საერთაშორისო მიმოხილვა. 22 თებერვალი. 2022 წელი
20 თებერვალს, თბილისის დროით გამთენიას, პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (ეუს) სხდომა მოიწვია. სხდომას დაესწრება პრეზიდენტის მთელი კაბინეტი, რა თქმა უნდა თავდაცვის მინისტრის და კონგრესის ორივე პალატის ორთავე პარტიის წარმომადგენელთა ჩათვლით.
ამ ფორმატში ეუს-ს სხდომა მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტარდება. სხდომა რამდენიმე საათში დაიწყება.
ოფიციალური ცნობით, სხდომის მოწვევა და საგანგებო თათბირი ბაიდენმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც CIA-მ მიაწოდა უტყუარი ინფორმაცია (მათ შორის პუტინის ადმინისტრაციიდან და თავდაცვის სამინისტროდან), რომ რუსეთი უახლოეს დღეებში დაიწყებს შეტევას უკრაინაზე მას შემდეგ, რაც ე.წ. `დონბასზე` ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.
იქ სროლები არ წყდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რუსეთმა ეს საინფორმაციო ომი უკვე წააგო, რადგან ვერ მოახერხა `შეეფუთა` ყევლაფერი ისე, თითქოს უკრაინა `ბომბავს მშვიდობიან მოსახლეებს`. რეალურად უკრაინელები იღუპებიან, თუმცა საპასუხო ცეცხლს მაინც არ ხსნიან და როგორც სჩანს, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს ცეცხლი გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ე.წ. `დონბასის არმია` (ანუ რუსული არმიის ქვედანაყოფი) შეტევაზე გადმოვა.
რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი ტაქტიკა, როცა საქმე რუსეთთან გაქვს - უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
არ არის გამორიცხული, კატასტროფულად მცდარი აღმოჩნდეს.
ირკვევა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია გასულ შაბათს დაბეჯითებით ურჩევდა პრეზიდენტ ზელენსკის, არ დაეტოვებინა უკრაინა, რათა მონაწილეობა მიეღო მიუნჰენის კონფერენციაში. ამერიკელების არგუმენტი იყო, რომ რუსეთმა შესაძლოა პრეზიდენტის ქვეყანაში არყოფნით ისარგებლოს და კიევს სწორედ მაშინ შეუტიოს ბელორუსის მხრიდან. მანძილი სულ 400 კილომეტრია იქედან უკრაინის დედაქალაქამდე.
მაგრამ ზელენსკიმ ეს რჩევა დააიგნორა. სწორადაც მოიქცა ამჯერად: მიუნჰენის საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ფორუმია, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობენ ყველაზე გავლენიანი ლიდერები.
2007 წელს, სწორედ მიუნჰენის კონფერენციაზე პუტინმა თითქმის ღიად განაცხადა, რომ აპირებდა პოსტსაბჭოური რეალიების რევიზიას, რასაც მომდევნო წელსვე მოჰყვა აგრესია საქართველოს წინააღდმეგ.
სამწუხაროდ, 2007 წლის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინის მუქარას იმდროინდელმა ევროატლანტიკურმა ისტებლიშმენტმა ნაკლები ყურადღება მიაქცია, ვიდრე აუცილებელი იყო - კრემლის მზარდი ამბიციების გათვალისწინებით.
მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლისას, ზელენსკიმ ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა:
``უკრაინა თქვენთვის და ევროპის, ასევე მთელი დასავლეთისთვის იბრძვის. ამიტომ იარაღის მოწოდება `დასამადლებელი` არ უნდა იყოს``.
“უკრაინა უკვე 8 წლის განმავლობაში ასრულებს ფარის როლს და 8 წლის განმავლობაში აჩერებს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ჯარს, რომელიც დგას ჩვენი საზღვრის გასწვრივ და არა ევროკავშირის. „გრადები“ მოფრინავდნენ მარიუოპოლში და არა ევროპის ქალაქებში. ბრძოლების შედეგად განადგურებულია აეროპორტი დონეცკში და არა ფრანკფურტში და ყოველთვის ცხელა ავდეევკაში და არა მონმარტრზე. არც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ არ იცის, რა არის სამხედრო დაკრძალვები ყოველ დღე ყველა რეგიონში და არც ერთმა ევროპელმა ლიდერმა არ იცის, რას ნიშნავს ყოველდღიური შეხვედრები დაღუპულების ოჯახებთან,“- განაცხადა ზელენსკიმ.
მან ბევრჯერ აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა ევროპის `ფარი` ამ ომში
“მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს“.
“სანამ დასავლეთი დუმს, სიჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში“ - განაცხადა ზელენსკიმ.
“ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა - გულწრფელად გვითხარით. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება და არა წლობით დახურული კითხვები. ნუთუ უფლება სიმართლეზე არ შედის ჩვენს გაფართოვებულ შესაძლებლობებში? საუკეთესო დრო ამისთვის მადრიდის უახლოესი სამიტია,“- განაცხადა ზელენსკიმ.
მთლიანობაში, უძლიერესი სფიჩი იყო.
ზელენსკიმ პუტინს შეხვედრა შესთავაზა და ესეც უძლიერესი სვლა იყო, რადგან საეჭვოა პუტინმა ეს შეთავაზება მიიღოს. კრემლის ნარატივია, რომ უკრაინელი ლიდერი თურმე `დონბასის` და ლუგანსკის` პრეზიდენტებს უნდა შეხვდეს და პუტინმა თითქოსდა საერთოდ არაფერ შუაშია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საოცრებაა, რომ კვირას დილით NATO-მ დახურა ოფისი კიევში. ნაწილობრივ ლვოვში და ძირითადად ბრიუსელში გადაიტანა.
ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა პუტინი კიევს შეტევით ემუქრება.
გასაგებია (თუნდაც ნაწილობრივ გასაგებია) რომ საელჩოები ახორციელებენ ევაკუაციას, რადგან ეს დიპლომატიური წარმომადგენლობებია, მაგრამ.....NATO სამხედრო ორგანზაციაა ხომ?! ელემენტარული ლოგიკით, საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაცია მის მოკავშირე ქვეყანაში (თუნდაც წევრი არ იყოს უკრაინა, მაინც ალიანსის მოკავშირე ქვეყანაა) სამხედრო წარმომადგენლობას და კიევში `მეკავშირე ოფიცრების` რიცხოვნებას კი არ უნდა აუქმებდეს, არამედ პირიქით, აძლიერებდეს......
ის გამახსენდა, ქართულ ქვედანაყოფს `წითელას` მომიზეზებით (სინამდვილეში კრემლის არგაღიზიანების ფარული ინტენციით) რომ არ მიაღებინეს მონაწილეობა საერთოევროპულ სწავლებებში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთი გამოვიდა ინიციატივით, დაუყოვნებლივ (ანუ უკვე ახლავე, ომის დაწყებამდე) გაითიშოს გაზსადენი North stream 1.
დავაკვირდეთ; ვარშავას განცხადებაში ლაპარაკია არა North stream 2-ის გათიშვაზე, არამედ იმ გაზსადენისა, საიდანაც დაიწყო პუტინმა უკრაინის, ასევე იმავე პოლონეთის `მოხრჩობის` პოლიტიკა და რაშიც ძააააალიან დაეხმარა გერმანიის კორუმპირებული ექს-კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, რომელიც კანცლერობის შემდეგ, ყოვლად სამარცხვინოდ, `გაზპრომ`-ში გადავიდა სამუშაოდ 2006 წელს.
თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ გერმანიის მაშინდელი ახალი კანცლერის, ანგელა მერკელის თანხმობის გარეშე გერჰარდ შრიოდერი ამას ვერ გაბედავდა. სინამდვილეში ქრისტიან-დემოკრატი მერკელი და სოციალ-დემოკრატი შრიოდერი იმ ორპარტიულ კონსენსუსს გამოხატავდნენ, რომ ბერლინმა პოსტსაბჭოური სივრცე უნდა დაუთმოს მოსკოვს.
იმედია ეს კონსენსუსი ახლა მაინც დაირღვევა, რაც მერკელი წავიდა პოლიტიკური სცენიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიამ და ავსტრიამ შეაჩერეს ფრენები კიევის და ოდესის მიმართულებით. საოცრად ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს არა ამერიკამ, არა ინგლისმა, არა საფრანგეთმა, არამედ სწორედ გერმანიამ და ავსტრიამ.
ისტორიული ტრავმები მუშაობს და ზოგჯერ დამკვირვებლებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთის `რიდი`, რაც ამ ტრავმებითაა განპირობებული, მარადიულია და მათ აღარაფერი ეშველებათ. თუმცა არსებობს საპირისპირი აზრი, რომ დრო მაინც ადრე თუ გვიან ყველაფერს ჰკურნავს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის სერიოზულ PR-შეცდომად უნდა ჩაითვალოს, რომ მან `გენოციდი` უწოდა უკრაინის მოქმედებას ე.წ დონბასის` მიმართ, ანუ უკრაინა დონბასელების `გენოციდს` ახორციელებსო.
შეცდომა იყო იმიტომ, რომ ამ აბსოლუტურად სულელური, თავხედურად ყალბი განცხადებით პუტინმა არა მხოლოდ დასავლური ისტებლიშმენტი, არამედ ისრაელის ელიტებიც აღაშფოთა! უკვე ისრაელშიც არ მალავენ გაბრაზებას: რა გენოციდი, რის გენოციდი, როგორ შეიძლება ამის შედარება იმასთან, რაც ებრაელებს უყვეს ნაცისტურ გერმანიაშიო. აშშ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმაც გააკეთა განცხადება ამის შესახებ.
ის არ არის `შორს` ისრაელისაგან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში, სრულიად კატასტროფულად ვითარდება მოვლენები წყნარი ოკეანის აუზში. რამდენიმე საათის წინ, ჩინეთის სამეხდრო გემმა საერთაშორისო წყლებში `დააბრმავა` ლაზერის გამოუენებით ავსტრალიის სამხედრო თვითმფრინავის პილოტი.
არის ასეთი ტერმინი საერთაშორისო სამართალში: `დაბრმავება` ანუ პილოტზე ლაზერით ზემოქმედება. ავსტრალიის სამხედრო მფრინავს ლაზერის ზემოქმედების შედეგად თვალთ დაუბნელდა, დაეწყო სპაზმები და გულისრევა.
ყველა დეტერმინაციით, ეს ომის აქტია!
ავსტრალიამ ეს შეაფასა, როგორც `სერიოზული სამხედრო ინციდენტი` და ნამდვიალდ ასეა.
`კატასტროფული` კი ეს ინციდენტი სწორედ უკრაინისა და საქართველოსათვის იმიტომაა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში სიტუაცია იძაბება მას შემდეგ, რაც შეიქმნა AUKUS ბლოკი ანუ ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამხედრო კავშირი, რომელიც ბევრმა აღიქვა, როგორც `წყნარი ოკეანის NATO` ხოლო პეკინში აღიქვეს, როგორც ომის გამოცხადება იმ ვითარებაში, როდესაც თანდათან მწიფდება საომარი კონფლიქტი ტაივანის გარშემო: პეკინი აღარც მალავს, რომ ტაივანის `დაბრუნებას` აპირებს მიუხედავად ამერიკის გაფრთხილებისა.
ამგვარ ვითარებაში კი ამერიკამ შესაძლოა ვეღარც მოიცალოს უკრაინისა და საქართველოსათვის.
ამერიკის სამხედრო დოქტრინა მრავალი წლის განმავლობაში გულისხმობდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიას უნდა შეეძლოს ორი ლოკალური კონფლიქტის ერთდროულად წარმოება პლანეტის ორ სხვადასხვა რეგიონში. ოღონდ ამ დოქტრინაში ლაპარაკია სწორედ `ლოკალურ` კონფლიქტებზე, ხოლო კონფლიქტი ჩინეთთან და იმავდროულად კონფლიქტი რუსეთთან `ლოკალური` ნამდვილად ვერ იქნება.
ამ ორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი, მით უმეტეს ჯამში, სერიოზული ძალაა.