შავი ზღვის სამიტი დიდი ფეხბურთის ფონზე

შავი ზღვის სამიტი დიდი ფეხბურთის ფონზე

    რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვალენტინა მატვიენკომ თავისი გამოსვლა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ერთობ ექსტრავაგანტურად დაასრულა: თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს მიულოცა დიდი გამარჯვება ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე და, ფაქტობრივად, შემდგომი წარმატებები, ანუ მსოფლიოს ჩემპიონობა უსურვა. ზუსტად ასეთივე განცხადება გააკეთა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმაც. ორივე ქვეყანას თურქეთთან ისტორიული ანტაგონიზმი აქვთ, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში სპორტული წარმატება ქვეყნის ძლიერების გამოხატულება ხდება.
        ოთხი წლის წინ თბილისის «დინამოს» «გალათასარაი» ან «ტრაპზონსპორი» ერთ ლუკმად არ ეყოფოდა, დღეს მათ ბაზაზე შექმნილი ნაკრების წარმატება ახალი თურქეთის სიმბოლო ხდება. ბუნებრივია, ასეთ ქვეყანას რეგიონული ამბიციაც უჩნდება და შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს, ამდენად, რუსეთსა და საბერძნეთს დიპლომატიურმა ეტიკეტმა აიძულა, ასეით რევერანსი გაეკეთებინათ ისტორიული მტრისა და ამჟამინდელი მასპინძლის მიმართ.
        მართლაც, მეფურ სასტუმრო «ჩირაღანში» შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ათი წლისთავს საქმიანად აღნიშნათვდნენ. იგულისხმება, რომ ყველა პრეზიდენტმა, რომელიც სამიტს ესწრებოდა, თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ედუარდ შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, აგრეთვე, ყარაბაღის კონლიქტის გადაუწყვეტლობა ხელს უშლის რეგიონულ თანამშრომლობის განვითარებას. მისი თქმით, საერთაშორისო გაერთიანებამ უნდა გააძლიეროს ზემოქმედება სეპარატისტთა რეჟიმზე, რათა აიძულოს იგი, მიუჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდას. აქ უეჭველად იგულისხმებოდა მოლაპარაკება გაეროს დოკუმენტის თაობაზე – თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. თითქოსდა ეს პრეზიდენტი შევარდნაძეს ადრეც უთქვამს, მაგრამ ამჯერად კონტექსტი მაინც განსხვავებული იყო, ვინაიდან, საქართველოს პრეზიდენტმა ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ პუტინისა და ბუშის ბოლო შეხვედრა მოსკოვში ისტორიული მნიშვნელობისა იყო კავკასიისათვის, ვინაიდან ამ შეხვედრაზე ორი სახელმწიფოს ლიდერმა გამორიცხა მომავალში კონფრონტაციის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში და ეს რეგიონი აღიარა თანამშრომლობის ასპარეზად.
        ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ლიდერის ინტერპრეტაციით (რაც არცთუ ისე შორსაა ჭეშმარიტებისაგან), პუტინი და ბუში შეთანხმდნენ, იმოქმედონ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იქ ის გახლავთ, თუ რამდენად შეესაბამება ასეთი თანხვედრა საკუთრივ საქართველოს ინტერესებს. სტამბოლის კონფერენციას ამერიკის შეერთბეული შტატები დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა. მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ აცნობებდა სახელმწიფო დეპარტამენტს პრეზიდენტ შევარდნაძის ამ განცხადების თაობაზე. დიპლომატიური ენიდან თუ გადმოვთარგმნით, საქართველოს პრეზიდენტმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ნებისმიერი სეპარატისტული გარიგება მოსკოვთან (ქართული ინტერესების ხარჯზე) ყოვლა დაუშვებელია და უეჭველად იქნება მხილებული ოფიციალური თბილისის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე.
        პრეზიდენტის განწყობაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ მან იქვე ძალიან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი.: მისი თქმით, მოსკოვში ძალიან ნაწყენნი არიან იმის გამო, რომ ვერ მიიღეს ქართული მხარის თანხმობა, გაეტარებინა შეიარაღებული ძალები საკუთარ ტერიტორიაზე ჩეჩნური ფორმირებებისათვი სზურგში დასარტყმელად, ხოლო ჩეჩენი ლტოლვილები, ედურად შევარდნაძის განცხადებით, «ძალით შემორეკეს» ჩვენს ქვეყანაში. იგულისხმება: «შემორეკეს», რათა დამატებითი პრობლემები შეექმნათ, თუმც,ა ამჟამად (როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა) ლტოლვილთა ნახევარი უკვე დაბრუნდა ჩეჩნეთში.
        ესეც ვაშინგტონის გასაგონად ითქვა, რათა ვერავინ გამოიყენოს დემაგოგიურად «პანკისში მყოფი ჩეჩენი დევნილების არგუმენტი».
        თვით შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო (ჩვენთვის), რამდენადაც ის, რომ ეს ახალი რეალობა ედუარდ შევარდნაძის გამოსვლამ დაადატსურა. როგორც ჩანს, თბილისი-ვაშინგტონი-მოსკოვის გეოპოლიტიკურ სამკუთხედში ურთულესი პარტიის ახალი ფაზა იწყება, რომელიც რამდენიმე წელიწადს გასტანს.

დილის გაზეთი, 26 ივნისი, 2002 წელი