პუტინი და ევრო-ამერიკული დეკადანსი

პუტინი და ევრო-ამერიკული დეკადანსი

რუსეთის „მეორედ მოსული“ პრეზიდენტის ინაუგურაცია გარეგანი ხატითაც კი ამ ქვეყანაში არსებული სიტიაციის თვალსაჩინო ილუსტრაციად იქცა: მოსკოვის დაცარიელებული ცენტრი . . . .  კრემლის პირქუში კედლები . . . . .  საიმპერატორო კორტეჟის მოძრაობა მთავარი კარიბჭის მიმართულებით.

ერთი სიტყვით, „სდუმდა ტაძარი და სდუმდა ხალხი“.  უფრო ზუსტად, ხალხი არ დუმდა - გარეუბნებში პროტესტსაც გამოთქვამდა, მაგრამ თავ-პირი დაამტვრიეს და ცენტრამდე არ მიუშვეს. სამაგიეროდ, კრემლის წმინდა გიორგის დარბაზში და სხვა ბწრყინვალე დარბაზებში რუსული ელიტა შეიკრიბა. სულ რამდენიმე უცხოელი სტუმარი იყო. მათ შორის პუტინის იტალიელი ძმადნაფიცი სილვიო ბერლუსკონი. გასაგებია, რომ სხვებს ვერ მიიპატიჟებდნენ, რადგან ბევრი არ ჩამოვიდოდა სხვადასხვა „დიპლომატიური მიზეზებით“.

მთლიანობაში, საოცარი კონტრასტია თუნდაც ამერიკულ ინაუგურაციასთან - ქუჩებში გამოსული  ასეულობით ათასი ადამიანით, რომლებმაც აირჩიეს თავისი პრეზიდენტი. პუტინის ინაუგურაცია კი ისეთი ფორმით მიმდინარეობდა, თითქოს მართლა იმპერატორი იყოს - მისთვის ღვთითმოცემული ძალაუფლებით.

ამგვარ ცერემონიალზე კონსტიტუციური ფიცი და სხვა დემოკრატიული ატრიბუტები სრულიად უადგილოა - უფრო ბორის გოდუნოვის ინტრონიზაციის სცენები მოუხდებოდა მუსორგსკის ოპერიდან. თუმცა, იქაც კი, მეფე ხალხს უხრის ქედს ტაძრიდან გამოსვლისას, ხოლო ეს უკანასკნელი გალობს Славься, славься.   

პუტინის ინაუგურაცია კი რაღაც საოცარი ფენომენია: გამოდის, ხალხმა კი არა, ელიტამ აირჩია. უფრო ზუსტად, შეურიგდა მის პრეზიდენტობას და სამეფო კარის მორჩილებით მოუხარა ქედი.

შემდეგ, უძველესი წესისამებრ, მართლაც მეფური ბანკეტი გაიმართა ქართული ღვინით. დიახ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ბანკეტზე არა მხოლოდ ტრადიციულ რუსულ სახალხო სასმელს (არაყს) სვამდნენ, არამედ სადღაც ციმბირში (!) ჩამოსხმულ საფერავსაც. ალბათ იმ ღვინომასალებიდან, რომლებიც 1990-იანი წლებში მივყიდეთ რუსებს და მოლდაველებს.

ბუნებრივია, პუტინს დასავლეთის უკლებლივ ყველა ლიდერმა მიულოცა.  თუმცა ის პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ „დიდ გულსა“ და პრინციპულობას ამჟღავნებენ  უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართ და ევრო-2012-ის ბოიკოტითაც კი იმუქრებიან, რატომღაც არ აქცევენ ყურადღებას რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევას.

ინაუგურაციაზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს „დიდი მოვლენები“ ელის. (Великие свершения). ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პირველ რიგში ყოფილი იმპერიის სივრცეზე „რუსული მიწების შეკრებას“ გულისხმობდა, როგორც ჯერ კიდევ 2000 წელს თქვა საახალხწლო მილოცვაში და მაშინაც არავისი მორიდებია: არც იმპერიისგან გათავისუფლებული ხალხების და არც იმავე დასავლეთის. თანაც, ჯერ კიდევ ამშინ, როცა რუსეთი ბევრად სუსტი იყო - დღეს კი ნავთობდოლარებითაა გაბერილი.

ასე რომ, უახლოესი 12 წლის განმავლობაში, პუტინი სწორედ ამ რევანშისტული  პროგრამის  განახორციელებას შეეცდება. ხოლო დასავლეთის ამჟამინდელი გულგრილობის, უპრინციპობის, დაქსაქსულობისა და სისუსტის გათვალისწინებით, საკმაოდ სერიოზული შანსიც აქვს, საბოლოო წარმატებას მიაღწიოს.

 

2012