საბიუჯეტო ციებ-ცხელება გრძელდება

საბიუჯეტო ციებ-ცხელება გრძელდება

    გუშინ, საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს თებერვლის ბიუჯეტის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით.
        თავისთავად ასეთი ერთობლივი პრესკონფერენცია იმას ნიშნავს, რომ საქმე, ჯერ ერთი, ძალიან სერიოზულადაა და მეორე - ორ მინისტრს (ერთი და იმავე გუნდის წევრებს) საბიუჯეტო პრობლემათა თაობაზე არ სურდა ცალ-ცალკე გაეკეთებინათ განცხადებები, რათა არ დაფიქსირებულიყო განხეთქილება მათ შორის.
        ამ რეალობის დადასტურება მათ ნამდვილად შეძლეს - ურთიერთობებში ზოგიერთი პრობლემის მიუხედავად, ზურაბ ნოღაიდელი და მიხეილ მაჭავარიანი, სტრატეგიული თვალსაზრისით, თანამშრომლობას აგძრელებენ.
        ყოველ შემთხვევაში, ეს საკითხი განხეთქილებას მათ შორის არ იწვევს, ვინაიდან თანხმდებიან მიზეზებზე.
        აქ არის კიდევ ზოგიერთი მოერეხარისხოვანი ნიუანსი, რომელიც ამ კონტექსტში შეიძლება იქნეს განხილული. თუმცა, რაც მთავარია, პრობლემა ხარისხობრივად იმდენად ფეთქებადსაშიშია, «ტაქტიკურ უთანხმოებათა» დრო არ აღმოჩნდა.
        რაც შეეხება საბიუჯეტო გარღვევას, თებერვლის ბიუჯეტის შეუსრულებლობას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი (რასაც ზოგიერთი წინასწარმეტყველებდა), არის შეღავათიანი პირობები სამამულო თამბაქოს წარმოებისთვის. თავისთავად, ეს კეთილშობილური გადაწყვეტილებაა, მან ხელი შეუწყო თამბაქოს ქარხნების ამუშავებას, ათასობით ადამიანი დასაქმდა, ქართული სიგარეტიც გამოჩნდა ბაზარზე, მაგრამ ეკონომიკაში ერთმნიშვნელოვანი პროცესი არ არსებობს: შეღავათები დაწესდა მას შემდეგ, რაც, ძირითადად შეთანხმებული იყო საბაჟო შემოსავლები.
        ქართულმა სიგარეტმა გამოიწვია იმპორტის შემცირება და, შესაბამისად, შემცირდა საბაჟო შემოსავლებიც. აუცილებელი გახდა, რომ საბაჟოს აემოქმედებინა ადმინისტრირების გამკაცრების ინსტრუმენტები, მაგრამ ასეთი მექანიზმები მას არ აღმოაჩნდა: კვლავ დადასტურდა, რამდენად დამანგრეველია ქვეყნის ეკონომიკისთვის «ცხინვალის ნაპრალი» (კონტრაბანდული სიგარეტი კვლავინდებურად შემოდის), ხოლო სახელმწიფო ვერ ახერხებს ცხინვალის გამოსასვლელის გაკონტროლებას, ვინაიდან ხელისფლება ერიდება იქ საბაჟო საქმიანობის დაფიქსირებას - იმის შიშით, ვაითუ ამით იურიდიულად დაფიქსირდეს საზღვრის არსებობა.
        საბაჟოს ხელმძღვანელი გია გაჩეჩილაძე ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში ამბოდა, რომ აუცილებელია საბაჟოს შეუმცირდეს შემოსავლის პარამეტრები, ვინაიდან სიგარეტი «პირველი» დაანგრევდა იმპორტული სიგარეტის ბაზაარს.
        თუმცა, ეს გამოსავალი არ არის - გამოსავალია მხოლოდ კონტრაბანდის წინააღმდეგ დრაკონული ზომების მიღება. მათ შორის წვრილი (ჩანთებით) კონტრაბანდისა, რომელზეც საერთო ოდენობის უდიდესი წილი მოდის.
        მეორე მიზეზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან ცენტრალური ხელისუფლების კუთვნილი სახსრების გადმოურიცხველობა თბილისის სახაზინო ანგარიშზე. ამ მომენტს განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე კი რიცხავს (ფორმალურად) სახსრებს, მაგრამ არა თბილისში, არამედ ბათუმში მათ მიერვე გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ანუ სახსრები შეიძლება მოხმარდეს ცენტრალური ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფინანსებას მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაშინ, როდესაც, თუ თბილისის ანგარიშზე მოხვდებოდა, ეს სახსრები სხვა რეგიონებზეც გადანაწილდებოდა, ან პრიორიტეტების მიხედვით დაიხარჯებოდა, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეიძლებოდა ისევე დაგვიანებოდა დაფინანსება, როგორც ყველა სხვა მხარე ითმენს გაჭირვებას ქვეყნის პრიორიტეტული საბიუჯეტო ინტერესებიდან გამომდინარე.
        თუმცა საეჭვოა, «გადმოურიცხველობის» მიზეზი მხოლოდ თბილისიდან ტრანსფერების დაგვიანება ყოფილიყო (აღარც იგვიანებდა მაინცდამაინც). აქ თავისი როლი ითამაშა «ასანიძის საქმემ» და არჩევნების მოახლოებამ ავტონომიურ რესპუბლიკაში.
        მიზეზთა წვდომას ამ შემთხვევაში მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან პარიზის კლუბთან მოლაპარაკებების დაწყებამდე საეჭვოა, საქმეს რაიმე ეშველოს.
        მაშასადამე, ამდენი ტანჯვა-წამებისა და «ქამრების შემოჭერის» მიუხედავად, 2001 წლის ბიუჯეტი საფრთხეშია. უფრო მეტიც, საფრთხეშია სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამა. მართალია ფონდის დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ტრანშის გამოყოფის შესახებ, მაგრამ, არსებული ტექნოლოგიის შესაბამისად, სავალუტო ფონდის (მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის) კრედიტები და გრანტები მოდის «ტრანშებად» - ნაწილ-ნაწილ და მათი შეჩერება მისიის ხელმძღვანელსაც შეუძლია ისე, რომ არ დაელოდოს დირექტორთა საბჭოს სხდომას.
        თანაც, სავალუტო ფონდის განრისხებას იმდენად აჭარიდან თბილისში თანხის გადმოურიცხველობა გამოიწვევს (ვინაიდან თანხა ასე თუ ისე აიკრიფა), რამდენადაც გარღვევა საბაჟოს შემოსავლებში.
        ხსენებული ნიუანსებიდან კი ერთ-ერთია გაჩეჩილაძე-მაჭავარიანის ურთიეროთბათა ბედი, რისი შემდგომი გამწვავება, უბრალოდ, გარდაუვალია მას შემდგე, რაც მოხდა.
        გადამწყვეტი სიტყვა აქ პრეზიდენტს დარჩება და ეს სიტყვა ნიშანდობლივი იქნება.

დილის გაზეთი, 3 მარტი, 2001 წელი