29 აგვისტოს ტერაქტი კვლავ იდუმალებითაა მოცული

29 აგვისტოს ტერაქტი კვლავ იდუმალებითაა მოცული

  

    1995 წლის 29 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ, ქართული პოლიტიკური ბომონდი და «ელიტარული ინტელიგენცია» - «მოსწავლეთა სასახლეში» შეიკრიბა, სადაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი.
    ელოდნენ მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც სულ მალე უნდა მოსულიყო მანქანით. მოულოდნელად, პარლამენტის შენობის (იმელის) მხრიდან მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა და ცაში შავი კვამლის სვეტი ავარდა. როგორც შემდგომ გაირკვა, აფეთქდა თეთრი ფერის «ნივა». იგი პარლამენტის ეზოში, ავტოსადგომზე იდგა; ცეცხლი წაეკიდა ედუარდ შევარდნაძის მანქანასაც. სახელმწიფოს მეთაური სულ რამდენიმე წამით ადრე გამოიყვანეს ალმოდებული მანქანიდან, რომელიც მაშინვე მთლიანად დაიწვა.
    პირადი დაცვის წევრებმა ედუარდ შევარდნაძე «ჟიგულში» გადასვეს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შევარდნაძე სერიოზულად არ დაშავებულა, მხოლოდ შუშის ნამსხვრევები შეესო სახესა და მკერდში.
    როგორც შემდგომ გაირკვა, კონტუზიაც კი არ მოსვლია. ვახტანგ რჩეულიშვილი და პეტრე მამრაძე გაცილებით სერიოზულად დაშავდნენ.
    პოლიტიკური თვალსაზრისით, ედუარდ შევარდნაძემ ეს აფეთქება ბრწყინვალედ გამოიყენა იმ დროს მთავარი მოწინააღმდეგის - «მხედრიონის» გასანადგურებლად: რამდენიმე დღის შემდეგ «აიყვანეს» გიგა გელაშვილი და თემურ ხაჩიშვილი, შემდგომ სხვა «მხედრიონელები» და ბოლოს თვით ჯაბა იოსელიანიც.
    აფეთქების უშუალო ორგანიზატორობა ბრალად ედება გიგა გელაშვილს, რომელმაც «ღილაკს ხელი დააჭირა». სხვა ბრალდებულები არიან უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ამ უწყებაში მოხვდნენ თემურ ხაჩიშვილთან ერთად, - ანუ იგივე «მხედრიონელები»; თუმცა, მათ შორის თითო-ოროლა «ჩვეულებრივი თანამშრომელიც» იყო. ისინი (როგორც თავად აცხადებდნენ) «ბრძანებებს ასრულებდნენ».
    გამოძიება ამტკიცებს, რომ «მხედრიონის» ლიდერი ჯაბა იოსელიანი თავიდან ბოლომდე საქმის კურსში იყო, თუ რა მზადდებოდა და როგორ;
    იგულისხმება არა მარტო სახელმწიფოს მეთაურზე თავდასხმა, არამედ გია ჭანტურიასა და სოლიკო ხაბეიშვილის მკვლელობა და სხვა ტერორისტული აქტები.
    თვით ჯაბა იოსელიანი ამას კატეგორიულად უარყოფს. მისი მტკიცებით, მან არც ერთი ტერორისტული აქტის შესახებ არაფერი იცოდა, არც ბრძანება გაუცია და არც ვინმესთვის დაუვალებია სახელმწიფოს მეთაურის (აგრეთვე გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის) ლიკვიდაცია.
    დააკვირდით: იგი არ ამტკიცებს, სხვა «მხედრიონელები» არაფერ შუაში არიანო. მხოლოდ იმის დადასტურებას ცდილობს, რომ თვითონ არაფერი არ იცოდა.
    ყველაზე საინტერესო მომენტი მთელს ამ ისტორიაში იგორ გიორგაძის როლია. «საინტერესო» იმდენად, რამდენადაც ცხადს ხდის მომხდარის მოტივაციას და შინაგან მექანიზმს.
    იყო თუ არა იგორ გიორგაძე ტერორისტული აქტის ორგანიზატორი? წინასწარი გამოძიებისას «მხედრიონელები» სწორედ მას «ადებდნენ ხელს» და ამტკიცებდნენ, რომ იგორ გიორგაძე ყველა ტერაქტის უშუალო ორგანიზატორია.
    ახლა (სასამართლოზე) გადათქვეს, მაგრამ ამას სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. რატომ ხდებოდა ასე? რატომ ცდილობდნენ «მთავარ ორგანიზატორად» სწორედ გიორგაძე გამოეცხადებინათ და შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მისი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ყველანი, ამდენად ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.
    იგორ გიორგაძე ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული «კაგებეს» მუშაკია. სტანდარტულ ვითარებაში, საბჭოთა კავშირის დროს, იგი რომელიმე რაიონის «კაგებეს» უფროსის თანამდებობაზე «მაღლა» ვერ წავიდოდა, მაგრამ დრომ და გარემოებამ საქართველოს სპეცსამსახურის ხელმძღვანელად აქცია.
    იმ სპეცსამსახურისა, რომელსაც ფაქტიურად «მხედრიონი» მართავდა. ვერაფრის დიდებით ვერ დავიჯერებ, რომ გიგა გელაშვილი, თემურ ხაჩიშვილი და სხვა მხედრიონელები იგორ გიორგაძის «ყურმოჭრილი მონები» იყვნენ და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ.
    სინამდვილეში გიორგაძე მათ უფრო «კრიშად» სჭირდებოდათ, ხოლო მისი ბრძანებები და მითითებები სასაცილოდაც არ ეყოფოდათ, თუ მათი აღსრულება «მხედრიონის» ინტერესებს არ შეესაბამებოდა.
    მაშ, რატომ აქციეს იგორ გიორგაძე «ცენტრალურ ფიგურად» - იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა შეემსუბუქებინათ და პოლიტიკური ბრძოლის მსხვერპლად წარმოეჩინათ თავი?
    იგორ გიორგაძის დანაშაული უეჭველად ის არის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება ფაქტობრივად უკონტროლოდ იყო, ხოლო იგი ამის გამო «ყურსაც არ იბერტყავდა.
    «მხედრიონთან» დაპირისპირების მას არც უნარი ჰქონდა, არც შნო და იქნებ არც სურვილი, ვინაიდან არ ეთანხმებოდა ედუარდ შევარდნაძის სახელმწიფოებრივ კურსს და სულაც არ ინაღვლებდა, თუ ტერორისტული აქტი საბოლოო შედეგს მიაღწევდა.
    შესაძლოა, მას მართლაც ჰქონდა მოსკოვიდან მიღებული შესაბამისი ბრძანება, მაგრამ მთავარი ეს არ არის. უმთავრესი საკითხია «ცენტრალური სუბიექტის» გარკვევა იმდროინდელ შეთქმულებაში.
    იგორ გიორგაძე «მხედრიონის» ლიდერებმა სპეციალურად აქციეს «ცენტრალურ სუბიექტად», რაკი მიხვდნენ: სწორედ ეს შეესაბამებოდა პოლიტიკურ მოთხოვნას. სინამდვილეში გიორგაძე საერთოდ სიმბოლური ფიგურა იყო (თუმცა, ყველაფერს ხვდებოდა და იცოდა), ან მხოლოდ «რიგითი» წევრი იყო ამ შეთქმულებისა.
    მისი იმიჯის დამძიმებას ხელი შეუწყო თვით იგორ გიორგაძის სიტყვებმა: რუსეთში გადახვეწის მერე მან ისეთი ინტერვიუების ბეჭდვა დაიწყო, რომელშიც იგი მართლა წარმოჩინდა «რუს კანდიდატად» და შეთქმულების მთავარ ორგანიზატორად.
    თუ ასეა, უეჭველად უნდა შეურიგდეს იმ აზრს, რომ შესაძლოა, საქართველოში ხელბორკილებით ჩამოიყვანონ, - რუსული სპეცსამსახური მას სერიოზულ «სავაჭრო საგნად» ინახავს.
    გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა (გიორგაძის მხრიდან) სადმე სოროში შემძვრალიყო და მისი ხმა არავის გაეგო. რაც შეეხება 29 აგვისტოს ტერაქტს: ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ამ დივერსიის მთავარი ორგანიზატორი იყო «მხედრიონის» ელიტა, რომელიც მიხვდა: პოლიტიკური ვითარების სტაბილიზირების კვალობაზე, ხელისუფლება უეჭველად შეეცდებოდა ამ დაჯგუფების განადგურებას, ვინაიდან არც ერთი ხელისუფლება «მხედრიონის» მსგავსი ფენომენის არსებობას სახელმწიფოში არ მოითმენდა.
    ამიტომ «მხედრიონის» მიზანი იყო არა პოლიტიკის ან სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლა (სინამდვილეში მათ პოლიტიკა არასდროს არ აინტერესებდათ), არამედ სახელმწიფოში ანარქიისა და დესტაბილიზაციის პროვოცირება, ვინაიდან მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებდნენ პოზიციის შენარჩუნებას, აგრეთვე 1995 წლისათვის დაპატიმრებული «მხედრიონელების» ციხიდან გამოშვებას.
    ჯაბა იოსელიანისთვის, შესაძლოა მათ არც არაფერი უკითხავთ, ვინაიდან იგი იმ დროისათვის უკვე ისეთივე «კრიშა» და სიმბოლური ფიგურა იყო, როგორც იგორ გიორგაძე; თუმცა «საქმის კურსში» ჯაბა შეიძლებოდა მაინც ყოფილიყო, ოღონდ ისევე არ შეეძლო რამეს შეცვლა, როგორც იგორ გიორგაძეს და არც სურვილი ექნებოდა ამისა.

მერიდიანი, 31 აგვისტო, 1998 წელი