ზის, მხედრიონის ძველი გვარდია მის ბედს იზიარებს. და, რაც მთავარია, საზოგადოებაში აღარ არსებობს შესაბამისი ფსიქოლოგიური ფონი შეიარაღებული ფორმირების რეანიმაციისთვის. თუმცა ძალზე ნიშანდობლივია მოთხოვნები, რომლის წამოყენებასაც «ახალი მხედრიონელები» აპირებენ: სამართლიანი პრივატიზების ჩატარება, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება და ასე შემდეგ. ეს მოთხოვნები კლასიკური მხედრიონის მოთხოვნილებებს იმეორებს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში კიდევ უფრო არანორმალურად ჟღერს. რაც შეეხება სამართლიან პრივატიზებას «- ნიშანდობლივია, რომ მხედრიონი ყოველთვის ამ მოთხოვნით გამოდიოდა - მაშინაც კი, როდესაც «პრივატიზება» ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა - 1990-1991 წლებში «მხედრიონელებმა» დაიწყეს აქტიური კონტაქტის დამყარება სხვადასხვა სოციალურ შრესთან, რომელსაც ქონების «ახალ გადანაწილებაში» მონაწილეობა სურდა. ძირითადი მიზანი იყო არ დაეშვათ ამ პროცესის მონოპოლიზება კომუნისტური ნომენკლატურის მიერ. საფრთხე კი რეალური ჩანდა - პარტიული ელიტა თითქოს პოლიტიკურ ძალაუფლებას აღარ ფლობდა, სამაგიეროდ «მეორე ეშელონი» და ქვემოთ - მთლიანად მის მიერ იყო დაკავებული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი, ამ ვითარებაში კომუნისტური ნომენკლატურის გარდა სხვა რომელიმე სოციალური ფენის მონაწილეობა «კაპიტალის პირველად დაგროვებასა» და «წითელი ფულის გარეცხვაში» - შეუძლებელი ჩანდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა არენაზე მხედრიონი, რომელმაც კომუნისტური დიქტატურის დამხობით გამოწვეული ბალანსი უმალვე აღადგინა და თავადაც ჩაება პროცესში. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორედ ამიტომ იყო მიუღებელი მხედრიონელთათვის. იგი ხელს უშლიდა მათ, ქონების გადანაწილების თანასწორუფლებიანი მონაწილენი გამხდარიყვნენ. ანუ დაპირისპირებას სწორედ ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და არა პოლიტიკური, ან მით უმეტეს მსოფლმხედველობრივი, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი რიგითი მხედრიონელი სავსებით გულწრფელად ეთაყვანებოდა ჯაბა იოსელიანს და მას გმირად მიიჩნევდა. ურო მეტიც - იდეალად, რომელსაც უნდა მიბაძო და რომლისკენაც უნდა ისწრაფვო. ზვიად გამსახურდია ამ ფენომენს ასე ხსნიდა: ქართველები ხასიათით სანგვინიკები არიან, ამიტომ იარაღით კეკლუცობა უყვართ. იგივე ახასიათებდათ და ახასიათებთ სამხრეთ იტალიელებს. მაგალითად, ალ კაპონე და ასე შემდეგ. ნაწილობრივ, ეს განსაზღვრება შესაძლოა, სწორიც იყოს, მაგრამ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ან მართლა ვერ ხვდებოდა, ან თავს იკატუნებდა და ისე სურდა საქმე წარმოეჩინა, თითქოს ეთნოფსიქოლოგიური თვისებების გარეგნულ გამოვლენებთან გვქონდა საქმე. თუმცა 1991-19992 წლების მიჯნაზე საქართველოში მომხდარი ტრაგედია უკვე სულ სხვა შინაარსის მოვლენა იყო. მე მიმაჩნია, რომ «მხედრიონმა» მართლაც მოახდინა რევოლუცია საქართველოში, რომელიც შემდგომ, სახელმწიფო გადატრიალების ფორმით, გააგრძელა კიტოვანის გვარდიამ - შინაარსობრივად მხედრიონის მსგავსმა ფორმირებამ და თვისებრივად, მისმა სოციალურმა ტყუპისცალმა.
    «ახალი მხედრიონი» მდინარეში მეორედ შესვლას, რასაკვირველია, ვერ შეძლებს. იგი ბევრ მხედრიონელსაც ვერ მოუყრის თავს - ვინც ადრე აქტიურობდა, შემდგომ ციხეში მოხვდა, გათავისუფლდა ან საეროთდ გადაურჩა დაპატიმრებას. ზოგიერთმა დამკვირვებელმა უკვე შეამჩნია, რომ ჯაბა იოსელიანი ამ წრეში აღარ სარგებლობს ისეთი ავტორიტეტით, როგორც წინათ, შესაძლოა, ამის მიზეზი «დამარცხების სინდრომი» იყოს. ჯაბა იოსელიანი საბოლოოდ მაინც დამარცხდა და არა მხოლოდ ფიზიკურად. ციხეში იგი ზვიად გამსახურდიას დროსაც იჯდა, მაგრამ მაშინ მთელი 11 თვის მანძილზე გამარჯვებული იყო მორალურად.

დილის გაზეთი, 11 მაისი, 1998 წელი

მთელ გვერდზე