ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ საპრეზიდენტო ამბიცია გაამჟღავნა?    

ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ საპრეზიდენტო ამბიცია გაამჟღავნა?    

 

    საინფორმაციო საშუალებებმა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით მიაწოდეს საზოგადოებას ედპ-ს ლიდერის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
    თუმცა, თავად ქალბატონმა ირინამაც ეს განცხადება საკმაოდ ორაზროვან საბურველში «გაახვია». მისი თქმით, «ეროვნულ-დემოკრატიული» პარტია ვერ დარჩება ნეიტრალური საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ..
    თითქოსდა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას, ანუ სარიშვილი-ჭანტურია (ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით) გულისხმობდა, რომ ედპ მხარს დაუჭერს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს. არ არის აუცილებელი, ეს კანდიდატი მაინცდამიანც ამ პარტიის წევრი ან მისი ლიდერი იყოს;
    თუ ეს ინტერპრეტაცია შეესაბამება სიმართლეს, მაშინ ედპ, როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძის აქტიურ მხარდაჭერას აპირებს 2000 წლის არჩევნებში.
    შესაძლოა საგარეო-პოლიტიკურ სფეროში მხარდაჭერა უპირობო იყოს, ხოლო საშინაო-პოლიტიკურ სფეროში გარკვეულ პირობათა ერთობლიობას ეფუძნებოდეს. თუ რამდენად დააკმაყოფილებს ამ პირობებს ედუარდ შევარდნაძე - ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ედპ- მხარდაჭერა სასაცილოდ არავის მოეჩვენება, ვინაიდან იგი ერთ-ერთი გავლენიანი პარტიაა.
    მაგრამ დამკვირვებელთა მეორე ნაწილი (ალბათ უმეტესობა) მაინც თვლის, რომ ამ შემთხვევაში ირინა სარიშვილი-ჭანტურია, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ უთქვამს, გულისხმობდა საკუთარი კანდიდატურის დასახელებას საპრეზიდენტო პოსტზე. არც ამაშია რაიმე გასაკვირი, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, ასეთი პოლიტიკური დემარში ქალბატონი ირინას მხრიდან ამ ეტაპზე, მაინც მოულოდნელია.
    ხაზს ვუსვამ: არა საერთოდ მოულოდნელი, არამედ მოულოდნელი სწორედ ამ ეტაპზე, - კონკრეტულ მომენტში.
    საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოში მოქმედ სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურებს შორის, რომელთაც შეიძლება «საპრეზიდენტო ამბიცია» ჰქონდეთ (ზურაბ ჟვანია, ვახტანგ რჩეულიშვილი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია), არსებობდა უტყვი, რა თქმა უნდა, გაუფორმებელი შეთანხმება, რომლის შესაბამისად ისინი 2005 წლამდე არ დააყენებდნენ ეჭვქვეშ პრეზიდენტის ფიგურას.
    სამივე მათგანს ხელს აძლევდა, რომ 2000 წლის არჩევნებში კვლავ გაემარჯვა ედუარდ შევარდნაძეს (ალბათ ასეც მოხდება), ხოლო თავად კიდევ 5 წლის განმავლობაში დააგროვებდნენ «პოლიტიკურ წონას» და მხოლოდ მერე შეერკინებოდნენ ერთმანეთს.
    სამივე მათგანი შედარებით ახალგაზრდაა და სამივეს აქვს ორგანიზაცია, რომელიც მათ მხარს დაუჭერს: ისინი ნათლად აცნობიერებენ, რომ ორგანიზაციის გარეშე პრეზიდენტობაზე პრეტენზიის განცხადება სრულიად უსაფუძვლო იქნება.
    ვახტანგ რჩეულიშვილი პირველ ორ კანდიდატს დიდად ჩამორჩა ამ თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ იბრძვის ახლა ესოდენი გააფთრებით, რათა 1999 წელს არჩეულ პარლამენტში მძლავრი ფრაქცია ჰყავდეს.
    მაგრამ ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დაერღვია ეს უტყვი შეთანხმება. 2000 წელს ედპ მას დაასახელებს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება? - ეს ძნელი მისახვედრი არ არის.
    სარიშვილი-ჭანტურიამ იცის, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერც ზურაბ ჟვანია და ვერც ვახტანგ რჩეულიშვილი 2000 წლისათვის თავის კანდიდატურას ვერ წამოაყენებენ და მხარდაჭერას ვერ მიიღებენ საპრეზიდენტო მარათონში. ზურაბ ჟვანია ამას ვერ გააკეთებს სავსებით გასაგები მიზეზის გამო - იგი, რა თქმა უნდა, არ დაუწყებს მეტოქეობას ედუარდ შევარდნაძეს; ვახტანგ რჩეულიშვილი კი 2000 წელს საამისოდ მზად არ იქნება. ოღონდ, ამ თვალსაზრისით იგი მაინც უფრო მეტად თავისუფალია, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას კი აბსოლუტურად არაფერი ბოჭავს.
    ოღონდ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს (და კანდიდატურას ბოლომდე არ მოხსნის) არა გამარჯვების მისაღწევად (ვინაიდან იცის, რა არის რეალური და არარეალური), არამედ იმისათვის, რომ უკვე 2000 წელს დააფიქსიროს თავი პრეზიდენტობის კანდიდატად.
    ამას მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ გარკვეულ «ფორას» მიიღებს 2005 წლის საპრეზიდენტო მარათონის წინ.
    ამასთანავე, ზემოთ შემთხვევით არ ვახსენე რჩეულიშვილის «თავისუფლება». არ არის გამორიცხული, ედპ-ს ლიდერს მანაც მიბაძოს და უკვე გაისად ჩაებას შეჯიბრში. არც მას ექნება გამარჯვების პრეტენზია, მაგრამ იმავე მიზნით არჩევნებში მაინც მიიღებს მონაწილეობას, რათა მესამე კანდიდატთან შედარებით უპირატესობა მოიპოვოს.
    შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ვინც ყველაზე ადრე აიღებს სტარტს, - ე.წ. «ფალსტარტის» მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

მერიდიანი, 21 სექტემბერი, 1998 წ.