საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ოქტომბერი. 2023 წელი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო შეიკრიბა ისრაელის მოთხოვნით და.....ჯერ-ჯერობით ვერ მიიღო ვერანაირი გადაწყვეტილება!
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია: ასეთი რამ ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ სახელმწიფოებს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) აქვთ განსხვავებული პოზიციები რეზოლუციასთან ან რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.
ამერიკის რეზოლუციის პროექტი რომ ისრაელის მხარდამჭერი იქნებოდა, ამაში, რასაკვირველია ეჭვიც არავის ეპარება;
მაშ რა მოხდა? როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს ახლა დაბლოკოს აშშ-ისრაელის მხარდამჭერი რეზოლუცია, რაც ხელ-ფეხს გაუხსნიდა `ცახალს` (ისრაელის არმიას) ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისას.
რუსეთი კი სიტუაციას იყენებს, რათა ჯერ ერთი, სამაგიერო გადაუხადოს ამერიკას უკრაინის მხარდაჭერისთვის და რაც მთავარია, `ევაჭროს` ისრაელსა და ამერიკას ამ თემაზე.
ეს ვარაუდი რომ სიმართლეს მოკლებული არ არის, ჩანს თუნდაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პოსტიდან სოციალურ ქსელში: `ამერიკა, ნაცვლად იმისა, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ეზრუნა, `ჩვენთან` (!) შემოვიდა უკრაინაშიო`.
ამასობაში, სულ უფრო მეტი საოცარი და ზოგჯერ საზარელი ფაქტი ხდება ცნობილი ტერორისტული ორგანიზაცია `ჰამასის` შეტევის შესახებ
ჯერ ერთი, ტერორისტებმა დახოცეს ქალები და მოზარდები, რომლებიც მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობდნენ; ამას მათ არც ისრაელი და არც მსოფლიო არ აპატიებს;
თვით ტერორისტები ჰაერში გადაადგილდებოდნენ ძრავიანი დელტაპლანებით და ერთი ჯგუფი ისრაელის ატომურ ელექტროსადგურთანაც კი გადმოსხდა. თუმცა სწრაფად გაანადგურეს.
ისრაელის სამხრეთის მიმართულებას, ღაზასთან იცავდა არმიის 143-ე დივიზია; განაწესის თანახმად, როდესაც `ჰამასმა` სარაკეტო შტურმი დაიწყო, მებრძოლებმა სპეციალურ თავშესაფრებში სცადეს თავის შეფარება და ისინი სწორედ ამიტომ არის იქ მოწყობილი, მაგრამ....სარაკეტო დარტყმასთან ერთად, მის პარალელურად, ასეულობით ტერორისტი `ბრბოს` ტაქტიკით (ამ ტაქტიკას ხშირად იყენებდა ISIL) სწრაფად მიუახლოვდა ამ თავშესაფრებს ისე, რომ მებრძოლებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს.
ისრაელის არმიის ბევრი მებრძოლი შაბათს (ებრაელებისთვის მკაცრად არასამუშაო დღეა კვირის) შვებულებაში იმყოფებოდა;
აღსანიშნავია, რომ ტერორისტებმა რამდენიმე სამხედრო ობიექტი იოლად დაიპყრეს შტურმის შედეგად და დიდძალი იარაღი, ამუნიცია, კავშირგაბმულობის საშუალებები ჩაიგდეს ხელში, რაც გადაიტანეს ღაზაში და თუ იქ ისრაელის არმიის სახმელეთო ოპერაცია დაიწყება, ამ იარაღს არმიის წინააღმდეგ გამოიყენებენ.
გამაოგნებელი ფაქტია, რომ როგორც ირკვევა, ისრაელის არმიამ არსებითი რეაგირება დააგვიანა: შეტევა დილის 6-7 საათზე დაიწყო ხოლო ისრაელის არმიის ქვედანაყოფები მხოლოდ 14 საათისთვის გადაისროლეს ვერტმფრენებით.
ზოგიერთ მონაკვეთზე, `ჰამასის` რაზმები 30 კილომეტრის სიღრმეზეც კი შევიდნენ ისრაელის ტერიტორიაზე.
პარალელურად, მცირე ტერორისტული ჯგუფები ამოქმედდნენ ყველა დიდ ქალაქში. მათ შორის იერუსალიმსა და თელ-ავივში.
`ჰამასი` ძალიან აქტიურად იყენებდა კატარღებს: რამდენიმე რაზმი ისრაელის სანაპიროზე გადასხეს სწორედ კატარღებით.
არმიის წარუმატებლობაზე მეტყველებს ისიც, რომ ტერორისტებმა მოკლეს რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ისრაელელი ოფიცერი. მაგალითად ბრიგადის მეთაური იონათან შტაინბერგი, ბრიგადის გენერალი ისხაკ შელედი.
არის ცნობები, რომ ერთი გენერალი ტყვედ აიყვანეს. თუმცა `ცახალი` ამას არ აღიარებს.
შეტევამ დაადასტურა სისტემური სისუსტეები ისრაელის ოდესღაც უძლეველ არმიაში: ბევრი მოკლული საცვლებში იყო ანუ ბანალურად ეძინათ. მაგრამ როცა ქვედანაყოფი ისვენებს, ამავე ქვედანაყოფის ყარაულ-პატრული უნდა მუშაობდეს...... და ასე იოლად არ უნდა დაუშვას მტრის მიახლოება. მით უმეტეს, როცა მტერს კედელი აქვს გადასალახი.
ისრაელის გენიალურმა სადაზვერვო და საბრძოლო დრონებმაც, რომლებიც თითქოსდა ყველა მეტრს აკონტროლებენ გამყოფი კედლის მიღმა, ამჯერად ვერ იმუშავეს ელემენტარულად იმიტომ, რომ მათი მოდერატორები იყვნენ უყურადღებოდ ან მათაც ეძინათ.
ისრაელელები `გამარჯვების განცხრომაში` იყვნენ და ეგონათ, პალესტინელები ვერაფერს გაუბედავდნენ ან თუ გაბედავდნენ, არაფერი გამოუვიდოდათ.
ეს კატასტროფული სისუსტე აღმოჩნდა.
ამერიკამ ისრაელის ნაპირისკენ გააგზავნა უახლესი ავიამზიდი USS Gerald R. Ford 90 საბრძოლო თვითმფრინავით. ავიამზიდს მიჰყვებიან სარაკეტო ხომალდები და წყალქვეშა ნავები.
ორშაბათს დილის მდგომარეობით, გარდაცვლილია 700 ისრაელელი და 400 ღაზელი არაბი - პალესტინელი.
აქვე მოკლედ შეგახსენებთ ამ ისტორიული კონფლიქტის არსს: ისრაელი მზად არის აღიაროს პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა ღაზას და `დასავლეთ ნაპირის` (იუდეა და სამარია) ჩათვლით, მაგრამ პალესტინელები მოითხოვენ აღმოსავლეთ იერუსალიმს მთლიანად.
ებრაელებისთვის იერუსალიმის გაყოფა აბსოლუტურად მიუღებელია.
დღეს დილით ისრაელმა ოფიციალურად გამოაცხადა თავდაცვითი ომი. ბოლო ასეთი დეკლარაცია 1973 წელს იყო, როცა ისრაელს სირია და ეგვიპტე დაესხნენ თავს.
როდესაც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართალია ღაზას სექტორსაც და `დასავლეთ ნაპირსაც` აქვთ ავტონომია, თუმცა მათ გარე პერიმეტრს, გარე საზღვრებს ისრაელი აკონტროლებს; ანუ ღაზას საზღვარს ეგვიპტესთან და `დასავლეთ სანაპიროს` საზღვარს იორდანიასთან.
ამერიკული რესპექტაბელური რესურსი Wall street journal სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის `ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის` ოფიცრები ატრენინგებდნენ `ჰამასის` მებრძოლებს და მათ ერთად შეადგინეს ისრაელზე თავდასხმის გეგმა.
WSJ ცნობით, ბოლო შეხვედრა გაიმართა ბეირუთში, 2 ოქტომბერს. სწორედ მაშინ დამტკიცდა შეტევის თარიღიც და კონკრეტული მოქმედების ალგორითმიც.
გარდა ამისა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ირანული ტექნოლოგიების გარეშე `ჰამასი` ვერ შეძლებდა დაემზადებინა ვერც რაკეტები და ვერც ძრავიანი აეროსტატები.
ბეირუთში შეხვედრა იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის სამხრეთში დისლოცირებული პროირანული ტერორისტული დაჯგუფება `ჰესბოლლას` ჩართვა ომში მხოლოდ დროის საქმეა.
ფაქტობრივად `ჰესბოლა` ირანული სპეცსამსახურის განშტოებაა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ორჯერ იომა ლიბანის ტერიტორიაზე `ჰესბოლას` წინააღმდეგ - 1982 და 2007 წელს. ორივეჯერ ისრაელის არმია ლიბანის ტერიტორიაზე შევიდა, რათა ეს დაჯგუფება გაენადგურებინა, თუმცა ვერ შეძლო.
მეორე ომის დროს `ჰესბოლამ` ისრაელის სარაკეტო ხომალდიც კი ჩაძირა ირანიდან მიღებული რაკეტით.
ოდნავ დაწვრილებით მუსიკალური ფესტივალის დახვრეტის შესახებ `ჰამასის` ტერორისტების მიერ: ფესტივალი ტარდებოდა ღია ცის ქვეშ, უშუალოდ ღაზას სექტორთან;
ღაზას ისრაელისგან ყოფს დიდი კედელი. დაახლოებით 65 კილომეტრის სიგრძის და 6 მეტრი სიმაღლისა; სწორედ ამიტომ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მონაწილეებს თავი უსაფრთხოდ ეგონათ.
მაგრამ დილის 6 საათზე, როცა სარაკეტო თავდასხმა დაიწყო, ტერორისტებმა გაანგრიეს კედელი და შეიჭრნენ მუსიკალურ ფესტივალზე. იქ უმისამართო სროლა ატეხეს: უმწეო ადამიანები ვერსად დაიმალებოდნენ, რადგან ნაგებობებიც კი არ იყო იმ ადგილზე - მხოლოდ გაქცევა შეეძლოთ, თუმცა ბევრი ვერც გაიქცა.
ფესტივალის სტუმრებიდან უმეტესობა არა საკუთარი მანქანებით, არამედ ავტობუსებით იყვნენ მოსულნი.
ამ ფესტივალზე ტერორისტებმა 260 ადამიანი დახოცეს; თანაც ბევრი მათგანი ევროპელი და ამერიკელი იყო. ანუ არა მხოლოდ ისრაელელები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის პრეზიდენტი ბჟანია კვლავ მოსკოვშია.
ძალიან მოუხშირა ბოლო დროს.
სულ ახლახან შეხვდა პუტინს სოჭში, დაბრუნდა და კვლავ მოსკოვში გაემგზავრა.
როგორც ცნობილია, სოჭის შეხვედრის შემდეგ ბჟანიამ განაცხადა, რომ ხელმოწერილია დოკუმენტი ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის დაფუძნების შესახებ.
ოღონდ ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს: არც ერთ რუს ოფიციალურ პირს იგი არ დაუდასტურებია: არც პუტინის პრეს-მდივანს.....არც რუსულ `საგარეოს`.....თუ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა, რატომ სდუმან? საქართველოსი მოერიდებოდათ? რა თქმა უნდა არა!
შესაძლოა ბჟანიას ეს განცხადება იმ თამაშის ნაწილი იყოს, რაც მოსკოვსა და სოხუმს შორის გაჩაღდა მას შემდეგ, რაც სოხუმმა ფაქტობრივად უარი უთხრა პუტინს ბიჭვინთის აგარაკის გადაცემაზე.
არავითარი `დოკუმენტი` არ სჭირდება პუტინს, რათა ოჩამჩირეში სამხედრო გემები განათავსოს. ვინ დაუშლის? ბჟანია?
დღესაც კი, აფხაზეთის სანაპირო წყლებს რუსული სამხედრო გემები და კატარღები აკონტროლებენ.
კიდევ უფრო უცნაურია ბჟანიას ეს განცხადება თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პუტინს, ანუ რუსეთის ხელისუფლებას, მაშინაც კი არ გაუკეთებია განცხადება სევასტოპოლიდან რუსული შავი ზღვის ფლოტის გემების თუნდაც ნაწილის გასვლის შესახებ, როცა ეს გემები ნოვოროსიისკში გადავიდნენ.
არ გაუკეთებია, რადგან სირცხვილია - გამოდის, გარბის რუსეთი` საოცნებო` სევასტოპოლიდან
და თუ ასეა, ოჩამჩირის თემას რუსეთი რატომ გააPRებდა?
ამიტომ ეს ყოველივე მართლაც ტოვებს იმგვარ შთაბეჭდილებას, რომ სწორედ ბჟანიამ გააფიარა მას შემდეგ, რაც პუტინმა დახურულ კარს მიღმა საიდუმლოდ უჩურჩულა: სევასტოპოლიდან გემების ნაწილს ოჩამჩირეში გადმოვიყვანო.
პუტინს არ აწყობდა ამ თემის ასე გახმაურება
მაგრამ ბჟანიას სურს ყველა `გადაწყვეტილების მიმღებს` აჩვენოს მოსკოვში, თუ რამდენად სასარგებლოა პუტინისთვის აფხაზეთი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი ცდილობს სერბებისგან შექმნას მთელი საბრძოლო ბრიგადა, რათა მან უკრაინის წინააღმდეგ იომოს. ეს ფაქტი რამდენიმე სოლიდურმა რესურსმა დაადასტურა. მათ შორის ბრიტანულმა BBC და ფრანგულმა Intelligence Onlaine.
ათასობით სერბმა უკვე გააფორმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მზადაა იომოს (დიდი ანაზღაურების ფასად) უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
სერბული საზოგადოება ტრადიციულად `პრორუსულია`. ეს ეხმარება პუტინს სერბების `დავერბოვკებაში`.