რუსეთი მსო-ში შეპარვას აპირებს

რუსეთი მსო-ში შეპარვას აპირებს

      
        ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, მისი წევრობის თაობაზე ცოტა არ იყოს უცნაურად და საეჭვოდ ვითარდება. ამ ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იგორ შუვალოვმა განაცხადა, რომ მას თურმე «არაფერი სმენია ქართული მხარის პრეტენზიებზე რუსეთის «მსო» - ში გაწევრებასთან დაკავშირებით».
   კი მაგრამ, როგორ თუ «არაფერი სმენია?» უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მანამ არ დაუჭერენ მხარს რუსეთის წევრობას, სანამ მოსკოვი არ შეასრულებს თავის ვალდებულებებს და მისი ქმედებები «მსო»-ს წესდების შესაბამისი არ იქნება. შუვალოვმა ეს, რასაკვირველია, ძალიანაც კარგად იცის და მაინც ამბობს «საქართველოს პრეტენზიებზე არაფერი მსმენიაო». ამ რუს ჩინოსანს ბევრი რამ შეიძლება ბრალდებოდეს, მაგრამ იდიოტი ნამდვილად არ არის. პირიქით, პუტინის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილი წევრია.
        ანუ, სინამდვილეში აქ სხვა რამეშია საქმე: მიმდინარეობს ძალიან რთული, ეშმაკური თამაში დასაველთთან, რათა მოსკოვი «მსო» - ში შევიდეს ისე, რომ არც საქართველოს დაუთმოს რამე, არც თავისი პოზიცია შეცვალოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და, იმავე დროს, ქართული მხარის «ვეტო»-ც არ დაუშვას.
        არადა, ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე, ახალი წევრის მიღება კონსენსუსით ხდება. თუ საქართველოს დელეგაცია მრავალმხრივი მოლაპარაკებებისას ამ უფლებას გამოიყენებს, რუსეთი «მსო»-ს სრულუფლებიანი (!) წევრი უბრალოდ ევრ გახდება. Pპრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა, ნიკო მჭედლიშვილმა PT-ს განუცხადა, რომ «რუსეთი ვეტოს დაძლევას ვერაფრით შეძლებს, ჩვენ კი თანხმობას მანამ არ მივცემთ, სანამ არ გადაწყდება ფსოუსა და როკის საკონტროლო-გამშვები პუნქტების ლეგალიზების საკითხი».
        ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკან წაიღებს ე.წ. «რესპუბლიკების» აღიარებას. ბუნებრივია, მოსკოვი ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებს, მაგრამ ეს ჩიხი ხომ საქართველოს არ შეუქმნია? თვითონ მოსკოვმა შექმნა აგვისტოს აგრესიით. ახლა კი უნდა, ამ აგრესიის შედეგად წარმოშობილი პრობლემები (მათ შორის მსო-ში წევრობა) ისევ საქართველოს ხარჯზე გადაწყვიტოს. თანაც, დავაკვირდეთ რუსული თავხედობის დონეს: იმასაც კი არ ამბობენ, რომ სანაცვლოდ ქართულ პროდუქციას დააბრუნებენ რუსულ ბაზარზე.
        ერთი სიტყვით, «ულაპარაკოდ მოხსენით თქვენი ვეტო!». მორჩა და გათავდა.
        შანტაჟის მეთოდი კი თბილისში ღამეული აფეთქებები და სამხრეთ ოსეთში «სმერჩის» ზალპური ცეცხლის დანადგართა განლაგებაა. ამავე დროს, რუსები ყველანაირად ცდილობენ, დასავლეთი აიძულონ, არა უბრალოდ სიტყვიერად დაუჭიროს მხარი მის წევრობას, არამედ ზეწოლაც განახორციელოს საქართველოზე. მაგრამ ამერიკა და ევროპა ჯერ-ჯერობით ამას არ აკეთებენ და აი, რატომ:
        ჯერ ერთი, მეტისმეტად ნაძირლური მოქმედება იქნება, რაც მათ ავტორიტეტს მთელი მსოფლიოს თვალწინ დასცემს ძირს; გარდა ამისა, საქართველოზე ეკონომიკური ზეწოლის არც ისე ბევრი საშუალება დარჩათ. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გამოყოფილი ფინანსური დახმარება უკვე დახარჯულია.
    სხვა რა უნდა გააკეთონ? ერთადერთი, შეიძლება მოგვიწოდონ, გავმართოთ მოლაპარაკება რუსებთან ამ საკითხზე. სწორედ ეს უთხრა ობამამ – სააკაშვილს ლისაბონის შეხვედრაზე: დაელაპარაკეთ რუსებს «მსო» - ს თემაზე და ეგება რაიმე კომპრომისს მიაღწიოთო.
    როდესაც მედვედევი ვაშინგტონში იმყოფებოდა, ობამასთან დაიჩივლა ჩვეული დემაგოგიით: «სააკაშვილი ჩვენთან დიალოგს არ თანხმდება სანამ ჯარებს არ გავიყვანთ, ამიტომ მასთან მოლაპარაკება შეუძლებელიაო». თუმცა მიშამ რუსებს ეს დემაგოგიური საბაბი წაართვა იმით, რომ ლისაბონშივე განაცხადა: «მზად ვარ უპირობო დიალოგისთვის რუსეთის ხელისუფლებასთან». საქმეც ისაა, რომ დიალოგი სწორედ მოსკოვს არ უნდა და სწორედ მოსკოვისთვის იქნება ეს უკანდახევა – მათი განცხადებით ხომ «სააკაშვილი პოლიტიკური გვამია?»
        და თუ ასეა, რას გულისხმობდა გაიძვერა შუვალოვი, როცა ამბობდა «საქართველოს წინააღმდეგობაზე არაფერი მსმენიაო» როგორც ჩანს, იმის იმედიღა აქვს, რომ ქართულ დელეგაციას «რატომღაც» დააგვიანდება ან ვერ მივა ჟენევაში გამართულ იმ გადამწყვეტ სხდომაზე, სადაც საკითხი კენჭისყრაზე დადგება.
        მართლაც, თუ ქართველებმა ტატამზე სპორტსმენის დროული გაყვანა ვერ მოახერხეს მსოფლიო ჩემპიონატის დროს და აწონვაზეც დააგვიანეს ოლიმპიური თამაშებისას, რატომ არ შეიძლება «მსო» - ს სხდომაზეც დააგვიანდეთ? მაგალითად მანქანა გაუფუჭდეთ მოულოდნელად ან სხვა რამ ინციდენტი მოხდეს. დასავლეთი კი მხრებს აიჩეჩავს: «რა გიყოთ, თქვენ არ მოხვედით და თქვენი დუმილი თანხმობის ნიშნად მივიჩნიეთო».
        ამიტომ, უმჯობესი იქნება, მრავალმნიშვნელოვანი დუმილის ნაცვლად, ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე დღესვე ერთმნიშვნელოვანი და მკაფიო განცხადება გააკეთონ. 

2010