ეროვნული ნევროზი

    საქართველოს უახლესი ისტორია იმდენად მდიდარი იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენებით ქვეყნის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომ ალბათ ათწლეულები დასჭირდება ყველა ამ მოვლენის გამომწვევი სიღრმისეული მიზეზების, მათ მიერ პროვოცირებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისა და შედეგების მეცნიერულ კვლევას.
   

    შეიძლება ითქვას, რომ ეს ძალზე რთული, მრავალწახნაგოვანი პრობლემაა, რომელიც სხვადასხვა კუთხით შეიძლება იყოს გაშუქებული და შესწავლილი.
    1998 წლიდან საქართველოში გაშლილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა და მთლიანად, განვლილი პერიოდი - დღემდე - მრავალგანზომილებიანი და ბევრი სხვადასხვა ასპექტის შემცვლელი ისტორიული ეპოქა იყო.
    შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ამ რამდენიმე წელიწადმა, მომხდარი ძვრებისა და კატაკლიზმების გათვალისწინებით, მართლაც მთელი ეპოქა დაიტია. ცვლილებათა მასშტაბურობა, სხვა ისტორიულ პირობებში, შესაძლოა, საუკუნეებსაც კი მოითხოვდა.
    პრობლემა (ვიმეორებ) ძალზე მრავალგანზომილებიანი და რთულია. ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებ მის მხოლოდ ერთ ასპექტზე. კერძოდ იმაზე, თუ რამდენად იყო გამოწვეული ეს ისტორიული მოვლენა რიგი ეთნოფსიქოლოგიური მიზეზებით.
    სხვაგვარად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს მომხდარი ისტორიული ტეხილის არა მარტო პოლიტიკური და სოციალური არსი, არამედ ის ეთნოფსიქოლოგიური მიზეზები, რომლებმაც დიდად განსაზღვრეს (ეს უეჭველია) მისი შინაგანი ბუნება და საერთო მიმართებულობა.

    ეთნოფსიქოლოგია ყოფილ «სოციალისტურ სამყაროში» ანტიმეცნიერებად ითვლებოდა, ხოლო ამ კუთხით მოვლენათა განხილვა უმძიმეს დანაშაულად.
    იმდროინდელ ზოგიერთ ოპუსში იგი «ფაშისტურ მეცნიერებადაც» იყო გამოცხადებული. სინამდვილეში კი, მეცნიერების ეს დარგი საშუალებას მოგვცემს ძალიან ბევრი რამ ავხსნათ და გავიგოთ იმ მოვლენათა შესახებ, რომელთაც, თითქოს, ახსნა არ გააჩნიათ არც პოლიტოლოგიური, არც სოციოლოგიური თვალსაზრისით და, ყოველ შემთხვევაში, სრულად ვერ ხსნიან მათ მიზეზებს.
    ჩემი ღრმა რწმენით, ბოლო ჟამს საქართველოში განვითარებულ მოვლენათა სიღრმისეული მიზეზები სწორედ იმ ეთნოფსიქოლოგიურ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ, რომელიც ჩვენს ერს (როგორც გარკვეულ ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ და ცნობიერ ერთობას) ჩამოუყალიბდა და რომლებმაც დიდი განსაზღვრეს მის მიერ ზემოთხსენებული «მოძრაობის» პერიოდში პრიორიტეტულად აღიარებული ფასეულობათა სისტემა.

    რამდენიმე მაგალითზე დაყრდნობით განვიხილოთ ის გარეგანი ნიშნები, რითაც ხასიათდებოდა ეს მოვლენა.
    ჯერ კიდევ ე.წ. «დისიდენტურ» ხანაში, საქართველოში ფარულად გამოცემულ ნაშრომებსა, პუბლიკაციებსა თუ მიმართვებში შეინიშნებოდა განსაკუთრებული სწრაფვა ეთნიკური ნაციონალიზმისაკენ.
    თავისი არსით უაღრესად კეთილშობილი ანტიკომუნისტური მოძრაობა არც კი ცდილობდა, თუნდაც თეორიის, თუნდაც აზრის დონეზე ამაღლებულიყო სახელმწიფოებრივ ნაციონალიზმამდე.
    უკვე მაშინ, სავსებით აშკარა იყო ქსენოფობიამდე მისული სწრაფვა ეთნიკური კარჩაკეტილობისაკან; იგრძნობოდა ყველა არაქართველის «მტრად» გარდაქმნის ინტენცია.
    იმ დროს ერთი ცნობილი მოღვაწის მიერ კერძო წესით გამოცემული ნაშრომი, რომელიც ქართველი ერის გამრავლების პრობლემებს ეძღვნებოდა და რომელსაც მაშინ დიდი საზოგადოებრივი მოწონება ხვდა წილად - ამ ტენდენციის ყველაზე ზუსტი ილუსტრაციაა. არადა, თუ იმ წიგნს (იგი ამჟამად სტამბური წესითაც არის გამოცემული) დღეს ყურადღებით წავიკითხავთ, არ შეიძლება თვალში არ გვეცეს, არ შეგვზაროს იმ აშკარად ავადმყოფურმა, თითქმის ზოოლოგიურმა არმენოფობიამ, რომლითაც იგია გაჟღენთილი.

    ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ერი ცოცხალი ორგანიზმია, - გარკვეული ფსიქიკური ერთობაა, რომლის ჯანმრთელობაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს იგი გარეგან გამაღიზიანებლებზე.
    გავიხსენოთ ე.წ. «პერესტროიკის» წლები და პირველი მოვლენა, რომელმაც ლამის შეძრა მთელი საზოგადოება: მოსკოვში გამართულ მწერალთა ყრილობაზე, რუსმა მწერლებმა - ვალენტინ რასპუტინმა და ვიქტორ ასტაფიევმა «შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველ ერს». ყოველ შემთხვევაში. ამას გვიმტკიცებდა უკლებლივ ყველა ქართველი მოღვაწე, რომელიც ყრილობას დაესწრო და საჭიროდ ჩათვალა საზოგადოების წინაშე საკუთარი აზრი გამოეთქვა.
    მაგრამ ჯერ ერთი, მოდით ვნახოთ, ბოლოს და ბოლოს რა თქვა ასეთი განსაკუთრებული რასპუტინმა? მოვიტან სწორედ იმ ციტატას მისი გამოსვლიდან, რომელმაც განსაკუთრებული აღშ- ფოთება გამოიწვია: «Мы все больны. Поетому должны и обязаны лечится. Но Грузины, почему то, не хотят лечится и воспринимают критику как оскорбление национального достоиноства. Вспомните друзья - русский народ тоже ведь не весь спился - однако мы вместе борились против этого недуга и не считали это оскорблением».
    დავუშვათ, ეს სიტყვები მართლაც უნდა აღვიქვათ, როგორც შეურაცხყოფა და ქართველი ერის «ავადმყოფ ერად» გამოცხადება.
    მაგრამ თუ მაშინდელ საზოგადოებრივ რეაქციას გავიხსენებთ, აშკარა გახდება, რომ ეს რეაქცია ნამდვილად არაადეკვატური იყო. ისევე, როგორც არაადეკვატური იყო რეაქცია თვით ვიქტორ ასტაფიევის იმ ცნობილ მოთხრობაზე.
    რა თქმა უნდა, ხსენებული მოთხრობა გარკვეული ანტიპათიითაა დაწერილი. მაგრამ განა ჩვენი საპასუხო რეაქცია ჯანსაღი იყო თავისის არსით? განა ამ რეაქციაში აშკარად არ იგრძნობოდა გადაჭარბებული ნევროზულობა?
    წარმოიდგინეთ, ასტაფიევს ასეთივე პასკვილი მიეძღვნა, ვთქვათ, ლიტველების ან ესტონელებისადმი - განა იმ საზოგადოებაში იგი ასეთ რეაქციას გამოიწვევდა? - რა თქმა უნდა არა! ისინი უბრალოდ წაიკითხავდნენ, გულგრილად განაცხადებდნენ პროტესტს და უმალვე დაივიწყებდნენ ამ ინციდენტს. ანუ, ასტაფიევის თუ ნებისმიერი რუსი მოღვაწის შეფასებას, შეხედულებას, აზრს მათ შესახებ, არ ექნებოდა მათთვის ასეთი მნიშვნელობა, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი ისტერია გამოეწვია - როგორც ეს ჩვენში მოხდა.
    მიზეზი თვალშისაცემი და ელემენტარულია: როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული ეთნოფსიქოლოგიური კომპლექსი - ეროვნული არასრულფასოვნების შეგრძნებისა, რომელიც ერს აიძულებს არაადეკვატურად ირეაგიროს გარეგან გაღიზიანებაზე - რაც უეჭველად მიუთითებს მის საერთო სისუსტესა და ცნობიერი სისტემების ლაბილურობაზე.
    ამავე დისკურსში გავიხსენოთ აგრეთვე ტელეპროგრამა «ვზგლიადის» ცნობილი სიუჟეტი იმის შესახებ, რომ აჭარელ ახალგაზრდას აიძულეს, უარი ეთქვა რუსი გოგონას ცოლად მოყვანაზე და აგრეთვე ისტერიული რეაქცია, რაც ამას მოყვა; ან ერთი რუსი პროფესორის მიერ გამოქვეყნებული მცირე სტატია - პასკვილი «Литературная Россия»-ში, სადაც მეგრელები ცალკე ხალხად მოიხსენიეს და ასე შემდეგ.
    კვლავ და კვლავ ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ცალკეულ შემთხვევაში საქმე მართლაც არც თუ სასიამოვნო პასკვილთან გვქონდა, მაგრამ საინტერესო (დღევანდელი გადასახადიდან) უფრო ის არის თუ როგორ, რამდენად ადეკვატურად და ნევროზულად რეაგირებდა ამაზე საზოგადოება.
    აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ზემოთჩამოთვლილმა გარეგანმა გაღიზიანებამ დიდწილად შეუწყო ხელი იმ ისტერიული ატმოსფეროს ჩამოყალიბებას საქართველოში, რომელიც 1988-1989 წლების მიჯნაზე შეიქმნა და რომელმაც, საბოლოო ჯამში, 9 აპრილის უდიდეს ეროვნულ ტრაგედიამდე მიგვიყვანა.
    სრულიადაც არ გამოვრიცხავ, რომ მშვიდობიანი მიტინგის დარბევა, უდანაშაულო ადამიანების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაგეგმილი და განხორციელებულიყო სწორედ იმ ძალების მიერ მოსკოვში, რომლებმაც კარგად შეისწავლეს ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიის თავისებურებანი და საზოგადოებაში არსებული ისტერიული განწყობის კიდევ უფრო გამწვავებით ცდილობდნენ გზა გაეხსნათ რადიკალური და, ამდენად, ყოველგვარ რეალურ პერსპექტივას მოკლებული პოლიტიკური ძალებისათვის - აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
    ბევრს არ ესიამოვნება მწარე სიმართლე, ბევრი შეიძლება აღშფოთდეს კიდეც და სტატიის ავტორს «ეროვნულ ნიჰილიზმში» დასდოს ბრალი. ამ ბრალდებებისა არ მეშინია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ნათლად მაქვს გაცნობიერებული: იმას, რაც საქართველოში მოხდა ახსნა სჭირდება. ახსნა კი ნამდვილად ვერ იქნება სრული, თუ მომხდარ ისტორიულ კატაკლიზმს ამ კუთხითაც არ განვიხილავთ.
    რა თქმა უნდა, ჩვენი «ეროვნული ნევროზის» მიზეზი ქვეყნის ისტორიულ წარსულში უნდა ვეძიოთ - საუკუნოვანმა დაპირისპირებამ უცხო ეთნიკურ სამყაროსთან, სახელმწიფოებრივი სისტემის დასუსტებამ, რელიგიურობისა და ეროვნულობის გაიგივებამ, კავკასიაში არსებულმა საერთო კულტურულ-კონფესიურმა ბალანსმა - თავისი დაღი დაასვა ქართველი ერის ეთნოფსიქოლოგიას.
    მაგრამ არა მხოლოდ ეს არის მიზეზი. არსებობს კიდევ უფრო მეტად ობიექტური წინამძღვარიც: თვით ქართველი ხალხის ეროვნული სხეულის კონსტრუქცია იმდენად რთული და ფაქიზია (ქართები - მეგრელ-ჭანები - სვანები) რომ იგი თავის თავში ყოველთვის შეიცავდა დაშლისა და ნგრევის დიდ საშიშროებას. შესაძლოა, აქედანაც მოდის ეროვნული ნევროზის იმპულსი.
    ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება გადარჩეს ყოველი ჩვენთაგანისათვის ესოდენ სათაყვანებელი ჩვენი ერი და სამშობლო, არის გზა სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმისა, რომელიც, განსხვავებით ეთნიკური ნაციონალიზმისაგან, სრულად შეესაბამება დღევანდელობის მოთხოვნებს.
    ეს არის გზა «საქართველოს ხალხის» ანუ, ევროპული გაგებით, ნაციის ჩამოყალიბებისა. სწორედ საქართველოს ნაცია შეადუღაბებს და შეაკავშირებს ქვეყანას ერთ მთლიან ორგანიზმად, ურყევ, განუყოფელ ერთობად - რომლისთვისაც სრულიად უცხო და უხიფათო იქნება შუა საუკუნეების ისტორიული სიდუხჭირიდან წამოსული, ავადმყოფური ეთნოფსიქოლოგიური კომპლექსები.

«მოქალაქე», 15 სექტემბერი, 1994 წელი.

მთელ გვერდზე