ჩეჩენთა შუმავლობას ოფიციალური თბილისი ეჭვის თვალით უმზერს
   

    იჩქერიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოვლადი უდუგოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩეჩნეთი მზად არის იკისროს შუამავლის მისია ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში. მისი თქმით, ასლან მასხადოვი დაუყოვნებლივ გამოაგზავნის წარმომადგენელს თბილისში, რათა დაიწყოს კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან. შემდეგ იგივე წარმომადგენელი გაემგზავრება სოხუმში და ვლადისლავ არძინბას შეხვდება
    ბევრი თვლის, რომ ჩეჩნეთის ჩართვა მოლაპარაკებებში სასიკეთო შედეგს გამოიღებს. თითქოს აფხაზები რუსებს არ უჯერებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უკანასკნელნი კომპრომისზე მათ დაყოლიებას ცდილობენ, ხოლო ჩეჩნებს უეჭველად დაუჯერებენ, ვინაიდან მათ განსაკუთრებულ პატივს სცემენ.
    ეს, რა თქმა უნდა, მთლად ასე არ არის. აფხაზები მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩეჩნებისადმი მათი «სიმპათია» გამოწვეული იყო ინტერესთა თანხვედრით. ცხადია, ჩეჩნების შუამავლობაზე ისინი უარს მაინც არ იტყვიან (თუმცა ინიციატორები თავად არ იქნებიან), მაგრამ რაიმე კონკრეტული შედეგი მოლაპარაკებებს ნამდვილად არ ექნება.
    აფხაზთა პოზიცია უცვლელი დარჩება ნებისმიერი შუამავლის შემთხვევაში: მზად ვართ საქართველოსთან გავაფორმოთ ხელშეკრულება ფედერაციული კავშირის შექმნის შესახებ, ოღონდ «თანასწორსუბიექტურობის» საფუძველზე.
    განსხვავებით რუსეთისაგან, ჩეჩნეთს აფხაზეთზე ზემოქმედების რაიმე ქმედითი მექანიზმი არ გააჩნია. ერთადერთი არგუმენტი თითქოს იყო მათი ავტორიტეტი ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ ჩეჩნეთის ომმა აქაც ბევრი რამ კარდინალურად შეცვალა.
    ჩრდილოეთ კავკასია ჩეჩნეთს არ დაეხმარა (აფხაზეთისგან განსხვავებით), რადგან სავსებით პრაგმატული ლოგიკით მოქმედებდა: რუსეთი არ არის საქართველო და მასთან არ «გაგვივა» ის, რაც საქართველოსთან გაგვივიდა.
    რა თქმა უნდა, ასეთი ლოგიკა უზნეო ჩანს, მაგრამ პოლიტიკაში სხვაგვარი ლოგიკა არც არსებობს. ჩრდილოეთ კავკასიელთა «ჩაურევლობამ» ჩეჩნები ძალზე გაანაწყენა. ბუნებრივია, ისინი არავის მხარდაჭერას არ ეძებენ - მთელ მსოფლიოს მარტოც დაუპირისპირდებიან, მაგრამ ჩეჩნეთის ომში «თანამოძმეთა» გულგრილობამ მაინც გამიჯნა «იჩქერია» დანარჩენი მთიელებისაგან.
    წარმოიშვა ერთგვარი დაპირისპირებაც ჩეჩნებსა და ადიღეველებს შორის. სხვათა შორის, აფხაზეთის ომის დროს ეს უკანასკნელნი (ყაბარდოელები, ჩერქეზები, ადიღეველები) გაცილებით მეტი იბრძოდნენ, ვიდრე ჩეჩნები. შამილ ბასაევის «აფხაზურ ბატალიონში» ჩეჩნები უმცირესობაში იყვნენ, ხოლო თვით ბასაევის არჩევა ამ ბატალიონის ხელმძღვანელად აშკარა პროვოკაცია იყო.
    ჩვენი ხელისუფლების თავდაპირველი რეაქციით ირკვევა, რომ მისი აზრით, ჩეჩნების შუამავლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ საქართველო თავად წავა რეალურ კომპრომისზე აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით.
    ამგვარი პოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული პოლიტიკის უხერხულობასა და უნიათობას. სხვაგვარად ვერ შეფასდება ამ პოლიტიკური კოზირის გამოყენებაზე უარის თქმა. ამ კონტექსტში საგულისხმოა ის გამოხმაურება, რაც ჩეჩენთა ინიციატივამ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში გამოიწვია.
    ასე, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა, ლევ მირონოვმა საკმაოდ გაღიზიანებული კომენტარი გაუკეთა აღნიშნულ ფაქტს: ეს იგივეა, ომსკის ოლქმა საშუამავლო მისია შესთავაზოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილეებსო. ანუ ჩეჩენთა წინადადებაც ასევე ღიმილის მომგვრელიაო.
    საქართველოს ხელისუფლებას კი, გალში განცდილი კრახის შემდეგ სრულიად წაერთვა მოვლენებზე ადეკვატური რეაგირების უნარი, ამაზეა ნათქვამი: შენი არა იცოდე და სხვისი არა გესმოდესო.

მერიდიანი, 27 მაისი, 1998 წელი

მთელ გვერდზე