ავთანდილ იოსელიანი - გაგრაში

ავთანდილ იოსელიანი - გაგრაში

 

    გაგრასა და სოხუმში საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილის, ავთანდილ იოსელიანის მიერ გამართულ მოლაპარაკებათა შედეგად შესაძლებელი გახდა ბაბუშერას აეროპორტში დაკრძალული ქართველი მეომრების ცხედართა თბილისში გადმოსვენება. «კეთილშობილი» აფსუები ჯერჯერობით მხოლოდ ათი ცხედრის გადმოსვენებაზე დათანხმდნენ. ბაბუშერას აეროპორტში კი ასამდე ქართველია დასაფლავებული.
    1993 წლის 16 სექტემბერს, რუსეთის არანაკლებ «კეთილშობილი შვილის», ბორის პასტუხოვის შუამავლობით მიღწეული მორიგი შეთანხმება, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზურმა მხარემ დაარღვია. მან შევარდნაძის 14 სექტემბრის განცხადებით (მისი «გადადგომის» შესახებ) და საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებით შესანიშნავად ისარგებლა.
    რუსულ-აფხაზურმა სამხედრო ფორმირებებმა შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით განახორციელეს: გუდაუთის მხრიდან - სოხუმზე და ტყვარჩელიდან - კოდორის მიმართულებით. დაახლოებით ათასმა, კბილებამდე შეიარაღებულმა «ბოევიკმა», რომელსაც ორი ათასამდე «მზიდავი» მიჰყვებოდა ტყვია-წამლის გადასატანად, დაიპყრო კოდორის შესართავთან მდებარე სოფლები - ახალდაბა და აძიუბჟა. ამოწყვიტა ქართული მოსახლეობა და რუსი ინსტრუქტორების მეშვეობით მყარად გამაგრდა.
    საქართველოს შეიარაღებული ძალების ოჩამჩირის დაჯგუფებამ და ლოთი ქობალიას შენაერთებმა ვერ შეძლეს ამ ხაზის გარღვევა (უზნეო ტყუილია, თითქოს ოჩამჩირედან არ ცდილობდნენ სოხუმისათვის დახმარების გაწევას). სოხუმი ალყაში მოექცა. ზღვასაც რუსულ-აფხაზური მხარე აკონტროლებდა. ერთადერთი გზა სოხუმში დამხმარე ძალის ჩასაყვანად საჰაერო მარშრუტი იყო. მაგრამ არძინბამ ესეც გაითვალისწინა - სოხუმიდან 10-15 კილომეტრის მოშორებით ზღვაში გაიყვანეს «გრიფის» ტიპის სამხედრო კატარღა, საიდანაც სითბურ რაკეტებს ესროდნენ ბაბუშერას მიახლოებულ თვითმფრინავებს (რაკეტები, რა თქმა უნდა, «სეპარატისტებისთვის რუსებს არ მიუციათ, ახალი ათონის გამოქვაბულში «იპოვეს»).
    17-24 სექტემბერს ამ რაკეტებით 3 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მათგან ორს ლტოლვილები გადაჰყავდა, ერთში კი თბილისიდან სოხუმის გადასარჩენად გადაფრენილი ქართველი მეომრები იყვნენ. მათ უმრავლესობას «მხედრიონელები» და მოხალისეები შეადგენდნენ.
    ცხადია, მარტო ისინი ვერ შეძლებდნენ სოხუმის გადარჩენას, მაგრამ სავსებით გულწრფელად მიისწრაფოდნენ დასახმარებლად. რუსეთის ტელევიზიამ იმ დღესვე სიხარულით ამცნო ტელემაყურებელს: «აბხაზსკაია რაკეტა ნად აბხაზსკოი სტოლიცეი სბილა ეშჩო ოდინ ვრაჟესკი სამოლიოტ.»

მერიდიანი, 22 აპრილი, 1997 წ.