საერთაშორისო მიმოხილვა. 27 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 მარტი. 2025 წელი

USA-EU „სატარიფო ომი“, სამწუხაროდ, მწვავდება; დონალდ ტრამპმა შეასრულა თავისი მუქარა - დააწესა 25%-იანი საბაჟო ტარიფი ყველა ავტომობილზე, რაც ამერიკაში არ არის წარმოებული.

ბრძანებულება (Executive order) ჯერ არ არის ხელმოწერილი, თუმცა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდებაო - ამბობს ტრამპის გარემოცვა

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელი (პირველ რიგში გერმანელი) ავტომწარმოებლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ამერიკაში განთავსებული მათივე საწარმოები ექსპორტის „ჩანაცვლებას“ ვერ შეძლებენ.

მაგრამ მეორეს მხრივ, ტრამპის გადაწყვეტილება მწარედ დაარტყამს იმ ამერიკელებს, ვისაც გერმანული ამ იაპონური  მანქანები ურჩევნია ამერიკულს, რაკი საყოველთაო აზრით, ავტომობილთა რამდენიმე კლასში (გარდა პიკაპების და კიდევ ქროსოვერებისა ალბათ) გერმანული და იაპონური  მანქანები უფრო ხარისხიანია, ვიდრე ამერიკული.

ევროპული და იაპონური მანქანები გაძვირდება რაც მარკეტინგის კანონებით სულაც არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ამერიკელები მეტ Ford-ს იყიდიან, თუკი მანამდე არ ყიდულობდნენ.

მაინც ევროპულ ან იაპონურ მანქანას იყიდიან, მეტს გადაიხდიან და ტრამპზე გაბრაზდებიან ანუ რეალური ეფექტი ამერიკული მანქანების წარმოების ზრდის თვალსაზრისით ალბათ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ თუ დადგება, ხოლო ბრაზი ახლავე მოიმატებს იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილების მთავარი „სარგებელმიმღები“ რა თქმა უნდა ილონ მასკი და მისი Tesla გახდება.

აშშ პრეზიდენტი გასულ კვირას პირადად (!!) მონაწილეობდა Tesla-ს ორი სხვადასხვა ავტომობილის პრომოუტირებაში, თითქმის რეკლამირებაში....შეიძლება ასეც ითქვას.

აბა პრეზიდენტი რომ მათ ფონზე ვიდე-სესიას და ფოტო-სესიას მოაწყობს მწარმოებელთან (ილონ მასკთან) ერთად ამას სხვა რა ჰქვია?

ევროპა საპასუხოდ ამერიკულ ვისკიზე ზრდის საბაჟო ტარიფებს.

აბა ამერიკული მანქანები ევროპაში თითქმის არ იყიდება და.....მით უმეტეს იაპონიაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ტრამპი ამაზე ამბობს: „არ უშვებენ თავიანთ ბაზრებზე  ჩვენს მანქანებსო“.

ევროპელები პასუხობენ: აწარმოეთ „მერსედესზე“, „პორშეზე“. „ლამბორჯინიზე“ უკეთესი და.....ნახავთ  თუ არ გაიყიდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში მთავარი თემა კვლავ Signal-ის ჩათიდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაა: ჯგუფის წევრ 18 ადამიანს შორის აღმოჩნდა Atlantic მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი.

ჯგუფის ადმინი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი, რომელმაც აღიარა შეცდომა და თქვა, რომ უნდოდა ჯგუფში ჩაემატებინა მისთვის სანდო პირი (ვინაობა არ დაუსახელებია) მაგრამ იმის ტელეფონის ნომერი აერია გოლდბერგის ტელეფონის ნომერში.

უბრალოდ გამაოგნებელი ფაქტია და შესაძლოა უოლცის გადადგომით დასრულდეს, რაც დონალდ ტრამპის პირველი ძალიან სერიოზული მარცხი იქნება.

თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეტმა განაცხადა: „არაფერი განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაცია არ განიხილებოდა და ჯგუფში არ დადებულაო“.

პასუხად გოლდბერგმა გამოაქვეყნა ჩათის კონტენტი მთლიანად.

ირკვევა, რომ „დადებულია“ ინფორმაცია იემენში სამიზნეებისა და დარტყმისას გამოყენებულ იარაღზე.

ამაზე საიდუმლო რაღა უნდა იყოს?

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ქვეყნდება  ახალი დეტალები ერ რიადის მოლაპარაკებებზე რუსეთსა და ამერიკას შორის.

უკვე ვწერდით, რომ რუსების მიზანი ამ შემთხვევაში იყო არა დეკლარირებული, არამედ ფარული მიზნების მიღწევა.

ანუ ერთგვარი დიპლომატიური ტექნოლოგიაა: „შეფუთოს“ მეორეხარისხოვანი საკითხებით პირველხარისხოვანნი.

დადასტურდა კონკრეტული „გაჟონვით“ ამერიკულ პრესაში: შავ ზღვაზე „სიჩუმის“ ანუ შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, რუსები მოითხოვდნენ სანქციების მოხსნას და განსაკუთრებით, ერთ-ერთი რუსული სახელმწიფო (!) ბანკის, Росселхозбанк გამოყვანას სასანქციო სიიდან.

მაშასადამე..... შავ ზღვაზე უკრაინამ ხომ უკვე დაამარცხა რუსული ფლოტი და „გადადენა“ იგი საცეცხლე წერტილებიდან....... რუსულ ფლოტს აღარ აქვს საშუალება, შეაფერხოს უკრაინული ხორბლის ექსპორტი....... ახლა კი მოსკოვი „დიდსულოვნად“ და „კომპრომისულად“ (ვითომ) აცხადებს „თანხმობას“ უკრაინამ განაგრძოს ხორბლის ტრანსპორტირება, ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვს Росселхозбанк-ის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას.

რატომ? იმიტომ, რომ ამ ბანკით აპირებს განახორციელოს დოლარის (!) ტრანზაქციები, რაც სჭირდება გლობალურ ნავთობით ვაჭრობაში რუსული ნავთობისთვის ნიშას დასაბრუნებლად.

მივაქციოთ ყურადღება, რომ მეორე მოთხოვნა ამ მოლაპარაკებებზე, იგივე რუსული დელეგაციისა, იყო „სადაზღვევო სანქციების“ მოხსნა: 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებისთანავე  ამერიკამ და ევროპამ აუკრძალეს თავის სადაზღვევო კომპანიებს, გლობალურ გიგანტებს, დაეზღვიათ რუსული ნავთობის გადამზიდი ტანკერები.

შედეგად, ეს ტანკერები, - რომელი ქვეყნის დროშის ქვეშაც არ უნდა ემოძრავათ, - მსოფლიოს ვერც ერთ პორტში ვეღარ შედიოდნენ.

პუტინი იძულებული გახდა შეექმნა ე.წ. „ჩრდილოვანი ტანკერ-ფლოტი“, მაგრამ მან მხოლოდ ნაწილობრივ გადაუწყვიტა პრობლემა.

შესაბამისად, მოსკოვი შავ ზღვაზე (სადაც ისედაც დამარცხებულია უკრაინის წყალზედა, ასევე წყალქვეშა დრონებით და Neptun-ის რაკეტებით) „დიდსულოვნად თანხმდება“ ცეცხლის შეწყვეტას, ოღონდ თუ სანაცვლოდ მიღებს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო რუსული ბანკის დე-სანქცირებას ანუ მისი მეშვეობით, ტრანზაქციების აღდგენას, ამერიკაში და ევროპაში დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნას და ა.შ და ა.შ.

ერთი დიდი ბანკიც საკმარისია, რათა ეს „საბანკო ბლოკადა“, რომელიც ისედაც არ ყოფილა ტოტალური, საერთოდ ჩამოიშალოს.

უკრაინა, რასაკვირველია, ამის წინააღმდეგია.

 კიევი თანახმაა შეწყდეს ცეცხლი შავ ზღვაზე, მაგრამ სანქციების მოხსნას არ თანხმდება.

 

აქ დონალდ ტრამპის გუნდი მოულოდნელ (სინამდვილეში მოსალოდნელ) პრობლემას შეეჩეხა: ევროკავშირმა დაიკავა აბსოლუტურად უკომპრომისო პოზიცია „შავი ზღვის გარიგების“ სანაცვლოდ ანტიპუტინური სანქციების გაუქმების საკითხში.

EU კატეგორიულად წინააღმდეგია სანქციების გაუქმების.

და ეს ევროკავშირის დიდ სახელმწიფოთა პოზიციაა.

უნგრეთი კი არის პრო-პუტინურად განწყობილი, თუმცა არ გააჩნია ძალა, ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების და მთელი კავშირის პოზიცია დაძლიოს.

თანაც ევროკავშირის დამოკიდებუელბა  არ არის გამოწვეული მხოლოდ კიევის პოზიციის გაზიარებით. ევროკავშირი ამ ომის „მეზობელია“, პუტინის აგრესია ფაქტობრივად ევროპის წინააღმდეგ ხორციელდება და ევროპას  სწორედაც პრაგმატულად არ აძლევს ხელს, პუტინმა მთლიანად ან თუნდაც ნაწილობრივ მიაღწიოს თავის მიზნებს.

ამერიკას ნამდვილად შეუძლია დოლარის ნაწილში, თუნდაც ლოჯისტიკის (ნავთობის ექსპორტის) ნაწილში ნაწილობრივ მოხსნას სანქციები, თუმცაღა გეოგრაფიულად სწორედ  ევროპაზე გადის ბევრი „ხაზი“, როგორც ვირტუალური, ასევე On the ground.

ტრამპს ეს, როგორც ჩანს ესმის. ასე ღრმად შესვლა ევროპასთან კონფლიქტში მას არ შეუძლია. ამიტომ გუშინ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა პუტინის გაფრთხილებით: „რუსული მხარე ფეხს ითრევს სამშვიდობო შეთანხმებაზეო“.

უკრაინა ამგვარ გარიგებას (შავ ზღვაზე ისედაც დამარცხებული რუსული ფლოტის პირობებში ცეცხლის შეწყვეტა, ამ ფლოტის სევასტოპოლში დაბრუნება, დონბასზე ომის გაგრძელება) არ დათანხმდება.

რუსეთმა კი უკვე დაიწყო კიევის დადანაშაულება: „უკრაინა იმ შეთანხმებასაც კი არღვევს, რაც ენერგოობიექტების დაბომბვის შეწყვეტას ითვალისწინებდაო“.

მოსკოვი ჩვეულ ტექნოლოგიას იყენებს ტყუილ-მართლის აზელვის და დემაგოგიისა: შეთანხმება არ ითვალისწინებდა სამხედრო ობიექტების დაბომბვის შეწყვეტას ორივე მხრიდან. თუ უკრაინის არმია რუსეთის რომელიმე რეგიონში ან თუნდაც ოკუპირებულ დონბასზე სამხედრო ობიექტების მიმართულებით რაკეტას გაისვრის.....რუსებს მუდამ შეუძლიათ დემაგოგიურად თქვან, რომ რაკეტა ენერგეტიკული ობიექტის მიმართულებით ისროლა უკრაინამო. განა რომელ რაიონში ან რეგიონში არ არის ენერგეტიკული ობიექტები? ყველგან არის.

წინასწარი დასკვნა: პუტინის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე Росселхозбанк-ის სანქციებიდან გამოყვანაა.

ჯერ ჯერობით ვერ მიაღწია და თუ ევროკავშირი კვლავინდებურად „მაგრად დადგება“ (რისი 100%-იანი რწმენა მაინც არ არსებობს სამწუხაროდ) ვერც მიაღწევს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

 სასიხარულო ცნობები მოდის რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან: კურსკის ოლქში უკან დახევის შემდეგ, უკრაინული არმიის საშტურმო ბატალიონები მეზობელ ბელგოროდის ოლქში შეიჭრნენ.

კვლავ მძიმე სამხედრო ტექნიკით.

რუსები აცხადებენ, თითქოს იყო მხოლოდ და მხოლოდ „შეჭრის მცდელობა“, მაგრამ მოიგერიეს;

 არადა,  რუსი (!) ბლოგერები ადასტურებენ, რომ უკრაინის არმიამ მოახერხა რამდენიმე კილომეტრით უკვე მეორე რუსულ ოლქში (Белгородская область) წინ წაწევა.

სიტუაცია იმდენად სერიოზულია, ბელგოროდის Краснояружск-ის რაიონიდან მოსახლეობის ტოტალური ევაკუაცია განხორციელდა. დაახლოებით 15 000 ადამიანისა.

უკრაინული არმია აქტიურად იყენებს საკუთარი წარმოების ახალ დრონებს, რომლებსაც თავად დაცინვით „Баба Яга" უწოდეს - რუსული ზღაპრების მთავარი ნეგატიური პერსონაჟის სახელი.

შეტევა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ რუსები იძულებულნი გახდნენ გადაესროლათ ბელგოროდის ოლქში სამხედრო ქვედანაყოფები დონბასიდან.

 მაგალითად კრამატორსკის და კუპიანსკის მიმართულებებიდან, რაც იქ აგრესიის შესუსტებას ნიშნავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ყარაბაღის მოძრაობა უნდა დამთავრდეს, რადგან...„ეს მოძრაობა სომხური სახელმწიფოს არშემდგარობას განაპირობებდაო“.

ისტორიული განცხადებაა!!!

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისგან მოწყვეტა და სომხეთთან მიერთება იყო „სომხური ეროვნული მოძრაობა“.

ეს განცხადება ფაშინიანმა გააკეთა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა დოკუმენტი სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესახებ.

და ფაშინიანმა ისიც ახსენა, რომ „ყარაბაღის მოძრაობის“ დასრულების გარეშე ვერ გათავისუფლდებიან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელები, მათ შორის მილიარდერი ვარდანიანი, რომელიც ამჟამად ბაქოს ციხეში იმყოფება სხვებთან ერთად და შიმშილობებს აცხადებს პროტესტის ნიშნად.