ვისი სჯერა ქართულ პოზიციას?

ვისი სჯერა ქართულ პოზიციას?

   
       
        უმცროსმა ბუშმა თქვა ერთხელ: «პუტინს თვალებში ჩავხედე და იქ სულიერება აღმოვაჩინეო». პრეზიდენტ ბუშის სასაცილო და ბრიყვული გამონათქვამები (ე.წ. «ბუშიზმები») ამერიკაში დღესაც ანეგდოტებად დადის. მათგან პუტინის «სულიერებაზე» გამონათქვამი ერთ-ერთი ყველაზე სასაცილოა. ჰილარი კლინტონმა აღნიშნა კიდეც: «ეს იდიოტი როგორ შეიძლებოდა ამერიკის პრეზიდენტი ყოფილიყო: კგბ-შნიკს ხომ სული საერთოდ არ გააჩნიაო».
        ქალბატონი ჰილარი  ღრმად მორწმუნე ადამიანია. ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვან ღვთისმსახურებებს არასდროს ტოვებს. როგორც ჩანს, იგი სულის ეშმაკისთვის მიყიდვას გულისხმობდა. პუტინს უხსენებელისთვის უკვე დიდი ხანია სული მართლა მიყიდული აქვს. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც გერმანიაში მსახურობდა «კგბ»-ს რეზიდენტად.

                                                        პუტინის კვალი პიკადილიზე

        რას ჩადიოდა იმ დროს – იმის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, რასაც პრეზიდენტობისას ჩადის. მხოლოდ ერთი მაგალითი: პიკადილი ლონდონის მთავარი ქუჩა არ არის, მაგრამ ისტორიული მიზეზების გამო, იგი ნებისმიერი ინგლისელისთვის სამშობლოს გულის-გულია. ესე იგი ლონდონის ცენტრი და ამ დიდი ქალაქის სულისკვეთების გამომხატველი.
        პუტინის ბრძანებით, ყოფილი «კგბ» - სა და დღევანდელი «ფსბ» -ს ჯალათებმა ალექსანდრე ლიტვინენკო სწორედ პიკადილიზე მდებარე ერთ ერთ ბარში მოკლეს. თანაც როგორ მოკლეს? განა დაილია ლუბიანკაზე ათასგვარი შხამი – ჩაიში რომ ჩაეყარათ? მაგრამ სადისტ და ბოღმა პუტინს, რომელსაც ლიტვინენკოსთან პირადი ანგარიშები ჰქონდა, არა უბრალოდ მისი ლიკვიდაცია სჭირდებოდა, არამედ განსაკუთრებით სადისტური, სასტიკი და, რაც მთავარია, აშკარა, თავხედური მკვლელობა.
        თანაც, ინგლისელებისათვის შეურაცხმყოფელი მეთოდით. სწორედ ამიტომ,  პუტინმა ერთგულ მონებს უბრძანა, ლონდონში დიპლომატიურო ფოსტით (!) შეეტანათ რადიოაქტიური ნივთიერება «პოლონიუმი» და სწორედ იგი ჩაეგდოთ ლიტვინენკოსთვის ფინჯანში.
        მიზანი (ვიმეორებ), არა მხოლოდ ლიტვინენკოს წამებით სიკვდილი იყო (საამისოდ ჩვეულებრივი შხამებიც ბევრია პუტინის «სკივრში»), არამედ ინგლისელთა შეურაცხყოფა, რაკი რადიოაქტიული ნივთიერების ბინძური კვალი მთელ ლონდონში დატოვა. ჩელსის (სტენფორდ ბრიჯის) სტადიონის ჩათვლით; და კიდევ ასწლეულების განმავლობაში დარჩება ეს კვალი პიკადილიზე.

«ჩაიძირა»

        შეიძლება ზოგმა თქვას, რომ პუტინი ნაციონალისტია და თავისი ხალხის სასარგებლოდ ჩადის ნაძირლობებს მტრების წინააღმდეგ. მაგრამ გავიხსენოთ წყალქვეშა ნავ «კურსკის» ისტორია. «პუწინი» ახლადარჩეული იყო, როდესაც ასეულობით რუსი მეზღვაური იხრჩობოდა ზედაპირიდან სულ 80 მეტრში. ამ დროს პრეზიდენტი შავ ზღვაზე «გულაობდა», დახმარებისთვის მეზობელი ქვეყნებისთვის მიმართვა აზრადაც არ მოსვლია და ლარი კინგის კითხვაზე «კურსკს რა დაემართაო» გულგრილად უპასუხა: არაფერი განსაკუთრებული - «უბრალოდ ჩაიძირა». ეს არსება არათუ ქრისტიანი, არამედ საერთოდ ადამიანია?
        როცა ჩეჩნებმა დუბროვკაზე, «ნორდ-ოსტის» სპექტაკლის დროს, ტყვედ ათასობით ადამიანი აიყვანეს, პუტინის ბრძანებით «ფსბ»-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. მძევლების გათავისუფლება ისეთი მეთოდებით განხორციელდა, რომ ასეულობით უდანაშაულო ადამიანი იქვე ჩაიხოცა. სამაგიეროდ, პუტინმა პრესტიჟი შეინარჩუნა.
        კიდევ უარესი ჩაიდინა ბესლანში, სადაც ათასობით ბავშვი აღმოჩნდა მძევლობაში. ოღონდ მოლაპარაკებები არ გაემართა მასხადოვთან და სპეცსასახურებს უბრძანა, სკოლის კედელი აეფეთქებინათ, - ასეულობით ბავშვი დაიხოცა, სამაგიეროდ პირადად მისი და დერჟავის პრესტიჟი გადარჩა.
       

 ამხანაგი ჰექსოგენი

ეს ყოველივე აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოვიდა პუტინი ხელისუფლების სათავეში.
        1999 წელს, ვითომდაც «კავკასიელმა ტერორისტებმა», მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი სახლები ააფეთქეს. ასეულობით სრულიად უმწეო, უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, რიაზანელმა მილიციელებმა «ფსბ»-ს აგენტები დააკავეს, რომლებიც ერთ-ერთ საცხოვრებელში ზუსტად ასეთივე ასაფეთქებელ ნივთიერებას (ჰექსოგენს) დებდნენ. რაკი წაასწრეს, რუსულმა სპეცსამსახურმა, რა თქმა უნდა, მაშინვე განაცხადა, რომ რიაზანში «სწავლებები» ტარდებოდა.
        სინამდვილეში კი, ბევრი თვლის, რომ აფეთქებები სწორედ პუტინისა და «გბ» - შნიკური ბანდის მიერ იყო მოწყობილი, რათა ჩეჩენთში მეორე ომის დაწყების საბაბი მოეპოვებინათ. ამ ომის ტალღაზე პუტინი პრეზიდენტი გახდა.
        არაფერს ვამბობ ისეთ «წვრილმანებზე», როგორიცაა მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრება. «ოლიგარქი იყო და ამიტომ დავიჭირეო». სინამდვილეში იმიტომ დაიჭირა, რომ მისი პირადი მტერი იყო, თორემ ასეთივე «ოლიგარქი» აბრამოვიჩი უკვე მეოთხე იახტას ყიდულობს: ასოცი მეტრია სიგრძეში, ოქროს უნიტაზები აქვს და ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებითაა აღჭურვილი. ამის მიუხედავად, პუტინისთვის «ოლიგარქი» მაინც არ არის.
        არავის ეპარება ეჭვი, რომ ჟურნალისტი ანია პოლიტკოვსკაია იმავე პუტინის მითითებით გამოასალმეს სიცოცხლეს. ისევე, როგორც ბევრი სხვა, ვისაც რეჟიმისთვის შეეძლო საფრთხე შეექმნა.
       
2010