თბილისში შერისხულ ლორთქიფანიძეს ქუთაისში ელოდებიან

თბილისში შერისხულ ლორთქიფანიძეს ქუთაისში ელოდებიან

        სახელმწიფო კანცელარიაში დატრიალებული პოლიტიკური «ქარბორბალა» საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს მოასწავებს საქართველოს მთელ პოლიტიკურ ლანდშაფტზე. შევარდნაძისა და ჟვანიას ერთობლივმა გადაწყვეტილებამ ვაჟა ლორთქიფანიძის ნაცვლად სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გია არსენიშვილის დანიშვნის შესახებ დაარღვია ისედაც მყიფე წონასწორობა სახელისუფლო ოლიმპზე და აამოძრავა ძალები, რომელთაც საყრდენი წერტილი დაკარგეს.
        მაგალითად, პარასკევს (ანუ მეორე დღესვე) იმერეთის გუბერნატორმა, თემურ შაშიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაჟა ლორთქიფანიძის «გაშვება» მისთვის არცთუ მოულოდნელი იყო. ის კატეგორიულად არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ლორთქიფანიძის მოხსნით არ უნდა დაწყებულიყო». თუმცა, პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა, რომ ვაჟა ლორთქიფანიძეზე გული აუცრუვდა არა მისი «კორუმპირებულობის», არამედ იმის გამო, რომ სახელმწიფო მინისტრს არ სურდა მიეღო არაპოპულარული და სარისკო გადაწყვეტილებები.
        პირველი «ბზარი» პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს შორის მაშინ გაჩნდა, როდესაც შესაბამისმა კომისიამ ვერა და ვერ გადაწყვიტა «თბილგაზის» პრივატიზების საკითხი, რის გამოც რუსულ-ამერიკულმა კომპანიამ «იტერა» საქართველოს ბუნებრივი აირის მოწოდება შეუწყვიტა. გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში სარისკო იქნებოდა ნებისმიერი თანამდებობის პირისათვის, მაგრამ ედუარდ შევარდნაძეს მიაჩნია, რომ თუ მან იკისრა პასუხისგმებლობა (ვთქვათ) აფხაზეთში სეპარატისტთა საწინააღმდეგოდ ჯარების შეყვანისათვის (მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება მას არ მიუღია) – ნაკლები ხარისხის პასუხისმგებლობა სხვებმაც უნდა აიღონ თავის თავზე.
        მიუხედავად ამისა, თემურ შაშიაშვილი აღმოჩნდა ერთადერთი გუბერნატორი, ვინც ვაჟა ლორთქიფანიძის «წასვლის» წინააღმდეგ გაილაშქრა. ეს არც არის გასაკვირი – შაშიაშვილი ხომ ერთადერთი გუბერნატორია, რომელიც არ მალავს «სამომავლო პრეტენზიებს».
        ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თემურ შაშიაშვილი აცხადებდა, რომ «არჩევნების შემდეგ აუცილებლად შექმნის პოლიტიკურ პარტიას». ამ პარტიაში (მისივე თქმით) გაერთიანდება 100-150 «ყველაზე პატიოსანი და შეუბღალავი ადამიანი მთელ საქართველოში».
        რასაკვირველია, პარტიის ლიდერად იგი საკუთარ თავს მოიაზრებს, მაგრამ ვაჟა ლორთქიფანიძის ფიგურა ამ ახალ (უეჭველად ოპოზიციურ) პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, დარჩება თუ არა თვით თემურ შაშიაშვილი თავის პოსტზე – იგი თვითონ, რასაკვირველია, ყველაფერს გააკეთებს, რათა რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობა შეინარჩუნოს. ასეთ შემთხვევაში კი შაშიაშვილ-ლორთქიფანიძის პარტია დაახლოებით 1994-95 წლის «სოციალისტურ პარტიას» დაემსგავსება. მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი მაშინვე უპირისპირდებოდა «მოქალაქეთა კავშირს», მაგრამ თავს ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლად და თანამოაზრედ თვლიდა.
        როგორც ჩანს, ასეთივე სიტუაცია იქმნება თემურ შაშიაშვილის პარტიასთან დაკავშირებით. ოღონდ გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა ვაჟა ლორთქიფანიძე ამ როლს და საერთოდ, რას აპირებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი? საეჭვოა, მან დიპლომატიური ასპარეზზე დაბრუნება მოინდომოს – მიუხედავად იმისა, რომ რანგით «საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია», ანუ დიპლომატიური «გენერლის» წოდება აქვს. მაშასადამე რჩება მხოლოდ ორი პერსპექტივა: მაღალი თანამდებობა მოქალაქეთა კავშირში (დავუშვათ _ რომელიმე მაჟორიტარული ოლქიდან» გადეპუტატების» ჩათვლით) ან ოპოზიციურ პარტიაში მონაწილეობა.
        თუ ლორთქიფანიძე უკანასკნელ ვარიანტს აირჩევს, ეს იმდენად მმართველ პარტიას არ დაასუსტებს, რამდენადაც ოპოზიციურ (განსაკუთრებით ე.წ. «მემარცხენე») პარტიებს.

7 დღე, 8 მაისი, 2000 წელი