სიჩუმე ქარიშხლის წინ?!

სიჩუმე ქარიშხლის წინ?!

        გასულ ორშაბათს მოულოდნელად გადაიდო ედუარდ შევარდნაძის ტრადიციული რადიოინტერვიუ, რაც თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა 1993 წლიდან. ეს მოვლენა რატომღაც თბილისში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის, უილიამ ტენეტის ვიზიტს დაუკავშირეს.
        თუმცა, ტენეტი თბილისში მხოლოდ 11 საათსა და 30 წუთზე ჩამოფრინდა და შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში დაახლოებით 14 საათისთვის შეხვდა. ანუ ტენეტის ვიზიტი აქ არაფერ შუაშია. სარწმუნო წყაროთა ცნობით, კვირას, გვიან ღამით, ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში გამართული რამდენიმე კონფიდენციალური შეხვედრის შემდეგ ყველასათვის მოულოდნელად თქვა უარი რადიოინტერვიუსა და ბრიფინგის ჩატარებაზე ისე რომ, პრეზიდენტის პრესსამსახურმა ვერც კი მოასწრო ჟურნალისტებისა თუ სათანადო უწყებების გაფრთხილება – ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
        არ არის გამორიცხული, არჩევნებამდე რადიოინტერვიუ და ბრიფინგი საერთოდ აღარ ჩატარდეს. პრეზიდენტი «პაუზას იჭერს» რაღაც ძალიან სერიოზული დემარშების წინ.
        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ «კვანძის გახსნა» მოხდება 3-4 აპრილს, როდესაც ფილარმონიაში (ან სპორტის სასახლეში – რაც უფრო სავარაუდოა), გაიმართება ედუარდ შევარდნაძის მთავარი წინასაარჩევნო ფორუმი.
        «მუსიკალურ ცენტრში» საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაცია მხოლოდ მოსამზადებელი სვლა იყო მთავარი ღონისძიებისათვის, რომლის დროსაც «გენერალურ სპიჩში» ედუარდ შევარდნაძე «გახსნის» საკუთარი პროგრამის ზოგიერთ დებულებას, რამაც იმთავითვე მიიპყრო დამკვირვებელთა ყურადღება.
        მაგალითად, პროგრამის წარდგენისას შევარდნაძემ განაცხადა, რომ მას «ხელი არ აუკანკალდება დასაჯოს კორუმპირებული ჩინოვნიკები». თანაც ამ განცხადებამ გაიჟღერა პრეზიდენტისთვის დამახასიათებელ კონტექსტში. კერძოდ, ედუარდ შევარდნაძის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დაწყება ადრე შეუძლებელი იყო, ვინაიდან საამისოდ აუცილებელია «ვითარების მომწიფება».
        როგორც ჩანს, ვითარება «მომწიფდა» ვინაიდან პრეზიდენტი (საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით) იძულებული ხდება წავიდეს ძალზე გავლენიანი ძალების სამკვდრო-სასიცოცხლოდ განაწყენების რისკზე, მაგრამ «დაარტყას» კორუმპირებულ კლანებს, რათა დაამტკიცოს (დაუმტკიცოს ამომრჩევლებს), რომ მას ასეთი ნაბიჯის გადადგმა სავსებით შეუძლია. ხოლო თუ დღემდე არ აკეთებდა – ისევ და ისევ საზოგადოების ელიტური ნაწილის არასაკმარისი მხარდაჭერის მიზეზით.
        თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ წინასაარჩევნო «პაუზა» სავსებით გასაგები ხდება. ედუარდ შევარდნაძეს «ტექნოლოგიური შეცდომა» თითქმის არ მოსდის. «წინასაარჩევნო ფორუმზე» მისი გამოსვლა სენსაციად უნდა იქცეს, რათა ჯუმბერ პატიაშვილი საბოლოო ნოკაუტში აღმოჩნდეს, ხოლო არჩევნების შედეგმა «განსაკუთრებული მანდატი» შექმნას მეორე საპრეზიდენტო ვადის პროგრამათა გადასაწყვეტად.

7 დღე, 27 მარტი, 2000 წელი