შოთა კვირაიას კარიერის დასასრული

    საქართველოს პარლამენტში უშიშროების მინისტრისადმი «უნდობლობის» გამოცხადებით, მთავრდება პროფესიონალი «ოპერატიული მუშაკის», შოთა კვირაიას კარიერა.
    მთავრდება უღიმღამოდ და «სევდიანად» - მას შემდეგ, რაც კვირაიამ, 1994-96 წლებში, ედუარდ შევარდნაძის ხელშეწყობითა და დავალებით, განახორციელა ქვეყანაში კრიმინალური «სტაბილიზაციის» ფართომაშტაბიანი ოპერაცია, ხოლო მანამდე, 1993 წლის სექტემბერში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის «გამოხსნაში» აფხაზთა შესაძლო ტყვეობიდან.
    თუმცა, არ შეიძლება არ ითქვას, რომ ავტომატიან კრიმინალთა მოთოკვას «ჰალსტუხიან კრიმინალთა» გააქტიურება მოჰყვა მთავრობაში, ხოლო შევარდნაძის გამოყვანა აფხაზეთიდან კრემლის ინტერესებში შედიოდა და სწორედ ამიტომ განხორციელდა შედარებით უმტკივნეულოდ.
    ზოგადად კი, სტაბილიზაცია საქართველოში სამოქალაქო ომის დასრულებისა და საზოგადოების გადაღლილობის შედეგი უფრო იყო, ვიდრე ხელისუფლების განსაკუთრებული ძალისხმევის.
    რაც შეეხება ამჟამინდელ სკანდალს, მას ერთგვარად იუმორისტული ელფერიც დაჰკრავს, - ვისაც დაადგა თვალი ირინა სარიშვილმა, ყველა გააძევა ხელისუფლებიდან. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, მინისტრების ყოფნა-არყოფნა მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ამგვარი «წარმატება» სასიამოვნო იქნებოდა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვა უცნაურობასთან გვაქვს საქმე: ირინა სარიშვილი თავად ხომ არ «ხსნის» მინისტრებს, იგი უბრალოდ, ქმნის ისეთ ვითარებას (საკმოად ოსტატურადაც), როდესაც ამა თუ იმ მოღვაწის თანამდებობაზე დატოვება წამგებიანი ხდება ხელისუფლებისთვის - ასე იყო 1992 წელს, როდესაც სარიშვილმა ოთარ ქვილითაია გააძევა სიგუას (!) მთავრობიდან და ასეა ახლაც - კვირაიას აძევებს შევარდნაძის კაბინეტიდან.
    ადვილი წარმოსადგენია, როგორ ხარხარებს ახლა თავის «მოსკოვურ ბინაში» იგორ გიორგაძე - შოთა კვირაია ხომ მისი მოსისხლე მტერი იყო და მისი თანამდებობა დაიკავა.
    მინისტრების «როტაცია» თანდათანობით არყევს უმაღლესი ხელისუფლების საფუძველს, მაგრამ ეს უკანასკნელი ყოველთვის იძულებული ხდება, დათმობაზე წავიდეს, რადგან გაჯიუტება ყოველთვის ვითარებას აუარესებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ასე გაგრძელდება დაუსრულებლად (ანუ 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე). კვირაიას შემცვლელიც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან «გავლენის სრულყოფას» საზღვარი არ აქვს ისევე, როგორც უსაზღვროა იმ პოლიტიკოსის ამბიცია, რომელიც (საბოლოოდ) პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს.
    არადა, ამ შემთხვევაში შოთა კვირაიამ ყოველივე თავის თავს უნდა დააბრალოს, - ვითომ რა ისეთი წვრილმანია «ტელეფონების მოსმენა», მაგრამ ესეც კი მძლავრი არგუმენტი ხდება ოპონენტის ხელში, როდესაც არ არსებობს ნდობისა და პროფესიონალიზმის სათანადო ვოტუმი. გაზეთებს, რასაკვირველია, უშიშროების სამინისტროს «საშუალო დონეზე» მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად უსმენდნენ, მაგრამ წარმოუდგენელია, მინისტრს ეს არ სცოდნოდა. მაშინ იგი იმის გამოა მოსახსნელი, რომ ვერ მართავდა საკუთარ უწყებას და ვერ უზრუნველყოფდა მის მოქმედებას კანონის ფარგლებში. ამ შემთხვევაშიც გათვლა ძალიან ზუსტი აღმოჩნდა, - კვირაია არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას, ორივე თვალსაზრისით: თუ იგი არაკომპეტენტური და უნიათო მინისტრია, ან თუ მისი უშუალო ბრძანებითა და ხელშეწყობით ისმინებოდა სატელეფონო საუბრები. კვირაიასთვის ყველაზე გულდასაწყვეტი ნამდვილად ის არის, რომ მას კონკრეტულად ირინა სარიშვილისთვის არათუ არაფერი დაუშავებია, პირიქით, - დღენიადაგ თვალებში შესციცინებდა და პატივისცემას უდასტურებდა. მაგრამ სად წაუხვალ, ბატონო შოთა, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გრძნეულ პრინციპს! მით უმეტეს, თუ ამ შემთხვევაში მას კონკრეტული პოლიტიკოსის გამოცდილება, ნიჭი და პოლიტიკური ინტრიგის თანდაყოლილი (ამას ვერ ისწავლი) უნარიც ახლავს თან. ყველაზე სასაცილონი კი ისინი არიან, აცუნდრუკებულნი რომ ხტიან მათთვის გამზადებულ სცენაზე და სპექტაკლის ორგანიზატორთა შეთხზულ როლებს «კითხულობენ სხაპასხუპით» - არც შეიძლება, შეეშალოთ: სუფლიორი მზად არის და თუ წაიბორძიკებენ, უმალვე უკარნახებს, ხოლო თუ გაჯიუტდებიან, მათაც «კვირაიას აგენტებად» გამოაცხადებენ.
    სხვათა შორის, «სატელეფონო მოსმენათა» ფაქტსაც ყურადღებით დაკვირვება და შესწავლა სჭირდება, - იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც რეალურად არის შექმნილი ქვეყანაში და მის გარშემო, მე, მაგალითად, ვურჩევდი უშიშროების მომავალ მინისტრს (ვინც უნდა იყოს იგი), როდესაც ჩვენი ბრძენი და შორსმჭვრეტელი პოლიტოკრატიის წარმომადგენლები უსაყვედურებენ: უცხო ქვეყნის (რუსეთის) აგენტებს რატომ არ ავლენო, უმალვე უპასუხოს: რა ვქნა, ბატონო, თქვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული წესის თანახმად, ჯერ სასამართლოს უნდა ვთხოვო ნებართვა ამა თუ იმ პირის სატელეფონო საუბრის მოსმენისთვის. სასამართლომ უნდა განიხილოს, - როდის იგი იმსჯელებს, როდის გადაწყვეტილებას მიიღებს. . . . . ამასობაში ის «ეჭვმიტანილი აგენტი» ყველაფერს იგებს საკუთარი არხებით (თუნდ სასამართლოში გითქვამს და თუნდ ტელევიზიით გამოგიცხადებია, - მე შენ გეტყვი, მოსამართლეს ვინმე უბატონოდ გასცემს ხმას ჩვენს «დემოკრატიულ» სახელმწიფოში) და «ძირგამომთხრელ» საქმიანობასაც წყვეტს. ყველა შემთხვევაში, ტელეფონით ნამდვილად აღარ მიიღებს და გაავრცელებს ინფორმაციას.
    არადა, ზემოთ ხსენებულ პოლიტოკრატიას არაფრით სურს გაიგოს: ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები და დემოკრატიის პრინციპები ყოველთვის როდი ემთხვევა ერთმანეთს. როგორც «დემოკრატებმა», რა თქმა უნდა, კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ ამ პრინციპების დაცვა და სასტიკად დავსაჯოთ შოთა კვირაია. ავუკრძალოთ უშიშროებას მსგავსი «საზიზღრობის» (პრეზიდენტის თქმით), განმეორება. მაგრამ ამ შემთხვევაში იმასაც უნდა შევურიგდეთ, რომ ნამდვილი აგენტებიც გამოუვლენელნი დარჩებიან, - აბა, ვის მოუბრუნდება ენა, თქვას: საერთოდ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უშიშროებამ შეიძლება, კიდეც მოისმინოს სატელეფონო საუბრები, მაგრამ რაღა მე მისმენდნენ - მე ხომ კარგი კაცი ვარ და ქვეყნის საწინააღმდეგოდ არაფერი ჩამიდენიაო.
    შენ რომ პატიოსანი კაცი ხარ და ქვეყნის საზიანო მართლა არაფერი გაგიკეთებია, ეს შენ იცი, თორემ უშიშროებამ შეიძლება არც იცოდეს.
    სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ყველაფერი სწორია, - უშიშროების მინისტრი «სასტიკად» უნდა დაისაჯოს. ისე, რამდენად პატიოსანი კაცია შოთა კვირაია, შეიძლება, არც ჩვენ ვიცოდეთ... თუ მართლა პატიოსანია (ბევრს ამაში ეჭვი ეპარება), მაშინ ნამდვილად უნდა შესძახოს: «ჰოი, წმინდაო უბრალოებავ», - ისევე, როგორც ვარდების მოედანზე საჯაროდ დამწვარმა მეცნიერმა, როცა მის კოცონს დედაკაცმა ფიჩხის კონა მიაყარა. ოღონდ ის დედაკაცი პოლიტიკოსი არ ყოფილა.

7 დღე, 30 ივნისი, 1997 წ.
  

  მთელ გვერდზე