„ზოგიერთები ცდილობენ ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციას“

„ზოგიერთები ცდილობენ ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციას“

 

    გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენათა შორის უპირველესად ყოვლისა იმ სიტუაციას გამოვარჩევდი, რომელიც აჭარის ირგვლივ იქმნება. არა იმიტომ, რომ იქ შეიძლება რაიმე სერიოზული ექსცესი მოხდეს, არამედ იმიტომ, რომ ასლან აბაშიძის განცხადება და სახელმწიფოს მეთაურის რეაქცია ყველაზე ზუსტი ილუსტრაციაა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე დამკვიდრებული თამაშის წესებისა.
    აჭარის ლიდერის თქმით, «ზოგიერთები ცდილობენ ავტონომიურ რესპუბლიკაში ვითარების დესტაბილიზაციას და ამ მიზნით რეგიონში აგზავნიან შეიარაღებულ ჯგუფებს - ტერორისტული და დივერსიული აქტების ორგანიზებისათვის».
    ედუარდ შევარდნაძემ უმალვე «მიიღო ზომები» და აჭარაში ერთობ წარმომადგენლობითი დელეგაცია გაგზავნა ჯაბა იოსელიანის, იგორ გიორგაძისა და ავთო მარგიანის სახით. თითქოს ვითარება დაძაბულია და ერთი ნაბიჯიღა დარჩა ახალ კონფლიქტებამდე, მაგრამ, მოდით, ვიმსჯელოთ ლოგიკურად: რამდენად რეალურია აბაშიძის განცხადება?
    ვის შეიძლება შეეღწია აჭარის ტერიტორიაზე, რომელსაც თითქმის მთლიანად რუსეთის ჯარი და აბაშიძის გვარდია აკონტროლებდა? ვის შეიძლებოდა გაებედა იქ ტერორისტული ჯგუფების შეგზავნა? - არავის! დარწმუნებული ვარ, აჭარის ლიდერის ამგვარი სენსაციური გაფრთხილება სულ სხვა მიზნებს ისახავს.
    რა თქმა უნდა, აჭარის ტერიტორიაზე შეიძლებოდა გადასულიყვნენ ორ-სამ კაციანი დამნაშავეთა ჯგუფები, რომლებიც გაიქცნენ გურიიდან ამ რეგიონში მორიგი «ფართომასშტაბიანი» ოპერაციის შემდეგ, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს აჭარის საკმაოდ ძლიერი ელიტისათვის. მაშ რაშია საქმე? პასუხი ამ კითხვაზე უნდა ვეძიოთ იმავე ელიტის ეკონომიკურ ინტერესებში - მრავალი «ხელმძღვანელ მუშაკი» აჭარაში ჯერ კიდევ თბილისიდან ინიშნება, კვლავ უსაქმოდ დგას ბათუმის პორტი, მესხეთში კი იხსნება ახალი საბაჟო, რომელიც სარფის ალტერნატივად განიხილება აი, აქ არის «ძაღლის თავი დამარხული».
    აჭარის ელიტას, რომელსაც აბაშიძე წარმოადგენს, უბრალოდ არ სურს სავალუტო შემოსავლის დაკარგვა და ამ მიზნით ცდილობს თბილისის შანტაჟირებას.
    ეს ყოველივე კვლავ და კვლავ მეტყველებს ჩვენი სახელმწიფოს საერთო სისუსტეზე - ისევე, როგორც ამას ადასტურებს აფხაზეთში შექმნილი ვითარება. ჩვენ იქაც ილუზიების ტყვეობაში ვიმყოფებით და გვგონია, რომ რუსეთი «ცისფერკანტიან ლანგარზე» მოგვართმევს მის მიერვე წაგლეჯილ შავიზღვისპირეთს.
    ასე, რა თქმა უნდა, არ მოხდება და ამას ადასტურებს მრავალი ფაქტი - კერძოდ, ბორის პასტუხოვის ამასწინდელი განცხადება: «შევარდნაძე რისკიანად თამაშობდა ამ რეგიონში, და იგი კვლავ აგრძელებს რისკიან თამაშს».
    განცხადება უეჭველად იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ უკმაყოფილოა დათმობათა იმ დონით, რომელსაც საქართველოსთან მიმართებაში მიაღწია და თუ რა სურს მას სინამდვილეში - ამავე კვირას გამოჩნდა, როდესაც СНГ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ფაქტობრივად მიიღეს გადაწყვეტილება СНГ-ს ტერიტორიაზე ერთიანი მოქალაქეობის შემოღების თაობაზე.
    ერთიანი მოქალაქეობა ერთიანი სახელმწიფოს უმთავრესი ატრიბუტია და თუმცა მასზე მნიშვნელოვანი ატრიბუტებიც არსებობს (თეორიაში), მაგრამ მათი შექმნა СНГ-ს სივრცეზე რუსეთისათვის უკვე განვლილი ეტაპია.

«მსგეფსი», 23-30 ივლისი, 1994 წელი.