რუსეთმა «ომალოს» სანაცვლოდ, შესაძლოა, იგორ გიორგაძე გადმოგვიგდოს

რუსეთმა «ომალოს» სანაცვლოდ, შესაძლოა, იგორ გიორგაძე გადმოგვიგდოს

        საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაასრულეს წინასწარი მოლაპარაკება რუს კოლეგებთან თუშეთის დაბომბვასთან დაკავშირებით;
        რასაკვირველია, სწორედ რუსულმა თვითმფრინავებმა ჩამოყარეს შენელებული მოქმედების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები და, ალბათ, ეს მაინც შეცდომა იყო, მაგრამ ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ რუსებს შეცდომის აღიარება არაფრად ეპიტნავებათ, - «გრუზინებისადმი» ბოდიშის მოხდა (ნებისმიერი საქციელისათვის) ლახავს რუსულ სამხედრო ღირსებას, ამიტომ კრემლის სამხედრო ჩინოვნიკები ყოველნაირად შეეცდებიან, გააჭიანურონ და ჩაფარცხონ საქმე, თუნდაც ამის გამო თეთრისათვის შავის დარქმევა მოუწიოთ.
        რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა, კორნუკოვმა თავის გასამართლებლად ასეთი არგუმენტი მოიტანა: «საქართველოს როგორ დავბომბავდით, ჩვენ ხომ კავკასიის მთავარი წყალგამყოფი ქედი არ გადაგვილახავს?»
        შესაძლებელია გენერალმა კორუკოვმა არც იცოდეს, რომ საქართველოს იმიერკავკასიაშიც აქვს ტერიტორიები, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო ბინძური პროვოკაციაც არ არის გამორიცხული: რუსეთს ოფიციალურად არ უღიარებია საქართველოს საზღვრები - რუსული მხარის მიზეზით უსაშველოდ ჭიანურდება არა მხოლოდ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის თაობაზე დოკუმენტის ხელმოწერა, არამედ რუსეთ-საქართველოს «დიდი ხელშეკრულების» რატიფიცირებაც.
        მაშასადამე, რუსეთს, შესაძლოა, სულაც არ მიაჩნდეს (ნუ გავიკვირვებთ) თუშეთი საქართველოს ტერიტორიად - რაკი იგი იმიერკავკასიაში მდებარეობს. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად «მეგობრულადაა» რუსეთი საქართველოსადმი განწყობილი; აქედან უფრო ნათლადაც ჩანს, ვიდრე თვით დაბომბვის ფაქტიდან.
        გარდა ამისა, ყოველივე ის, რაც მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რაოდენი მნიშვნელობა აქვს ქართული მოსახლეობის არსებობას თუშეთში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართული სოფლები რომ არ იყოს, იმ მიწა-წყალს რუსეთი საერთოდ არ მიიჩნევდა საქართველოდ. ქვეყანამ კი რამდენიმე სოფლის გამაგრება და დაფინანსება ნამდვილად უნდა შეძლოს, ვინაიდან ამას სტრატეგიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
        რაც შეეხება თვით კომისიის მუშაობას: რუსეთს იურიდიულად ვერ დავუმტკიცებთ, რომ ეს სწორედ მისი თვითმფრინავები იყო; თვით ჭურვები დამამტკიცებელი საბუთი არ არის. დამამტკიცებელი საბუთი (საერთაშორისო სამართლის შესაბამისად) მხოლოდ ის იქნებოდა, თუ საქართველო შეძლებდა თვითმფრინავის ჩამოგდებას, ხოლო პარაშუტით დაშვებულ მფრინავს ცხვირ-პირდანაყილს გამოიყვანდა ტელევიზიით და აღიარებინებდა, რომ საქართველოს ტერიტორია დაბომბა.
        მაგრამ რაკი ამის შნო არა გვაქვს, ის შესაძლებლობები მაინც უნდა გამოვიყენოთ, რაც რეალურია; ბოლოს და ბოლოს, სავსებით შესაძლებელია რუსეთმა შესთავაზოს საქართველოს პრობლემის «ორმხრივ სასარგებლოდ» გადაწყვეტა, რაც ნიშნავს, რომ დიპლომატიური არხებით შეჯერდეს ერთობლივი განცხადების ორმხრივ მისაღები ტექსტი, რომელშიც არ იქნება სიტყვა «ბოდიში», მაგრამ იქნება რაიმე სხვა დიპლომატიური ფორმულირება.
        ამით რუსეთი გადაათქმევინებს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩივილს (ვერც ამ გზით მიაღწევდა საქართველო რაიმეს, მაგრამ რუსეთისათვის ეს მაინც არ იქნებოდა სასიამოვნო), ამრიგად, თუ საქართველო კომპრომისულ «ერთობლივ განცხადებაზე» დათანხმდება, სამაგიეროდ რუსეთიც წავა რაიმე დათმობებზე სხვა საკითხში.
        გააჩნია, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის «ბოდიშის მოხდის» პრობლემა და პრეცედენტი, - სანაცვლოდ აფხაზეთს, რა თქმა უნდა, არ დაგვიბრუნებენ, მაგრამ რაღაცას ალბათ, ნამდვილად «გადმოგვიგდებენ»; მაგალითად, იგორ გიორგაძეს.
        ნუ გავიკვირვებთ, - გავიხსენოთ, რა მოხდა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში 1996 წელს. მოულოდნელად «გასკდა» ინფორმაცია, რომ რუსეთმა სომხეთს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი აჩუქა. აზერბაიჯანი საერთაშორისო სკანდალით დაიმუქრა და ბაქოს «დასამშვიდებლად» რუსეთმა ალიევს სამოქალაქო ომის პროვოკატორი სურეთ ჰუსეინოვი გადასცა.
        არადა, ჰუსეინოვი გრუ-ს აგენტი იყო. შესაძლოა ამ შემთხვევაში ასეთივე დონის კომპრომისს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ თვით პრინციპზე გვაქვს საუბარი – თუშეთის ინციდენტი (თუ გამოვიყენებთ) შესანიშნავი არგუმენტია დიპლომატიური ძალისხმევის გასაძლიერებლად ყველა მიმართულებით.
        გარდა ამისა, ზემო ომალოს დაბომბვასთან დაკავშირებით, საქართველომ დიპლომატიური და პროპაგანდისტული ხმაური არ უნდა შეანელოს იმ მიზეზითაც, რომ ამით ჩვენ არაპირდაპირ, მაგრამ მაინც ვგმობთ და ვემიჯნებით რუსეთის ქმედებას დაღესტანში, სადაც იწყება ავარელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.
        ვაჰაბისტური ისლამი მხოლოდ იდეოლოგიური საფარველია ამ ომისა. საქართველო კი აუცილებლად უნდა გაემიჯნოს რუსეთის ქმედებას, რათა აღარ გავიმეოროთ 1994 წლის შეცდომა, როდესაც ერთმნიშვნელოვნად მხარი დავუჭირეთ რუსეთის ქმედებას ჩეჩნეთში – სამაგიეროდ კი ვერაფერი მივიღეთ რუსეთისაგან; უფრო ზუსტად, მივიღეთ გალის მორიგი ტრაგედია.
        რაკი ასეა, მაშინ რატომ უნდა «გადავყვეთ» კიდევ ერთხელ რუსეთს, რომელიც ერთის მხრივ, საკუთარ სეპარატისტებს ებრძვის, მეორე მხრივ კი კვლავინდებურად უჭერს მხარს სეპარატიზმს სხვა ქვეყნებში?
        თუ დაღესტნის მოვლენებს გავემიჯნებით, კავკასიელები იმას მაინც ვეღარ დაგვაბრალებენ, რომ დაღესტანს რუსეთი და საქართველო ებრძოდა. ისიც გვეყოფა, იჩქერიის ომი სწორედ ისე რომ არის შეფასებული, როგორც რუსეთისა და საქართველოს ერთობლივი აგრესია ჩეჩნეთის წინააღმდეგ.

მერიდიანი, 16 აგვისტო, 1999 წელი