მოქალაქეთა კავშირში ორი პარტიაა: წითლების და რეფორმატორული

    გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად პარლამენტის მიერ ე.წ. «კონცეფციის» მიღება ითვლება; მაგრამ შინაარსობლივად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესთა ანალიზისა და ამ პროცესებზე ზემოქმედების თვალსაზრისით, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ორგანოს არჩევის პროცესის დაწყებას და ფაქტს, რომ ბევრისთვის მოულოდნელად «ჩავარდა» ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა.
    არადა, თითქოს ყველა პოლიტიკური ძალა (პარლამენტში წარმოდგენილი სამივე პარტია) თანახმა იყო, ნოდარ ჯავახიშვილი თანამდებობაზე დარჩენილიყო; მაგრამ კენჭისყრამ ნათელყო, რომ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში «შიდა დინებები» მეტ ზეგავლენას ახდენდა შედეგზე, ვიდრე საჯაროდ განცხადებული პოზიცია.
    ჯავახიშვილის «ჩავარდნა» შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება. პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე გაიმეორა კენჭისყრა, მაგრამ «უსიტყვო კონსენსუსი» მაინც მოქმედებდა - კანდიდატურა უნდა «ჩავარდნილიყო» იმ კორპორაციული ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც წარმოიშვა საპარლამენტო უმრავლესობაში. კენჭისყრის ბედი სწორედ მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილის პოზიციამ გადაწყვიტა - არც ის არის ძნელი გასათვლელი, რომელი სოციალური ძალა ეწინააღმდეგება ნოდარ ჯავახიშვილს ანუ ამჟამად გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შენარჩუნებას. ძირითადად «მაჟორიტარები» - მათ შორის, «მაჟორიტარი მოქალაქეები», რომელთაც სავსებით კონკრეტული ვალდებულებები ჰქონდათ და აქვთ «ადგილობრივი ელიტების» მიმართ. ამ ელიტათა მხარდაჭერის გარეშე ისინი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებდნენ, საარჩევნო კამპანიაში დახარჯული თანხა ლამის «ოფიციალურ ვალად» აწვებათ - ვალის გაუსტუმრებლობა კი (თანხის მაშტაბის გათვალისწინებით) სასტიკად ისჯება.
    «პარტიული სიით» არჩეულ დეპუტატებს ამგვარი კონკრეტული ვალდებულება არა აქვთ, ამდენად მათ შეუძლიათ, უფრო თავისუფლად იმოქმედონ პარტიის პოლიტიკური მრწამსიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. მთლიანობაში, «მოქალაქეთა კავშირს» ნოდარ ჯავახიშვილის დაუმტკიცებლობა ხელს არ აძლევდა, რადგან ამით ირღვევა მყიფე ბალანსი «რეფორმატორთა გუნდში» და შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც 1994 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი კი «მკაცრი» ფულად-საკრედიტო კურსი იყო. ბასილია-პაპავა-იაკობიძე-ჯავახიშვილის «ოთხეული» არა მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობდა, არამედ პრეზიდენტის სახელისუფლებო პოლიტიკის ჩარჩოებშიც თავსდებოდა და პრობლემებს არ უქმნიდა ედუარდ შევარდნაძეს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობისას.
    არ არის შემთხვევითი, რომ როდესაც «მოქალაქეთა კავშირის» ერთმა ნაწილმა თემურ ბასილიას წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, ეს კამპანია ნელ-ნელა შერბილდა და შემდეგ შეწყდა. არც შევარდნაძეს, არც ჟვანიას ხელს არ აძლევდა იმგვარი პრეცედენტის შექმნა, რომლის შემდეგ ყველაზე ნეგატიური, ანტირეფორმატორული პროცესების შეჩერება შეუძლებელი გახდებოდა. მაშასადამე, ნოდარ ჯავახიშვილთან დაკავშირებული ინციდენტი საყურადღებო და ნიშანდობლივია არა მხოლოდ საქართველოში ლიბერალური ეკონომიკური რეფორმის შესაძლო სტაგნაციის თვალსაზრისით, არამედ იმ პროცესების მხრივაც, რომლებიც მმართველ პარტიასა და საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარეობს.
    უკვე აშკარად გამოიკვეთა ორი ფრთა მოქალაქეთა კავშირში. ფაქტობრივად, ორი პარტია, რომელიც ერთმანეთისაგან საკმაოდ მკაფიო მსოფლმხედველობრივი, სოციალური და ასაკობრივი ზღვარით არის გაყოფილი. არ არის შემთხვევითი, რომ ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურა სწორედ იმ ადამიანებმა «ჩააგდეს», რომლებიც ყველაზე მეტს «წუწუნებდნენ» პარლამენტის «ანტირუსული» კონცეფციის მიღების გამო. მათთვის «მონეტარიზმი» და «ლიბერალიზმი» ისევე მიუღებელია, როგორც «დიდ რუსეთთან დაპირისპირება». ეს ხალხი სოციალისტური მენტალიტეტის მატარებელია და მხოლოდ შემთხვევით (პოლიტიკურ გარემოებათა გამო) მოხვდა იმ პარტიაში, რომელმაც (ხელისუფლების საჭიროებიდან გამომდინარე) ქვეყანაში რადიკალური ეკონომიკური რეფორმის გატარება დაიწყო.
    ჯავახიშვილი ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლოა - მისმა მოწინააღმდეგეებმა შესანიშნავად უწყიან: მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, შემცვლელი მოიძებნება, ან პრეზიდენტი ისარგებლებს კონსტიტუციური უფლებით და ხელმეორედ შემოიტანს კანდიდატურას პარლამენტში (ამ შემთხვევაში «პარტიული დისციპლინა» ამოქმედდება და ყველა დეპუტატი ანგარიშვალდებული გახდება საკუთარი პარტიის მიმართ); მაგრამ მთავარი პრეცედენტის შექმნა იყო, - თუ ზურაბ ჟვანიას და «მოქალაქეთა» ერთ ნაწილს დამოუკიდებელი ბანკის ჩამოყალიბება სურთ და ნოდარ ჯავახიშვილს სწორედ მისი მოუსყიდველობის გამო უჭერენ მხარს, მმართველი პარტიის მეორე ნაწილისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნაცვლად «ეკონომიკური ბლოკის» ნებისმიერი სხვა წარმომადგენელიც რომ ყოფილიყო იმ დღეს დასამტკიცებელი, შედეგი ანალოგიური იქნებოდა. უფრო გლობალური თვალსაზრისით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაში არსებული «შეთანხმების» დარღვევა და გაურკვეველი ვითარების შექმნა უეჭველად იმოქმედებს ნეგატიურად ლარის კურსზე, - სულ მალე ცხადი გახდება, რომ ბანკს სავალუტო ინტერვენციათა მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა მოუწევს, რათა კურსი შეინარჩუნოს.
    «ინფლაციური მოლოდინის» პირობებში ესოდენ სერიოზული ცვლილება უეჭველად მძიმე ტვირთად დააწვება ეროვნულ ვალუტას, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ სავალუტო ფონდის კრედიტი უმაგრებს ზურგს და მთავარი საფუძველი არ გააჩნია ეროვნული ნაწარმის სახით.
    პარადოქსია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი არც თუ დიდი ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტს «ნერვებს უშლიდა» მეტისმეტად დამოუკიდებელი პოზიციით და თუ ვინმეს «ჩაგდებას» მოინდომებდა ედუარდ შევარდნაძე, პირველი სწორედ ჯავახიშვილი იქნებოდა; მაგრამ 1997 წლისთვის ვითარება შეიცვალა. ეროვნულმა ბანკმა თამაშის საკუთარი წესები მოახვია თავს ხელისუფლების ყველა შტოს (მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებას). ამდენად, ამ ფიგურის შენარჩუნება უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმ ძალებისთვის, რომელთა პოლიტიკური რენომე რადიკალური ეკონომიკური რეფორმის წარმატებაზეა დამოკიდებული.

7 დღე, 8 აპრილი, 1997 წ.

მთელ გვერდზე