საინფორმაციო იარაღი

    რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის თაობაზე არა ერთხელ თქმულა და დაწერილა; მიუხედავად ამისა, საქართველოს უშიშროების სამინისტრო (ისევე როგორც მისმა წინამორბედებმა - «სუკ»-მა და «საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურმა») ვერაფერი დაუპირისპირა ამ უაღრესად მძლავრ იარაღს, - მიმართულს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდგ. აბსოლუტურად უსუსურია ამ მხრივ ტელევიზია; გაუმიზნავ, დაუხვეწავ პოლიტიკას აწარმოებენ აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებანი... ასე რომ, საინფორმაციო ფრონტზე მარცხი ამთავითვე გარანტირებულია.
    ცხადია, საჭიროა ყველა იმ ინფორმაციის გადამოწმება და იმ მიზეზთა ამოცნობა-ანალიზი, რომლებმაც გამოიწვიეს კონკრეტული «საინფორმაციო ჭურვის» გამოტყორცნა ჩვენს, ასე ვთქვათ «იდეოლოგიურ ტერიტორიაზე».
    წინამდებარე წერილის მიზანია, გავაანალიზოთ ერთი კონკრეტული «შემოგდებული» ინფორმაციის წარმომავლობის წყარო და მის მიზანდასახულობაში გავერკვეთ.

    ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ტელევიზიამ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა იმის თაობაზე, თითქოს ჩეჩნეთის პრეზიდენტს - ჯოჰარ დუდაევს  ერაყსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მოგზაურობის შემდეგ მოეწოდებინოს მუსულმანური სამყაროსთვის, გამოუცხადონ «საღვთო ომი» (ჰაზავათი) ქრისტიანულ დასავლეთს, კერძოდ - ამერიკისა და რუსეთის იმპერიული ზრახვების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. . . ეს სკანდალური ინფორმაცია ერთხმად აიტაცეს და დიდი ზარ-ზეიმით მოსდეს მთელს ქვეყანას ჩვენმა ჟურნალისტებმაც.
    ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე პოლიტიკოსისთვის იმთავითვე აშკარა უნდა ყოფილიყო - თვით სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემაც, ამ ფაქტის შეფასება რომ სთხოვეს, ეჭვი შეიტანა მის უტყუარობაში (არადა, საყოველთაოდ ცნობილია მისი არც თუ გულთბილი დამოკიდებულება ჩეჩნეთის ლიდერისადმი). სულ მალე კი «ჩეჩენპრესმა» ოფიციალურად უარყო მსგავსი გამოსვლის საერთოდ არსებობაც კი. . . ყველაფერი თითქოს თავის ადგილზე დადგა, მაგრამ გაჩნდა რაღაც გაურკვევლობის გრძნობა, კითხვა, რომელიც პასუხს საჭიროებდა: რისთვის დასჭირდა მავანსა და მავანს აშკარა ტყუილის სიმართლედ გასაღება და დუდაევის (ამ ისედაც ოდიოზური იმიჯის მქონე პოლიტიკოსის) კიდევ ერთხელ დისკრედიტაცია?
    ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აიოლებს ისტორიის გახსენება.

    დავიწყოთ იმით, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა ბიზანტიის იმპერიისგან «იმემკვიდრა» ორთავიანი არწივის ემბლემა და «მესამე რომის» სტატუსი, მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის საფუძვლად იქცა დაპყრობითი ომები და ცალსახა სტრატეგია - გასვლა «სამხრეთის თბილ ზღვებზე».
    კავკასიის რეგიონი იმთავითვე აღმოჩნდა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების სფეროში.
    რუსეთის დიპლომატია ოდითგანვე ერთ-ერთი უმძლავრესი გახლდათ მსოფლიოში. კავკასიაში ბრწყინვალედ გათამაშებულმა «გათიშე და იბატონეს» ცნობილმა პოლიტიკამ სწორედ ის შედეგი გამოიღო, რასაც მოელოდნენ რუსეთის იმდროინდელი სპეცსამსახურები: კავკასია გაიხლიჩა იდეურად და მე-19 საუკუნეში წარმოებული «კავკასიური ომების» მთავარ ფორპოსტად რუსეთისათვის იქცა საქართველო. ორბელიანები, ჭავჭავაძეები, ერისთავები და ქართველი სათავადაზნაურო ელიტის სხვა წარმომადგენლები იარაღით ხელში იცავდნენ დამპყრობელი ქვეყნის ინტერესებს და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ შამილის, აგრეთვე სხვა კავკასიელ «ურჩთა» წინააღმდეგობის თანდათანობით გატეხა უფრო და უფრო ხვევდა თვით საქართველოს მონობის ბადეში. . .
    ამბობენ, ისტორია არ მეორდებაო. . . ალბათ იმიტომ, რომ თანამედროვენი ითვალისწინებენ წარსულის შეცდომებს. ვაი, რომ ამას ვერ ვიტყვით საქართველოს შესახებ!
    საქმე ის გახლავთ რომ, კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონში შემავალი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესები თანხვედრილია, უპირველესად, რუსეთის იმპერიულ ზრახვებთან მიმართებით. ვერც ერთი კავკასიური ქვეყანა ვერ მოიპოვებს დამოუკიდებლობას, თუკი ერთობლივი ძალისხმევით არ შეეცდებიან დიდი ქვეყნის მრავალნაცადი აგრესიის მოგერიებას.
    ეს განსაკუთრებით საქართველოს ეხება – ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად ყველა კავკასიურ რესპუბლიკასთან აქვს საზღვარი და არსებითად კავკასიის რეგიონის ცენტრს წარმოადგენს.
    მე-19 საუკუნეში, რუსეთმა, საქართველო და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ურჩი ჩრდილოკავკასიელები რელიგიური ნიშნით დააპირისპირა: ქრისტიანი ქართველი გაუცნობიერებლად იბრძოდა მუსულმანი «მტარვალის» წინააღმდეგ. ანალოგიური განწყობა შეუქმნეს მუსულმან მთიელებს. ისინი იცავდნენ საკუთარ მიწას არა მხოლოდ რუსი დამპყრობლების, არამედ «გიაური გურჯებისგანაც». . .
    გავავლოთ პარალელი: ჯოჰარ დუდაევი კავშირს ამყარებს მუსულმანური აღმოსავლეთის ყველაზე რეაქციულ ლიდერთან და ქრისტიანებთან საომრად მოუწოდებს მათ!
    რასაკვირველია, ქრისტიანული საქართველო «ფეხზე უნდა დაგეს» და გვერდში ამოუდგეს კრემლს - ურჩ ჩეჩნეთთან საბრძოლველად, რომელმაც გაბედა და უარი განაცხადა რუსეთის ახალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე!
    ცივილიზებული დასავლეთიც მშვიდად შეეგებება რუსეთის ჯარის მიერ «მისი კუთვნილი» ავტონომიის ძალისმიერი საშუალებებით დაბრუნებას. «საინფორმაციო ჭურვი» მათთვისაც იყო გამიზნული და შედეგიც გამოიღო: სადამ ჰუსეინის «მეგობრის» ინტერესებს არც ამერიკა და არც ევროპა ანგარიშს არ გაუწევს. . .
    შემთხვევითი არ ყოფილა პრეზიდენტ ელცინის წინასაარჩევნო ვოიაჟი ჩრდილოეთ კავკასიაში: ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მიზანი უთუოდ ისიც გახლდათ, რომ ცრუ დაპირებებით მოხიბლული ჩეჩნეთის ისტორიული მოკავშირე, მისი მონათესავე ინგუშებიც ჩამოეცილებინა აშკარად სახიფათო მოწინააღმდეგისათვის.
    სხვათა შორის, ხსენებული საინფორმაციო ომის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტია «საინფორმაციო ჭურვთა» ის სერია, რომელიც გამოისროლეს რუსეთის სპეც-სამსახურებმა აფხაზეთის კონფლიქტში ჩეჩენთა მონაწილეობის თაობაზე.
    ზოგადად, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებისთვის დამახასიათებელია ერთი საინტერესო მეთოდი: ისინი ხშირად სიმართლეს ამბობენ და თანაც. . . ცრუობენ. თითქოსდა პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ასეთი რამ მართლაც საკმაოდ ეფექტურ შედეგს იძლევა - საინფორმაციო ჭურვი მიზანში ხვდება!
    ჩეჩენი ეროვნების ბოევიკთა მონაწილეობა აფხაზეთის კონფლიქტში უდავოა. მაგრამ პროცენტულად ბევრად მრავალრიცხოვანნი ადიღეველები იყვნენ, მათზე კი თითქოს არაფერი ისმის.
    «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» კავკასიაში შეიქმნა რუსეთის სპეცსამსახურთა ხელდასმითა და კურთხევით. მისი უპირველესი ამოცანა იყო საქართველოსთან ბრძოლა.
    ჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა «კონფედერაციის» ლიდერთა დაპირისპირება დუდაევთან, მაგრამ, რა მიზეზიც არ უნდა ყოფილიყო, აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში (თუნდაც აფხაზეთთან მიმართებით) ჩეჩნეთის პრეზიდენტისა და საქართველოს ინტერესები თანხვდებოდა.
    ამ ხელსაყრელი მომენტის გამოყენების სანაცვლოდ, საქართველოს ტელევიზიამ და პრესამ ისეთი მონდომებით დაიწყეს მაინცდამაინც ჩეჩნებისგან «მტრის ხატის» შექმნა, რომ უკეთესად, ალბათ, ამას თვით «ოსტანკინოც» ვერ მოახერხებდა. . .
    ისე გამოდიოდა, თითქოს აფხაზეთის ომი რუსებთან კი არა, დუდაევის გამოგზავნილ ჩეჩნებთან წავაგეთ (გავიხსენოთ, რომ ძალიან სერიოზულად მსჯელობდნენ გამსახურდია-არძინბა-დუდაევის ალიანსზე)!
    ამ პროვოკაციულ სვლებს ავყევით, მტრად მოვეკიდეთ ჩრდილო-კავკასიელ რესპუბლიკებს, კვლავ პრორუსული სტრატეგია ვარჩიეთ და. . . «სნგ»-ს ყულფშიც ამოვყავით (ტაშის გრიალით) თავი...
    საინფორმაციო ომი წაგებულია - მაშასადამე, წავაგეთ იდეოლოგიურ ფრონტზეც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული მეზობლები კვლავ დავატრიალებთ ახალ ყარაბაღს, სამაჩაბლოს, აფხაზეთს. . .

«თემი» 1 თებერვალი, 1994წელი.
   

მთელ გვერდზე