კომუნისტური სასუფევლის ნოსტალგია
   

   

    საქართველოში ჩამოყალიბდა ადამიანთა კასტა, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მისი მარადიული პრივილეგიაა.
    თუ გადავხედავთ მომავალ არჩევნებში მონაწილეთა სიებს, უეჭველად შევნიშნავთ ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენელთა სიმრავლეს. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, იმ პარტიათა სიებში, რომლებიც მწვერვალთან უფრო ახლოს არიან და ოლიმპზე ასვლის მეტი შანსიც აქვთ. ეს კასტა ედუარდ შევარდნაძემ შექმნა. უფრო ზუსტად, იგი შეიქმნა კომუნისტური ტოტალიტარიზმის პირობებში არსებული ობიექტური ვითარების გათვალისწინებით.
    კომუნისტური ელიტა ცდილობდა ინტელიგენციის ქცევას საკუთარი ძალაუფლების ერთ-ერთ იდეოლოგიურ დასაყრდენად და, ამ თვალსაზრისით, საკმაოდ დიდ შედეგებსაც მიაღწია. მაგრამ ეს ე.წ. «ელიტარული ინტელიგენტები» თვით კომუნისტებთან შედარებითაც კი უფრო გონებაჩლუნგები და მოუქნელები აღმოჩნდნენ. ყოფილი კომუნისტურ-კომკავშირული ოლიგარქიიდან ზოგმა ბიზნესს მოჰკიდა ხელი, ზოგი ახლად შექმნილ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოკალათდა თბილად. «ხელზე მიჩვეულ ინტელიგენტებს» კი, რომელთა საქმიანობა ყველა ეპოქაში მხოლოდ თავიანთ პატრონთა საქებარი სენტენციების ფრქვევა იყო, არც ახალ დროში ეშველათ რაიმე - ისინი კვლავ ძველი ინერციით, იმავე დახავსებულ-დამპალი სოციალური ნიშის დაკავებას ცდილობენ.
    არადა, ეს ნიშა უკვე აღარ არსებობს! ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში აღარ იარსებებს. ამჟამად მეოცე საუკუნის მიწურულია, - საქართველოში საბაზრო ეკონომიკა და მეწარმეობა იკიდებს ფეხს. თვისებრივად იცვლება საზოგადოების სოციალური აღნაგობა. ამ ადამიანებს კი არაფერი ეშველათ: მათ კვლავ სურთ ფლობდნენ ძველ პრივილეგიებს, ნოსტალგია აწუხებთ იმ მარაზმატული ეპოქის მიმართ, როდესაც «ცკ»-დან მანქანებს უგზავნიდნენ და სპეციალურ თათბირებზე იწვევდნენ ვითომდაც მათი «აზრის გასაგებად». თუმცა მათი აზრი, სინამდვილეში, არც მაშინ აინტერესებდა ვინმეს და არც ახლა აინტერესებს.
    არავითარი რეალური გავლენა და წონა არ გააჩნდათ - სამაგიეროდ, უხვი სუფრა და დროსტარება გარანტირებული ჰქონდათ. ასეთი ცხოვრება ისე გაუტკბათ, რომ დღესაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ წარსულის დასაბრუნებლად. სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანის «ანტიზვიადიზმი» არა იმდენად პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, რამდენადაც იმით, რომ ექსპრეზიდენტმა გამოხრული ძვალიც არ გადმოუგდოთ.
    სოციალური თვალსაზრისით, ხსენებული კასტა საკმაოდ დიდი საშიშროების შემცვლელია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ საქართველოს პარლამენტს არ დაუმტკიცებია სახელმწიფო ბიუჯეტი, «ცნობილ» მოღვაწეთ ისტერიული კივილი არ აეტეხათ «ცენტრალიზებულ დოტაციების» მოთხოვნით სხვადასხვა «შემოქმედებითი» კავშირებისა და გაერთიანებისათვის. არადა, ჭეშმარიტ ხელოვანს, ჭეშმარიტ პოეტს რა თავში უხლია, მაგალითად, «მწერალთა კავშირი» - ეს ორგანიზაცია მხოლოდ პრივილეგიების გამანაწილებელი «კანტორა» იყო და არავითარი შეხება ნამდვილ შემოქმედებასთან არ ჰქონია. ჭეშმარიტი მწერალი მაშინაც შეძლებდა, ვთქვათ, კარგი ლექსის დაწერას ყოველგვარი «ამქრის» გარეშე და ახლაც (ბიუჯეტის დამახინჯების გარეშეც) შეძლებს.
    საბედნიეროდ, საბაზრო ეკონომიკას თავისი კანონები აქვს და იგი სულ მალე «გამოუყვანს წირვას» ცრუ პოეტებსა და კომუნისტური ნასუფრალით გაქსუებულ «ინტელიგენტებს.»

«მიმომხილველი», 3 ნოემბერი, 1995 წელი.
 

   მთელ გვერდზე