საერთაშორისო მიმოხილვა. 12 სექტემბერი. 2022 წელი
სწორედ იმ მომენტში, როცა უკრაინამ ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია დონბასის ფრონტზე, საფრანგეთის პრეზიდენტი ემმანუელ მაკრონი მიმართავს პუტინს და მოუწოდებს `შეწყვიტოს საომარი ოპერაცია`
არ გეჩვენებათ უცნაურად?
სინამდვილეში მაკრონი (რეალურად) პუტინს კი არ მიმართავს, არამედ ზელენსკის ეუბნება და მისგან მოითხოვს ამით - შეწყვიტოს შეტევა რუსულ პოზიციებზე შეტევა და სთავაზობს ზელენსკის საკუთარ პერსონას პუტინთან მოსალაპარაკებლად, რომ მოსკოვმა შეწყვიტოს ომი, ხელი მოაწეროს შეთანხმეაბს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დასჯერდეს მხოლოდ ერთს: სახმელეთო დერეფანს ყირიმისკენ.
მაგრამ უკრაინა დასჯერდება ამას? თანაც მაშინ, როცა წარმატებით უტევს?
პუტინი იმდენადაა გაცოფებული ამ სამარცხვინო დამარცხებებით, რომ გუშინ დაიწყო უკრაინის თბოელექტროსადგურების დაბომბვა. იყენებს ზებგერით და ჩვეულებრივ რაკეტებს, რომელსაც ისვრის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. ზოგ მათგანს შავი ზღვიდან, ზოგს კასპიის ზღვიდან და ა.შ.
პუტინის მიზანია საპასუხოდ `გაამწაროს` უკრაინის მოსახლეობა, დატოვოს ელექტროენერგიის გარეშე.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური (უკრაინული ელექტროგენერაციის 30-40%) ისედაც დაპყრობილი აქვს და ყველა ბლოკი გამორთო; ანუ იქედან უკრაინა ელექტროენერგიას ვეღარ იღებს.
მართლაც, აღმოსავლეთ უკრაინის ბევრ რაიონში დღეს დილიდან მოსახლეობას ელექტროენერგია ან არ მიეწოდება, ან შეფერხებებით მიეწოდება და ხშირად ირთვება, რაკი ენერგო-ხაზების `გადაწყობა` ასე იოლი არ არის.
პუტინი უკრაინასაც და დასავლეთსაც მიანიშნებს, რომ თუ უკრაინული შეტევა გაგრძელდება, ენერგოობიექტებზე დარტყმებს გააგრძელებს არა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ უკრაიანშიც, რათა დიდი ქალაქები - კიევი, დნეპრი, ოდესა დატოვოს ელექტროენერგიის გარეშე და ადამიანები სიბნელეში ისხდნენ.
არანაირ სამხედრო (!) სირთულეს პუტინისთვის არ წარმოადგენს უკრაინის ელექტროგენერაციის მთლიანად განადგურება და მთელი უკრაინის (ოდესის და ლვოვის ჩათვლით) წყვდიადში დატოვება: სამწუხაროდ, `ისკანდერის` ბალისტიკურ რაკეტებს და `კინჟალ` ზებგერით რაკეტებს ვერც ერთი დასავლური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა სრულყოფილად ვერ `იჭერს`. თუმცა ამგვარი სისტემები დასავლეთს ჯერ უკრაინისთვის არც მიუწვდია.
მეორეს მხრივ, ეს სიტუაცია ირიბად ადასტურებს, რომ პუტინი მზად არის შეურიგდეს მარცხს თუ რაღაც მაინც დარჩება ამ სამარცხვინოდ დასრულებული აგრესიის შედეგად, და ეს `რაღაც` არის მარიუპოლ-ხერსონის გავლით სახმელეთო დერეფანი ყირიმისკენ.
ამის სანაცვლოდ ევროპას პირდება ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას `ჩრდილო ნაკადებით`.
მაღალი ალბათობით, მაკრონმა კი `გააჟღერა` მოლაპარაკების წინადადება, თუმცა სიგნალი კრემლიდან მოდიოდა: `სახე შეგვინარჩუნეთ, თქვენ გამოდით ინიციატივით და ვნახოთო`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი, ანუ რუსი დიპლომატები და პოლიტიკოსები, მათდაუნებურად, თავად ეხმარებიან გერმანიას, გადალახოს ისტორიული კომპლექსები და კიდევ უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას.
გუშინ რუსეთის ელჩმა ბერლინში, სერგეი ნეჩაევმა განაცხადა, რომ თურმე გერმანიამ `ისტორიული წითელი ხაზი` გადაკვეთა, როცა უკრაინისთვის საკუთარი წარმოების (!) იარაღის მიწოდება დაიწყო: `ამით გერმანია პირდაპირ იქცაო ომის მხარედ`.
`ეს გერმანიას არ უნდა გაეკეთებინა მისი ისტორიული პასუხისმგებლობის გამოო` - თქვა ნეჩაევმა.
ანუ ისევ, ლამის მეათასედ მიუთითა მეორე მსოფლიო ომზე, ებრაელების გენოციდზე და ა.შ და ა.შ.
თუმცაღა ეს `წამოძახებები` აღარ მუშაობს.
და არათუ აღარ მუშაობს, არამედ პირიქით, ხაზს უსვამს გერმანიის ისტორიულ უფლებას, გადალახოს ამგვარი კომპლექსები; რაკი რუსეთმა, მისი აგრესიით მეზობლების მიმართ 2008, 2014 და 2022 წლებში სწორედაც ზუსტად ისე `გადალახა წითელი ხაზები`, როგორც ჰიტლერულმა გერმანიამ გადალახა `წითელი ხაზები` 1936 – 1939 წლებში.
გერმანული ელიტები ამჟამად თემას სწორედ ასე აღიქვამენ და მართებულადაც აღიქვამენ, ხოლო როცა რუსები იწყებენ იმის ახსნას, რატომ გახდა (თურმე) `იძულებული` პუტინი ყირიმში ჯარები შეეყვანა, დონბასზე ჯარები შეეყვანა, რაკი იქ (თურმე) რუსებს ჩაგრავდნენო, უკვე პასუხად მიანიშნებენ, რომ ამგვარ დემაგოგიას ჰიტლერიც მიმართავდა: თითქოს ჩეხეთის სუდეტის ოლქში გერმანელებს ჩაგრავდნენ და ამიტომ დაიპყრო, თურმე პოლონელები გერმანელებს ჩაგრავდნენ დანციგის ოლქში (პოლონურად გდანსკი) და იმიტომ დაიპყრო....
ანუ, ეს რუსული დემაგოგია აღარ მუშაობს.
2008 წელს, როცა რუსეთი ჩვენ დაგვესხა თავს და კანცლერი ანგელა მერკელი იყო, კიდევ იმუშავა, თუმცა ახლა აღარ მუშაობს.
ანუ ისევ და ისევ, უკრაინის ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი გახდა გერმანელი ერის საბოლოოდ დაბრუნება მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე.
ეს პროცესი დაიწყო 1999 წელს, როცა NATO-მ, გერმანიის ავიაციას, ნაცისტური სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი დააბომბინა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში 11 სექტემბერს ჩატარდა სხვადასხვა დონის არჩევნები რამდენიმე რეგიონში, მათ შორის მოსკოვში. თითქმის ყველგან გაიმარჯვეს პუტინის პარტია `ერთიანი რუსეთის` კანდიდატებმა.
ასე უპასუხა რუსმა ხალხმა იმ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ბლოგერებს როგორც რუსეთში, ასევე დასაველთში, ვინც ამბობს, რომ თითქოს `რუსი ერი არაფერ შუაშია` პუტინის პოლიტიკასთან, არ უნდა აგოს პასუხი პუტინის ომისთვის და არ უნდა დაისაჯოს ევროპული ვიზების გაუქმებით, რადგან ეს ხელისუფლება არ აურჩევიაო თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებზე.
არადა, თუ დავაკვირდებით ე.წ. `ელექტრონულ არჩევნებს`...... როდესაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტით აძლევს ხმას, იქაც პუტინი იმარჯვებს. არადა, ეს ხომ ყველაზე `კრეატიული` და ე.წ. `პრადვინუტი` რუსები არიან არა?
ჰოდა მაინც პუტინს ირჩევენ ამ საზარელი ხოცვა-ჟლეტის დროს!
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესია გამოცდაა ბევრი ევროპული დემოკრატიისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაულახავს წარსული არასტაბილურობის სისტემური პრობლემები.
მაგალითად, იტალიაში სექტემბრის ბოლომდე უნდა გაიმართოს უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები.
მემარჯვენე კოალიციის ლიდერი მატეო სალვინი კი კვლავინდებურად ასრულებს ძალიან დესტრუქციულ როლს: გამოდის სანქციების წინააღმდეგ, ამბობს, რომ ამ სანქციებს შედეგი არ მოაქვს: `იტალიელები რატომ უნდა იტანჯებოდნენ უკრაინის გამო` და ა.შ და ა.შ.
ჯერ კიდევ 2017 წელს, მატეო სალვინის ამხელდნენ პუტინის სპეცსამსახურებთან კავშირში, დაფინანსების მიღებაში და ა.შ. მაშინ ყირიმი ოკუპირებული იყო, თუმცა სალვინი მუდმივად მოითხოვდა სანქციების გაუქმებას.
დღესაც იგივე პოზიცია აქვს. თან იმდენად აშკარად და რადიკალურად, რომ მისი `მემარჯვენე კოალიციის` სხვა წევრებსაც კი არ მოსწონთ, რაკი უკრაინის ოკუპაციას გმობენ და სანქციების გაუქმებას მხარს არ უჭერენ.
თუ ეს მემარჯვენე კოალიცია არჩევნებამდე არ დაიშლება და მაინც მოიგებს, ანუ სამთავრობო კოალიციას შექმნის.......თითქოსდა, იგი პოლიტიკურად მუდმივ კრიზისში იქნება.
მაგრამ, ბოლო 50 წლის განმავლობაში იტალიის სახელმწიფოებრივი, მათ შორის რეგიონული ადმინისტრაციული ღერძი ისე ამუშავდა, ისე მოეწყო, რომ სამთავრობო პერტურბაციებზე აღარ არის დამოკიდებული: წელიწადში ორი არჩევნებიც კი რომ ჩატარდეს იტალიაში (ზოგჯერ ასეც მომხდარა განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში) სახელმწიფო ინსტიტუტები მაინც მშვიდად, სტაბილურად მუშაობენ: აგროვებენ გადასახადებს, უზრუნველყოფენ სამართალდამცავი სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას და ა.შ.
იტალიის მაგალითი ამ მხრივ მისაბაძია ყველა საპარლამენტო რესპუბლიკისთვის, სადაც მოსახლეობას ტრადიციულად ეშინია, რომ თუ ერთი ვინმე `ხელისუფალი`-მამა მარჩენალი თუ დიქტატორი თუ ავტოკრატი არ იარსებებს, თუ ძალაუფლება კონცენტრირებული არ იქნება, `არეულობა მოხდება`, `სახელმწიფო ჩამოიშლება` და ასე შემდეგ.
იტალიელთა დიდმა ნაწილმა დღეს საერთოდ არ იცის, შედგა უკვე კოალიცია თუ არ შედგა, - მას საქმე აქვს კონკრტულ პოლიციელთან, სასამართლოსთან, კომუნალურ კომპანიასთან და ასე შემდეგ.
იტალიელები სამხრეთელი ხალხია და ქართველებზე ნაკლებ ემოციურნი თუ ფიცხნი როდი არიან: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის საპარლამენტო რესპუბლიკამ უამრავი კრიზისი გამოიარა, მაგრამ მრავალპარტიულობის, პლიურალიზმის, კოალიციურობის წყალობით თანდათან `დალაგდა` სადღაც 1990 -იანი წლებისთვის: სიცილიური `მაფიაც` დაამარცხა, ნეაპოლიტანური `კამორაც` დაამარცხა, კორუფციაც დაამარცხა და ფუნქციონირებადი დემოკრატიაც ააშენა ისე, რომ ვერანაირი მატეო სალვინი და მოფაშისტო ელემენტებიც კი მას ვეღარ დაანგრევს: იტალიის მრავალპარტიული, პლურალისტური, საპარლამენტო, კოალიციური დემოკრატია მათ `მოუვლის` ისე, რომ ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება ან მოქალაქის დემოკარტიული არჩევანის უფლება არ შელახოს.