შევარდნაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სპარინგ-პარტნიორები ეყოლება

შევარდნაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სპარინგ-პარტნიორები ეყოლება

        «სახალხო ფრონტის», ანუ ფართო «ანტიმოქკავშირული» კოალიციის იდეამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კრახი განიცადა: არადა, ეს არჩევნები, ფაქტობრივად, გადამწყვეტი იყო. ამის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა თუ ექნება, ვინაიდან აშკარაა: 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძემ უკვე დაამარცხა ასლან აბაშიძე.
        ამრიგად, შევარდნაძის მომავალი გამარჯვება იოტისოდენა ეჭვს არ იწვევს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი ამომრჩეველი ყველაფრით კმაყოფილია; უბრალოდ, ეს ამომრჩეველი, 1988-1993 წლების მოვლენათა შემდეგ გაცილებით «ჭკუადამჯდარი» და «ფრთხილი» გახდა და უფრო რაციონალური გათვლით, ვიდრე ემოციით, ეკიდება არჩევანს.
        ედუარდ შევარდნაძის მომხრეთა შორის ძალიან ცოტაა ისეთი, ვის თვალშიც ამჟამინდელ პრეზიდენტს რაიმე ქარიზმა აქვს (როგორც ჰქონდა ზვიად გამსახურდიას - «ზვიადისტებში»). მით უმეტეს, ცოტაა ადამიანი, ვისაც იგი «უყვარს», ვინაიდან ჭეშმარიტი პოლიტიკოსის სიყვარული შეუძლებელია.
        მაგრამ ეს გარემოება ედუარდ შევარდნაძის (როგორც პოლიტიკოსის) წისქვილზე ასხამს წყალს. ზვიად გამსახურდიაზე ნახევარი საქართველო (თუ მეტი არა) რომ გიჟდებოდა, ამიტომაც დაამხეს და ამიტომაც დაიღუპა თავი ქვეყანასთან ერთად.
        ზვიად გამსახურდიას ამომრჩევლისაგან განსხვავებით, ედუარდ შევარდნაძის ამომრჩეველი უფრო გონებით მოქმედებს, ვიდრე ემოციით.
        საქართველოში რატომღაც ითვლება (ქართულმა პოლიტოკრატიამ დაამკვიდრა ეს აზრი), რომ ფორმულა - «ის თუ არა, მაშ, ვინ?» - ამომრჩევლის უკულტურობის გამოვლინებაა, არადა, პირიქით: საკითხის ასე დასმა სწორედაც ელექტორატის მაღალ კულტურაზე მეტყველებს, ვინაიდან ნებისმიერი შესაძლო ალტერნატივისაგან იგი, უპირველეს ყოვლისა, კონკრეტულ პროგრამას მოითხოვს.
        ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკა და კურსი უკვე გარკვეულია. რას გვთავაზობენ მისი მოწინააღმდეგეები? რამდენიც არ უნდა ეცადოს ოპოზიცია პარტიულ (საპარლამენტო) ან პერსონიფიცირებულ (საპრეზიდენტო) არჩევნებში «ითამაშოს» მხოლოდ პროტესტულ ელექტორატზე, არაფერი გამოუვა, ვინაიდან პროტესტული ელექტორატი (ესე იგი ამომრჩეველი, რომელიც ყველგან, ყოველთვის ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას სოციალური გაჭირვების გამო), მთელი ელექტორატის უმრავლესობას არ შეადგენს.
        პოზიტიურად განწყობილიო ელექტორატი კი ყოველთვის აუცილებლად მოითხოვს ალტერნატიულ პროგრამას.
        საპარლამენტო არჩევნებში «აღორძინება» სწორედ იმიტომ დამარცხდა, რომ ვერ წარმოადგინა (ვერც წარმოადგენდა, - ეკლექტურობის გამო) ვერანაირი ალტერნატივა საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.
        მაგალითად, ზოგადი ლაპარაკი «რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე» არ კმარა. ამომრჩეველს აინტერესებს კონკრეტული საკითხი: «საქართველოს ხელისუფლებამ არ გაატარა რუსეთის ჯარი ჩეჩნეთში, ვინაიდან რუსეთი სანაცვლოდ არ გვპირდებოდა რაიმეს აფხაზეთში. როგორ მოიქცევა ალტერნატიული ხელისუფლება?»
        საქართველოში ძალიან ცოტას თუ სჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზი და მთავარი ფაქტორი ედუარდ შევარდნაძეა, ხოლო «სხვა პრეზიდენტის შემთხვევაში», კრემლი აფხაზეთში პოლიტიკას შეცვლიდა ან თავიდანვე სხვა პოლიტიკას გაატარებდა.
        მაგალითად, ჰეიდარ ალიევი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მომხრე იყო; აზერბაიჯანმა თანხმობა განაცხადა «სამოკავშირეო ხელშეკრულების» ხელმოწერაზე 1991 წელს (განსხვავებით სომხეთისაგან, რომელმაც იმავე წლის სექტემბერში დამოუკიდებლობა გამოაცხადა); მიუხედავად ამისა, რუსეთმა მაინც სომხებს დაუჭირა მხარი და არა აზერბაიჯანს - ყარაბაღის ომის დროს.
        ამ წინააღმდეგობებს ამომრჩეველი კარგად ამჩნევს და არჩევანსაც აკეთებს (ვიმეორებ) მხოლოდ და მხოლოდ რაციონალური გათვლით. ნებისმიერი «ექსპერიმენტი» მას დაუშვებლად მიაჩნია.
        ვინ შეიძლება იყოს ედუარდ შევარდნაძის «სპარინგ-პარტნიორი» 9 აპრილის არჩევნებში? ძალზე საეჭვოა, ეს ასლან აბაშიძე იყოს.
        მან უკვე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, ვინაიდან ხელისუფლებამ არ შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კანონში.
        ამ განცხადებამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა იმავე «აღორძინების» მეორე კანდიდატი – ჯუმბერ პატიაშვილი, ვინაიდან არჩევნებში მისი მონაწილეობაც «უაზრობა» ყოფილა, თუკი არჩევნებში მონაწილეობა «უაზრობა» იქნება...
        ედუარდ შევარდნაძემ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში ზუსტად შენიშნა ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარების მთავარი თვისება.
        კერძოდ, მან თქვა, რომ «ალტერნატივა არა აქვს იმ კურსს, რომელსაც მე ვატარებ».
        ამით მოქმედმა პრეზიდენტმა «ხელთათმანი» გადაუგდო მოწინააღმდეგეებს: თუ თვლით, რომ ხართ ალტერნატივა, რაში მდგომარეობს თქვენი ალტერნატიული კურსი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სფეროში?
        ხოლო თუ ამჟამინდელ სტრატეგიულ კურსს ეთანხმებით, მაშინ, საერთოდ რა აზრი აქვს პრეზიდენტის შეცვლას, - განა ვინმე გაატარებს ამ კურსს ჩემზე უკეთ?

მერიდიანი, 12 იანვარი, 2000 წელი