რუსული დემოკრატია და იმპერია

    ორშაბათს, რუსეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მორიგი ტური. პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, დაცული იყო დემოკრატიის გარკვეული ნიშნები - მოქალაქეებს ეხვეწებოდნენ გამოეჩინათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მიეღოთ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში; გამორიცხული იყო მთელი ოჯახებისა და მეზობლების ნაცვლად საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა ყუთებში, რის შედეგადაც ერთადერთი კანდიდატი იღებდა ხმათა 99,99 პროცენტს; ამჯერად ბორის ელცინს ჰყავდა რეალური ალტერნატივა - კომუნისტთა ლიდერი გენადი ზიუგანოვი და მოქმედ პრეზიდენტსაც ძალიან ეშინოდა დამარცხებისა: ეს უკვე პირველი სხვაობა იყო ნამდვილ დემოკრატიასა და რუსულ დემოკრატიას შორის. ბორის ელცინი ამჯერად იბრძოდა არა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, არამედ, ელემენტარულად, სიცოცხლის გადასარჩენად.
    ზიუგანოვის გამარჯვების შემთხვევაში, ახლადდანიშნული გენერალური პროკურორი (კომუნისტი) უეჭველად აღძრავდა სისხლის სამართლის საქმეს ელცინის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით, - საბჭოთა კავშირის დაშლისათვის. ასე რომ, ელცინს პრეზიდენტის განუზომელი ძალაუფლების ნაცვლად, სიკვდილით დასჯა ელოდა!
    არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ელცინს შიშისგან გულყრა დაემართა და იძულებული გახდა, რამდენიმე შეხვედრა გადაედო, რათა აშკარა არ გამხდარიყო ყველასათვის მისი მდგომარეობა. საარჩევნო უბანში 3 ივლისს მისული ელცინი ერთიანად ცახცახებდა შიშით - აშკარა იყო, რომ იგი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში იყო ჩაბმული და ცეცხლივით ეშინოდა დამარცხებისა.
    ჩვენში ზოგიერთი დემოკრატი აცხადებდა: რუსეთში არჩევნები გაცილებით დემოკრატიულად მიმდინარეობს, ვიდრე 5 ნოემბრის არჩევნები იყო საქართველოშიო. ამას ძირითადად ის პოლიტიკოსები აცხადებდნენ ვინც ახლადარჩეულ პარლამენტში ვერ მოხვდა. სინამდვილეში კი, არჩევნები, რომელიც რუსეთში ჩატარდა, უპრეცედენტო იყო თავისი არადემოკრატიულობით - ჯერ ერთი, რეგიონებში (განსაკუთრებით რესპუბლიკებში) მმართველი ელიტა აკეთებდა ყველაფერს ელცინის გასაყვანად და, რაც მთავარია, რუსეთის ტელევიზიის მოქმედებამ უსინდისობისა და უზნეობის ყველა ნორმას გადააჭარბა: რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით (ამ კომისიის თავმჯდომარე რიაბოვი ელცინის კაცია) კანდიდატებს სახელმწიფო არხებზე დაუთმეს სულ ათ-ათი წუთი ორი კვირის განმავლობაში; გასაგებია ეს რისთვის გაკეთდა, - ელცინი, როგორც პრეზიდენტი, ისედაც ხშირად ჩანდა ტელევიზიით. ასე რომ, მას დამატებითი რეკლამა არ სჭირდებოდა, ამდენად მისთვის დროის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა. რეკლამა სჭირდებოდა გენადი ზიუგანოვს.
    მან გადაწყვიტა ათი წუთი ორ ნაწილად გაეყო და მეორე ხუთწუთიანი გამოსვლა პირველი ივლისს გაეშვა ტელევიზიით, მაგრამ მოხდა უპრეცედენტო რამ: ტელევიზიის ხელმძღვანელობამ პრეზიდენტობის კანდიდატის ბოლო გამოსვლა პროგრამიდან ამოიღო (!) იმ საბაბით, რომ იგი მეტისმეტად მწვავე იყო. ამგვარი რამ საქართველოში უბრალოდ ვერ მოხდებოდა, - გაიხსენეთ საპრეზიდენტო კამპანია ჩვენში: ტელევიზია დილიდან-საღამომდე გადმოსცემდა კანდიდატთა გამოსვლებს და რომელიმე მათგანის მიერ მომზადებული მასალის პროგრამიდან ამოღება შეუძლებელი იყო.
    ფაქტობრივად, რუსეთში არჩევნები მოიგო ტელევიზიამ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ერთ-ერთი კანდიდატის (მოქმედი პრეზიდენტის) წარმატებისათვის. თვით ბორის ელცინმა კი ხალხის გულის მოსაგებად ბევრ უახლოეს თანამებრძოლებს საჯაროდ თავები დააყრევინა - კორჟაკოვი, ბარსუკოვი, სოსკოვეცი, - ელცინის უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ, მაგრამ ისინი ერთდროულად გააძევეს კრემლიდან, რათა, ჯერ ერთი, ახლად აღზევებული ვიცე-ტირანის - გენერალ ლებედის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ და მეორეც, - ხალხის გული მოეგოთ; რუსეთში ეთნოფსიქოლოგია XVI საუკუნის შემდეგ არ შეცვლილა. მათი გულის მოგება მხოლოდ საძულველ მოხელეთა საჯაროდ დასჯითაა შესაძლებელი. ბორის ელცინმა სწორედ ამ თვისებაზე ითამაშა და მოიგო - პირველ ტურში მიღებულ ხმებს შემდგომ დაემატა ლებედის ხმებიც. საბოლოოდ, მან მიიღო ხმათა 53 პროცენტი. ზიუგანოვმა - 40. ხუთმა პროცენტმა ორივე კანდიდატი უარყო, ხოლო ბიულეტენთა 2 პროცენტი ბათილად გამოცხადდა.
    ამრიგად, ელცინის გამარჯვება უეჭველად ლებედის მიმხრობამ განაპირობა. რუსეთის პოლიტიკა მომავალი 4 წლის განმავლობაში (ანუ 2000 წლამდე) დერჟიმორდა რუსმა გენერალმა განსაზღვრა. მისი როლი კრემლში დღითი დღე გაიზრდება, - იგი ამჟამად კურირებს არა მხოლოდ ძალისმიერ სტრუქტურებს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემას. მის დაქვემდებარებაშია უშიშროების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, ჯარის ყველა სახეობა, სტრატეგიული ბირთვული იარაღი და ა.შ.
    ალექსანდრე ლებედი რუსეთის ფაქტობრივი დიქტატორი ხდება. თუ დასცალდა, იგი მნიშვნელოვნად შეზღუდავს ელცინის ძალაუფლებას და არავინ იცის, როგორ გამოიყენებს თავის შესაძლებლობებს და გავლენას კრიტიკულ სიტუაციაში. ალექსანდრე ლებედის წარმატება მეტად სიმპტომატური მოვლენაა - რუსეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ იგი შეავსებს თავის პროგრამას ლებედის პროგრამით. ლებედის პროგრამა კი აშკარად იმპერიალისტურია! მაშასადამე, საბოლოოდ დადასტურდა რუსი ამომრჩევლის ნება. ეს ნება შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით: დემოკრატია და იმპერია!
    ზოგიერთი თვლის, რომ დემოკრატია და იმპერია შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ რუსეთს ამ ცნებათა შეთავსება სურს და შეძლებს კიდეც, თუ ამის შესაძლებლობა და საშუალება მიეცემა.
    ელცინისა და ლებედის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა რუსეთში საბაზრო ეკონომიკა დაამკვიდროს და მოსახლეობის ცხოვრების დონე აამაღლოს. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ხელისუფლება შეურიგდება ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკათა დამოუკიდებლობას. პირიქით, პოლიტიკა ამ სახელმწიფოთა მიმართ სულ უფრო მკაცრი და აგრესიული გახდება.
    1995-1996 წლების განმავლობაში ელცინი ერიდებოდა სიტუაციის გამწვავებას, ვინაიდან ამას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგზე (ზიუგანოვი ხალხში დამკვიდრებული იმიჯის მიხედვით - უფრო მეტი რადიკალი იყო), მაგრამ 3 ივლისის შემდეგ პოლიტიკა უეჭველად გამკაცრდება - რუსეთი კატეგორიულად მოსთხოვს ყველა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკას გამოხატოს თავისი დამოკიდებულება დსთ-ს ტერიტორიაზე ინტეგრაციული პროცესებისადმი და შეუერთდეს რუსეთ-ბელორუს-ყირგიზე-ყაზახეთის ან რუსეთ-ბელორუსეთის კავშირებს, რომლებიც შემდგომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოებრივი გაერთიანების საფუძველი გახდება.
    შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ საქართველოსათვის ნამდვილად გენადი ზიუგანოვის გამარჯვება სჯობს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელი გახდებოდა, დამთავრდებოდა ყოველგვარი ორმაგი თამაში, ყოველგვარი ბალანსირება - ისტორიას ჩაბარდებოდა მითი ორი რუსეთის შესახებ, საქართველოს ხელისუფლება აშკარად და ცალსახად დაადგებოდა პროდასავლურ გზას, რათა როგორმე დაეცვა თავი კრემლის არამოტივირებული აგრესიისაგან.
    დასავლეთი, რომელიც დღემდე, ყველა კონფლიქტურ სიტუაციაში, მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას გამოენახა საერთო ენა რუსეთის დემოკრატიულ ხელისუფლებასთან - ზიუგანოვის პრეზიდენტობისას შესაძლოა ამავე მოწოდებით ვეღარ გამოსულიყო. ზიუგანოვის გამარჯვება დააჩქარებდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას აღმოსავლეთით, ამ სამხედრო ბლოკის შემადგენლობაში ახალი წევრის მიღებას, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ნატოს ჩარევის გაძლიერებას და ა.შ.
    თუმცა, მიუხედავად ელცინის გამარჯვებისა, ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება მაინც იმუშაოს - დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უკვე გამოითქვა სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ ლებედი აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს და, საერთოდ, თავხედურად იქცევა. ეს არის პირველი სიმპტომი, პირველი გაფრთხილება, რომელიც შემდგომში სერიოზულ კონფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს. თუ ალექსანდრე ლებედის დაჟინებული მოთხოვნით რუსეთის თავდაცვის მინისტრად გენერალი როდიონოვი დაინიშნება, საქართველოს ხელისუფლებას მიეცემა შესანიშნავი საბაბი, დააფიქსიროს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლებისადმი და საბოლოოდ გაემიჯნოს მას ისე, რომ კონფრონტაციაში დამნაშავედ სწორედ რუსეთი წარმოაჩენდეს.
    19 ივლისს დანიშნულია დსთ-ს სახელმწიფოს მეთაურთა მორიგი შეხვედრა, რომელზეც საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების საპოლიციო მანდატის საკითხი.
    არჩევნებამდე, რუსეთის ხელისუფლება თავის უარს ჯარებში საპოლიციო ფუნქციის მინიჭებაზე იმით ამართლებდა, რომ ეს გამოიწვევდა სერიოზულ დესტაბილიზაციას რუსეთის სამხრეთში, რაც სერიოზულ პრობლემად იქცეოდა ბორის ელცინის საარჩევნო პერიოდში. ეს არგუმენტი საქართველოს ხელისუფლებას მოჰყავდა ჯერ კიდევ 1995 წლიდან: აი, ჩატარდება რუსეთში არჩევნები და მერე ვნახოთ.
    არჩევნები ჩატარდა, 19 ივლისს იწურება მანდატის ვადა, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება? შეპირების თანახმად, მან უარი უნდა თქვას სამშვიდობო ძალთა მანდატის გაგრძელებაზე იმ შემთხვევაში თუ რუსეთის ძალებს არ მიენიჭებათ საპოლიციო ფუნქციები და ისინი რეალურად არ დაიცავენ მოსახლეობას. მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალ მანდატზე რუსეთი არასდროს დათანხმდება, ვინაიდან ეს გამოიწვევს პირდაპირ შეთანხმებას აფხაზეთთან და სიტუაციის კიდევ მეტ გამწვავებას ჩრდილოეთ კავკასიაში.
    გარდა ამისა, საეჭვოა, გენერალმა ლებედმა და გენერალმა როდიონოვმა საქართველოს სასიკეთოდ გააკეთონ რაიმე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ უმაღლესი მხედართმთავარი უბრძანებს, რუსეთის ჯარი საქართველოს არ დაეხმარება.
    ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტი საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება მას არ სურს, მაგრამ ეს უკვე მასზეც არ არის დამოკიდებული. გარდა ამისა პარლამენტმა მიიღო დადგენილება აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე, რომელიც შევარდნაძემ უბრალოდ არ შეასრულა, მაგრამ თუ 3 ივლისამდე არგუმენტი იყო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში - ამჟამად ეს არგუმენტიც აღარ იმუშავებს და ვითარება საქართველოში, შესაძლებელია, კიდევ უფრო დაიძაბოს. მრავალი სიმპტომი მიუთითებს იმაზე, რომ 3 ივლისის შემდეგ საქართველოში დამთავრდება გაურკვევლობის ეტაპი აფხაზეთის საკითხში და ხელისუფლება იძულებული გახდება გადადგას რადიკალური ნაბიჯები ამ მიმართულებით.
    3 ივლისს რუსეთმა აირჩია დემოკრატია და იმპერია, ეს ორი ცნება დღემდე კაცობრიობას შეუთავსებელი ეგონა, მაგრამ რუსეთი სულ მალე დაუმტკიცებთ მას, რომ ამ ქვეყანაში შეუთავსებელი და შეუძლებელი არაფერია.

კვირიონი, 14 ივლისი, 1996 წელი.
   

მთელ გვერდზე