აქვს თუ არა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია?

ამ ბოლო დროს ხშირად გაიგონებ, რომ საქართველო ბევრით არაფრით განსხვავდებოდა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკებისაგან» საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკურ სივრცეში. ეს აზრი არ არის გამართლებული. სინამდვილეში, თუ ზოგიერთ ობიექტურ ფაქტორს გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოს მართლაც განსაკუთრებული მდგომარეობა ჰქონდა ამ არეალში, ოღონდ არა იმდენად ჩვენი ხალხის რაღაც უნიკალური თვისებების გამო, რამდენადაც საქართველოს გეოგრაფიული და ეთნოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა მართლაც იმყოფება დიდ სახელმწიფოთა ინტერესების გზაჯვარედინზე, რაც გარკვეულ გეოპოლიტიკურ შანსს აძლევდა საქართველოს, მაგრამ ეს იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, «მიძინებული შესაძლებლობა», რომელსაც გაცოცხლება და გამოყენება სჭირდებოდა.

აქვს თუ არა საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია?

    ამ ბოლო დროს ხშირად გაიგონებ, რომ საქართველო ბევრით არაფრით განსხვავდებოდა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკებისაგან» საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკურ სივრცეში. ეს აზრი არ არის გამართლებული. სინამდვილეში, თუ ზოგიერთ ობიექტურ ფაქტორს გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოს მართლაც განსაკუთრებული მდგომარეობა ჰქონდა ამ არეალში, ოღონდ არა იმდენად ჩვენი ხალხის რაღაც უნიკალური თვისებების გამო, რამდენადაც საქართველოს გეოგრაფიული და ეთნოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე.
    ჩვენი ქვეყანა მართლაც იმყოფება დიდ სახელმწიფოთა ინტერესების გზაჯვარედინზე, რაც გარკვეულ გეოპოლიტიკურ შანსს აძლევდა საქართველოს, მაგრამ ეს იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, «მიძინებული შესაძლებლობა», რომელსაც გაცოცხლება და გამოყენება სჭირდებოდა.

    საქართველოს უდიდესი სიმდიდრე, მისი უმთავრესი გეოპოლიტიკური კოზირი იყო და არის ზღვა. იგი აკავშირებს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ოკეანესთან და ამით მას გლობალურ სისტემაში რთავს. საკმაოდ განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა აძლევდა საქართველოს საშუალებას - გასულიყო საზღვაო გზით ევროპაში, აგრეთვე დაკავშირებოდა დიდ ევროპულ სანაოსნო მდინარეებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია შავი ზღვიდან პირდაპირ ცენტრალურ ევროპაში მოხვედრა, რაც უდიდეს პერსპექტივებს უშლიდა წინ საქართველოს და მთლიანად კავკასიას. გარდა ამისა, საქართველოზე გადიოდა უზარმაზარი, შუა აზიისათვის მაცოცხლებელი ის გეოპოლიტიკური ხაზი, რომელიც ამ რეგიონს უმოკლესი გზით აკავშირებს ცივილიზებულ მსოფლიოსთან.
   
შუა აზიას (ან ცენტრალურ აზიას, როგორც მას ამ ბოლო დროს უწოდებენ) განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მმართველი ელიტების სეკულარისტულ მენტალიტეტს, იგი (მიუხედავად მოსახლეობის მაჰმადიანური რწმენისა) უფრო ევროპისაკენ მიისწრაფის, ვიდრე ფუნდამენტალისტური აზიისაკენ.
   
თურქულენოვანი ქვეყნების (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი) სურვილი, რაც შეიძლება უფრო მეტად დაუახლოვდნენ თურქეთს, სწორედ ამ «ევროფილური» სწრაფვის გამოხატულებაა და არა პრიმიტიული ეთნიკური ერთობისაკენ ლტოლვისა.
   
საქართველოს აქვს საერთო საზღვარი თურქეთთან. ესეც ძალიან დიდ შესაძლებლობას შლიდა ჩვენი ქვეყნის წინაშე. თურქეთი ქემალ ათათურქის რეფორმების შემდეგ განუხრელად მიისწრაფის ევროპისაკენ. დღეს იგი განვითარებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტემპით (პრეზიდენტ ოზალის ძალისხმევის წყალობით) ბევრად სჭარბობს არა მარტო აღმოსავლეთ, არამედ თვით დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას.
   
წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც თურქეთის პარლამენტი ევროპაში ანეკდოტების საგანი იყო. თანდათანობით მყარდება დემოკრატიული სისტემა, ყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება. თურქეთის სტრატეგიული მიზანია ევროგაერთიანებაში გაწევრიანება. ადრე თუ გვიან ეს უეჭველად მოხდება და თურქეთი გახდება დასავლეთ ევროპის ნაწილი, ანუ ევროპა, პირველად, 1453 წლის შემდეგ, უშუალოდ დაემეზობლება საქართველოს, რომელიც აღმოჩნდება კიდევ უფრო მომგებიან სიტუაციაში, ვიდრე თვით ბალტიის ქვეყნებიც კი, რომელთაც სკანდინავიის სახელმწიფოებისაგან (ისინი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები არ არიან) ჰყოფს ბალტიის ზღვა, ხოლო ხმელეთით კი - პოლონეთი, ბელორუსეთი და რუსეთი ესაზღვრება.
   
საქართველოსათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა კეთილმეზობლურ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, რომელიც ტრადიციულად პროთურქული სახელმწიფოა, მაგრამ არა აქვს მასთან საერთო საზღვარი. აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ერთ წერტილში არსებობს სასაზღვრო შეხება, - ნახიჭევანის ავტონომიის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი შვებაა, რადგან ნახიჭევანი, როგორც ცნობილია, მოწყვეტილია აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიით. ამიტომ აზერბაიჯანს თურქეთზე ერთადერთი სატრანსპორტო გასასვლელი რჩება - საქართველოს გავლით, რაც დიდ შესაძლებლობებს გვაძლევდა.
   
მეორე მხრივ, სომხეთისათვის საქართველო არა თუ ერთ-ერთი, არამედ ერთადერთი გზაა მისი სტრატეგიული მოკავშირეებისაკენ. ესეც ძლიერი კოზირი იყო, თუ გავითვალისწინებთ სომხური დიასპორის უდიდეს გავლენას დასავლეთსა და აღმოსავლეთში. სომხური დიასპორა ჩვენ შეგვეძლო საქართველოს სამსახურში ჩაგვეყენებინა. ყოველ შემთხვევაში, გამოგვეყენებინა მის მიერ, მთელ მსოფლიოში, ათწლეულების განმავლობაში შექმნილი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა - ჩვენთვის აუცილებელი და საჭირო ინფორმაციის გასავრცელებლად.
   
საქართველოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრებიან კავკასიელი ხალხები, რომლებიც მიუხედავად ენობრივ-კულტურული ასიმილირების მაღალი დონისა, თავისი დაუხარჯავი ენერგიითა და ნაციონალისტური ამბიციით უდიდეს პრობლემას წარმოადგენენ რუსეთისათვის. საქართველოს შეეძლო ამ წინააღმდეგობაზე ფრთხილად, წინდახედულად, მაგრამ ოსტატურად და მიზანსწრაფულად ეთამაშა. ეს გვაძლევდა საშუალებას, ხელთ გვეგდო რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ავტონომიების მართვის სადავეები და თუ ამ ბერკეტს ჭკვიანურად გამოვიყენებდით, რუსეთი, მიუხედავად მისი უდიდესი ფიზიკური ძალისა, შეიძლება იძულებული გამხდარიყო, თანასწორუფლებიანი მოლაპარაკება ეწარმოებინა ჩვენთან.
   
ისტორიული მიზეზების გამო, რუსეთის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ელიტაში ქართველებს ტრადიციულად საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდათ, რაც გვაძლევდა საშუალებას, შეგვექმნა ძლიერი ლობი, - საკუთარი ინტერესების დასაცავად.
   
არ უნდა გამოგვერიცხა არც იმ კავშირების გამოყენება, რომელიც არსებობდა ქართულ პარტიულ ნომენკლატურასა და რუსული სამხედრო-სამეურნეო კომპლექსის მმართველ ელიტას შორის.
   
საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეროვნული უმცირესობა (მაგ. ებრაელები, ბერძნები) შეიძლებოდა გვექცია ხიდად საქართველოსა და ამ საკმაოდ გავლენიან ქვეყნებს შორის. ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები მცირერიცხოვანი ქურთი ხალხი კი ნაწილია იმ დიდი ერისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ეპიცენტრში იმყოფება და ირანის, ერაყის, თურქეთის ხელისუფალთათვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს.
   
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენში გაჩაღებული სამოქალაქო ომის, დაბალი პოლიტიკური კულტურისა და ჩვენი პოლიტიკური ელიტის სრული უნიათობის წყალობით, ყველა ეს შესაძლებლობა ბოლო წლების განმავლობაში განსაცვიფრებლად სწრაფად და უყაირათოდ იქნა განიავებული და საკმაოდ რეალურია საშიშროება, რომ საქართველო, სულ მალე, გეოპოლიტიკურ არარაობად იქცეს.
    «
ივერია-ექსპრესი», 4 ნოემბერი, 1993 წელი.