ქართული Deep state ბიუროკრატიის ბედისწერა

ქართული Deep state ბიუროკრატიის ბედისწერა

განათლების მინისტრის გადადგომა ძალიან ცუდი ნიშანია სინამდვილეში ხელისუფლებისთვის.

თანაც ღრმა სისტემური მიზეზით, რაც ქართული ბიუროკრატიის საშუალო და მაღალი რგოლის ანუ ამჟამინდელი ქართული Deep state-ის თვისებრიობას უკავშირდება.

დღევანდელი წინასაარჩევნო ვითარება ან/და პოლიტიკური მოცემულობანი ან/და ძალთა განლაგება ან/და სახელისუფლებო და ოპოზიციური „რესურსები“ თითქოს შეუდარებელია 2003 წლის 2 ნოემბრამდელ სიტუაციასთან მაგრამ.......მაინც შეუძლებელია ამ გადადგომამ არ შეგვახსენოს ის სიტუაცია, რაც „ვარდების რევოლუცია-I“-მდე ხდებოდა, როცა ჩინოვნიკები პანტა-პუნტით ხტებოდნენ გემიდან, რომელიც, მათი აღქმით.....„უკვე იძირებოდა“.

- - - - - - - - - - - - - - - - - -

რატომ გადადგა განათლების მინისტრი?

რა თქმა უნდა „ილიაუნის“ სკანდალის შედეგად!

ამას „წყალი არ გაუვა“ - ნამდვილად ეს იყო მისი „აღმძრავი“ იმ ვითარებაში, როცა „ოპოზიციურმა კლასტერმა“, მისი უმძლავრესი და უნიჭიერესი „მედია-სატელევიზიო ლეგიონებით“ მოახერხა „ილიაუნის“ სკანდალის ქცევა საინფორმაციო დომინანტად.

შესაბამისად, ეს მინისტრი ხდებოდა სკანდალის ცენტრალური ფიგურა.

და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ახლა იმაზე მსჯელობას, კონკრეტულად ამ განათლების მინისტრის განზრახვა მართლა იყო თუ არა ილიაუნის „დასჯა“ აქციების დროს სტუდენტების ან პროფესორ მასწავლებელთა აქტივობისთვის.

(ბევრი მეგობრისგან განსხვავებით, მე არა ვარ ამაში ასე „ურყევად“ დარწმუნებული, რაკი „ბიუროკრატიული მანქანა“, ზოგადად, მით უმეტეს ჰიბრიდულ დემოკრატიაში, ესოდენ პრიმიტიულად და სწორხაზოვნად არ მუშაობს; თუმცა ეს სხვა თემაა და ამას არა აქვს მეთქი მნიშვნელობა)

მთავარი ისაა, რომ ასე ა ღ ი ქ მ ე ბ ო დ ა (უდავო ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკაში მთავარია არა ფაქტი(!), არამედ აღქმა(!) შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მინისტრს ეკისრებოდა.

ჰოდა ამ მაღალი რგოლის ბიუროკრატმაც იმოქმედა ბიუროკრატიისათვის ზოგადად დამახასიათებელი ინტენციით: „კარგით რა.......ერთი თქვენი....აქეთაც და იქეთაც......ამ პოლიტიკურ ომში ჩარევა არ მინდა რა ......მთელი ცხოვრება წინ მაქვს......მეც და ჩემებსაც, რომლებმაც დასავლეთში უნდა ისწავლონ და იცხოვრონ......მე მინდოდა მშვიდად, წყნარად მეკეთებინა ჩემი საქმე, რაც ძალიან კარგად ვიცი.....პროფესიონალი ვარ....უნარიანი ვარ........უბრალოდ მემუშავა რა.......სულაც არ მეპიტანვება პოლიტიკური ქარცეცხლის ცენტრში აღმოჩნდე......წავალ ჩემთვის....წავალ კერძო სექტორში.....საქმის მეტი რა მექნება.....ვიცხოვრებ ჩემთვის მშვიდად......დამანებეთ თავი......“ და ა.შ

ბიუროკრატია, ზოგადად, ასეთია ბატონებო!

სწორედაც ამგვარია მისი იმმანენტური ბუნება, თვისებრიობა: ის მუდამ კონფორმისტულია და თითქმის (თ ი თ ქ მ ი ს!) არასდროს არიან ბიუროკრატიაში, მათ შორის უმაღლეს, მით უმეტეს საშუალო რგოლში „იდეალისტები“, ვინც „რაღაცის გამო“ მტკიცე პოზიციას დაიკავებენ, საკუთარი და შვილების მომავლით გარისკავენ, „აუტკივარ თავს აიტკივებენ“ და ა.შ და ა.შ

როცა ბიუროკრატი ხედავს, რომ ხელისუფლება მას ვერ იცავს (!) თავდასხმებისგან, ბრალდებებისგან..... ვერ უზრუნველჰყოფს, რომ ოპოზიციური მეინსტრიმის, მათ შორის საინფორმაციო სივრცის ცენტრალურ ნეგატიურ ფიგურად არ იქცეს....... ეს ბიუროკრატი უბრალოდ ასე გულგრილად გაეცლება სიტუაციას: თავს უშველის, აუტკივარ თავს ნამდვილად არ აიტკივებს......

წავა თავისთვის და „ხვალ“ ხომ აღარავის ეხსომება: 1 წლის შემდეგ, როცა სულ სხვა ამპლუათი, რომელიმე წარმატებული კერძო საშუალო სკოლის მფლობელის სტატუსით გამოჩნდება ნებისმიერი (თუნდაც იმავე ოპოზიციური) ტელევიზიის ეკრანზე, ვეღარც იცნობს ბევრი, რაკი სრულებით უჩინარი და „ნაცრისფერი“ იყო მინისტრობისას, მისი სახელ-გვარიც არავინ იცოდა ხეირიანად......აღარც არავის გაახსენდება მაინცდამაინც, რომ ის მინისტრი იყო....რომ იმ სკანდალის ცენტრში „კინაღამ“ (!) აღმოჩნდა.....რაც „ილიაუნს“ დაუკავშირდა მაშინ.....და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ეს „გადადგომა“ შეიძლება მხოლოდ პირველი, თუმცა არა უკანასკნელი აღმოჩნდეს:

რაც უფრო „დაიძაბება“ არჩევნების მოახლოების კვალობაზე, მით უფრო გაძლიერდება გემიდან-წყალში „ტყაპა-ტყუპი“ .

და უკიდურესი ექსტრემალური შემთხვევების გარდა, ეს „ტყაპანით“ გადამხტარები რაიმე პოლიტიკურ განცხადებას კი არ გააკეთებენ ანუ ხელისუფლებაზე კი არ იტყვიან „მან დამავალა თორემ მე ილიაუნი საუკეთესო უნივერსიტეტად მიმაჩნია დამიჯერეეეეეეთ......“ ესე იგი „ოპოზიციურ კლასტერში კი არ გადავლენ.

არა, როგორ ეგკადრებათ: „ბატონ ბიძინას“ მადლობას გადაუხდის ... პრემიერ-მინისტრს მადლობას გადაუხდის...ისინიც დაიცავენ თამაშის წესებს და თვითონაც მადლობას გადაუხდიან.......“

ეს „ურთიერთმადლობები“ თამაშის წესია, „ტექნოლოგიაა“ რომელიც იმ სისტემურ მოცემულობას ნამდვილად არ ცვლის, რომ „ჰიბრიდულ დემოკრატიაში“ ბიუროკრატია მუდამ „ქარის მიმართულების მყნოსავია“.

ასეთია მისი ბ უ ნ ე ბ ა, მისი სუბსტანციური, ფენომენოლოგიური არსი: მუდმივად „ამონიტორინგებდეს, ყნოსავდეს ჰაერს, რათა ზუსტად განსაზღვროს მომენტუმი, როდის უნდა გადახტეს გემიდან-წყალში ტყაპანით“.

აბა ილჰამ ალიევის რომელიმე მინისტრი კი არ გადადგება.

ვაი მის უბედურებას. '

ან რა სჭირს „გადასადგომი“?

- - - - - - - - - - - - - - - - - -

და..... სისტემური გამოსავალი რა არის ამ მარაზმიდან?

ვთქვი რაც არის: კონსოლიდირებული დემოკრატია (წერტილი, გნებავთ ძახილის ნიშანი, გნებავთ მრავალწერტილი თუ ორი წერტილი)

სხვა არაფერი.

არც პირველნი ვართ და არც უკანასკნელნი.