რედაქტორის მსგეფსი

    გასული კვირა კვლავ მნიშვნელოვანი მოვლენებითა და პოლიტიკური პროცესებით აღინიშნა. «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის» თავმჯდომარემ, ირაკლი წერეთელმა შეწყვიტა შიმშილობა. ამ აქციამ მმართველ წრეებში არცთუ იოლად შესამჩნევი რეაქცია გამოიწვია, რადგან წერეთლის ქმედება, თუ პირდაპირ და წინასწარგანზრახულად არა, ობიექტურად მაინც უკავშირდება ზუგდიდთან, ენგურზე დაწყებულ ლტოლვილთა მჯდომარე გაფიცვას.
    ალბათ ამითაც იყო გამოწვეული წერეთლის მონახულება პარლამენტის სპიკერის - ვახტანგ გოგუაძის მიერ. მიღწეულია წინასწარი შეთანხმება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, მაგრამ ეს დანაპირები არ შესრულდა გასაგები მიზეზების გამო - აფხაზეთში შექმნილი ვითარება ამ სხდომას უეჭველად გადააქცევდა ხელისუფლების სასამართლოდ.
    რამდენადაც მახსოვს, როდესაც პარლამენტში 14 მაისის ხელშეკრულება იხილებოდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის ჯარები შეყვანილი იქნებოდნენ მხოლოდ ენგურის მარჯვენა მხარეს, ხოლო ზუგდიდის რაიონში განლაგდებოდნენ სამხედრო დამკვირვებლები.
    რეალურად კი სულ სხვა სურათი შეიქმნა. რეგიონი კვლავ გაყოფილია ორ ზონად, რომელსაც, ფაქტობრივად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი «სარდლობა» ჰყავს. უკვე გასაგებია, ეს რატომ გაკეთდა - იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსეთის ჯარების გაყვანას მოითხოვს რუსეთი ჯარს გაიყვანს მხოლოდ «სამხრეთ ზონიდან», ხოლო «ჩრდილოეთ ზონაში» დარჩენილი რუსული არმია იმავე როლს ითამაშებს, რასაც მოლდოვაში მე-14 არმია ასრულებს - კაციჭამია გენერალ ლებედის მეთაურობით.
    არ არის გამორიცხული, ლებედის მაგვარი «ურჩი გენერალი» (რომელიც თურმე «რუსეთის დემოკრატიულ ხელისუფლებას არ ემორჩილება») აფხაზეთშიც მოიძებნოს - ამის სიმპტომები უკვე არის.
    რაც შეეხება კოდორის ხეობას, - იმ უკანასკნელი პლაცდარმიდან ქართული ჯარების გაყვანას უკვე თვით გაეროც მოითხოვს, რაც სრულიად შეესაბამება 14 მაისის ხელშეკრულებას. როგორც ჩანს, გაეროც «ქართულ ფორმირებებში» გულისხმობს არა მარტო საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, არამედ ადგილობრივ სახალხო ლაშქარსაც. ამრიგად, ვლადისლავ არძინბასა და ბუტროს გალის პოზიცია ამ საკითხში ფაქტობრივად იდენტური გახდა.
    რუსეთის «სამშვიდობო ჯარების» სარდალმა, გენერალმა იაკუშევმა კი, გასულ კვირას, ხეობაში ყოფნისას, ერთობ საინტერესო და საგულისხმო განცხადება გააკეთა - მისი თქმით «უახლოეს დღეებში რუსეთის სამხედრო ავიაცია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს კოდორის ხეობაში, რათა თვალყური ადევნოს ქართული ფორმირებების გაყვანას».
    ეს უკვე დაუფარავი მუქარაა. იგი შეიძლება ულტიმატუმადაც იქნეს განხილული: «თუ ქართველები დაუყოვნებლივ არ დატოვებენ კოდორის ხეობას, ჩვენ გამოვიყენებთ ავიაციას!»
    ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ აგრეთვე რუსეთის ფედერაციის საბჭოს წარმომადგენელთა განცხადებებიც «ქართული ჯარების აფხაზეთიდან გაყვანის აუცილებლობის» თაობაზე.
    საინტერესოა: თუ ბორის პასტუხოვი ადრე აცხადებდა, რომ რუსეთის მიზანი არ არის საქართველო-აფხაზეთის საზღვრის დაფიქსირება, არამედ იგი უბრალოდ «ჩადგა მებრძოლ მხარეთა სამხედრო ფორმირებებს შორის», მაშინ რატომ მოითხოვს მოსკოვი ქართული ჯარების გაყვანას კოდორიდან - ენგურის მარცხენა ნაპირზე? თუკი რუსეთის ჯარი ენგურზე მხოლოდ იმიტომ ჩადგა, რომ ეს მდინარე წყალგამყოფი აღმოჩნდა ორი მხარის ფორმირებებს შორის, მაშინ რატომ არ დგება იგი კოდორზეც? იმიტომ ხომ არა, რომ ეს მდინარე აფხაზებს (ენგურისაგან განსხვავებით) «სასაზღვროდ» არ მიაჩნიათ?
    სოხუმში კი უკვე დასრულდა აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესი, რომელზეც ვლადისლავ არძინბამ აფხაზეთში მოჰაჯირთა დაბრუნება მოითხოვა.
    მისი თქმით, «სწორედ ისინი არიან ნამდვილი ლტოლვილები, და არა ქართველები, რომლებიც ახლა უკან დაბრუნებას მოითხოვენ».
    ანუ, აფხაზებს ძალზე სჭირდებათ ტერიტორია და აზრი იმის შესახებ, თითქოს გალის რაიონს ისინი ადვილად დათმობენ, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილოა.

«მსგეფსი», 13-19 აგვისტო, 1994 წელი.
   

მთელ გვერდზე