კორუფციასთან «ნამდვილ ბრძოლას» ტერაქტის შემდეგ უნდა ველოდოთ
   

    ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური უნარი განსაკუთრებით კრიზისულ ვითარებაში ვლინდება. თუმცა, ეს ზოგადად ყველა ძლიერი და გამოცდილი პოლიტიკოსისათვის არის დამახასიათებელი. 9 თებერვლის ტერორისტული აქტის შემდეგ შევარდნაძის გამოსვლა მთავრობის სხდომაზე «მოგებული პოზიციის» სრულფასოვანი დამუშავების ბრწყინვალე მაგალითი იყო. პოზიციის მომგებიანობა ადვილი შესამჩნევი და დასახასიათებელია: წარუმატებელი ტერაქტი ნებისმიერ პოლიტიკოსს საშუალებას აძლევს ხელთ იგდოს ინიციატივა და სათავეში მოექცეს პოლიტიკურ პროცესს.
    ბოლო თვეების განმავლობაში კორუფციის თემა თანდათანობით დომინანტური ხდებოდა. თანაც, არცთუ პრეზიდენტის სასარგებლოდ ან მისთვის მომგებიან კონტექსტში. ამავე დროს, გადამწყვეტი ზომების მიღებასაც გარკვეული რისკი ახლდა თან, ვინაიდან ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებას (ზოგადად) ინფანტილურობა ახასიათებს: შევარდნაძეს, ტრადიციულად, ბრალად სდებენ მეტისმეტ სიმკაცრეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისას, ადამიანის უფლებათა დარღვევას და ამავე დროს კორუფციის აყვავებას, მთლიანობაში - კორუმპირებული სისტემის შექმნას.
    ასევე ინფანტილური იყო საზოგადოების დამოკიდებულება გიორგი ბარამიძის კომისიისადმიც. ამ კომისიის შექმნასაც პირდაპირ უკავშირებენ პრეზიდენტის ნებას, თუმცა «მთლად ასეც არ იყო საქმე» - ეს უკანასკნელმა მოვლენებმა დაადასტურა.
    ზემოთხსენებულ მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური საპრეზიდენტო «ანტიკორუფციული კომისიის» შექმნის თაობაზე.
    დივერსიის შედეგად, ედუარდ შევარდნაძემ კიდევ ერთხელ მიიღო კარტ-ბლანში და ამჟამად მის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. ახლადშექმნილი კომისია უეჭველად ძალიან მძლავრი ბერკეტი გახდება მის ხელში, მაგრამ ტერაქტის მიუხედავადაც კი პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა, ვითარებას ვერ «მოამწიფებდა» (მისი საყვარელი გამოთქმაა), რომ არა საპარლამენტო (ბარამიძის) კომისია, რომელმაც შედეგს ვერ მიაღწია. თუმცა (პარადოქსია) - ყველაზე დიდი შედეგი სწორედ უშედეგობა აღმოჩნდა.
    ბარამიძის კომისიამ საბოლოოდ დაადასტურა, რამდენად უაზრო და უპერსპექტივოა ნებისმიერი სტრუქტურის შექმნა, თუ იგი მთლიანობაში არსებული სისტემის ფარგლებში იბრძვის კორუფციის სოციალური სენის წინააღმდეგ და არც რაიმე სერიოზული უფლებამოსილება გააჩნია; საინტერესოა თვით ამ კომისიის იდეის ევოლუცია.
    თავდაპირველად იგი აბსოლუტურად შეუვალი, ყველაზე მეტად ავტორიტეტული, მიუკერძოებელი ორგანო იყო, რომელსაც თითქოს შიშის ზარი უნდა დაეცა კორუმპირებული, ჩამპალი სტრუქტურებისათვის. მაგრამ მიუხედავად დიდი ხმაურისა, მიუხედავად საზოგადოების, პრესის უდიდესი დაინტერესებისა, კომისიამ, ფაქტობრივად, შედეგს ვერ მიაღწია - თუ შედეგში ვგულისხმობთ კონკრეტიკას ანუ კონკრეტულ სისხლის სიმართლის საქმეებს, რომლებიც უნდა აღძრულიყო 1991-1995 წლებში ქვეყნის მთავრობის, - სხვადასხვა მინისტრის (ცალ-ცალკე და თითქმის ყველასი ერთად) საქმიანობის თაობაზე.
    იმ წლებში სახელმწიფო ისეთ ქაოსში იყო ჩაფლული, რომ ბარამიძესაც კი ნამდვილად არ გაუჭირდებოდა კონკრეტული საქმეების მოგება და თვალნათელი დასკვნების გაკეთება.
    მაგრამ მოულოდნელად (ალბათ, თვით ბარამიძისთვისაც მოულოდნელად) აღმოჩნდა, რომ მრისხანე იმიჯის მქონე კომისიას, ფაქტობრივად, რეალურად არაფერი შეეძლო.
    თუ, რასაკვირველია, არ ჩავთვლით ხმაურიან პრესკონფერენციებს, განცხადებებს, რომელთაც ავთო მარგიანი და კომპანია არანაკლებ ხმაურიანი კონტრპროპაგანდით პასუხობდა (ეს კონტრპროპაგანდა ამჟამად სერგო ორჯონიკიძის რეაბილიტაციის მცდელობით გვირგვინდება) და ძალიან ოსტატურადაც იყენებდა ელემენტარულ არგუმენტს: თუ დამნაშავე ვარ, რატომ არ მიჭერენ, თუ არ ვარ დამნაშავე, რას მერჩის ბარამიძე?
    კომისიის თავმჯდომარე დღემდე თავს იკავებს კომენტარებისგან და ღიად არ გამოთქვამს აზრს იმის თაობაზე, თუ რა უშლიდა, კონკრეტულად, ხელს საქმის დასრულებას - თუნდაც ცნობილ ბარტერულ ოპერაციებთან დაკავშირებით, სადაც კრიმინალი სავსებით აშკარად მიაჩნდა.
    სამაგიეროდ, კომისიის სხვა წევრებს, რომლებსაც მეტი გასაქანი აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ და შეუძლიათ ნებისმიერი აზრი გამოთქვან, ამ კითხვებზე პასუხი დიდი ხნის წინათ აქვთ გაცემული. მათ მიაჩნიათ და ურყევად სჯერათ: საპარლამენტო კომისიის შექმნა იყო (რბილად თუ ვიტყვით) დონკიხოტობა იმ პირობებში, როდესაც კომისიას არ გააჩნდა (თურმე) რეალური საგამომძიებლო ფუნქცია, არ ჰქონდა უფლება თავად განეხორციელებინა კონკრეტული კვლევა-ძიება და, ფაქტობრივად, შეეძლო მხოლოდ გაეკონტროლებინა «ოფიციალურ სამართალდამცავ ორგანოთა» საქმიანობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.
    მაგრამ როგორ შეიძლება აკონტროლო, რაც არ არსებობს და არ მიმდინარეობს? შესაბამისი სტრუქტურები შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, უშიშროებაში სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით შეიქმნა; ამ სტრუქტურათა რეაბილიტაცია, მათი შესაბამისება თანამედროვე რეალიებთან აბსოლუტურად შეუძლებელია, ზემოდან ზეწოლითაც ბევრს ვერაფერს გახდები.
    მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მიაღწიო, არის მასობრივი რეპრესიები ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ; ანუ, სისტემა ისე დალპა, რომ მხოლოდ უკიდურესობაში ძალუძს რეალიზება.
    ესე იგი, ან საერთოდ უმოქმედოდ უნდა იყოს, ან ისე იმოქმედოს - ბიზნესის წარმოების სურვილი დაუკარგოს ყველას. ბარამიძის კომისიის მცდელობამ, ამ ვითარებაში, მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ ძირფესვიანად დამპალი სისტემა «ხელის შეხებისთანავე» დაიშალა, დაქუცმაცდა და გაცამტვერდა.
    თუმცა, ვიმეორებ, ბარამიძის კომისიის წარუმატებლობამ ხელ-ფეხი გაუხსნა პრეზიდენტს, რათა ტერაქტის შემდეგ შექმნილ ვითარებაში საბოლოოდ განეცხადებინა ახალი კომისიის შექმნა - ოღონდ სრულიად სხვა პირობებით, ფუნქციითა და შესაძლებლობებით.
    ჯერ ერთი, საპარლამენტო კომისია უშუალოდ მართლაც ვერ ჩაერეოდა აღმსრულებელი ხელისუფლების (იმავე სამართალდამცავი ორგანოების) საქმიანობაში, რადგან ეს იქნებოდა კონსტიტუციური დებულების დარღვევა «ხელისუფლებათა გამიჯვნის შესახებ». პრეზიდენტის კომისიას კი ასეთი შესაძლებლობა ექნება. ამასთანავე, საპრეზიდენტო კომისიას, წინასწარი მონაცემებით, მიენიჭება სპეცსამსახურის ფუნქციებიც. მას ექნება უფლება, მოისმინოს (მოსამართლის ნებართვით) სატელეფონო საუბრები, შეაგროვოს, გამოითხოვოს, მოიპოვოს ნებისმიერი დოკუმენტი, უშუალოდ მიმართოს სასამართლოს კონკრეტულ პირთა ბრალეულობის გასარკვევად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე, დაკითხოს თანამდებობის პირები, მოსთხოვოს მათ ახსნა-განმარტება ამა თუ გადაწყვეტილების გამო და ა.შ. ყველა ეს უფლებამოსილება საშუალებას მისცემს კომისიას, პირწმინდად დაშლილი და განადგურებული ანტიკორუფციული სისტემის ფუნქცია იტვირთოს.
    ფაქტობრივად, იქმნება ახალი სპეცსამსახური, რომელიც, მართლაც იქცევა უმძლავრეს ბერკეტად პრეზიდენტის ხელში.
    1992 წლიდან ედუარდ შევარდნაძეს, მიუხედავად განცხადებებისა, რეალურად არ წამოუწყია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. მან ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ასეთი კამპანიის წამოწყება ჩვენს პირობებში; ამიტომ დღემდე კიდევ თავს იკავებდა - უკანასკნელ «კოზირად» ინახავდა ამ კომისიას.
    თუ ეს ბერკეტი რეალურად ამოქმედდა - საქართველოში დიდი ამბები დატრიალდება, ხოლო შევარდნაძეს ისევ «სისასტიკეს» უფრო დააბრალებენ, ვიდრე შემწყნარებლობას.

7 დღე, 13 თებერვალი, 1998 წ.

მთელ გვერდზე