კოდორის ხეობაში იდუმალი კომბინაცია გათამაშდა

კოდორის ხეობაში იდუმალი კომბინაცია გათამაშდა

კოდორის ხეობაში იდუმალი კომბინაცია გათამაშდა

        გასულ ოთხშაბათს, როდესაც დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში, კოდორის ხეობაში კვლავ სერიოზული (თუმცა, გარკვეულწილად, მოსალოდნელი) ინციდენტი მოხდა – გაიტაცეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო დამკვირვებლები.
        ამ ინციდენტს მსოფლიოში (მათ შორის გერმანიაშიც) უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა - რაც სავსებით გასაგებია და ბუნებრივი, ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უნივერსალური ორგანოა, ამიტომ მისი სამხედრო დამკვირვებლების საწინააღმდეგო ტერაქტი აღიქმება, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინააღმდეგ განხორციელებული აქცია.
        საკმარისია, მაგალითად, ითქვას, რომ ნატომ 1997 წელს ბოსნიელი სერბების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება დაიწყო მას შემდეგ, რაც სერბმა ჯარისკაცებმა დაატყვევეს გაეროს დამკვირვებლები.
        მით უმეტეს, საქართველოში ეს არ არის ერთეული შემთხვევა. ყველას კარგად გვახსოვს ჯიხაშკარის «ეპოპეა», რომელიც, საბედნიეროდ, უსისხლოდ და უმსხვერპლოდ დასრულდა - თუმცა, ის ტერორისტული აქტი უეჭველად «მსხვერპლის» შედეგი იყო თავისთავად, ვინაიდან გოჩა ესებუა და მისი ტრაიბალისტური ბანდის სხვა წევრები იყვნენ მონაწილენი 9 თებერვლის ტერორისტული აქტისა, რასაც პრეზიდენტის დაცვის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა.
        მაშინაც, გაეროს უშიშროების საბჭომ მომხდარი შეაფასა, როგორც «ტერორისტული აქტი» და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას.
        გაეროს უშიშროების საბჭო ამჯერადაც და ყველა სხვა ანალოგიურ შემთხვევაში მოქმედებს ცინიკური პრინციპით: «აბა ტერორისტებს რა მოეკითხებათ?»
        ასევე «მკაცრად» შეფასდა კოდორის ინციდენტიც. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ზემოხსენებული «პრინციპი» აქ ელემენტარული უსინდისობაა: გაეროს დამკვირვებლებმა შესანიშნავად იციან, რა მდგომარეობაა კოდორის ხეობაში და რამდენად ვრცელდება იქ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია.
        თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სეპარატისტთა მხრიდან მსგავსი არაფერი მომხდარა – ანუ სეპარატისტულმა რეჟიმმა შეძლო დაეცვა გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთის ტერიტორიაზე.
        კოდორის ხეობა, ამ თვალსაზრისით დაუცველი აღმოჩნდა, - ფაქტია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ნომინალურად მართავს სიტუაციას. მოსახლეობა შეიარაღებულია და არანაირ კანონს არ ემორჩილება, გარდა მის მიერ დამყარებული «კანონისა».
        შენარჩუნებულია მყიფე წონასწორობა სხვადასხვა შეიარაღებულ ჯგუფს შორის. ამ მხრივ ყველაზე კომპეტენტური პიროვნების – ემზარ კვიციანის თქმით, ხეობაში იმდენივე უკონტროლო შეიარაღებული კრიმინალია, რამდენი მკვლელობაც მოხდა ბოლო წლებში – ანუ ყველა მკვლელი უახლოეს ნათესავებთან ერთად ტყეშია «გავარდნილი», ოღონდ ემალება არა საქართველოს «სისხლის სამართლის კოდექსს», არამედ მთის «სისხლის აღების წესს».
        მკვლელებს მოკლულის ნათესავების უფრო ეშინიათ, ვიდრე პოლიციელებისა, თუმცა, პოლიციელთა უმრავლესობა «ადგილობრივია» და შესანიშნავად ესმის «თამაშის წესები». ამ წესებს ვერ შეეგუა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგანი ჯარის ქვედანაყოფი (სხვათა შორის, ომგამოვლილი, შესანიშნავი ქართველი მებრძოლებით), - ამიტომ «ადგილობრივებმა» მანამ ვერ მოისვენეს, ვიდრე იგი არ გააძევეს ხეობიდან.
        საერთოდ, კოდორის ხეობაში ნებისმიერი ინციდენტი, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის კონფლიქტის ფონზე უნდა განვიხილოთ. ხეობის მოსახლეობა მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობს. სეპარატისტებს ყოველ დღე შეუძლიათ განაახლონ შეტევა («ტერორისტთა ბაზების განადგურების» საბაბით). სამხედრო თვალსაზრისით სავსებით შესაძლებელია არა მხოლოდ ლათადან შეტევა, არამედ გადმოსვლა მთაზე ტყვარჩელიდან, რის შედეგადაც (მით უმეტეს, ზამთარში, როდესაც უღელტეხილი ჩაკეტილია) კოდორის მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.
        საეჭვოა, ხეობაში განლაგებულმა სამხედრო ფორმირებებმა დიდხანს გაუძლონ მასირებულ შეტევას, თუ არ ექნებათ აქტიური მხარდაჭერა საქართველოს სხვა ტერიტორიებიდან. ნიშანდობლივია, რომ როდესაც 1994 წლის გაზაფხულზე ხელი ეწერებოდა ცნობილ «სამშვიდობო შეთანხმებას» კონფლიქტის ზონაში რუსეთის «სამშვიდობო კონტინგენტის» შემოყვანის თაობაზე, არძინბამ კატეგორიული უარი განაცხადა ხეობაში «გამმიჯნავი ძალების» ჩაყენებაზე სწორედ იმ მიზნით, რომ საშუალება ჰქონოდა «საჭიროების შემთხვევაში» შეტევა განეხორციელებინა ქართულ სოფლებზე.
        ამიტომ, ამჟამად ხეობაში ქართულ და სეპარატისტულ ფორმირებებს სიმბოლურად ჰყოფს გზაზე არსებული ერთადერთი პოსტი – ორი ოფიცრითა და შვიდიოდე ჯარისკაცით.
        შეთანხმების შესაბამისად, მათ ერთ ადგილას გაჩერების უფლებაც კი არა აქვთ, - მუდმივად უნდა იმოძრაონ და მოახდინონ ხეობის «პატრულირება», რაც იმ პირობებში სრული აბსურდია.
        ეს ყოველივე განსაკუთრებით მტკივნეულად სწორედ ხეობის მცხოვრებლების მიერ აღიქმება, ამიტომ ისინი მუდმივ დაძაბულობაში ცხოვრობენ.
        ამასთან, გაეროს დამკვირვებელთა გამტაცებლებს «თავის გასამართლებლად» შესაძლოა მართლაც ჰქონდათ ის არგუმენტი, რომ «ისინი უკანონო გადაღებებს აწარმოებდნენ» - მაგრამ ეს მხოლოდ საბაბი იყო და სხვა არაფერი.
        გაეროს დამკვირვებელთა შორის, რასაკვირველია, იქნებიან თავიანთი ქვეყნის დაზვერვათა წარმომადგენლებიც, მაგრამ გამორიცხულია მათ «რუსეთის სამშვიდობო ჯარებს» მიაწოდონ რაიმე ინფორმაცია. თუ გამტაცებლებს ეს მომენტი აწუხებდათ, - მაშინ ისინი აშკარა ორმაგ სტანდარტს იყენებენ.
        კოდორის ხეობა სავსეა რუსეთის აგენტურით, რომლის მეშვეობითაც რუსებსაც და აფხაზ სეპარატისტებსაც სრული ინფორმაცია აქვთ, თუ სად რომელი ქვემეხი დგას.
        სასაცილოა იმის ვარაუდი, რომ მათ ამ თვალსაზრისით გაეროს დამკვირვებელთა «დახმარება» დასჭირდებოდათ. თუ გერმანელი, ამერიკელი ან სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ადვილად აწარმოებდა დაზვერვას ასეთი (მეტისმეტად პრიმიტიული) მეთოდებით, მაშინ მათ ინფორმაცია სჭირდებოდათ არა რუსებისთვის, მით უმეტეს, სეპარატისტებისთვის, არამედ საკუთარი არმიისა და გენერალური შტაბისთვის, რომელიც «ყოველი შემთხვევისთვის» აგროვებს ნებისმიერ ინფორმაციას და შეაქვს კომპიუტერში - «რა იცი, როდის რა დაგვჭირდება», ხოლო რუსეთის სამხედრო დაზვერვა ამ რეგიონში იყენებს სხვა, უფრო რაფინირებულ მეთოდებს.
        მაგალითად, კოდორის ხეობაში წლების განმავლობაში ცხოვრობს რუსი ექიმი. იგი აცხადებს, თითქოს მოსკოვში კაცი შემოაკვდა და ახლა ხეობაში ემალება მართლმსაჯულებას, არადა «შუბლზე აწერია», რომ აშკარად სადაზვერვო საქმიანობას ეწევა, - ისევე, როგორც თვით ადგილობრივი მოსახლეობის ზოგიერთი წარმომადგენელი.
        ამ აგენტურული ქსელის მეშვეობით განხორციელდა სწორედ ეს პროვოკაცია; მოსკოვს იმთავითვე აღიზიანებდა გაეროს მონაწილეობა «სამშვიდობო პროცესში», - შესაბამისი პროვოკაციის მოწყობა კი არც ისე ძნელია; მთავარია, საჭირო მომენტში მიაწოდო საჭირო ინფორმაცია იმ კატეგორიის «ობიექტს», რომლის რეაქციისა და მოქმედების გათვლა იოლია.
        რუსეთის სპეცსამსახურთა გავლენას კიდევ მრავალჯერ ვიგრძნობთ ამ და სხვა «ცხელ წერტილებში», - კოდორის ხეობა მძლავრი «მადესტაბილიზებელი» ფაქტორია; ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ანალოგიური ფაქტორები, მათი ამოქმედება რუსეთს სჭირდება არა მხოლოდ საკუთარი აგენტურის «გასამხნევებლად», არამედ ჩვეულებრივი შანტაჟირებისათვის – რაკი არ «გაუვიდათ» შატილში მესაზღვრეების ჩაყენება მუქარით, - ახლა იმავეს ცდილობენ ასეთი პროვოკაციებით.
        გამტაცებლები მხოლოდ «გავლენის აგენტები» არიან და არა «შტატიანი თანამშრომლები». ეს იქიდან ჩანს, რომ ინფორმაცია მიიღეს, გამოიყენეს, ტერაქტი განახორციელეს, მაგრამ დამკვირვებლები ცოცხლები გაუშვეს. «გავლენის აგენტებზე» მეტნი რომ ყოფილიყვნენ, ასე იოლად ეს საქმე ვერ დასრულდებოდა.
        თითქოს, საბოლოოდ ყველა კმაყოფილი დარჩა, მაგრამ პროვოკაციამ შედეგი მაინც გამოიღო – რაშიც უახლოეს მომავალში დავრწმუნდებით.

საარჩევნო კამპანია, როგორც სამოქალაქო ომის დეტონატორი

        რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ დემოკრატია მმართველობის საუკეთესო ფორმაა, ფაქტია, რომ როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პრობლემები არა გაქვს მოგვარებული, დემოკრატიული პროცესი შესანიშნავ პირობებს ქმნის გარეშე ძალთათვის, - დამანგრეველი პროვოკაციების განსახორციელებლად.
        ერთადერთი გამოსავალია საზოგადოების შეგნება და იმის გაცნობიერება, რომ არავითარი კავშირი (სინამდვილეში) ამ არჩევნებს არა აქვს ზემოხსენებული პრობლემების (მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის) გადაწყვეტასთან.
        ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, სეპარატისტები თავისას არ მოიშლიან, ხოლო გარეშე ფაქტორები კვლავინდებურად იმოქმედებს. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემატიკა დაძაბულობის ესკალაციის უმთავრესი მიზეზი ხდება. მიმდინარეობს უმოწყალო, შეიძლება ითქვას, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიც ფსონი მეტისმეტად მაღალია საიმისოდ, რომ ამ ბრძოლამ ქვეყანას ზიანი არ მიაყენოს.
        ოპტიმალური შედეგის გათვლა (ვგულისხმობ, არჩევნების შედეგს) ასეთ ვითარებაში იოლი არ არის, თუმცა მაინც შესაძლებელია. საქართველოში კვლავინდებურად არსებობს მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლების შეცვლა უეჭველად გულისხმობს და ნიშნავს კურსის შეცვლას. აქედანვე გამომდინარე, რაკი კვლავ აქტუალურია «კურსის» საკითხი, კანონმდებელი უდავოდ სწორად მოიქცა, როდესაც დააწესა 7 პროცენტიანი ზღვარი და უარი თქვა 50+1-ის მექანიზმზე, რისი მეშვეობითაც, საარჩევნო კვოტის მიუხედავად, პარლამენტში მოხვდებოდა ყველა, ვინც შეძლებდა 3 პროცენტზე მეტის მოგროვებას, ვინაიდან მათი ჯამი იოლად როდი გადააჭარბებდა ნახევარს, ანუ 50 პროცენტს;
        რამდენად ზუსტი იყო ეს გათვლა, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამ მექანიზმის უარყოფამ აიძულა პარტიები, შეექმნათ იდეურად ეკლექტური, აბსურდული ბლოკები.
        პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით, იდეალური ვარიანტი იქნება, თუ პარლამენტში შენარჩუნდება მყარი უმრავლესობა, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიული სახელმწიფოებრივი კურსის უცვლელობას, მაგრამ, იმავდროულად, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იქნება ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალა.
        უთქმელად, არათუ ქვეცნობიერად, მაგრამ უტყვი შეთანხმებით, ამგვარი პოლიტიკური დისპოზიცია ხელს აძლევდა ყველა «ძირითად მოთამაშეს», ვინც 1994-95 წლების კატაკლიზმების შემდეგ დარჩა პოლიტიკურ ასპარეზზე. მაგრამ ვითარება «არია», ეგრეთ წოდებული, ბათუმური ძალის გამოჩენამ, რომელსაც ჰონდა (და აქვს) პრეტენზია, სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლისა.
        სწორედ ასეთი მოთამაშის შემოსვლამ აიძულა «მმართველი პარტია» დაეკავებინა სრულებით უკომპრომისო პოზიცია, დათანხმებოდა «კვოტის გაზრდის» წინადადებას და არც კი განეხილა რაიმე თვალსაზრისით სხვა პარტიებთან ლმობიერი დამოკიდებულების შესაძლებლობა.
        ეს მდგომარეობა კი, თავის მხრივ, განაპირობებს (თითქმის 100-პროცენტიანი გარანტიით) იმას, რომ მომავალ პარლამენტში პოლიტიკური სპექტრი უფრო «შეკვეცილი» იქნება, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ნორმალური, «არათვისებრივი» დაპირისპირებისას; ქვეყანა დგება მეტად უსიამოვნო დილემის წინაშე და ამის მიზეზია სწორედ ის «კარდინალური» დაპირისპირება, რომლის პროვოცირებას ოპოზიციურ პარტიათა ერთი ნაწილი ცდილობს.
        შედეგად, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მმართველი პარტიის შანსი იზრდება, ვინაიდან ამომრჩეველი ხმას აძლევს უკვე არა პარტიას (ვთქვათ, «მოქალაქეთა კავშირს»), არამედ სახელმწიფოებრივ კურსს.
        ეს ძაბავს ელექტორატის განწყობას; აშინებს მას, რადგან «კურსის შეცვლა» ყოველთვის დაკავშირებულია სერიოზულ კატაკლიზმებთან, რომლებიც შესაძლოა «პიროვნულ» დონეზეც დავიდეს.
        «მოქალაქეთა კავშირს» - რომც არ არსებულიყო რეალობაში, - თვითონ უნდა შეექმნა ისეთი ოპოზიცია რომელიც «თვისებრივ ალტერნატივად» დააფიქსირებდა თავს და კურსის შეცვლის პრეტენზია ექნებოდა. არადა ასეთი ძალა დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, რამაც მმართველ პარტიას ამოცანა გაუადვილა. ამგვარი ვითარება გაგრძელდება მანამ, ვიდრე ოპოზიცია არ აღიარებს, რომ დღევანდელ სახელმწიფოებრივ კურსს (როგორც ასეთს) ალტერნატივა არ გააჩნია.
        ამიტომ, წარმატებისათვის აუცილებლად უნდა ითამაშონ არსებულ «მოედანზე» - რაც გაცილებით ძნელია.
        უფრო იოლია არარსებული «თვისებრივი ალტერნატივის» იმიჯის შექმნა. არადა, დღევანდელ ოპოზიციას (ერთობ თვალსაჩინო მაგალითია) იმის ჭკუაც კი არ ეყო, ევროსაბჭოში შესვლა მიელოცა ქვეყნისათვის - რაკი ეს მმართველი პარტიის გამარჯვებად აღიქმებოდა.

დილის გაზეთი, 24 ოქტომბერი, 1999 წ.