სჭირდება თუ არა საქართველოს იმპერატორი?

სჭირდება თუ არა საქართველოს იმპერატორი?
სჭირდება თუ არა საქართველოს იმპერატორი?

 სტატიაში «უმტკიცესი ბორკილი» ვწერდი, რომ რუსეთის ტელევიზია იქცა იმ უმძლავრეს ბერკეტად, რომლის მეშვეობით იმპერია მართავს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს დაპყრობილ ქვეყნებში, ახერხებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა შეჯახების პროვოცირებას.
    სამწუხაროდ, ჩვენი ბედკრული სამშობლო ამ ახალი, ზემძლავრი «ფსიქოლოგიური იარაღის» საცდელ პოლიგონად იქცა და ამაში უპირველეს ყოვლისა თავად ჩვენ - ქართველები ვართ დამნაშავე.
    დეკემბერ-იანვრის მოვლენათა შესახებ უკვე მრავალი რამ ითქვა ზოგი ამ მოვლენებს «დემოკრატიულ რევოლუციად» მიიჩნევს, მოპირისპირე მხარე კი - «კრიმინალურ გადატრიალებად».
    ჩემი აზრით, ორივე ეს აზრი პრიმიტიული დემაგოგიაა და სხვა არაფერი. წარმოუდგენელია, «დემოკრატიული რევოლუცია» მოხდეს მტრის მიერ ოკუპირებულ, ჯერ კიდევ ანექსირებულ ქვეყანაში. ასევე წარმოუდგენელია მხოლოდ «კრიმინალურმა ხროვამ» შეძლოს საზოგადოებრივი აზრის იმგვარი მობილიზაცია, რომ მის მხარეს თითქმის ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.
    ჩემი შეხედულებით, ის რაც საქართველოში ხდება, არის სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი, რომელიც დაიწყო 1990 წლის შემოდგომაზე (ეროვნული კონგრესისა და უზენაესი საბჭოს ერთდროული - პარალელური არჩევით) და დღემდე გრძელდება.
    ასეთ ომში არასდროს, არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა მართალი და მტყუანი. სამოქალაქო ომის დროს ორივე მხარე ერთდროულად ტყუის და ორივე მხარე ერთნაირად მართალია. ქართული სამოქალაქო ომის ტრაგიზმი ისაა, რომ ჩვენ «დათა თუთაშხიას» იმ გმირებს დავემსგავსეთ, რომელნიც ციხეში დემოკრატიასა და ლიბერალურ სახელმწიფოს აშენებდნენ. ურთიერთსიძულვილმა იმდენად დაგვაბრმავა, რომ ვეღარ (თუ აღარ) ვამჩნევთ, რა ოსტატურად აღვივებს ამ სიძულვილს ჩვენი მტერი, რა ოსტატურად თესავს მოძმეთა შორის უნდობლობისა და «შიშის სინდრომს». ამ სინდრომის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარე ერთნაირად შიშობს «მესამე ძალა» არ გაანაწყენოს, რათა უკიდურეს შემთხვევაში უკან დასახევი გზა დაიტოვოს.
    ამიტომ, ბუნებრივია, რომ დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს ეს ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე «მესამე ძალა» ორივე მხარეს (ვიყოთ გულახდილნი) ამარაგებდა ტყვია-წამლითა და იარაღით, რათა ქართველებს გვეხოცა ერთმანეთი, რათა რაც შეიძლება ღრმა და მოუშუშებელი ყოფილიყო ჩვენი ეროვნული ჭრილობა. ასეთი ჭრილობა კი, თუ ერთხელ გაჩნდა, თუ ერთხელ «გაეხსნა პირი», ძნელად ხორცდება. მით უმეტეს, რომ ის ძალა, რომელმაც ძმას-ძმაზე ააღებინა ხელი, ყველანაირად შეეცდება, ეს არ დაუშვას და, რაც მთავარია, ამის უამრავი საშუალებაც აქვს
    სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმაც დღეს კვლავ იჩინა თავი.
    გუშინ, კრემლის «საინფორმაციო იარაღმა» გადმოსცა ცნობა, რომლის თანახმად «თენგიზ კიტოვანის მომხრე შეიარაღებული რაზმები აფხაზეთიდან მიემგზავრებიან თბილისში, რათა მონაწილეობა მიიღონ მომავალ სახელმწიფო გადატრიალებაში, რომელსაც კიტოვანი ამზადებს». ეს ინფორმაცია (ისევე როგორც მრავალი ამდაგვარი) რასაკვირველია, წინასწარ შემზადებული პროვოკაციაა, მაგრამ რომ არა ზემოთ ხსენებული «ჭრილობა», რომ არა ეს «შიშის სინდრომი» რაც აიძულებს ორ დაპირისპირებულ მხარეს ეჭვითა და უნდობლობით შეხედონ «მოწინააღმდეგის» თითოეულ ნაბიჯს, პროვოკაცია, რასაკვირველია, შედეგს ვერ გამოიღებდა.
    წინამდებარე სტატიის უმთავრესი თემაა დაპირისპირება, რომელმაც ქვეყნის უმაღლეს მმართველ ეშელონებში იჩინა თავი. ამასწინანდელ პრეს-კონფერენციაზე თენგიზ კიტოვანმა განაცხადა რომ მისი ბედი «არმიამ და ხალხმა უნდა გადაწყვიტოს», ხოლო თენგიზ სიგუამ, მისთვის ჩვეული «მახვილგონივრულობით» განმარტა, რომ შეიძლება განხილულ იქნას თუ რეფერენდუმის არა, «რეიტინგული გამოკითხვის» იდეა. როგორც ჩანს იგი სწორედ ჯარისკაცთა და ოფიცერთა აზრის გამოკითხვას გულისხმობდა.
    იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ამგვარი წესით სამხედრო მინისტრის არჩევას საერთო არაფერი აქვს დემოკრატიულ სახელმწიფოსთან და თვით თანამედროვე დემოკრატიზმის იდეებთან. ნებისმიერ საზოგადოების უმტკიცესი გულანი, მისი ცხოველმყოფელობის უმძლავრესი და უფაქიზესი ბერკეტი არმიაა. დამოუკიდებელ, სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შანსი მხოლოდ იმ ერს აქვს, რომელსაც ძალუძს შექმნას დისციპლინირებული, ერთიანი და ერთმმართველობის პრინციპზე დამყარებული არმია. ძალიან ძნელია (ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე - თითქმის შეუძლებელიც) შევქმნათ, გამოვძერწოთ «ქართველი ჯარისკაცის», «ქართველი ოფიცრის» ისეთი სოციალური ტიპი, რომელიც უსიტყვოდ დაემორჩილება ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღასრულებს მის თითოეულ ბრძანებას, რადგან ჩვენი ემოციურობის გამო ძალიან ძნელია, იყო ერთდროულად ყოვლისშემძლეც, მრისხანეც და უტყვი, მორჩილიც. მაგრამ სხვა გზა არ არის! ჯარისკაცი ყველა ქვეყანაში უტყვი და კანონის მორჩილია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკვე აღარ არის ჯარისკაცი, – უარეს შემთხვევაში კი ჩვეულებრივი ყაჩაღია. სახელმწიფოსა და საზოგადოებისადმი ჯარისკაცის უსიტყვო მორჩილება, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ფენომენია. ჩამოყალიბებულ, სტაბილურ საზოგადოებაში ეს ფენომენი ქვეცნობიერის სფეროში გადადის ანუ «ძვალ-რბილში» აქვს გამჯდარი ყოველ ჯარისკაცს, ყოველ სამხედრო პირს. სულ ტყუილად დავცინით რუსებს იმისათვის, რომ ჯარში ისინი «რობოტებივით იქცევიან». და ბრძანების შეუსრულებლობას პირად ტრაგედიად აღიქვამენ. ეს რომ ასეა, სწორედ ამიტომ შეძლო ერთ დროს დაქუცმაცებულმა და თურანულ-მონღოლური დესპოტით დამცირებულმა რუსეთმა წელში გამართვა და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი და უმძლავრესი იმპერიული სახელმწიფოს შექმნა.
    რაც შეეხება სიმკაცრესა და დისციპლინას, - დასავლურ სამყაროში, რომელთან შეერთებასაც ესოდენ გულმხურვალედ ვესწრაფვით ქართველები. - სამხედრო უწყებას  უმრავლეს შემთხვევაში სამოქალაქო პირი (ზოგიერთ ქვეყანაში ქალიც კი) ხელმძღვანელობს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოება მართავს არმიას და არა პირიქით ანუ კანონი მართავს შიშველ ძალას.
    იმ ქვეყნებში კი, სადაც საზოგადოებამ ეს ვერ მოახერხა, სადაც ძალაა - კანონი და არა კანონი - ძალა, ვერასდროს და ვერასგზით ვერ ჩამოყალიბდება ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო. ასეთი ქვეყნები განწირულნი არიან იცხოვრონ პერმანენტული «სახელმწიფო გადატრიალების» შიშქვეშ. ზოგიერთ მათგანში ეს მდგომარეობა აბსურდამდეა მისული. მაგალითად, ინდონეზიის კონსტიტუციაში შავით-თეთრზე წერია, რომ «ქვეყანას, მისი ისტორიული განვითარების ბოლომდე, მართავს არმია».
    არმიას კი რეალურად არ შეუძლია, უზრუნველყოს ნამდვილი თავისუფლება და პერსპექტიული განვითარება. ასე ეწირება, საბოლოო ჯამში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პიროვნების ამბიციურ ამბოხს თვით იდეა პიროვნების თავისუფლებისა, რადგან «ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება».
    არსებობს ელემენტარული, აქსიომატური კანონი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს. სახელმწიფოს აქვს ძალისმიერი ინსტიტუტები (მათ შორის არმია), რომლებიც ურყევი ერთმმართველობის პრინციპზე არიან დაფუძნებულნი, ხოლო ამ ინსტიტუტების ხელმძღვანელთ ნიშნავს ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი უფლებამოსილება არავის ეჭვს არ უნდა იწვევდეს. რაც შეეხება იმას, რომ «ხალხმა და არმიამ გადაწყვიტოს» სამხედრო ხელმძღვანელის ბედი, «ხალხი და არმია» სამხედრო ხელმძღვანელის საკითხს წყვეტდა მხოლოდ ძველ რომში და ამ ხელმძღვანელს იმპერატორი ეწოდებოდა.
    თუ ჩვენ, მსოფლიოს დასაცინად, ასეთივე პრინციპის დამკვიდრებას ვცდილობთ ქვეყანაში (ქართველები ხომ ყველაფერში ორიგინალური უნდა ვიყოთ!) ეს სხვა საქმეა, მაგრამ მაშინ რა საჭირო იყო მთელი ეს «დემოკრატიული რიტორიკა» ან ის სისხლის მდინარეები, რომლებიც ჯერ კიდევ სდის ქვეყანას?

    და კიდევ ერთი: ასე ხშირად რატომ ვახარებთ მტერს? ან რატომ არ ვითვალისწინებთ, რომ თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თითოეული ჩვენი სიტყვა ისტორიის მიერ აღინუსხება, - ისტორიას კი არასდროს არაფერი  გამოეპარება. იგი ის შეუმცდარი მსაჯულია, რომელსაც ყოველთვის სამართლიანი განაჩენი გამოაქვს - «კეისარს - კეისრისას» მიართმევს მუდამ და «ღმერთს - ღვთისას». იგი ერთმანეთისგან ყოველთვის ზუსტად არჩევს გულმხურვალე, მამულიშვილურ ლტოლვასა და ქვენა ანგარებას.
    29 აპრილი 1993 წ. «ივერია ექსპრესი»