იგორ გიორგაძის საფრთხობელა

იგორ გიორგაძის საფრთხობელა

              პოლიტიკაში (ისევე, როგორც ცხოვრებაში) ძალიან ხშირად ხდება, რომ არსით ტრაგიკული მოვლენა კომიკურ ელფერს იძენს, ამიტომ პოლიტიკა «ტრაგიკომიკურობის სანახაობა»  უფროა და შავ-თეთრი განსაზღვრებებით ოპერირება აქ, მით უმეტეს, შეუძლებელია
        რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალი იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს. თუმცა, შესაძლოა, სულაც არ გეგმავს (მამამისი პანტელეიმონ გიორგაძე ამ ხმებს კატეგორიულად უარყოფს), მაგრამ უკვე შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც მას საქართველოში იწვევს და საამისოდ ნიადაგსაც ამზადებს.
        შესაძლოა (როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაადასტურა), გარკვეული ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მას თავიანთ ლიდერადაც მოიაზრებენ, თუმცა სინამდვილეში იგორ გიორგაძის პერსპექტივა საქართველოში ზუსტად ნულს უდრის - ეს არის ფანტომი, რომელიც ხშირად არათუ აფრთხობს ხელისუფლებას, არამედ, პირიქით, დიდად ეხმარება მას.
        იგორ გიორგაძე ამ თვალსაზრისით, მართლაც, ტრაგიკომიკური ფიგურაა, ვინაიდან არათუ არაფერს წარმოადგენს სინამდვილეში, არამედ ეს თავადაც შესანიშნავად ესმის, მაგრამ ყველანაირად ცდილობს, თავის მოსკოველ მფარველებს დაუმტკიცოს (ან ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნას), თითქოს საქართველოში ბევრი მომხრე ჰყავს, ან ძლიერი და გავლენიანი ჯგუფები უჭერენ მხარს და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში (რისიც ძალიან ეშინია), შეიძლება «ჩააბარონ» შევარდნაძის ხელისუფლებას, ვინაიდან არაფრისმაქნისი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც, იმავდროულად, ურთიერთობათა გაუარესებას უწყობს ხელს და საქართველოს სასარგებლო არგუმენტებს მატებს საერთაშორისო ასპარეზზე, კრემლს არ სჭირდება.
        მიუხედავად ამისა, პროოფიციოზურ რუსულ პრესაში (მაგალითად, «ნეზავისიმაია გაზეტა»-ში), რომელიც რუსულ სპეცსამსახურთა «საინფორმაციო ინვესტიციებით» იკვებება, უკვე გაჩნდა საკმაოდ გამჭვირვალე მინიშნებები, რომ იგორ გიორგაძეს საქართველოში მხოლოდ მარგინალური პოლიტიკური ძალები უჭერენ მხარს, ხოლო თუ რუსეთს მაინცდამაინც სურს სერიოზული დასაყრდენის პოვნა, პრორუსული ძალების მეტი რა არის თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც?
        თანაც, იგულისხმება არამარგინალური პოლიტიკური (და პოლიტიკურ-ფინანსური) ჯგუფები. ისინი, როგორც აღმოჩნდა, არათუ მრავალრიცხოვანნი არიან, არამედ სულ უფრო მძლავრად და თამამად მოქმედებენ, რაკი შენიშნეს, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერებაში, მორიგი «ციკლური გვერდისცვალება» იწყება - «დასავლეთიდან რუსეთისაკენ.»
        თვით იგორ გიორგაძის ადგილსამყოფელი, როგორც რუსები იტყვიან, «პოლიშინელის საიდუმლოა». ყველამ ყველაფერი შესანიშნავად იცის. 1995 წლის სექტემბერში გიორგაძე ვაზიანის (მაშინ რუსული) სამხედრო აეროდრომიდან გაიქცა საქართველოდან, რაკი მიიღო ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში დააპატიმრებდნენ გია ჭანტურიას, სოლიკო ხაბეიშვილის, გია გულუასა და თვით სახელმწიფო მეთაურის წინააღმდეგ ტერაქტების ორგანიზების ბრალდებით.
        ორი წლით ადრე იგი სწორედ კრემლის რეკომენდაციით დაინიშნა საქართველოს უშიშროების მინისტრად. მისი დანიშნულება საქართველოს ხელისუფლებაში რუსული გავლენის გაძლიერება იყო, რაც ნამდვილად ვერ მოახერხა, რადგან მეტისმეტი მოინდომა და გაპრეზიდენტებაზეც დაიყო ფიქრი. იგორ გიორგაძე მწვავედ დაუპირისპირდა ევრონული მოძრაობის პარტიებს, უპირველეს ყოვლისა, გია ჭანტურიას ედპ-ს.
        1994 წლის 3 დეკემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მკვლელობის შემდეგ, პარტია კიდევ უფრო შეურიგებლად დაუპირისპირდა გიორგაძეს, თუმცა ბოლო დროს (დაახლოებით 1998 წლიდან) ამ პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა ეჭვი გამოთქვა გია ჭანტურიას მკვლელობაში იგორ გიორგაძის მონაწილეობის თაობაზე.
        ბუნებრივია, მოსკოვი გიორგაძეს აშკარად ვერ შეიფარებდა. ამიტომაც იყო, რომ ჯერ მისი გამგზავრების ფაქტი დამალეს, შემდეგ კი, დღემდე უარყოფენ «კომანდორის» ყოფნას რუსეთის ტერიტორიაზე. სინამდვილეში, 1995 წელს იგორ გიორგაძე (რუსული საგარეო დაზვერვის კადრის ოფიცერი) გადაყვანილ იქნა ფედერალური სადაზვერვო სამსახურის რეზერვში, მას უპატრონა «ჩვენი ქვეყნის დიდმა მეგობარმა», თბილისის საპატიო მოქალაქემ ჟენია პრიმაკოვმა. სწორედ მისი ძალისხმევით გააგზავნეს იგორ გიორგაძე ბეირუთში (ლიბანის დედაქალაქში), სადაც დღემდე ცხოვრობს კონსპირაციულ ბინაში. იქ იგი უზრუნველყოფილია კავშირით, სხვადასხვა ინფორმაციით საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, პრესით და ასე შემდეგ.
        იგი მართლაც რეზერვშია რეალურად, ვინაიდან შესაბამისი ქვეგანყოფილება რუსეთის უშიშროების საბჭოში ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას საქართველოში და საჭიროების შემთხვევაში, მას ჩართავენ ამ პროცესებში - რა სტატუსით, თუ ფუნქციით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
        ბეირუთში «მუდმივად ცხოვრება» არ ნიშნავს, რომ გიორგაძე 1995 წლის შემდეგ მოსკოვში არ ყოფილა. რუსეთის დედაქალაქში იგი თვეში ერთხელ მაინც ჩადის. ზოგიერთი ცნობით, ყველაზე ფეშენებლურ რესტორან «პრაღაშიც» ხშირად უნახავთ სხვადასხვა ბანკეტზე ან კოლეგებთან ერთად. მაგრამ, უფრო ხშირად, იგორ გიორგაძე მინსკში ჩადის, ვინაიდან რუსეთისა და ბელორუსის სპეცსამსახურებს კონფედერაციული ურთიერთობები აქვთ დამყარებული და აქტიურად თანაშმრომლობენ ისეთ საკითხებში, სადაც რუსეთი აშკარად ვერ გამოჩნდება ასპარეზზე.
        მოსკოვსა და მინსკში ერთგვარი ფორმულაც შეიმუშავეს. ხშირად საერთაშორისო ორგანიზაციებში არა რუსეთი, არამედ ბელორუსი აგდებს საქართველოს წინადადებას, რუსი კოლეგები კი «სამხრეებს იჩეჩავენ»: აბა, ჩვენ რა შუაში ვართ, ბელორუსი ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა? ვითომცდა, შესაბამისი თხოვნა მოსკოვიდან არ მოდიოდა. ზუსტად ასევე, როცა საქართველოს სპეცსამსახურები იღებენ ინფორმაციას, რომ იგორ გიორგაძე მინსკში ჩადის და ამის შესახებ მოსკოვს ატყობინებენ, რუსები კვლავ და კვლავ მხრებს იჩეჩავენ - ბელორუსი ხომ დამოუკიდებელი ქვეყანაა? გაარკვიეთ ეს საკითხები მასთან. არადა, საქართველოსა და ბელორუსს შორის ხეირიანი დიპლომატიური ურთიერთობებიც არ არსებობს.
        რაც შეეხება იგორ გიორგაძის პოლიტიკურ პერსპექტივებს, საქართველოში კვლავ და კვლავ ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა იგორ გიორგაძეს არ დაუკავშირდება. მარგინალები კი სათვალავში ჩასაგდები არ არიან, მარგინალთა ეპოქა საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიულ წარსულს.
        სამაგიეროდ, იგორ გიორგაძის ტრაგიკომიკური ფიგურა ხელისუფლების მიერ ხშირად და აქტიურად იქნება გამოყენებული სხვადასხვა ცნობიერი სტერეოტიპის გასაწონასწორებლად და გასაბათილებლად.

მერიდიანი, 5 დეკემბერი, 2001 წ.