რატომ დამარცხდა ნინო ბურჯანაძე?

რატომ დამარცხდა ნინო ბურჯანაძე?

 

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს რამდენიმე მაჩვენებელი ჰქონდა. მათ შორის, დაბალი აქტივობა და «ნაციონალთა» კანდიდატის მეორე ადგილი. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირველ ორთან მჭიდრო კავშირშია, უდავოდ ნინო ბურჯანაძის მარცხია.

სინამდვილეში, ბურჯანაძე არა გამარჯვებისთვის, არამედ სწორედ მეორე ადგილისთვის იბრძოდა. მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა მეორე ტურში გასვლა, თუმცა ყველა გათვლებით, მეორე ტურში მაინც წააგებდა მარგველაშვილთან, მაგრამ ეს წაგება გამარჯვების ტოლფასი იქნებოდა, რაკი ამით ნინო «მთავარი ოპოზიციის» სტატუსსა და ადგილს დაიმკვიდრებდა, რაც სამომავლო პერსპექტივებსაც გულისხმობს.
მაგრამ ასე არ მოხდა. მარცხი იმდენად გამანადგურებელი აღმოჩნდა, რომ არათუ საპროტესტო ტალღის აგორების, არამედ სერიოზული პროტესტის გამოთქმისთვისაც კი არ ეყო რესურსი. ბურჯანაძის განცხადებებს «ოცნება-ნაციონალთა სამარცხვინო გარიგების» შესახებ რაიმე რეზონანსი არ მოჰყოლია. ხოლო ამ ქალბატონის კომენტარებში არ ჩანს, რომ იგი აცნობიერებს მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია მარცხი.
რა თქმა უნდა, შეიძლება გაუთავებლად ისაუბრონ ქართველი «რკინის ლედის» წარსულზე, იმაზე, რომ მას ხალხმა არ აპატია თვალთმაქცური «ვარდების რევოლუცია» და არ დაიჯერა, რომ იგი არ აგებდა პასუხს ყველაფერზე, რაც 2003 წლის გადატრიალებას მოჰყვა, როდესაც «რევოლუციონერებმა» გარეკეს პარლამენტი, რომელშიც, 2 ნოემბრის «გაყალბებული არჩევნების» შედეგად, 6 პოლიტიკური პარტია და 12 სუბიექტი მოხვდა 7 პროცენტიანი (!) ბარიერის მიუხედავად; თანაც, უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნდა; ხოლო 2004 წლის მარტში, ბურჯანაძის თავმჯდომარეობით, ქვეყანამ მიიღო «დემოკრატიული პარლამენტი» ფაქტიურად ერთპარტიული უმრავლესობით.
ასეთ თვალთმაქცობათა კიდევ უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, თუმცა ძალზე საეჭოა, სწორედ ეს მოსაზრებები, აგრეთვე «2007 წლის ნოემბერი», ყბადაღებული «ერთლარიანი აგარაკი» და ასე შემდეგ გამხდარიყო ბურჯანაძის კრახის მთავარი მიზეზი 2013 წელს. მთავარი მიზეზი მაინც ისაა, რომ სააკაშვილის პოლიტიკური რეჟიმიდან გამოსულმა პოლიტიკოსმა, პოტენციურ ამომრჩეველს ვერ შესთავაზა რეალური ალტერანიტივა იმ პროექტის ფარგლებში, რასაც გულმოდგინედ ამუშავებდა ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ანუ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით!
ნინო ბურჯანაძე აქტიურად ათამაშებდა ამ კარტს და არც ცდებოდა იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე დაიღალა ვეება ჩრდილოელ მეზობელთან 25 წლიანი კონფრონტაციით. მით უმეტეს, რომ ხალხის ამ ნაწილის აღქმით, შედეგად არ მიგვიღია არაფერი, გარდა სამარცხვინო და გამანადგურებელ დამარცხებათა მთელი წყებისა.
ამომრჩევლის ეს, არც თუ მცირერიცხოვანი სეგმენტი მზად იყო დაეჭირა მხარი ისეთი პოლიტიკოსისათვის (მისი წარსულის მიუხედავად), ვინც ამ მიმართულებით ნამდვილ ალტერნატივას შესთავაზებდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ იმ 54%-ის ერთი ნაწილი, ვინც არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა, სწორედ ბურჯანაძის პოტენციური ამომრჩეველი იყო, რაკი ქართული «პოლიტიკური კლასისგან» ზუსტად ასეთ ალტერნატივას ელოდა: რუსეთთან «მარადი ომის» დასრულებას.
შესაძლოა მისი ოდენობა არ ყოფილიყო საკმარისი გასამარჯვებლად, ან თუნდაც მეორე ტურში გასასვლელად, მაგრამ მეორე ადგილის მოსაპოვებლად (მაინც) ძალიან სერიოზულ შანსს ქმნიდა. ამ პროექტით ბურჯანაძე «ნაციონელებს» ვერც ერთ ხმას ვერ წაართმევდა, მაგრამ მარგველაშვილისგან კი საკმაოდ ბევრს «წამოიყვანდა».
მერედა, რა შესთავაზა ასეთი განწყობის ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძემ? არაფერი ახალი. და, რაც მთავარია, არაფერი განსხვავებული იმისგან, რასაც ამბობდნენ გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილი: «მე ვიცი, როგორ მოვაგვარო ურთიერთობები რუსეთთან, მე ვიცი, რა ნაბიჯი უნდა გადავდგა, მაგრამ ჯერ ამირჩიეთ და მერე გეტყვითო» - ამას საქართველოში არავინ «ჭამდა». მათ შორის არც რეალურად არსებული «პრორუსული ამომრჩეველი», რომელიც სინამდვილეში «პრორუსული» კი არ არის, არამედ დაშინებული, ხელჩაქნეული და მხოლოდ მშვიდობაზე მეოცნებეა. და ნურავის გაუკვირდება, თუ ასე მოაზროვნე ადამიანთა რიცხვი მართლაც დიდია იმ უბედურების გათვალისწინებთ, რაც ჩვენს ქვეყანას 1988 წლიდან დაატყდა თავს.
მაგრამ ბურჯანაძისეული «ფართომასშტაბიანი დიალოგი რუსეთთან» - არაფრის მთქმელი სენტენციაა. განა მარგველაშვილი და ივანიშვილი არ ამბობდნენ იგივეს? ნინო ბურჯანაძეს პირდაპირ არც ერთხელ არ უთქვამს ელემენტარულიც კი: რომ მისი აზრით, აუცილებელია მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ახლა კი აშკარად გაღიზიანებულია: ქართველმა ხალხმა ისევ რუსეთთან კონფრონტაცია აირჩია, რაკი მარგველაშვილი იგივე პოლიტიკას გაატარებს, რასაც მიშა ატარებდაო. კი მაგრამ, შენ თვითონ რა ალტერნატივა შესთავაზე? არაფერი განსხვავებული იმისგან, რასაც მარგველაშვილი ამბობდა. რა «მიჯნავდა» ამ მხრივ ნინო ბურჯანაძეს გიორგი მარგველაშვილისაგან? არაფერი!
«მარგველაშვილისგან განსხვავებით, მე გამოცდილი დიპლომატი ვარო». ამომრჩეველს ახსოვდა, რომ ეს «გამოცდილება», 2004-2005 წლებში მეტისმეტად ხშირად «კონვერტირდებოდა» იმაზე უფრო მეტად ანტირუსულ განცხადებებში, ვიდრე სააკაშვილი აკეთებდა მაშინ. ტყუილად ჰგონია ქალბატონ ბურჯანაძეს, რომ ხალხს ეს დაავიწყდა. ძალიან კარგად ახსოვს; და თუ უნდოდა «გადაეფარა», რაიმე ახალი და ახლებურად უნდა ეთქვა. რაც მთავარია, უნდა ეთქვა კონკურენტისგან განსხვავებული. ამ თვალსაზრისით კი, მისი კონკურენტი არა ბაქრაძე, არამედ მარგველაშვილი იყო.
ნამდვილი ალტერნატივა (თუმცა უდიდესი რისკი) და პოლიტიკურად ძლიერი სვლა იქნებოდა, ნინო ბურჯანაძეს ისეთი რამ გაეჟღერებინა, რასაც მარგველაშვილი ვერ იტყოდა! მაგალითად, მას რომ ეთქვა: «აუცილებელია, საქართველომ უარი თქვას «ნატო» - სკენ სწრაფვაზე, აუცილებელია, გავწევრიანდეთ ევრაზიულ კავშირში, სხვაგვარად რუსეთთან ურთიერთობებს ვერ მოვაგვარებთ» და ასე შემდეგ. რასაკვირველია, უმალვე «დაესეოდნენ» და მართლა სერიოზულად გარისკავდა ამით. მაგრამ ამ უდიდესი რისკის მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ აქ ჰქონდა რაღაც შანსი. ანუ რეალური ალტერნატივის შექმნაში!
ბურჯანაძემ კი ძალიან კომფორტული პოზიცია აირჩია: «სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ მე ვიცი რას გავაკეთებ არჩევის შემდეგ. მე ვიცი, როგორ მოვახერხო, რომ ერთის მხრივ პროდასავლური კურსი გავაგრძელო, მაგრამ იმავე დროს რუსეთთან ურთიერთობაც დავალაგო».
ნურას უკაცრავად: ე.წ. «პრორუსულმა ამომრჩეველმა» (დიდი პირობითობით შეიძლება ასე ეწოდოთ კაპიტულაციაზე მეოცნებეთ) არ დაუჯერა, ხოლო იმან, ვინც შევარდნაძისეული «ლავირების» მომხრეა საგარეო პოლიტიკაში, ისევ გიორგი მარგველაშვილი არჩია, რაკი ამ მხრივ ბურჯანაძე მისგან განსხვავებულს არაფერს ამბობდა და ის უპირატესობა კი ჰქონდა, რომ წარსული არ ამძიმებდა. მათ შორის, ანტირუსული ისტერიკა ვარდების რევოლუციის შემდგომ პირველივე წლებში.
ამიტომ, რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ელექტორატის იმ კატეგორიამ, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ისევ მარგველაშვილი არჩია. სხვები კი, უალტერნატივო არჩევნებზე საერთოდ არ მოვიდნენ. აქედან გამომდინარე, შედეგიც ლოგიკური დადგა, ხოლო პოლიტიკოსი, ვინც ალტერნატივა ვერ შექმნა, წარსულად იქცა.
ეს ბევრად უარესია, ვიდრე ის, რომ ამგვარი ალტერნატივის შექმნა საერთოდ არ ეცადა და სხვა «მოედანზე» ეთამაშა თავიდანვე.

2013