ელცინმა გარეკა რუსეთის პარლამენტი

რუსეთში მოვლენათა განვითარებამ კულმინაციას მიაღწია. გუშინწინ ბორის ელცინმა გადადგა ძალზე სარისკო და გაბედული ნაბიჯი

ელცინმა გარეკა რუსეთის პარლამენტი

როგორც ჩანს, რუსეთში მოვლენათა განვითარებამ კულმინაციას მიაღწია. გუშინწინ ბორის ელცინმა გადადგა ძალზე სარისკო და გაბედული ნაბიჯი - მან დაითხოვა უმაღლესი საბჭო და დანიშნა ახალი არჩევნები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელსაც «სახელმწიფო სათათბირო» (Государственная Дума) ეწოდება.
    ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ნათელია - რუსეთის ტელევიზიის მიერ ოსტატურად დანერგილი სტერეოტიპის მიხედვით, «დემოკრატმა» ელცინმა, რომელსაც მისი «პროგრესული», «პროდასავლური» კურსის გამო მხარს უჭერს მთელი მსოფლიო და თვით რუსი ხალხის უმრავლესობა, ამით თავიდან მოიშორა «რეაქციული», «კონსერვატიული» უზენაესი საბჭო, რომელიც ხელს უშლიდა საბაზრო რეფორმების გატარებაში.
    მაგრამ თუ უფრო ღრმად ჩავაკვირდებით, თუ შინაგან, სიღრმისეულ პროცესებს გავაანალიზებთ, უეჭველად შევამჩნევთ: საქმე გაცილებით რთულადაა, - რუსეთის ორი ხელისუფლების დაპირისპირება სინამდვილეში სულ სხვა, უფრო გლობალური მიზეზით არის გამოწვეული, ვიდრე ის, თუ როგორ გატარდეს პრივატიზება და ვის ემორჩილებოდეს ცენტრალური ბანკი.
    შესაძლოა მკითხველთა უმრავლესობა არ დამეთანხმოს და კიდეც აღშფოთდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთის ტელევიზიის დამაბრმავებელი პროპაგანდის მიუხედავად, სინამდვილეში თავად რუსეთისათვის ხაზბულატოვი გაცილებით უფრო პროგრესული ტენდენციის მატარებელია, ვიდრე ელცინი. უფრო მეტიც, რეალურად, სწორედ ბორის ელცინია კონსერვატორი, სწორედ იგია განსახიერება  იმპერიული რუსეთისა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში არსებობდა და შესაბამის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სისტემას ქმნიდა.
    დავიწყოთ იმით, რომ ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ვერ ამოიცნო რუსული დემოკრატიის ჭეშმარიტი არსი. ჩვენ რატომღაც გვეგონა: რადგან რუს დემოკრატთა უმრავლესობა კომუნიზმს ებრძოდა, ამიტომ მათ პროდასავლური, პროგრესული რწმენა ჰქონდათ. სინამდვილეში, რუს დემოკრატთა უდიდესი უმრავლესობის ანტიკომუნიზმი სულ სხვა, დაფარულ, სიღრმისეულ მიზეზებს ეყრდნობოდა. მათ ასახსნელად საჭიროა გავიხსენოთ, რა მოხდა რუსეთში 1917 წელს. მაშინ მთავარი მოვლენა ის იყო, რომ დაიშალა რუსეთის იმპერია, რომელიც მილიონობით რუსისა თუ არარუსის ძვლებზე, მრავალი ომის შედეგად აშენდა.
    რასაკვირველია, ბოლშევიკების რიტორიკა «ერთა თვითგამორკვევის» შესახებ მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ხერხი იყო - ვლადიმერ ულიანოვსა და მის გუნდს რუსეთი ხომ მხოლოდ პოლიგონად სჭირდებოდათ, მაგრამ ასეა თუ ისე, ბოლშევიკებმა რუსეთში შემოიტანეს მისთვის აბსოლუტურად უცხო, - იმპერიული ბუნებისათვის კატეგორიულად მიუღებელი ელემენტი. პრიმიტიულმა ანტიკომუნიზმმა არ უნდა დაგვაბრმავოს - განა რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხები: თათრები, ყაბარდოელები, ყალმუხები იოცნებებდნენ ავტონომიის ისეთ ფართო ფორმებზე, რომელიც მათ ლენინმა (თუნდაც ფორმალურად, თუნდაც თავისი შორსმიმავალი მიზნებიდან გამომდინარე) მიანიჭა?
    საბჭოთა კავშირის, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფოს არსებობის პირობებში ყველა «ავტონომიური უფლება» ქაღალდზე რჩებოდა და ეს ხალხები ისეთივე უუფლებო მდგომარეობაში იყვნენ, როგორც მათი წინაპრები - ალექსანდრე I-ის ან ნიკოლოზ-II-ის ეპოქაში.
    მაგრამ როგორც კი იმპერიის მეორედ მოდერნიზაციის გეგმა ამუშავდა, როგორც კი შესუსტდა ტოტალიტარული მარწუხი, - ამ ხალხებმა უმალვე აამოქმედეს ის ატროფირებული და მანამდე თითქოს უსარგებლო ინსტიტუტები, რომლებიც ბოლშევიკურმა კონსტიტუციამ ფორმალურად დაუმკვიდრა - უმაღლესი საბჭო,  საკმარისად მყარი ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება, ეროვნული კადრებით დაკომპლექტებული ძალისმიერი სტრუქტურები (პოლიცია, პროკურატურა, სპეცსამსახური), საკმაოდ განვითარებული საინფორმაციო სფერო და ა.შ.
    სწორედ აქ არის მთავარი, სიღრმისეული მიზეზი იმ დაპირისპირებისა, რომელმაც ესოდენ დრამატული ხასიათი შეიძინა დღეს მოსკოვში.
    დავაკვირდეთ ბორის ელცინის ფიგურას: იგი აშკარად ხელოვნურად არის «გამოძერწილი». არასოდეს არ დამავიწყდება მისი სენსაციური, სამარცხვინო ვოიაჟი ამერიკაში და იქ მომხდარი ამბები. რუსეთის დღევანდელ პრეზიდენტს მაშინ ამერიკელებმა «ტაკიმასხარა» უწოდეს. იგი მართლაც სამარცხვინოდ იქცეოდა - განუწყვეტლივ ლოთობდა, «ლექციებზე» მთვრალი გამოდიოდა, უხამსობდა და ა.შ.
    არ მჯერა, რომ ამ, თავისი ბუნებით საკმაოდ მარტივ, პრიმიტიულ პიროვნებას შეეძლო ჩაეფიქრებინა და ესოდენ ბრწყინვალედ განეხორციელებინა იმპერიის მეორედ მოდერნიზების გეგმა.
    რა თქმა უნდა, იგი მხოლოდ მარიონეტია იმ იდუმალი და ყოვლისშემძლე «ინტელექტუალური ცენტრის» ხელში, რომელიც იმპერიაში მიმდინარე ყველა პროცესის მართვის სადავეებს ფლობს და ამ პროცესების შემდგომი განვითარების პროგნოზირებას ახდენს. ამ ძალას ელცინის პოპულარობა სჭირდებოდა. იგი მართლაც ძალზე პოპულარული იყო რუსეთში, რადგან სავსებით შეესაბამებოდა რუსი ხალხის ეთნოფსიქოლოგიას, მის ბუნებას, დაუოკებელ სწრაფვას მკაცრად ცენტრალიზებული და ირაციონალური (განუჭვრეტელი) ხელისუფლებისაკენ.
    ერთ მაგალითს მოვიყვან: ბორის ელცინს მისი გამოუცდელი ოპონენტები მთავარ ნაკლად იმას უთვლიდნენ, რომ «არყის გადაკვრა» უყვარს. არადა სხვაგვარად არც შეიძლება იყოს - კაცს, რომელიც პრინციპულად არ სვამს, რუსები ეჭვის თვალით შეხედავენ.
    მას შემდეგ, რაც ელცინი პრეზიდენტი გახდა, მისი შესანიშნავი, მაღალნიჭიერი გუნდი (რომელშიც ცენტრალური ფიგურები არიან გაიდარი და ბურბულისი) მთელი ძალით ამოქმედდა: მათ ფორმალურად დაშალეს საბჭოთა კავშირი და მის ნაცვლად, არსებულ გეოპოლიტიკურ სივრცეზე (რომელიც მტკიცედ შეინარჩუნეს), ახალი, ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგნენ.
    მთელი ამ ხნის განმავლობაში, ელცინის თითოეული სიტყვა, თითოეული ნაბიჯი ამ გუნდის და მის უკან მდგომი «ინტელექტუალური ცენტრის» ანალიტიკურ ლაბორატორიებში იყო დამუშავებული და წინასწარ მომზადებული.
    ელცინის მთავარი «ღირსება» კი ის გახლავთ რომ იგი უჯერებს თავის «მრჩევლებს» და მორჩილად ასრულებს მათ მიერ შემუშავებულ დირექტივებს.
    დღეს ელცინი Description: D:\EXPERTI.GE\elcin saxasiato.jpg«მრისხანე იმპერატორად» გამოიყურება. სინამდვილეში კი იგი ერთობ უბრალო, გულუბრყვილო რუსი ადამიანია. იმპერიის ბუნება, მისი შინაგანი არსიც სწორედ ეს გახლავთ - გავრცელებული სტერეოტიპის მიუხედავად, იმპერიაში ხომ მთავარი სისტემაა და არა ადამიანი, - თუნდაც ამ სისტემის მწვერვალზე მყოფი.
    როდესაც გუნდმა, რომელიც ფაქტობრივად მართავს სახელმწიფოს, მრავალი მიმართულებით წარმატებას მიაღწია, მათ დაიწყეს იმ ინსტიტუტების მსხვრევა, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარიზმის ეპოქაში ატროფირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ დემოკრატიზაციის პროცესის შედეგად გამოცოცლდნენ და ფუნქციონირება იწყეს.
    ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტია საბჭოების სისტემა. აქ მთავარი ის გახლავთ, რომ სწორედ ამ სისტემას ემყარება ის, დღეს უკვე საკმაოდ რეალური ფართო ავტონომია, რომელსაც ყოფილმა ავტონომიურმა რესპუბლიკებმა მიაღწიეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათ შეძლეს აემოქმედებინათ და ფუნქციონალურად დაეტვირთათ მანამდე მხოლოდ ფორმალურად არსებული სახელმწიფოებრივი სტრუქტურები. ეს კი არაფრის დიდებით არ აძლევდა ხელს ელცინის გუნდს, რადგან მისი მიზანია რუსეთში მძლავრი, ცენტრალიზებული მმართველობის დამყარება - ყოველგვარი ფართო ავტონომიის გარეშე (ამის პირველი ნიშანია პრეზიდენტის ე.წ. «წარმომადგენლების» დანიშვნა ადგილებზე).
    სწორედ ეს ტენდენცია შენიშნა ხაზბულატოვმა და, როგორც პატარა ერის შვილმა რომელსაც ნამდვილად გული შესტკივა რუსეთში მცხოვრებ მცირერიცხოვან ხალხებზე, მტკიცედ და საკმაოდ ძლიერად გაილაშქრა მის წინააღმდეგ.
    თუ ველიკორუსული «დერჟავის» აღორძინების მსურველთა პოზიციებზე დავდგებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ელცინი სავსებით მართალია. იმპერიული სახელმწიფოს ნორმალური ცხოველმყოფელობის ინტერესები მკაცრად ცენტრალიზებულ ხელისუფლებას მოითხოვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმპერიული პოლიტიკის გატარება შეუძლებელი ხდება.
    ერთ ასეთ მაგალითსაც მოვიყვან: 16 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სოხუმი ალყაში მოაქციეს. დავუშვათ (თუმცა ეს სადავო საკითხია), იმპერიას არ აძლევს ხელს ამჟამად, დღევანდელ პირობებში, სოხუმის დაცემა. ამრიგად, აუცილებელი ხდება ძალის გამოყენება, მაგრამ რუსეთის უზენაესი საბჭო ახდენს ამ წინადადების ბლოკირებას და უკრძალავს პრეზიდენტს არმიის გამოყენებას. ანუ რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ობიექტურად (მოტივაციის მიუხედავად) უპირისპირდება იმპერიის ინტერესს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში სოხუმის დაცვას მოითხოვს.
    ამგვარი მაგალითი სხვაც მრავლად შეიძლება მოვიყვანოთ და უნდა დავასკვნათ: იმპერიული სახელმწიფოს შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, იგი მოითხოვს თითქმის უკონტროლო აღმასრულებელი და ძალზე სუსტი, ფორმალური საკანონმდებლო ხელისუფლების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება ჭეშმარიტად იმპერიული პოლიტიკის გატარება, რომელიც ფართო მანევრის შესაძლებლობას გულისხმობს და სრულიად გამორიცხავს «საზოგადოებრივი აზრის» ფაქტორს. ხსენებული ფაქტორი კი მეტისმეტ მნიშვნელობას იძენს საპარლამენტო მმართველობისას.
    სწორედ ეს უმთავრესი ელემენტია ჩადებული ელცინის «ახალ კონსტიტუციაში». ამ დოკუმენტით რუსეთი ფაქტობრივად უბრუნდება ნიკოლოზ II-ის ეპოქას: პრეზიდენტი (იგივე იმპერატორი) ხდება ქვეყნის აბსოლუტური უკონტროლო მმართველი, რომელსაც ეძლევა უფლება, დაუყოვნებლივ დაშალოს საკანონმდებლო ორგანო, როგორც კი ამას საჭიროდ ჩათვლის. «სახელმწიფო სათათბიროს» უფლებამოსილება კი ისეთივე მიზერულია, როგორც 86 წლის წინ დაარსებული მისი წინამორბედისა.
    ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ სინამდვილეში რუსეთისათვის პროგრესული («არაიმპერიული») ტენდენციის მატარებელი სწორედ ხაზბულატოვია, რადგან იგი გულისხმობს ძლიერი საკანონმდებლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას ქვეყანაში, სადაც ამგვარი ხელისუფლება არასდროს არსებულა. ელცინი კი მძლავრი და თითქმის უკონტროლო აღმასრულებელი ხელისუფლების განსახიერებაა, ანუ იმ ტენდენციისა, რომელიც სისხლხორცეულად დამახასიათებელი იყო და არის ველიკორუსული სახელმწიფოსათვის.
    ამ თვალსაზრისით, ხაზბულატოვის დამარცხება რუსეთში ანტიიმპერიული ტენდენციის დამარცხებას ნიშნავს.
    თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთვის, ქართველებისათვის, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, არსებული კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ამჟამად რუსეთში იმპერიული ტენდენციის, ანუ ელცინის ნეოიმპერიალიზმის გამარჯვება უფრო ხელსაყრელია, რადგან მხოლოდ მას შეუძლია (თუ მიზანშეწონილად ჩათვლის იმპერიის ინტერესებიდან გამომდინარე) სოხუმის დაცემის შეჩერება.

«ივერია-ექსპრესი», 24 სექტემბერი, 1993.