უკუნეთი ოპოზიცია

უკუნეთი ოპოზიცია

ახალგაზრდა ლევანის ვნებანი

        პრეზიდენტ სააკაშვილთან მორიგი შეხვედრის შემდეგ, ე.წ. «გაერთიანებული ოპოზიციის» ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ აუცილებელია ოპოზიციის ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება და ერთიანი პროგრამის შემუშავება.
        ბუნებრივია, თუ გაჩეჩილაძე «გაერთიანებული ოპოზიციის» ლიდერია, იგი სწორედ ასეთი წინადადებებით უნდა გამოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი ხდება, საერთოდ რისი და ვისი ლიდერია?
        «გაერთიანებული ოპოზიცია» პარტიაა, რომელსაც ერთადერთი წევრი – თვით ლევან გაჩეჩილაძე ჰყავს? თვითონ არის ამ პარტიის წევრიც, სპიკერიც და თავმჯდომარეც?
        თუმცა ნებისმიერი წინადადება «გაერთიანების» შესახებ ამ «ვითომ გაერთიანებულ» ოპოზიციაში ისეთ მძვინვარე წინააღმდეგობას აწყდება, რომ 26 მაისის «ტრიუმფალური» აქციის დროსაც კი ათეულობით ათასი ადამიანი სახლებში ერთიანი ლიდერის აურჩევლად და ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შეუქმნელად გაუშვეს. თანაც, წინასწარი დაპირების მიუხედავად, რასაც იგივე გაჩეჩილაძე «აჟღერებდა».
        მთავარი მიზეზი ამ ოპოზიციური დომხალისა ის არის, რომ არავითარი ერთიანი პროგრამა ამ ოპოზიციას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე კი, ერთიანი პროგრამის და გეგმის არარსებობას ხელისუფლების წინააღმდეგ ნეგატიური პროპაგანდით ნიღბავენ.
        თუ ამ პროპაგანდას ვირწმუნებთ, მალე იმ დასკვნამდეც მივალთ, რომ «ნაციონალურ მოძრაობაში» ბავშვებს ჭამენ. თუმცა ამის შესახებ მმართველი პარტიისა და «კაციჭამია ხელისუფლების» ყოფილმა ლიდერებმა რატომღაც მხოლოდ მას შემდეგ განაცხადეს, რაც ხელისუფლება დატოვეს. უფრო ზუსტად, ხელისუფლებიდან გააპანღურეს ამა თუ იმ ხერხითა და «ტექნოლოგიით».

კაციჭამია დემონსტრანტები
       

        მხოლოდ ნეგატივზე, მხოლოდ უარყოფითზე, მხოლოდ სხვის შეცდომებზე, ნაკლოვანებებზე და მანკზე ლაპარაკი კი ოპოზიციას საბოლოო ანგარიშით აყენებს ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც თვითონ უჭირს გამოსავლის პოვნა და აი, რატომ:
        ასეთ ოპოზიციას მხოლოდ იმგვარი მომხრეები ჰყავს, რომლებსაც ვერანაირ «დიალოგს» ვერ გააგონებ და ყოველთვის «შევარდნა-შეჭრის» მომხრე არიან. ხოლო როდესაც ოპოზიციური ლიდერები ამას ვერ ბედავენ და ხალხს «უაზროდ დაატარებენ» ქუჩებში, - ღიზიანდება, მზადაა «ლიდერებს» ცხვირ-პირი დაამტვრიოს, როგორც ეს 26 მაისს კინაღამ მოხდა.
        ამ «მიწოლის» განსამუხტად, ოპოზიცია იძულებულია ვითომ რადიკალური აქციები მოაწყოს – რკინიგზა ერთი საათით გადაკეტოს, რაც თავის მხრივ დასავლეთის უარყოფით რეაქციას და თვით ოპოზიციაში განხეთქილებას იწვევს.
        არადა, ამ შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერები უფრო ტყუიან, ვიდრე მათი მომხრეები. მართლაც: თუ ხელისუფლება კაციჭამიაა, მაშინ მასთან რომელ დიალოგზეა ლაპარაკი? თუ ხელისუფლება ქვეყანას განზრახ ღუპავს, აქცევს, ძარცვავს, შლის, - ასეთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკება როგორ შეიძლება? და თუ ამგვარ ხელისუფლებასთან მაინც აწარმოებთ დიალოგს და არსად არ «იჭრებით», არსად არ «ვარდებით» მაშინ თქვენ რა ოპოზიცია ხართ? ერთი სიტყვით «კითხვები ჩნდება», რაც მერე საკანში დიდ გაღიზიანებას იწვევს.აქაოდა, კითხვების დასმას როგორ ბედავთ – ჩვენ ბრმად უნდა გვენდოთ, რაკი პატიოსნებისა და მოუსყიდველობის განსახიერებანი ვართო.
        ასეთ ლოგიკას დღევანდელი ოპოზიციური ფრონტი ბევრს ვერაფერს დაუპირისპირებს მანამ, სანამ მთელი მისი სტრატეგია ნეგატივზე და ხელისუფლების დემონიზაციაზე ანუ მის სისხლისმსმელ ურჩხულად წარმოჩენაზე იქნება დამყარებული.

რა უნდა ოპოზიციას?

        სინამდვილეში, ოპოზიციას ნამდვილად არ სურს ქვეყნის დაქცევა – მას ურჩევნია ეს ქვეყანა გადარჩეს, რაკი თვითონ უნდათ მას სათავეში ჩაუდგნენ, - სააკაშვილის გადადგომის შემდეგ მინისტრის სავარძლები და დეპუტატობა დაისაკუთრონ. უბრალოდ, დღევანდელი დეპუტატები და დღევანდელი მინისტრები თვითონ ჩაანაცვლონ.
        მაგრამ ამის მისაღწევად, ესე იგი «მიშას გასაშვებად» ისეთ ხალხს ეყრდნობიან, ისეთი ხალხი გამოჰყავთ ქუჩაში, რომელსაც ქვეყანა არც აინტერესებს - მზად არის «შეიჭრას», «დაწვას», «დახოცოს», «გაანადგუროს» «,მოსპოს», «დახვრიტოს» – თუნდაც დაიქცეს ეს ქვეყანა და საბოლოოდ დაიშალოს, თუნდაც შემოვიდნენ რუსული ტანკები და სახელმწიფო მოსპონ – ოღონდ კი საკუთარი ბოღმა და წყენა დაიკმაყოფილოს, ოღონდ ციხეში მყოფი ძმა (ქმარი, მამა, შვილი და ა.შ.) გარეთ გამოვიდეს, ოღონდ საბანკო კრედიტის გადახდა აღარ მოსთხოვონ სრულ ქაოსსა და არეულობაში, ამ მიზნით ბინა ვეღარ გაუყიდონ და . . . . ყველაფერი დანარჩენი წყალს წაუღია.
        აი, ასეთ ხალხს ეყრდნობა ოპოზიცია, რაკი მხოლოდ ხელისუფლების მოწინააღმდეგე (და არა რაიმე ნათელი პროგრამის მომხრე) ადამიანებს იყენებს ძალაუფლებისათვის ბრძოლაში. მათ კი იმიტომ იყენებს, რომ სხვანაირ ადამიანებს რომ დაეყრდნოს, მაშინ ჯერ საკუთარი პროგრამა უნდა გააჩნდეს, ეს ერთიანი პროგრამა კი ოპოზიციას არ გააჩნია, რადგან სინამდვილეში არც არანაირი «გაერთიანებული ოპოზიცია» არ არსებობს: არსებობს მემარცხენე, მემარჯვენე და ბუნდოვანი მიმართულების პარტიათა გაუგებარი, სრულიად ხელოვნური გაერთიანება, რომელსაც არც ერთიანი პროგრამა აქვს, არც რაიმე შეთანხმებული გეგმა (თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ) და არც ერთიანი ლიდერი, რომელიც ამ გეგმის განსახიერება გახდება.
        აქედან გამომდინარე, ჟურნალისტებთან საუბრისას ყოველნაირად თავს არიდებენ კონკრეტულ პროგრამაზე საუბარს. Mმაგალითად, რას გააკეთებენ ეკონომიკაში? საგარეო პოლიტიკაში? რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით? სეპარატისტებთან დაკავშირებით?
        ლევან გაჩეჩილაძემ «პრაიმ-ტაიმს» ამ კითხვაზე ასე უპასუხა: «ჩვენ ხელი მოვაწერეთ ვალდებულებათა ქარტიას და იქ ყველაფერია ნათქვამიო». კი მაგრამ რა არის ნათქვამი იმ ქარტიაში? – არაფერი ზოგადი ფრაზების გარდა!
        ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: Qქარტიის ხელმომწერი «მრავალფეროვანი» ოპოზიცია აცხადებს, რომ გაგრძელდება კურსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაციისკენ, მაგრამ ამავდროულად შენარჩუნდება კორექტული ურთიერთობა რუსეთთან.
        როგორც ჩანს მათ ჰგონიათ, რომ თუ «კორექტულ ურთიერთობას» შეინარჩუნებენ რუსეთთან, ამით პროდასავლური კურსი მოსკოვს ნაკლებად გააღიზიანებს, ხოლო პუტინსა და მედვედევს რაღაც პიროვნული ეწყინათ სააკაშვილისგან (ალბათ «ლილიპუტინი» რომ ეძახა ბელადს) და არა სწორედ ეს კურსი, რომელიც კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიას წყალს უყენებდა.
        კობა დავითაშვილმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ «თუკი ნატოს რეალური სარგებლობა არ მოაქვს საქართველსათვის, ეგება ნეიტრალიტეტზე ვიფიქროთო».
        დღეს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება უკვე აღარ უნდა, რათა «ოპოზიციურ ლეგიონში» განხეთქილება არ შეიტანოს. თუმცა ეს ამჟამად – როცა სააკაშვილი ჯერ დამხობილი არ არის., მაგრამ გვაქვს კი გარანტია, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვლენ, ამ და სხვა ასეთ საკითხებზე მორიგი თავპირისმტვრევა არ დაიწყება? უეჭველად დაიწყება! Eესე იგი ჩვენი მოტყუება უნდათ: ახლა რომ წინააღმდეგობები გამოააშკარავონ, ხალხს დააშინებენ მომავალი დაპირისპირებით («ესენი ხომ ერთმანეთს დაჭამენო») ამიტომ ჯერ ვითომ ერთიანობას ინარჩუნებენ, მაგრამ როგორც კი თავისას გაინაღდებენ, მერე ნახეთ ალიაქოთი და ყველა (დიდ თუ პატარა) საკითხზე ომის დაწყება.

დაჭმა
       

        ამ თამაშში თვით ისეთი ვითომდაც «გულწრფელი» ძალაა ჩართული, როგორიც «ლეიბორისტებია». პარტიის გენერალურმა მდივანმა, იოსებ შატბერაშვილმა «პრაიმ-ტაიმს» განუცხადა, რომ «რასაკვირველია, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს მრავალი საკითხისადმი, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ეხება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია – ახლა მთავარია სააკაშვილი მოვიშოროთ».
         კი, რა თქმა უნდა - «ახლა ნაადრევია». აბა დღეს თუ იტყვიან, მაგალითად, «პრივატიზების შედეგების გადახედვას», «ტარიფების შემცირებას» და «სახელმწიფო მონოპოლიის» დაწესებას ვაპირებთო – იგივე «რესპუბლიკელები» ხომ იძულებულნი გახდებიან საპროტესტოდ ჰარპუნგარჭობილი ვეშაპებივით იბღავლონ?! თუ არა და «ლეიბორისტები» მომავალში აუცილებლად უსაყვედურებენ: როცა პროგრამა გამოვაქვეყნეთ, რატომ მაშინ არ იყვირეთო.
        მაგრამ დღეს ეს ყვირილი არც ერთ მათგანს არ აწყობს – მთავარია ჯერ «მიშა მოიშორონ» და ერთმანეთის თავპირისმტვრევას მომავალ «დემოკრატიულ პარლამენტშიც» მოასწრებენ.
        «რესპუბლიკელთა» ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა საკითხის დასმაც არ მოგვიწონა - «ერთმანეთის ჭამა და თავპირისმტვრევა» რას მიქვია – ნორმალური კონკურენცია იქნებაო.
        არადა, «ნორმალური კონკურენცია» იმ პოლიტიკურ პარტიებს შორისაა შესაძლებელი, რომლებიც მთავარ საკითხებში მაინც თანხმდებიან. როდესაც ერთი «ალთას» ექაჩება, ხოლო მეორე «ბალთას», როცა ერთი კაპიტალიზმის მომხრეა, ხოლო მეორე კომუნიზმისა, - ეს «ნორმალური პოლიტიკური კონკურენცია» კი არა, სამოქალაქო ომი იქნება და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვის რამდენი დეპუტატი ეყოლება მომავალ პარლამენტში.
        სხვათა შორის, ასეთი პარლამენტი (რასაც მორიგი დემოკრატიული რევოლუციის შედეგად გვპირდებიან) უკვე გვყავდა: 1992-1995 წლებში. იმ პარლამენტშიც ყველა ერთად იყო შეყრილი: კომუნო-სოციალისტებიდან – ნაციონალისტებამდე და რადიკალურ მემარჯვენეებამდე. იყო გაუთავებელი გნიასი, ყაყანი, გაწევ-გამოწევა, ხშირად თავპირისმტვრევა, დედის გინება . . .. . ამასობაში კი, მაფიოზები საკუთარ საქმეს «ტკბილად აკეთებდნენ»: ბანკებიდან შეღავათიანი კრედიტები გამოჰქონდათ და «რუსეთში ტყდებოდნენ».
        ვის ეცალა მათთვის, როდესაც «კონცეფციები» იყო გასარჩევი?! უეჭველად ასეთი პარლამენტი გველის უახლოეს მომავალშიც, თუკი ამ ჩვენს მერამდენე წრეზე მბრუნავ ქევყანაში კიდევე ერთი (უკვე მეოთხე ოცი წლის განმავლობაში!!!) რევოლუცია მოხდა.