საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 აპრილი. 2024 წელი

3 აპრილიდან, ყირგიზეთმა შეწყვიტა რუსული პლასტიკური (სადებეტო/საკრედიტო) ბარათის МИР მომსახურება.

ეს ბარათი რუსეთმა შემოიღო მას შემდეგ, რაც Visa და Mastercard წავიდნენ რუსეთიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გამო.

მოსკოვი ბევრს ეცადა, რათა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებში დასავლური და ამერიკული „პლასტიკური ბარათები“ რუსულით ჩაენაცვლებინა, თუმცა არსად არაფერი გამოუვიდა.

ჩინეთშიც კი არ გამოუვიდა.

შესაბამისად,  МИР მხოლოდ საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა და კიდევ თითო-ოროლა ქვეყანაში.

მაგრამ დასავლეთმა (ამერიკის ადმინისტრაციამ პირველ რიგში) ყველა სახელმწიფო გააფრთხილა: არ დაივიწყონ, რომ ვერც ერთ დოლარს და ვერც ერთ ევროს ვერსად გადარიცხავენ ამერიკის ფედ-რეზერვისა და ევრობანკის გვერდის ავლით.

ამიტომ ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიცაა სომხეთი და ყირგიზეთი, იძულებულნი არიან შეწყვიტონ რუსული საგადამხდელო სისტემების მომსახურება.

ოღონდ ცდილობენ იეშმაკონ ამ პროცესში: მაგალითად, სომხეთმა ზოგიერთ ბანკებს აუკრძალა რუსული ბარათით ოპერირება, თუმცა ბანკების ნაწილს ეს ოფცია შეუნარჩუნა, რაც არ გამოვა, რადგან საფინანსო გადარიცხვათა სისტემა მოწყობილია პრინციპით „ან ყველა ან არც ერთი“.

საკითხავი აქ მხოლოდ ისაა, თავად დასავლეთი რატომ არ მიჰყვება ამავე პრინციპს და, მაგალითად, საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემიდან SWIFT რუსული ბანკების მხოლოდ ნაწილი „ჩახსნა“, რაც ამ სანქციას უაზრობად აქცევს რასაკვირველია.

ავსტრიული „რაიფაიზენბანკისთვისაც“ კი ვერ მოუვლიათ, რომლის მოსკოვური ფილიალი მილიარდებს რიცხავს მთელს მსოფლიოში ყოველ დღე.

ასეა თუ ისე, დასავლეთმა ყირგიზეთს „მოუარა“ ამ მიმართულებით, თუმცა „ვერ მოუარა“ სხვა მიმართულებით: ყირგიზეთი, ისევე როგორც სომხეთი, რჩება რუსეთში „პარალელური იმპორტის“ ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ ყაზახეთთან და....ჩინეთთან ერთად.

უბრალოდ, ყირგიზული ლოჯისტიკა უფრო მოხერხებულია.

დასავლეთი აქ უძლურია ძალიან ღრმა სისტემური მიზეზის გამო: დავუშვათ, აკრძალეს ყირგიზეთში ექსპორტი და ტრანზიტი (მათ შორის საქართველო-აზერბაიჯანის გავლით), ამით შეიქმნება პრეცედენტი, რომელიც შემდეგ აიძულებს იმავე დასავლეთს, ლოჯისტიკური ხაზების გადამისამართების გათვალისწინებით, ანალოგიურად აკრძალოს ექსპორტი და ტრანზიტი ყაზახეთში, სადაც ასეულობით მილიარდი დასავლური ინვესტიციაა ჩადებული და....ჩინეთშიც.

ამის რესურსი კი დასავლეთს არ გააჩნია - ჩინეთი დაბლოკოს.

თუმცა აქვს რესურსი ჩინური ბანკები აიძულოს შეწყვიტონ რუსული ბანკების მომსახურება და ნაწილობრივ ახერხებს კიდეც.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

Politico, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და „საქმეში ჩახედული“ დასავლური რესურსია, აქვეყნებს მასალას, რომელშიც მოთხრობილია „რუსეთის მეგობრების“ შესახებ, ვინც ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ევროპაში გაყინული რუსული აქტივების (ფულის და ფასიანი ქაღალდების) კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ.

ესენი არიან საუდის არაბეთი, ინდონეზია და ჩინეთი.

ამ სამი ქვეყნის წარმომადგენლები განსაკუთრებით აქტიურად არწმუნებენ ბრიუსელს, რომ „პრეცედენტად“ ჩათვლიან რუსული აქტივების კონფისკაციას და ამ „პრეცედენტულობის“ გამო გაიტანენ აქტივებს ევროპის ბანკებიდან.

ჯერ-ჯერობით, ამგვარი   შანტაჟი მუშაობს: მაქსიმუმი, რისთვისაც მზად არის ევროკავშირი და  ამერიკა, ამ აქტივებზე დარიცხული პროცენტის კონფისკაცია და პირდაპირ ან არაპირდაპირ უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაა.

ევროპის შემთხვევაში ესაა  4-5 მილიარდი ევრო, რაც პროცენტად დაირიცხა ბელგიურ Euroclear Bank-ში შენახულ დაახლოებით 200 მილიარდ რუსულ ევროს და ფასიან ქაღალდს.

თანაც დავაკვირდეთ, რა გველური ეშმაკობით და ტექნოლოგიურებით იმოქმედა პუტინმა თავის დროზე: შვეიცარიის ან გერმანიის ან საფრანგეთის გიგანტურ ბანკებში კი არ განათავსა რესურსები, რაკი მათთვის 4-5 მილიარდი ევრო რაღაც კოლოსალური და უდიდესი სარგებელი სულაც არ იქნებოდა (ბანკს პროცენტი ეკუთვნის ამ სარგებლიდან) არამედ არც თუ ისე დიდ ბელგიურ დეპოზიტარში, რომლისთვისაც ეს უდიდესი თანხაა და არსებითია.

შესაბამისად, Euroclear Bank  რასაკვირველია ყველაფერს გააკეთებს, რათა „გააძლიეროს“ სკეპტიკოსები, რომლებიც EU ხელმძღვანელობას არწმუნებენ, რუსულ  თანხებს ხელი არ ახლონ.

. . . . . . . . . . . . . . . . .  

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნიუსთან სატელეფონო საუბარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ფრანგი მინისტრი გააფრთხილა, რომ საფრანგეთის შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფების გამოჩენა უკრაინის ტერიტორიაზე „მათთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს“.

ბუნებრივია, აქ იგულისხმება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დაპირება (!), რომ პარიზი, გარკვეულ პირობებში, მზად იქნება ჯარები გააგზავნოს უკრაინის ტერიტორიაზე, ოღონდ.......ოღონდ........ადრეც ვწერდი, რომ მაკრონის  ინიციატივა დაკვირვებას და ფრთხილ შეფასებას საჭიროებს: ხომ არ იგულისხმება აქ ვითარების „გაყინვა“ ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე, როცა რუსეთი უკრაინის ტერიტორიის 25%-ს აკონტროლებს?

უკრაინის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამს, რომ ის არ დათანხმდება რუსეთთან მოლაპარაკებას, სანამ რუსეთის არმია არ დაბრუნდება მინიმუმ 2022 წლის ხაზზე. თუმცა პროგრამა-მაქსიმუმით, 1991 წლის საზღვრებზე.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

The Telegraph და Politico აქვეყნებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ძალიან საწყენ განცხადებას, რომ ამერიკული F-16 აღარ არის რელევანტური უკრაინისთვის. “Often, we just don’t get the weapons systems at the time we need them – they come when they’re no longer relevant,” (ხშირად, ჩვენ ვერ ვიღებთ იარაღს იმ მომენტში და იმ დროს, როცა ისინი გვჭირდება. ეს იარაღი ჩამოდის (ხოლმე) მაშინ, როცა უკვე აღარ არის ჩვენთვის აქტუალური“ - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჯარში გასაწვევი ასაკი შეამცირა 27 წლიდან 25 წლამდე, რაც უკრაინულ არმიას დამატებით კიდევ 400 000 სამხედრო მოსამსახურეს მისცემს.

აქ იგულისხმება არა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები (18 წლიდან) არამედ მობილიზაციით გასაწვევი პირები.

ზელენსკი, ამავდროულად, აცხადებს, რომ უკრაინა არ საჭიროებს დამატებით 500 000 სამხედროს გაწვევას მობილიზაციით ჯერ-ჯერობით, რაკი ჯარის არსებული რაოდენობა საკმარისია რუსეთის შესაკავებლად

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ირანისა და ჩრდილო კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება „აზიანებს გლობალურ უსაფრთხოებას“.

იგი პირველ რიგში გულისხმობდა არა ჩრდილო კორეის მიერ რუსეთისთვის მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას, არამედ (რაც ბევრად სახიფათოა) ირანული „ზედაპირი-ზედაპირი“ კლასის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას.

ირანმა ბოლო 10 წლის განმავლობაში, იმავე რუსეთის დახმარებით და ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა ტექნოლოგიების გამოყენებით, ასეულობით ასეთი ბალისტიკური რაკეტა დაამზადა.

ირანელთა უპირველესი სამიზნე, რასაკვირველია ისრაელია.

ისრაელს ეს რაკეტები თავისუფლად  სწვდება, რადგან ზოგიერთი მოდიფიკაციის წვდომის სიშორე 2 000 კილომეტრია.

ირანმა საფუძვლად აიღო ძველი საბჭოური რაკეტა СКАД და გააუმჯობესა იგი.

ამ რაკეტების ჩამოგდების უნარი მხოლოდ ამერიკულ სისტემას Patriot აქვს. ისრაელის „რკინის გუმბათი“ ამისთვის არ გამოდგება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბილ კლინტონის შემდეგ მისი ცოლი, ჰილარი კლინტონიც აქტიურად ჩაერთო ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიაში.

პოპულარულ ღამის შოუში გამოსვლისას ჰილარიმ „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“ მოუწოდა, „გადააბიჯონ საკუთარ თავს“, მივიდნენ არჩევნებზე და ბაიდენს მისცენ ხმა.

თუ გავითვალისწინებთ ჰილარის Wording-ს და არგუმენტაციას, იგი იმდენად Undecided voters არ გულისხმობდა, რამდენადაც იმ „დემოკრატ ამომრჩეველს“, ვისაც სძულს ტრამპი, მაგრამ არ მოსწონს ჯო ბაიდენი ასაკის გამო.

სწორედ მათ მიმართავდა ქალბატონი როდჰემ-კლინტონი, როცა ამბობდა: „არჩევანი გვაქვს ასეთი: ერთი კანდიდატი მოხუცია, თუმცა ქმედითია და საღ გონებაზეა, ხოლო მეორე კანდიდატი......ასევე  მოხუცია, თუმცა 90 დანაშაულში ედება ბრალი“

საერთოდ, თუ უკვე შორეულ 1990-იან წლებს გავიხსენებთ, ბევრი ობიექტური დამკვირვებელი ამბობდა, რომ ჰილარი მართლა ძალიან ჭკვიანი ქალია და თავისი „ოღრაში“ ქმარი ბევრი „სტრატეგიული უხერხულობიდან“ გამოუძვრენია.

მონიკა ლევინსკის კომიკური ქეისიდან მაგალითად, როდესაც ჰილარის ერთ სიტყვას შეეძლო ბევრად დაემძიმებინა ბილის მდგომარეობა.

ხოლო, როდესაც, 2015-2016 წლების საარჩევნო კამპანიის დროს,  ჰილარი კლინტონი კინაღამ გახდა აშშ პრეზიდენტი (Popular vote მოიგო კიდეც ამერიკის მასშტაბით), ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა მახვილგონივრულად იხუმრა: „როცა ბილი გახდა პრეზიდენტი, ჰილარიმ თეთრ სახლში დაიდო ბინა, როგორც ბილის ცოლმა, ხოლო ჰილარი რომ გახდება პრეზიდენტი, ბილი დაბრუნდება თეთრ სახლში, როგორც ჰილარის ქმარიო“.

ერთი სიტყვით, ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად უძლიერესი კლუბი შეიქმნა, რომელშიც შედიან ბილი, ჰილარი და ბარაქ ობამა.