უკრაინაში საბჭოთა კავშირი ბრუნდება

უკრაინაში საბჭოთა კავშირი ბრუნდება

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17 იანვარს და 7 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ «რეგიონების პარტიის» ლიდერმა, ბანდიტიზმისა და გაუპატიურებისთვის ორგზის ნასამართლევმა, წარსულში პარტიულმა ფუნქციონერმა, ხოლო ამჟამად ოფიციალურმა მილიონერმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა მოიგო.
    მართალია იულია ტიმოშენკოსგან მას მხოლოდ 3,16 მეასედი პროცენტი აშორებს, მაგრამ მაინც მეტი ხმა გამოდის, ვიდრე მეორე კანდიდატმა მოიპოვა. ეს კი სავსებით საკმარისია გამარჯვების იურიდიულად გაფორმებისთვის.
    ამავდროულად, ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ მოიპოვა ხმების ნახევარზე მეტი. ესე იგი ვეებერთელა, წინააღმდეგობით აღსავსე, სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლული, სეპარატიზმის საფრთხის წინაშე მდგომი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა პოლიტიკოსი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას არ აურჩევია!!! ანუ არა მხოლოდ მთელ მოსახლეობას, არამედ იმ მოქალაქეთა უმრავლესობასაც კი, რომელიც მივიდა არჩევნებზე.
    იანუკოვიჩი სწორედ ასე ხდება პერზიდენტი – ამომრჩეველთა ხმების 48 პროცენტით. ეს არა მარტო 2004 წლის «ნარინჯისფერი რევოლუციის» კრახია (იმ რევოლუციის გმირებმა ყოფილ პარტიულ ბოსზე ნაკლები ხმა მიიღეს), არამედ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ტრაგედიაცაა!
    უახლოეს მომავალში ამ ქვეყანას ან სამოქალაქო ომი, ან პოსტკომუნისტური, კორუმპირებული ბიუროკრატიისა და ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის მარაზმატული, დაჭაობებული მმართველობა ელის. მაშასადამე სწორედ ის, რის წინააღმდეგაც, ასეულობით ათასი ადამიანი, 2004 წლის ზამთარში, კიევურ ყინვასა და ქარბორბალაში იდგა «მაიდანზე» და თავის ლიდერებს იმ იმედით შესცქეროდა, რომ ისინი შეძლებდნენ ქვეყნის გამოთრევას საბჭოური მარაზმიდან.

მისალოცი საქმე

        ცოტა არ იყოს უცნაურია, რომ საქართველოს «დემოკრატიული ძალები» მისალოც დეპეშას არ უგზავნიან ვიქტორ იანუკოვიჩს და უკრაინელ ხალხს. აკი რამდენიმე წელია ქება-დიდებას არ იშურებენ სამარცხვინოდ დამარცხებული, ყოველმხრივ გაკოტრებული ვიქტორ იუშენკოს მიმართ, რომელმაც, თურმე უკრაინაში დემოკრატია დაამყარა (სააკაშვილისაგან განსხვავებით) და ბოლოს, სამაგალითო, ტრანსპარენტული, მართლაც მისაბაძი, საამაყო არჩევნები ჩაატარა და ამით მთელი დემოკრატიული სამყაროს აღფრთოვანება დაიმსახურა.
    ჰოდა ამ დემოკრატიული, «გამჭვირვალე, სამაგალითო და მისაბაძი არჩევნების შედეგად (ყოველგვარი ბრჭყალებისა და გაყალბების გარეშე) უკრაინის პრეზიდენტი ხდება პოლიტიკოსი, რომელიც უკრაინაში საბჭოთა კავშირს დააბრუნებს.
    უკრაინას კი არ დააბრუნებს საბჭოთა კავშირში (ეს, რა თქმა უნდა შეუძლებელია) არამედ საბჭოთა მარაზმს დააბრუნებს უკრაინაში – მისი ნომენკლატურით, კლანურობით, უიმედობითა და უმომავლობით.
    აღარაფერს ვამბობ ისეთ «წვრილმანზე», რომ პირველი სიტყვა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა რუსულად წარმოთქვა და არა უკრაინულად!
    თუმცა ეს, რა თქმა უნდა «წვრილმანია» - მთავარია დემოკრატია და არჩევნების გამჭვირვალობა.
    ჰოდა მიულოცონ ახლა იანუკოვიჩს და უკრაინელ ხალხს იმათ, ვინც უკვე მერამდენე წელია გააფთრებით იბრძვის საქართველოში ასეთივე დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად და, რაც მთავარია, შესაბამისი გარემოს შესაქმნელად.
    არადა, უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება იგივეა, «ვარდების რევოლუციიდან» რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში რომ ვაჟა ლორთქიფანიძეს გაემარჯვა. კაცმა რომ თქვას, ნაკლებ ოდიოზურიც იქნებოდა, რაკი გაუპატიურებისთვის ნასამართლევი მაინც არ ყოფილა.
    თუმცა, ქართველ ლიბერალთა «აიათოლლებს» ამას ვერ შეასმენ. მათ ვერაფრით შეაგნებინებ, რომ ქვეყნის მოდერნიზაცია და მტკივნეული რეფორმების გატარება შეუძლებელია ისეთი მმართველობის დამყარების გარეშე, რასაც ისინი «ავტორიტარულს» უწოდებენ.

არჩევანი სააკაშვილსა და ალასანიას შორის

სხვათა შორის, «რესპუბლიკელები» დღეს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს, რაკი საქართველოში (განსხვავებით უკრაინისაგან) არჩევანი ასეთია: «სააკაშვილი თუ ალასანია», «ალასანია თუ გიგი უგულავა».
    არადა, ამგვარი არჩევანის არსებობა სწორედ იმ «რეჟიმის» შედეგია, რაც ძალიან არ მოსწონთ. ანუ, სააკაშვილი რომ იუშენკოსავით მთხლე და ჩმორი აღმოჩენილიყო, მას რომ ძლიერი სახელისუფლებო სისტემა არ ჩამოეყალიბებინა, ხელისუფლების კონსოლიდაცია ვერ მოეხერხებინა, მაშინ საქართველოში (ისევე, როგორც უკრაინაში) არჩევანი იქნებოდა არა სააკაშვილსა და ალასანიას, არამედ სააკაშვილსა და ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის!
    უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ ასეთი არჩევანის დროს «ალიანსის» ლიდერები ერთმნიშვნელოვნად ისევ სააკაშვილს უჭერენ მხარს. საკმარისია გავიხსენოთ სოზარ სუბარის მოქმედება 2008 წლის 5 იანვრის არჩევნების შემდეგ, როდესაც სწორედ სუბარი იყო პირველი, ვინც შეხვდა მიხეილ საააკშვილს და ამით დაეხმარა ლეგიტიმაციაში.
    რატომ შეხვდა? იმიტომ, რომ მაშინ არჩევანი იყო ასეთი: სააკაშვილი თუ ბადრი პატარკაციშვილი? ესე იგი, როცა სჭირდებათ ამ ჩვენს ««დემოკრატებს», მაშინ სწორედ ასე მოქმედებენ, მაგრამ სიტყვით საქართველოშიც ისეთივე «გახსნილობას» მოითხოვენ, როგორც უკრაინაში. ოღონდ მხოლოდ იმ არჩევანის ჩარჩოებში («სააკაშვილი-ალასანია») რაც თვითონ მოსწონთ.
    თუმცა ნურას უკაცრავად! დღევანდელი პრეზიდენტი რომ იუშენკოსავით მოქცეულიყო რევოლუციის შემდეგ, დღეს მოსახლეობა სულ სხვა არჩევანის წინაშე იქნებოდა.
   

ქვეყანა უფსკრულის პირას

    იუშენკოს კი ისტორია არ აპატიებს იმას, რაც ჩაიდინა და რისთვისაც თავისი სამშობლო გასწირა. პრეზიდენტის მიერ უცხო ენაზე წარმოთქმული სიტყვა მხოლოდ პირველი ნიშანია. რუსეთის მიზანი უკრაინულ არჩევნებში იანუკოვიჩის დამაჯერებელი გამარჯვება სულაც არ ყოფილა. მოსკოვში შესანიშნავად ესმით, რომ იანუკოვიჩი ისევე ვერ გახდება «პრორუსული პოლიტიკოსი», და ისევე ვერ დააბრუნებს უკრაინას სსრკ-ს შემადგენლობაში, როგორც ეს მისმა მეზობელმა და მეგობარმა, «ბატკა» ლუკაშენკომ ვერ მოახერხა.
    სამაგიეროდ, იანუკოვიჩი (ვიმეორებ) სსრკ-ს დააბრუნებს უკრაინაში! დააბრუნებს კორუფციას, ოლიგარქიას, უიმედობას, მთლიანობაში ლეონიდ კუჩმასდროინდელ ჭაობს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მუდმივ დაპირისპირებას და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს იდეის თანდათან კვდომას - ფედერალიზაციას (უკევ გაიჟღერა კიდეც ამ იდეამ) და დაშლას.
    სწორედ ეს უნდოდა და ეს სჭირდებოდა მოსკოვს! ამდენად, ვითარება, როდესაც იანუკოვიჩი ტიმოშენკოს მხოლოდ 2-3 პროცენტით უსწრებს, თანაც ხმების ნახევარზე მეტს თვითონაც ვერ აგროვებს, არის იდეალური რუსეთისთვის!!! ეს მოსკოვს აძლევს საშუალებას, ვითომ «არბიტრის» როლიც კი შეასრულოს.
    დავაკვირდეთ: გაიძვერა ელჩი ზურაბოვი არჩევნების დღეს ორივე კანდიდატის საარჩევნო შტაბში მივიდა, ხოლო რუსეთის პერზიდენტი მედვედევი, ისევე როგორც პრემიერი პუტინი, არ ჩქარობენ მილოცვას იანუკოვიჩისათვის.
    ისინი ელიან, რომ ორივე მოწინააღმდეგე მოსკოვში გაიქცევა და იქ მორიგდება. ამ «მორიგების» შედეგად კი, პრეზიდენტი იანუკოვიჩი იქნება, ხოლო პრემიერი – ისევ იულია ტიმოშენკო. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას ვერ შეძლებს (საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა არავის აქვს), ხოლო ტიმოშენკო მთავრობის თავმჯდომარედ დარჩება, ოღონდ «მოვალეობის შემსრულებლის» სტატუსით.
    ესე იგი, ისევ და ისევ, მუდმივი დაპირისპირება, მუდმივი ძიძგილაობა, გაწევ-გამოწევა, სკანდალები, რიგგარეშე არჩევნები, გადადგომები, სენსაციები, საზიზღარი სცენები პარლამენტში, ხოლო საცოდავი უკრაინა იმ ადამიანს დაემსგავსება, ჭაობიდან ამობობღებას რომ ცდილობს, მაგრამ ფართხალის შედეგად კიდევ უფრო ღრმად რომ ეფლობა.
   

უკრაინის მწარე გაკვეთილი

        აი, ეს არის შედეგი «იუშენკოს დემოკრატიისა». ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ უკრაინა, რომელიც 2004 წლისთვის საქართველოს ყველა მაჩვენებლით უსწრებდა, დღეს უმთავრესი მაჩვენებლებით (არა მხოლოდ კორუფციით, არამედ ერთ სულზე შემოსავლებით და ასე შემდეგ) ჩამოგვრჩება.
    გაკვეთილია იმის დასადასტურებლად, რომ რევოლუციას აქვს თავისი კანონები და თუ რევოლუციის შედეგად დამარცხებულ მოწინააღდმეგეს უტოვებ რესურსებს (მედიას, ფინანსებს, მთლიანობაში შესაბამის გარემოს), მაშინ ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოახერხებს რევანშს, რადგან რეფორმებით გამწარებული მოსახლეობა მას აირჩევს.
    სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილისა და «ნაციონალური მოძრაობის» პოზიცია ბევრად უფრო თანმიმდევრული და პატიოსანია, ვიდრე «რესპუბლიკელების» და «ალასანიისტებისა», რომლებმაც ერთის მხრივ რევოლუციაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ ისეთი არჩევანისთვის უნდათ, როგორიც თვითონ აწყობთ (სააკაშვილი-ალასანია) და არა იმგვარისთვის, რაც ბუნებრივად წარმოიშობა - ხელისუფლების «მთხლეობისა» და «ჩმორობის» პირობებში.
    არჩევანი იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის იყო არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის. და ამ არჩევნებში იანუკოვიჩმა გაიმარჯვა! გაიმარჯვა ყოველგვარი გაყალბების გარეშე!!!
    ხოლო თუ დღევანდელ საქართველოში არჩევანი გვაქვს არა წარსულსა და მომავალს, არამედ მომავლის ორ პროექტს შორის, ეს სწორედ იმ «ავტორიტარიზმის» დამსახურებაა, რაც ჩვენებურ ««დემოკრატებს» თითქოსდა ძალიან არ მოსწონთ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიიღეს აქტიური მონაწილეობა «ვარდების რევოლუციაში», ახლა კი ყოველნაირად ცდილობენ რევოლუციის გზით მოსულ ხელისუფლებას რევოლუციის კანონთა დარღვევა აიძულონ.