მიხო კარგი ბიჭია!             ანუ არჩევნებში გამარჯვების მოქკავშირული ტექნოლოგია

მიხო კარგი ბიჭია!             ანუ არჩევნებში გამარჯვების მოქკავშირული ტექნოლოგია

            «მოქკავშირის» ხელმძღვანელთა განცხადებით, მათი საარჩევნო სია 1 სექტემბრისათვის იქნება «მზად», ანუ 1 სექტემბერს გამოქვეყნდება «საერთო სახალხო განხილვისათვის». თუმცა, ძირითადი პრინციპი, რომლითაც ეს სია შედგა, - უკვე ნათელია: მმართველი პარტია აქცენტს აკეთებს არა მხოლოდ საარჩევნო სიის «პირველ ათეულზე», ან «პირველ ოცეულზე», არამედ (უფრო მეტადაც კი) მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე.
            «სმკ-»ს განსაზღვრული აქვს 73-ივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგინოს თავისი კანდიდატები. ეს აბსოლუტურად სწორი სტრატეგიაა, თუ ამჟამინდელი ქართული ელექტორატის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს გავითვალისწინებთ.
            «საარჩევნო სიას» ანუ პარტიას ჩვენში ხმას ელექტორატის მხოლოდ მცირე ნაწილი აძლევს. ალბათ, თბილისის რამდენიმე რაიონში თუ ხდება ისეთი კენჭისყრა, როდესაც ამომრჩევლისათვის მთავარია პარტიის პროგრამა.
          მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის არჩევნები კვლავინდებურად «პერსონიფიცირებულია», ანუ ელექტორატი ხმას აძლევს პიროვნებებს და მათთან ერთად, იმ პარტიებს, რომელთაც ისინი წარმოადგენენ.
            როგორც ჩანს, «მოქალაქეთა კავშირმა» ქართული ელექტორატის ეს თავისებურება ზუსტად გაითვალისწინა, ამიტომ «ადგილებზე» მან ისეთი კანდიდატურები შეარჩია, ვინც უფრო მისაღებია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
            დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა («აღორძინების» ბლოკი) ამ პიროვნებებს ღირსეულ კონკურენტებს ვერ დაუპირისპირებს. უმთავრესად იმის გამო, რომ ბლოკში შედის რამდენიმე ისეთი პარტია, ვისი ადგილობრივი წარმომადგენელიც» მოსახლეობისათვის არანაირ ქარიზმას არ ატარებს, ხოლო «ბლოკი» მაინც იძულებული იქნება გაითვალისწინოს წევრთა ინტერესები.

            მოკლედ, «მოქალაქეთა კავშირმა» ამომრჩევლის ფსიქოლოგია ზუსტად გაითვალისწინა თბილისში; შესაძლოა, ამ ფსიქოლოგიურმა გათვლამ სრულყოფილად ვერ იმუშავოს, მაგრამ რაიონებში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა «პროპორციულ არჩევნებში» ხმას მისცემს იმ პარტიის საარჩევნო სიას, რომლის წარმომადგენელიც იქნება მათი რჩეული მაჟორიტარი.
            სხვაგვარად თუ ვიტყვით, წარმატებით იმუშავებს ელემენტარული ფსიქოლოგიური მექანიზმი. «მიხო კაი ბიჭია, - «ხმა მივცეთ მის პარტიას». უმრავლეს შემთხვევაში, «მიხო» სწორედ მოქალაქეთა კავშირის წევრი იქნება, ვინაიდან «მიხოს» შეარჩევს ადგილობრივი (რაიონული) ელიტა, რომელსაც, ამ თვალსაზრისით, იშვიათად ეშლება რაიმე; ბუნებრივია (მაგალითად), რომ ოზურგეთში ზოგისათვის ზვიად ცეცხლაძე იქნება «მიხო», მაგრამ სხვებისთვის – ზურაბ ჩხაიძე. ადგილობრივმა ელიტამ ურჩია «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერებს, სწორედ ჩხაიძე დაესახელებინათ ცეცხლაძის კონკურენტად, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო «აღორძინების» კანდიდატის დამარცხება.
            აქედან გამომდინარე, თუ ოზურგეთში ზვიად ცეცხლაძე გაიმარჯვებს, მასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის ხმათა უმრავლესობას «აღორძინების ბლოკი» მიიღებს, ხოლო თუ ჩხაიძე მოიგებს არჩევნებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მისი მომხრეები სწორედ «მოქალაქეთა კავშირს» მისცემენ ხმას. ამის შემოწმება სულ ადვილი იქნება არჩევნების შემდეგ.

            ამრიგად, «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერები უდავოდ ჭკვიანურად მოიქცნენ, როდესაც მოახდინეს პარტიული სიის პერსონიფიცირება თითოეულ რაიონში.
            შესაბამისად, სულაც არ იყო აუცილებელი «მაჟორიტართა» საკუთრივ სიაში (მით უმეტეს, პირველ ათეულში ან ოცეულში) შეყვანა – მცირე გამონაკლისის გარდა «მაჟორიტარები» სმკ-ს სიის ბოლოში აღმოჩნდნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ გამარჯვებასა და უპირატესობაში ოპოზიციური პერსონების მიმართ - «მოქალაქეთა» ლიდერებს ეჭვი არ ეპარებათ.

მერიდიანი, 6 სექტემბერი, 1999 წელი