რა გვიღირს საქართველოს დეოკუპაცია?

რა გვიღირს საქართველოს დეოკუპაცია?

    მოსკოვში დასრულდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი რუსეთის ხელმძღვანელობასთან (კერძოდ, ვიცე-პრემიერ იური კლებანოვთან) «ბაზების თაობაზე». საქართველოს მხარეს მასზე წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
        სარწმუნო წყაროთა ცნობით (საგარეო საქმეთა სამინისტროდან), მოლაპარაკება ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სრულიად ფუჭი იყო «ოფიციალური თბილისის» მცდელობა, ამჟამად კავკასიაში არსებული ვითარებისა და ჩეჩნეთის მოვლენათა გათვალისწინებით, მიეღწია ერთგვარი «სტრატეგიული კომპრომისისთვის» რუსეთთან.
        სწორედ ამ მცდელობის გამოხატულება გახდა საქართველოს თანხმობა (1999 წლის ეუთოს ნოემბრის სამიტზე, სხვათა შორის, განსხვავებით მოლდოვასგან), საკუთარ ტერიტორიაზე «დროებით» განელაგებინა რუსული ბაზები.
        იგულისხმებოდა, რომ თუ რუსეთი არ დაგვეხმარებოდა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაში, მაშინ საქართველო უკვე 2003 წლის ბოლომდე მოითხოვდა ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების ლიკვიდაციას, ხოლო, სეპარატისტთა მიმართ კრემლის პოზიციის გამკაცრების შემთხვევაში, «დროებითი ვადა» შეიძლებოდა, 25 წლითაც გაჭიმულიყო, შემდგომი გაგრძელების უფლებით.
        ერთი სიტყვით, საქართველომ რუსეთს მორიგი კომპრომისი შესთავაზა, მაგრამ რუსეთმა იგი არ მიიღო. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ სულაც არ არის აუცილებელი, «აწყენინოს» აფხაზ სეპარატისტებს, რომ საქართველოში «სამხედრო ყოფნა» შეინარჩუნონ.
        რუსი პოლიტიკოსების აზრით, «სავიზო რეჟიმის» ბერკეტით ისინი შეძლებენ აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, დაეთანხმოს რუსეთისთვის სასურველ ვარიანტს. ეს ვარიანტი კი მკაფიოდ ჩამოყალიბებულია: მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის იქედნური განცხადებისა (შევარდნაძესთან პირისპირ შეხვედრისას – ვაზიანის სამხედრო აეროდრომი არ გვაინტერესებსო), კონკრეტული მოლაპარაკებებისას ვიცე-პრემიერი კლებანოვი ცდილობს «ვაზიანის სამხედრო ბაზიდან» განაცალკევოს იმავე ვაზიანის სამხედრო აეროდრომი!!! ასეთი რამ, ალბათ, დიპლომატიის ისტორიას არ ახსოვს _ ნამდვილი ანეკდოტია. რუსები მზად არიან, ვაზიანის სამხედრო ბაზა გააუქმონ, მაგრამ (მათი აბსურდული მტკიცებით), ეს არ უნდა ნიშნავდეს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ქართული მხარისთვის გადმოცემას. წარმოგიდგენიათ? - «ვაზიანის სამხედრო ბაზას» ვაუქმებთ, მაგრამ სამხედრო აეროდრომზე კონტროლს მაინც ჩვენ შევინარჩუნებთო.
        აბა, «ბაზა» სხვა რა არის, თუ არა სამხედრო აეროდრომი?
        ასეთ შემთხვევაში, «ვაზიანის ბაზის» გაუქმება ფორმალობად იქცევა, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ რუსებს ხელზე აქვთ დახვეული საქართველოს ხსენებული «თანხმობა» «დროებითი განლაგების» თაობაზე.
        ვალდებულებებს, რაც მათ იკისრეს, «ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებული ხელშეკრულებით», უეჭველად შეასრულებენ, ანუ «ნამეტ» სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას აუცილებლად გაიტანენ, ვინაიდან დასავლეთთან «თამაში» არ გაუვათ.
        ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს «ბაზების ლიკვიდაციას» რეალურად _ რუსეთის სამხედრო ბაზა ვაზიანში შენარჩუნდება (აეროდრომზე კონტროლის შენარჩუნებით და მხოლოდ მოძველებული სამხედრო ტექნიკის გატანით), ისევე, როგორც გუდაუთის სამხედრო ბაზაზე: ეს ბაზა, ეგრეთ წოდებულ, «სამშვიდობო ძალთა ბაზად» ცხადდება.
        ამრიგად, რუსეთი მზად არის, «სიმბოლურად» გააუქმოს ვაზიანისა და გუდაუთის ბაზები და ესეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო 25 წლით დააკანონებს ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზებს.
        რასაკვირველია, ასეთი «აგდებული დამოკიდებულება» აღმაშფოთებელია, მაგრამ საქართველოს მხოლოდ ერთი საპასუხო სვლა აქვს. საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ყველა რუსული სამხედრო შენაერთის გაყვანა ქვეყნის ტერიტორიიდან.
        რუსეთი პასუხად შემოიღებს «სავიზრო რეჟიმს», რაც, ფაქტობრივად, ეკონომიკურ ბლოკადას ნიშნავს. აქ უკვე ჩნდება შეკითხვა არა ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მიმართ, არის თუ არა იგი მზად, გაიღოს რეალური მსხვერპლი (მატერიალური და არა წარმოსახვითი) ქვეყნიდან უცხო სახელმწიფოს ჯარების გასაყვანად?

დილის გაზეთი, 1 აგვისტო, 2000 წელი