31 მარტის რეფერენდუმი და ზვიად გამსახურდია

    1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა რეფერენდუმი ერთადერთი კითხვით: «მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე?»
    რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით 90-მა პროცენტმა). აქედან 99 პროცენტმა კითხვას დადებითი პასუხი გასცა და მხარი ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა.
    ზვიად გამსახურდიას ფიგურას ისტორია უარყოფითად ვერ შეაფასებს, მიუხედავად ამ კუთხით დღევანდელი ხელისუფლების აქტიური მცდელობისა. მის პიროვნულ თვისებებს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ისტორიისათვის მთავარია ფაქტი და მისი ზესახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. უფრო ზუსტად, პიროვნებას ისტორია მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე აფასებს.
    31 მარტის რეფერენდუმით ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის იურიდიული საფუძველი შექმნა. შემთხვევითი არაა, რომ ამ რეფერენდუმის შედეგები 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციაშიცაა შეტანილი, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამადასტურებელი იურიდიული დებულება.
    გარდა ამისა, ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ რეფერენდუმი ჩატარდა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - როგორც აფხაზეთში, ასევე ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» და ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობამაც (ვინც მონაწილეობა მიიღო რეფერენდუმში) ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. შინაარსობრივად, 31 მარტის რეფერენდუმმა იურიდიულად დაადასტურა და განამტკიცა ქვეყნის ერთიანობაც. არ არსებობს არათუ უფრო ძლიერი, არამედ რაიმე სხვა იურიდიული არგუმენტი იმისა, რომ საქართველო ერთიანი და განუყოფელი ქვეყანა უნდა იყოს.
    საბჭოთა საქართველოს ერთიანობა არსებობდა საბჭოთა კონსტიტუციის საფუძველზე, ხოლო როდესაც ე.წ. «სამხედრო საბჭომ» ბრიყვულად, უდროო დროს აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია (რის პასუხად აფხაზებმა აღადგინეს 1924 წლის «ძირითადი კანონი»), საქართველოს მთლიანობის ერთადერთი იურიდიული არგუმენტი სწორედ რეფერენდუმის შედეგები დარჩა. ეჭვგარეშეა, რომ ათწლეულების შემდეგაც საქართველოს სკოლებში ისტორიის გაკვეთილებზე ბავშვებს ასწავლიან, რომ საქართველო იყო ერთიანი ქვეყანა, რაც მოსახლეობამ 31 მარტის რეფერენდუმით დაადასტურა. ამ შემთხვევაში სწორედ «მთლიანობას» მიენიჭება უპირატესობა და არა «დამოუკიდებლობას», ვინაიდან საქართველო ერთიანი და მთლიანი ქვეყანა, როგორც ჩანს, უკვე აღარასოდეს იქნება.
    ზვიად გამსახურდიას სახელს 31 მარტი განუყრელად უკავშირდება არა იმიტომ, რომ რეფერენდუმი მან საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია, არამედ სხვა მიზეზით: არავინ იცის, შეძლებდნენ თუ არა რეფერენდუმის გამართვას ე.წ. «დემოკრატები», - 28 ოქტომბრის არჩევნებში რომ გაემარჯვათ. სავარაუდოა, რომ ვერ შეძლებდნენ და «უზენაეს საბჭოში» უაზრო ყბედობას გადააყოლებდნენ (გადააყოლეს კიდეც) ნამდვილ საქმეს. მით უმეტეს, სასაცილო და უბადრუკად გამოჩნდებიან ისტორიის თვალში იმ კრიმინალურ ხროვათა «ატამანები», რომელთაც პირველი პრეზიდენტი დაამხეს «პუტჩის მხარდაჭერის მოტივით» და თავად გენერალ ბეპაევის კაბინეტში დივანზე ჩახუტებულებს ეძინათ 1991 წლის 29 დეკემბერს.

მერიდიანი, 28 მარტი, 1997 წ.
 

   მთელ გვერდზე