«სტატუს კვო» - წამიერი სიკვდილის მოლოდინში

«სტატუს კვო» - წამიერი სიკვდილის მოლოდინში

        საქართველო მართლაც ყოველმხრივ უცნაური ქვეყანაა და ყველა სფეროში უნიკალურ მაგალითებს ქმნის. მათ შორის, ალბათ, ჟურნალისტიკის სფეროშიც: ნებისმიერ ნორმალურ, «ტრადიციულ» საზოგადოებაში ჟურნალისტიკა დამოუკიდებელია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ ფუნდამენტურ განსხვავებას: ამ ქვეყნებში ჟურნალისტიკა დამოუკიდებელია არა მხოლოდ ხელისუფლებისაგან, არამედ ოპოზიციური აზრისგანაც (ვგულისხმობ პოლიტიკურ, სახელისუფლებო ოპოზიციას, ანუ უმცირესობას ხელისუფლებაში).
        ამას, ჯერჯერობით, ვერ მივაღწიეთ, რაც ერთგვარი სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული უკულტურობა – სიმყიფის გამოვლინებაა. სწორედ ამიტომ აღიქმება «ოპოზიციის» კრიტიკა - «ხელისუფლების შეკვეთად». არადა, ქართული მედია მანამ ვერ ჩამოყალიბდება ჭეშმარიტ «მეოთხე ხელისუფლებად», სანამ არ გაემიჯნება დანარჩენ 3 ხელისუფლებას მთლიანად და არა ნაწილობრივ; სანამ არ გაწყვეტს «სუბორდინაციულ კავშირს» ყველა მათ სეგმენტთან, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე – მათ შორის ოპოზიციურ სეგმენტთანაც.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: საქართველოში 1991-93 წლების ტრაგედია არ მოხდებოდა, მაშინ მედია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო და შეენარჩუნებინა არა მხოლოდ იმდროინდელი მარაზმატული ხელისუფლების, არამედ არანაკლებ მარაზმატული «ოპოზიციის» ქმედებათა კრიტიკული შეფასების უნარი.
        ზემოთქმულის მიუხედავად, პრესის მხრიდან ხელისუფლების ლანძღვა, რა თქმა უნდა, გაცილებით ნორმალური მოვლენაა, ვიდრე ოპოზიციის განქიქება, მაგრამ ეს «ოპოზიციაც» ზოგჯერ ისე იქცევა, ძალაუნებურად ხდები იძულებული, ხელისუფლების (ამ შემთხვევაში «მოქალაქეთა კავშირის») პოზიციას დაეთანხმონ ან, ყოველ შემთხვევაში, სწორედ მისი პოზიცია დაიცვა.
        1988 წლიდან დღემდე, ქართულ პოლიტოკრატიას მიაჩნია, რომ პარტია და პოლიტიკოსი ქმნის პოზიციას და არა პირიქით. ამის მაგალითია ის, რაც გასულ კვირას პარლამენტში მოხდა. როგორც ცნობილია, «აღორძინების ბლოკი» საერთოდ არ აპირებდა კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას იმ მოტივით, რომ არ სურდა, პასუხისმგებლობის თავზე აღება.
        მინისტრებს «წინააღმდეგ» ხმას არ აძლევდნენ, ვინაიდან ამას «აზრი არ ჰქონდა», მაგრამ როგორც კი შენიშნეს განხეთქილება მმართველ პარტიაში – სამივე «სათუო» მინისტრის დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა და სამივეს (გულუა, ჩხობაძე, ადეიშვილი) ხმა მისცეს!
        რატომ? – იქნებ იმის გამო, რომ თუნდაც ერთი მათგანი მისაღებად მიაჩნდათ? – არამც და არამც! «მოქალაქეთა კავშირს» რომ ამ საკითხში ერთსულოვნება გამოემჟღავნებინა, «აღორძინების ბლოკი», დარწმუნებული ვარ, სამივეს წინააღმდეგ მისცემდა ხმას ან საერთოდ არ მიიღებდა მონაწილეობას კენჭისყრაში.
        მაგრამ ამ გზით (მინისტრების «გაყვანით») «აღორძინებას» შეეძლო გაეძლიერებინა დაპირისპირება მმართველ პარტიაში, ანუ მინისტრის (ასე ვთქვათ) «ფაქტურას» აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა _ ბაკურ გულუას შემთხვევაში ხერხი «არ გაუვიდათ», ვინაიდან გულუას მმართველ პარტიაშიც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა (მეტისმეტად ბევრი), ხოლო ჩხობაძესთან და ადეიშვილთან დაკავშირებით, ამ მეთოდმა ბრწყინვალედ «იმუშავა». გათვლა, რასაკვირველია, ზუსტი იყო – შედეგად დაფიქსირდა პირველი (1995 წლიდან) ფაქტი, როდესაც «სმკ»-ს ერთ-ერთი ლიდერი (კომიტეტის თავმჯდომარე კახა ჩიტაია) ტოვებს ფრაქციის რიგებს და მართალია, არც ერთ ოპოზიციურ ფრაქციას არ უერთდება (ჯერჯერობით), მაგრამ ზოგადად გადადის «ოპოზიციაში».
        აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს: თუ არ იზიარებ «პოზიციას» მაშასადამე, უკვე ამით ხდები «ოპოზიცია». სხვაგვარად თუ ვიტყვით, «აღორძინების ბლოკი» შექებასაც იმსახურებს ამგვარი მახვილგონიერებისათვის – მათ ბრწყინვალედ ისარგებლეს «მოქალაქეთა» შეუთანხმებლობით, ოღონდ ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ ოპონენტობასთან (ოპოზიციონერობასთან) ამგვარ ხრიკებს საერთო არაფერი აქვს. არანაირი «ოპოზიცია» ეს არ არის, ვინაიდან «ოპოზიციას» პოლიტიკური პოზიცია უდა ჰქონდეს. მაგალითად, ოპოზიციურია «მრეწველთა ფრაქცია», რომელმაც ხმა მისცა ბაკურ გულუას არა «მოქალაქეთა კავშირის» ჯიბრზე, არამედ შეგნებით – გამომდინარე გულუას პოზიციიდან მრავალი ეკონომიკური პრობლემის მიმართ. ეს არის ნამდვილი ოპოზიცია და ნამდვილი «ოპოზიციონერობა», განსხვავებით პოლიტიკანური ინტრიგანობისაგან, რომელმაც შეიძლება მიაღწიოს წარმატებას და მართლაც დაასუსტოს «მმართველი პარტიის» გავლენა, მაგრამ ჭეშმარიტი «ოპოზიციის» ფენომენს ამ გზით ვერ შეუქმნის და ოპოზიციურ (აგრეთვე ნაწილობრივ «პროტესტულ») ელექტორატს მიმართავს იმ ოპოზიციური დაჯგუფების სასარგებლოდ, რომლის მოქმედება უფრო პროგნოზირებადია.
        აქ, დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მთავრობის დამტკიცების პროცესში «მრეწველებს» გაუჩნდათ შანსი, ჩამოყალიბდნენ ჭეშმარიტ ოპოზიციურ ძალად, ოღონდ, რამდენად «მემარჯვენე» იქნება ეს ძალა – კიდევ საკითხავია.
        «მოქალაქეთა კავშირის» რეფორმატორთა გუნდის რადიკალიზმი, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ მომავალ არჩევნებამდე კონსტიტუციურად კიდევ სამნახევარი წელია. მაგრამ ეს «კონსტიტუციურად».
        ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, თუ სწორედ ამ «სახელისუფლებო რყევის» პირობებში გაჩნდა ერთი შეხედვით ოდიოზური იდეა «ახალი საპარლამენტო არჩევნების» შესახებ, ხოლო თენგიზ კიტოვანი უკვე აშკარად გამოჩნდა ასპარეზზე, თანაც, გენერლის ფორმით!
        განცხადებები «რუსეთის მიერ საქართველოს დაბომბვის» თაობაზე, შესანიშნავი საბაბია ყოფილი თუ პოტენციური თანამებრძოლებისთვის თავის შესახსენებლად. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა უცნაური რამ მოსდით ჩვენს «ძალისმიერ სტრუქტურათა» წარმომადგენლებს და არცაა გასაკვირი. მაგალითად, ეს ჩვენი «ცხვარივით წყნარი» გენერალური პროკურორი ისე გაცხარდა (თანაც, არა «დაყურსული» ოპოზიციის მიმართ), რომ ტელეეკრანზე ძლივს ვიცანი. ეჭვიც კი შემეპარა – ნეტავ, მართლა ბატონი ჯამლეტ ბაბილაშვილია, თუ ვინმე სხვა-მეთქი.
        ერთი სიტყვით, ვითარება იძაბება და ამ «დაძაბვას», დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უდიდესი ყურადღებით ადევნებენ თვალს ჩვენს «მეზობელ» და «მეგობარ» ქვეყანაში.
        სხვათა შორის, საქართველოში შეიძლება ამერიკის სპეცსამსახურებიც მოქმედებდნენ, საფრანგეთისაც, თურქეთისაც, ირანისაც, მაგრამ არც ერთ მათგანს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს ისეთი «მდიდარი» შესაძლებლობები, როგორიც რუსეთის სპეცსამსახურებს, ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ დისლოცირებული რუსეთის არმადა – ყველა თანამდევი, აუცილებელი ატრიბუტით.
        თუმცა, ასეთ საკითხებზე საუბარს უკვე აზრი ეკარგება, ვინაიდან საქართველო ნელ-ნელა, ტაატით, მაგრამ განუხრელად შედის (ბრუნდება) იმ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში, როდესაც «გარეშე გამაღიზაინებლები» თითქმის აღარ მოქმედებს, ვერ ახდენს ზეგავლენას შექმნილ ვითარებაზე, ან მხოლოდ ნეგატიური ვითარების პროვოცირებას ახდენს.
        «თავს მოვიჭრი», თუ «პოლიტიკურ თბილისში» არსებული მდგომარეობის დაწვრილებით ანალიზი ყოველდღიურად არ იდებოდეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ივანოვის მაგიდაზე. ეს ინფორმაცია მას სჭირდება საიმისოდ, რომ შეიმუშაოს უცდომელი რეკომენდაციები (პრეზიდენტ პუტინისთვის) – ღირს თუ არა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა («ჩეჩნეთის საბაბით»), და რა შედეგს გამოიწვევს ასეთი აქცია, შიდაპოლიტიკური ვითარების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, საქართველოში.
        თუ ეს გამოიწვევს პოლიტიკური ელიტის კონსოლიდირებას (რუსეთის წინააღმდეგ) და დაპირისპირების შერბილებას, მაშინ რეკომენდებული იქნება რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა «თავი შეიკავონ» დაბომბვისაგან, მაგრამ თუ გაკეთდება საწინააღმდეგო პროგნოზი (რაც უფრო სავარაუდოა), რომ ასეთი აქცია უეჭველად გამოიწვევს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას, ურთიერთბრალდებებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, მაშინ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რუსეთი უკან არ დაიხევს, რადგან კრემლს საქართველოს სტრატეგიულ პუნქტებში განლაგებული სამხედრო ბაზების შესაძლო გაყვანა გაცილებით მეტად აღელვებს, ვიდრე ჩეჩნეთის პრობლემა.
        ჩეჩნეთი ვერსად წავა, თუ რუსეთს მყარი პოზიციები ექნება სამხრეთ კავკასიაში. ნიშანდობლივია, რომ ბრიტანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ კვლავ ისაუბრა მოსალოდნელ ტერორისტულ აქტზე.
        მისი თქმით, «ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ საუბრობენ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადებისა და განხორციელების შესახებ». ამასთან დაკავშირებით, კვლავ შეგახსენებთ, «ნეზავისიმაია გაზეტაში» სომეხი პოლიტოლოგის სტატიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თეზისს: «არის შევარდნაძე – არის სახელისუფლებო სისტემა საქართველოში, - არ არის შევარდნაძე – არ არის ასეთი სისტემაც».
        ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაში «ლოგიკური» წვლილი შეიტანა ფრაქცია «აფხაზეთის» გასვლამ საპარლამენტო უმრავლესობიდან. ამ გადაწყვეტილების რეალურობა რომ დაედასტურებინა, ფრაქციამ გასულ კვირას ერთობ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო: კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა «არაბთა განვითარების ქუვეითის ფონდის» 18-მილიონიანი დახმარების მიღებას, რაც მთლიანად საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარებოდა.
        ამ თანხის დიდი ნაწილი იყო გრანტი (ანუ საჩუქარი), ხოლო დანარჩენი – ძალზე შეღავათიანი კრედიტი. გასაგებია, რომ ამით ფრაქცია უბრალოდ გაემიჯნა მმართველ პარტიას და დაადასტურა, რომ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ «საგზაო ფონდმა» რა დააშავა?
        გარდა ამისა, თუ ფრაქცია «აფხაზეთს» ჰგონია, თითქოს ხელისუფლება ამზადებს «ღალატს» აფხაზეთთან დაკავშირებით და ამ «ღალატში» გულისხმობენ ერთადერთ შესაძლო სტრატეგიულ კომპრომისს, რისი განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია (ფსოუდან - ღალიძგამდე იურისდიქციის აღიარება ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ) – შეუძლიოათ მშვიდად იყვნენ: ასეთ კომპრომისს ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინაიდან შესანიშნავად იცნობს საკუთარ საზოგადოებას და «ძალით» არ გაირთულებს საქმეს.
        ამიტომ ამჟამად არსებული «სტატუს-კვო» კვლავაც შენარჩუნდება. აფხაზეთში ახალი ომი კი აბსოლუტურად გამორიცხულია, ისევ და ისევ არსებული საზოგადოებრივი რეალიების გათვალისწინებით. ამ ნაბიჯს არც ეს ხელისუფლება დაუშვებს, არც რომელიმე შედმგომი ხელისუფლება. A
        ასე რომ, ფრაქცია «აფხაზეთის» დემარში მხოლოდ განამტკიცებს არსებულ სტატუს-კვოს. უდიდესი გულუბრყვილობაა დავით ბერძენიშვილის ამასწინანდელი განცხადება, თითქოს რაკი მომავალ არჩევნებამდე (იგულისხმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები) წელიწადნახევარი დარჩა, ამიტომ შესაძლებელია თუნდაც არაპოპულარული, მაგრამ გარდაუვალი ნაბიჯების გადადგმა.
        ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ასეთი ლოგიკაც არ მოქმედებს, რადგან, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მიმართულებით) უეჭველად შესძენს არგუმენტებს იმ კრიმინალებს, ვინც 9 წლის წინათ სამოქალაქო ომი გააჩაღა ამ ქვეყანაში და, რომელსაც მაშინ «გაახსენდება» აფხაზეთი და ვითომ «გული დაეთუთქება» აფხაზეთის უბედურებით.
        არ არის გამორიცხული, ეს პრობლემა კიდევ ერთი «დეკემბერ-იანვრის» საბაბი (ხაზს ვუსვამ – საბაბი და არა მიზეზი) გახდეს იმათთვის, ვისაც სინამდვილეში აფხაზეთის ბედი არც ოდესმე აღელვებდა და არც ამჟამად აღელვებს. ფრაქცია «აფხაზეთს» არ ვგულისხმობ, რასაკვირველია. ასე რომ, ეს ფრაქცია ტყუილად ღელავს. არანაირი «ღალატი» (ანუ ის, რასაც ისინი «ღალატს» უწოდებენ) აფხაზეთთან დაკავშირებით არ მზადდება, ხოლო თუ იმის იმედი აქვთ, რომ თუნდაც ერთი სერიოზული ოპოზიციური ძალა (ზემოხსენებულ კრიმინალურ ბანდებსა და «ქუჩის ოპოზიციას» არ ვგულისხმობ, რასაკვირველია) მხარს დაუჭერს აფხაზეთში ომის განახლების მოთხოვნას – ეს კიდევ უფრო დიდი ილუზიაა: ქართული პოლიტიკური ელიტა ამ საკითხში უკვე შეთანხმდა და ოპოზიცია ნამდვილად არ აიტკივებს თავს აფხაზეთის პრობლემით».
        მიაქციეთ ყურადღება: ეს პრობლემა (აფხაზეთის თემა) საერთოდ არ ფიგურირებს მათ პოლიტიკურ თემატიკაში. ყველაფერზე ლაპარაკობენ, ყველაფერს მოითხოვენ, მაგრამ აფხაზეთზე კრინტს არ სძრავენ. რატომ? – მიზეზი უკვე მოგახსენეთ: აფხაზეთის პრობლემა სინამადვილეში ქართულ პოლიტოკრატიას საერთოდ არ აღელვებს. არც მაშინ (1987-88 წლებში) აღელვებდა მაინცდამიანც. ამიტომ იქაურ ქართველობას მეტი ჭკუა და წინდახედულება მართებდა, - ბრმა იარაღად არ ქცეულიყო იმ გარეწართა ხელში, სხვისი სისხლითა და სხვისი მსხვერპლით რომ ცდილობდნენ (მოახერხეს კიდეც) საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრროცესთა სათავეში მოქცევას.
        გასული კვირის კიდევ ერთი პოლიტიკური ფანტომი, რომელიც ძალზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცნობიერი პროცესების განვითარებაზე საქართველოში, კვლავ და კვლავ კორუფცია იყო. ამ თემაზე მსჯელობამ უკვე რაღაც ჰიპერტროფირებული, ამაზრზენად ისტერიულიო ხასიათი (ფორმა და შინაარსი) შეიძინა. «კორუფციაზე» გაუთავებელი, სრულიად უაზრო და უსაგნო ყბედობა საქართველოში სალონურ შეკრებათა «კარგ ტონადაც» კი ითვლება უკვე.
        აღმოჩნდა, რომ თურმე საქართველო ვიღაც ამერიკელებმა შეიტანეს «მომაკვდავ ერთა» სიაში, რომ თურმე ჩვენ ვყოფილვართ ყველაზე კორუცირებული ხელისუფლების «ამტანი» ერი მთელი დედამიწის ზურგზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        არადა, როგორც კი ერთ-ერთი ჟურნალისტი კორუფციის თემას შეეხო კონკრეტულად, საგნობრივად (და არა ზოგადი, დაუკონკრეტებელი, აბსტრაქტული ყბედობით), უმალვე ნათელი გახდა, რომ კორუფცია საქართველოში სწორედ საზოგადოების პრობლემაა და არა მხოლოდ ხელისუფლებისა.
        უფრო სწორად, ხელისუფლებისა იმდენად, რამდენადაც თვით საზოგადოებისა.
        ეს ფენომენი უფრო ადრეც გახდა თვალნათელი – როდესაც ერთი ცნობილი «ინტელიგენტი» დააპატიმრეს კორუფციის ბრალდებით, ხოლო მეორე, არანაკლებ ცნობილმა ინტელიგენტმა, მისი ქმედება იმით გაამართლა, რომ თურმე... «ქრისტეს ცოდვილები უყვარდა». ასეთი «ინტელიგენცია» რომ ერს ეყოლება, ის ერი მხოლოდ ხელისუფლებას არ უნდა აბრალებდეს კორუფციის პრობლემას.
        ეს გაუთავებელი პოპულისტური გნიასი «კორუფციაზე» უკვე მართლა გამაღიზიანებელია. სინამდვილეში, კორუფციის დონით (კლასიკური გაგებით) საქართველო ბევრად არ «აღემატება» სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებს.
        რეალურად აქ სულ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე: ხშირად გვეუბნებიან, რომ კორუფციაზე საუბარი საქართველოში გამართლებულია, ვინაიდან «უცხოელი ექსპერტები» გაუთავებლად მიგვითითებენ ამ პრობლემაზე. ეს ნამდვილად ასეა. მართლაც, არ დარჩენილა დასავლური ინსტიტუტების წარმომაედგენელი, ხელისუფალი, პოლიტოლოგი, ექსპერტი თუ ფინანსისტი, ვისაც არ ეთქვას, რომ «საქართველო არის ტოტალური კორუფციის ქვეყანა». ხომ არ შეიძლება, ისინი ცდებოდნენ? მაგრამ საქმე ის არის, რომ «კორუფციაში» ქართველები და უცხოელები ერთსა და იმავე შინაარსს არ დებენ. მაგალითად, ათიდან შვიდი ქართველი გეტყვით, რომ კორუფციაში იგულისხმება მაღალჩინოსანთა (მინისტრების, ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენელთა, მექრთამეობა. ათიდან სამი დაუმატებს, რომ კორუფციაში იგულისხმება, აგრეთვე, ძალისმიერი და მაკონტროლებელი სტრუქტურების, როგორც «მაღალ», ასევე «წვრილჩინოსანთა» მექრთამეობა – მხედველობაში ჰყავთ პოლიცია, პრკოურატურა, «საგადასახადო», «საბაჟო» და ასე შემდეგ. უკიდურეს შემთხვევაში, «კორუფციაში» გულისხმობენ გავლენიან («კრიშიან») ბიზნესმენებს, რომელთაც შეუძლიათ ტვირთი შემოიტანონ განუბაჟებლად, არ გადაიხადონ გადასახადი და ასე შემდეგ.
        ყველა ეს კატეგორია, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ როდესაც «ევროპელი» ლაპარაკობს «კორუფციაზე», იგი გულისხმობს არა მხოლდ მაღალჩინოსნებს, არა მხოლოდ ყველა ზემოჩამოთვლილ კატეგორიას, არამედ იმ «წვრილ» კონტრაბანდისტსაც, ვისაც ცხინვალიდან «ორიოდე ჩანთა» სიგარეტი შემოაქვს, ან «ორიოდე ტომარა ფქვილს» შემოაპარებს, იმ «არგადამხელსაც», ვინც თუნდაც 100-200 ლარის გადასახადს დაუმალავს სახელმწიფოს.
        ცივილიზებული ერისა და ქვეყნის წარმომადგენელი სწორედ ამას გულისხმობს «ტოტალურ კორუფციაში» (და არა მხოლოდ მაღალჩინოსნებს), ვინაიდან ეს «წვრილ-წვრილი» კორუფცია, საბოლოოდ, გროვდება ათეულ და ასეულ მილიონებად.
        ამ პრობლემაზე საქართველოში არავინ საუბრობს, ვინაიდან ამაზე საუბარი (პოპულისტური თვალსაზრისით) გაცილებით ნაკლებმომგებიანია, ვიდრე გაუთავებელი ყბედობა (ზოგადად, დაუკონკრეტებლად) «მაღალჩინოსანთა კორუფციაზე».
        არადა, პრობლემა რომ სწორედ ეს არის, სულ ადვილი დასამტკიცებელია. «საგადასაადო დეპარტამენტი» უკვე მეშვიდე თვეა, რეგულარულად ასრულებს «გეგმას» საბაჟო დეპარტამენტისგან განსხვავებით.
        რატომ? იმიტომ, რომ, დაუცველი საზღვრების პირობებში, ბაზარი წალეკა «წვრილმა კონტრაბანდამ». აბა, ერთი დააწნსეთ ციხე (სწორედ ციხე და არა ავტოტრანსპორტის ვითომ ჩამორთმევა, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო უეჭველად უკანონო ნორმად მიიჩნევს) წვრილი კონტრაბანდისთვის (როგორც ყველა ცივილურ ქვეყანაშია) - სულ მალე შემცირდება კონტრაბანდა და თანდათანობით (1-2 წლის განმავლობაში) ამოიწურება საბიუჯეტო კრიზისი.
        იგივე ითქმის გადასახადების «წვრილ არგადამხდელებზე». ოღონდ ეს ყოველივე «არაპოპულარული» თემაა და არცთუ მომგებიანი, ვინაიდან საქართველოს ასეულობით ათასი მოქალაქე (ამომრჩეველი) სწორედ ასეთი «წვრილი კონტრაბანდით» ირჩენს თავს.
        არავინ ამტკიცებს, თითქოს საქართველოში «მხსვილი კორუფციის» პრობლემა არ არსებობდეს, მაგრამ პრობლემის არსი იგი მაინც არ არის:
        არაფრის დიდებით ჩვენში არ სურთ იმის გაგება და დაჯერება, რომ კორუფცია (თვით მისი ბუნებიდან გამომდინარე) იწყება «ქვემოდან», ანუ ფული მოძრაობს პირამიდით ქვემოდან - ზემოთ.
        არსებობს არა მხოლოდ ქრთამის ამღები, არამედ ქრთამის მიმცემიც. თვისებრივად ორივე ერთნაირად კორუმპირებულია, ხოლო პირამიდის წვეროზე რამდენი მინისტრიც უნდა შეიცვალოს, ვიდრე ფულის «მოძრაობა» გაგრძელდება, არც ამ ქვეყანას, არც ამ პრობლემას არაფერი ეშველება: შეიცვლება თუნდაც ასი ხელისუუფლება, პრობლემა პრობლემად დარჩება.
        აქ დაახლოებით იმავე სინდრომთან გვაქვს საქმე, როგორც აფხაზეთის შემთხვევაში: პოლიტიკური ელიტის არც ერთ სეგმენტს (ოპოზიციის ჩათვლით) არ სურს, იტვირთოს პასხუისმგებლობა არაპოპულარული, სარისკო გადაწყვეტილებისთვის. ოპოზიცია არ ითხოვს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას გაინაწილებს. ხელისუფლება არ აკეთებს, ვინაიდან მისგან ამას არავინ ითხოვს და არ სურს, რომ გარისკოს. ერთი სიტყვით, თვალნათელია კონსენსუსი «სტატუს-კვოს» შენარჩუნებით.
        ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც შეიძლება ეს მოჯადოებული წრე გაწყვიტოს, მხოლოდ პრეზიდენტია. მან უნდა გადადგას სარისკო ნაბიჯები. სხვა ამას ვერავინ შეძლებს - «მოქალაქეთა კავშირის» რადიკალური ფრთა იმავე პარტიის რეტროგრადულ ნაწილს ვერ ამარცხებს და «უშედეგო რისკებს» აგროვებს.
        სხვათა შორის, ეს ვითარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს თვისებრიობის (მათ შორის, საზოგადო მენტალიტეტის) ქვეყნისთვის საპრეზიდენტო მმართველობა ერთადერთი შანსია.
        «საპარლამენტო რესპუბლიკა» (საქართველოს სპეციფიკით - «სალაყბოს ძალაუფლება») და ეგრეთ წოდებული «მინისტრთა კაბინეტი» (ყველას ყველაფერზე უპასუხისმგებოლბა) კი ამ ქვეყნისთვის «წამიერ სიკვდილს» ნიშნავს.

დილის გაზეთი, 5 ივნისი, 2000 წელი