ბარამიძემ თქვა, ქართველები აფხაზეთში ტყვეს არ იყვანდნენო
ბარამიძეს, რასაკვირველია, არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა.
ამით თავიც დაიზიანა, საკუთარი გუნდიც დააზიანა და რაც მთავარია, გარეწარ, პირსისხლიან სეპარატისტებს მისცა „სათქმელ/სადემაგოგებელი“.
მაგრამ გია ბარამიძეს ნამდვილად არ უთქვამს: „ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენო“
გია ბარამიძემ თქვა: „ქართველები ტყვეებს არ იყვანდნენ და მტერს იქვე ხვრეტდნენო“
ეს ორი აბსოლუტურად განსხვავებული საზრისია.
რაკი „თვალსაჩინო ილუსტრაციები“ უფრო ჭრის ამ ქვეყანაში ვიდრე საზრისები, შეგახსენებთ ეპიზოდს დიდი სტივენ სპილბერგის გენიალური ფილმიდან „რიგითი რაიანის გადასარჩენად“:
ამერიკელი ჯარისკაცები, საფრანგეთის სანაპიროზე დესანტირების შემდეგ, ალყას შემოარტყავენ გერმანელთა სანგრებს და ბუნკერებს.
სანგრებიდან წამოიმართებიან გერმანელი ჯარისკაცები, ხელებს აწევენ და ყვირიან: „გნებდებითო“.
ამერიკელი ჯარისკაცები იქვე ხვრეტენ და ერთ-ერთი ამერიკელი ცინიკურად ამბობს: „ვერ გავიგონე, მგონი იძახდა „ხელები დავიბანეო“
აი ეს აღწერა დიდმა ამერიკელმა ხელოვანმა მის პატრიოტულ (!!) და ისტორიზმით გაჟღენთილ ფილმში.
ანუ ის, რაც ხდებოდა ომის დროს, ხდება ომის დროს და როგორც ჩანს მუდამ მოხდება ომის დროს, რაკი ომისა და ბრძოლის არსი ფარაონ ტუტანჰამონის შემდეგ არ შეცვლილა;
არც ოდესმე შეიცვლება ისევე, როგორც ადამიანის ბუნება არ შეიცვლება
ერთია, როდესაც მტერს ტყვედ აიყვან, ხელებს შეუკრავ, სადმე დილეგში ჩააგდებ, მერე გამოიყვან, მიაყენებ კედელთან, დახვრეტ (აი ეს არის „ტყვის დახვრეტა“) და სულ სხვაა როცა „ტყვედ არ აიყვან და იქვე ხვრეტ“ თუნდაც უკვე ხელებაწეულს, რაც თქვა ბარამიძემ და რაც აღწერა იმ შესანიშნავ, ეპოქალურ ფილმში სპილბერგმა
თუმცა, კიდევ ვიმეორებ: გია ბარამიძეს ეს არ უნდა ეთქვა არავითარ შემთხვევაში!
ისევე, როგორც გენერალ ყარყარაშვილს არ უნდა ეთქვა 1992 წელს აფხაზეთის ტელევიზიით გამოსვლისას:
„თუ ამ ომში ასი ათასი ქართველი მოკვდება, მაშინ ასი ათასი აფხაზიც მოკვდება“ („Если погибнут сто тысяч грузин, то погибнут сто тысяч абхазов")
აფხაზები 100 000-ზე მეტნი არც ყოფილან არასდროს და გენერალ ყარყარაშვილის ეს უცაბედი, ემოციური განცხადება (თანამებრძოლები მოუკლეს იმ დღეს) სეპარატისტებმა, ასევე მოსკოვმა „ხელზე დაიხვიეს“ თითქოს „ქართველები აფხაზი ერის სრულ გენოციდს აპირებენ ან აპირებდნენო“ (დღემდე იძახიან) რაც არათუ რომელიმე ქართველს, არამედ თვით გენერალ ყარყარაშვილს აზრადაც არ მოსვლია ანუ ყალბი, პროპაგანდისტული ინტერპტრეტაციაა
და აქვე: გია ბარამიძე სამხედრო მოსამსახურე არასდროს ყოფილა.
მაგრამ ის, თითქოს მას იარაღი ხელში არ სჭერია და აფხაზეთში ფიზიკურად, პირადად საერთოდ არ უომია (როგორც შეეძლო და რაც შეეძლო), არის უსინდისო და უზნეო ტ ყ უ ი ლ ი!!
ბარამიძეს ერთ რამეში კი კატეგორიულად არ ვეთანხმები: აფხაზები რომ ბრძოლისას ქართველ ტყვეებს იყვანდნენ და „იქვე არ ხვრეტდნენ“, ეს „რუსული დისციპლინა“ არ ყოფილა.
ეს.....დიახაც......აფხაზური დისციპლინა იყო!
ამიტომაც დაგვამარცხეს.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი