საერთაშორისო მიმოხილვა. 7 სექტემბერი. 2023 წელი
ამერიკის სადაზვერვო Community-ში დიდი სკანდალია. აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საბჭოში, ჯეკ სალივანმა, რომელიც პრეზიდენტის `მარჯვენა ხელად` ითვლება, ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ამერიკამ არ იცის (!) როგორ მოახერხა ჩინეთმა ახალი სმარტფონის შექმნა ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით მაშინ, როდესაც ამერიკამ ჯერ კიდევ 2019 წელს აკრძალა ჩინეთისთვის ნანო-ტექნოლოგიების მიწოდება უახლესი ჩიპების დასამზადებლად.
რაღაც დეტექტიური ისტორიაა გლობალური სიუჟეტით.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩინეთმა გამოუშვა ახალი სმარტფონი Huawei Mate 60 Pro, რომელიც აღჭურვილია ჯერ ერთი 5G ტექნოლოგიით და უძლიერესი ჩიპით 5G Kirin 9000s.
5G ტექნოლოგიაში სწორედ ჩინეთი პოზიციონირებს, როგორც პიონერი და გლობალური ლიდერი.
იმავე სალივანმა აღიარა, რომ ამ ტექნოლოგიის შექმნა ამერიკამაც კი ვერ შეძლო ჯერ და......მით უმეტეს დიდია ბაიდენის ადმინისტრაციის გაბრაზება, რომ ამ სმარტფონში ამერიკული ტექნოლოგიები აღმოაჩინეს, რომელთა მიწოდება (ვიმეორებ) აკრძალულია ჩინეთისთვის.
საქმე ეხება მართლაც გლობალური მასშტაბის შპიონაჟს; ამერიკის შემთხვევაში კი - ღალატს.
განსაკუთრებულ სიმწვავეს შექმნილ ვითარებას ის მომენტი მატებს, რომ ჩინელებმა დიდი ხნის წინ აუკრძალეს ყველა სახელმწიფო მოხელეს (აბსოლუტურად ყველას - რანგის მიუხედავად ამ მილიარდნახევრიან ქვეყანაში) ამერიკული Iphone-ის შეძენა იმ საბაბით, თითქოს CIA ამას შპიონაჟისთვის გამოიყენებს.
თუმცა ეს არ არის ასეთი ერთმნიშვნელოვნად `იოლი` საკითხი, როგორც ზოგჯერ ჰოლივუდმაც მიგვაჩნია გვჯეროდეს (მაგალითად სერიალი Homeland), რადგან ამერიკა, ჩინეთისგან განსხვავებით დემოკრატიაა! CIA ასე ვერ უბრძანებს Iphone-ს, თავის პროდუქციაში სადაზვერვო ჩიპები ჩაამაგროს, რათა CIA-მ რომელიმე ჩინელ ბიუროკრატს მოუსმინოს.
შეიძლება მიმართოს, დაასაბუთოს ქვეყნის ინტერესებით, მაგრამ Iphone თვალის ჩინივით უფრთხილდება თავის რეპუტაციას და ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მოითხოვს სასამართლოს (თუნდაც საიდუმლო) სანქციას.
ავტოკრატიულ ჩინეთში კი არაფერი უდგას წინ 5G ტექნოლოგიის გამოყენებას ზუსტადაც სადაზვერვო მიზნებით.
. . . . . . . . . . . . . . . . .
100%-იანი სიზუსტით დადასტურდა უკრაინელ სამხედროთა არგუმენტი, რომ თუ ამერიკა მათ მიაწვდიდა კლასტერულ (ე.წ. `კასეტურ) ჭურვებს, ეს იარაღი გარდამტეხ როლს შეასრულებდა ბრძოლის ველზე: ნამდვილად, უკრაინული არმიის ბოლოდროინდელი წარმატებები სამხრეთის ფრონტზე განაპირობა კლასტერული ჭურვების გამოყენებამ!
არსებობს ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ გარბიან რუსი ჯარისკაცები, როცა მათ გარშემო ფეთქდება `კლასტერული ჭურვები`.
საქართველომაც გამოცადა ამ იარაღის ძალა და სისასტიკე: 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, როცა რუსებმა მშვიდობიან ქალაქს SS-26 Iskander რაკეტა ესროლეს კლასტერული საბრძოლო ნაწილით.
მე ვიყავი გორში და ველაპარაკე იმ დაბომბვას სასწაულად გადარჩენილ პურის მცხობელ მოხუც ქართველს. მისი შთაბეჭდილება ასეთი იყო:
`ჯერ გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა, პურის საცხობიდან გამოვიხედე და საოცრება დავინახე მოედანზე: რამდენიმე შადრევანი გაჩნდა, მერე იმ შადრევნის ბუშტუკები ზემოთ მიიწევდნენ და ისინიც ფეთქდებოდნენო`
იქ 12 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ნიდერლანდელი `კამერამენი`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსული დრონი `გერანი` (რეალურად ეს არის ირანული დრონი `შაჰიდი`) NATO-ს წევრი რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
როგორც ჩანს, ოდესას რომ ბომბავდნენ რუსები ან საზღვრისპირა ქალაქ იზმაილს, რათა უკრაინული ხორბლის გატანისთვის ხელი შეეშალათ, უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო და რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში სამხედრო ინციდენტია.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანჯელ ტილვარამ ეს ფაქტი დაადასტურა, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოხანნისმა გამოძიების ბრძანება გასცა, ჩრდილო ატლანტიკურმა კავშირმა კი წევრ რუმინეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სულ უფრო მწვავდება ამერიკაში თემა, რის შესახებაც უკვე გატყობინებდით: აქვს თუ არა დონალდ ტრამპს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, როდესაც ამერიკული კონსტიტუციის მე 14 შესწორება (მიღებულია 1868 წელს - სამოქალაქო ომის შემდეგ) მკაფიოდ აფიქსირებს, რომ არც ერთ პირს, ვინც მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხში ან მხარს უჭერდა ამგვარ ამბოხს, არა აქვს უფლება, დაიკავოს რაიმე მაღალი თანამდებობა.
იმ დროს ეს შესწორება, როგორც აღვნიშნეთ, მიმართული იყო სამხრეთის შტატთა კონფედერაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ. თუმცა ნორმა დარჩა ძირიტად კანონში და ახლა ხდება მისი ინტერპრეტირება ისე, რომ რაკი დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა 2021 წლის 6 იანვრის `ამბოხს` ანუ კონგრესის შენობაში შეჭრას, მაშასადამე მას არა აქვს უფლება დაიკავოს მაღალი თანამდებობა; ესე იგი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ფლორიდის შტატის `დემოკრატებმა` შტატის სასამართლოში სარჩელიც კი აღძრეს მოთხოვნით, რომ ამ შტატში (!) დონალდ ტრამპის სახელი არ შეეტანათ საარჩევნო ბიულეტენში, თუმცა მოსამართლემ სარჩელი უარყო იმ მოტივით, რომ დონალდ ტრამპი ჯერ(!) არ არის ცნობილი დამნაშავედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.
ოღონდ.......ამგვარი სარჩელები დემოკრატებს სხვა შტატებშიც შეაქვთ. განა გამორიცხულია, რომ რომელიმე `დემოკრატმა` მოსამართლემ დააკმაყოფილოს სარჩელი და აკრძალოს დონალდ ტრამპის სახელის შეტანა შტატის (!) ბიულეტენში მანამ, სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს? ან საერთოდ აკრძალოს განაჩენამდეც? ანუ ასე `წაიკითხოს`მე- 14 შესწორება?
რასაკვირველია არ არის გამორიცხული: Washington post აღნიშნავს, რომ ახლა უამრავი შტატის სახელმწიფო მდივნები (ეს თანამდებობა შტატებშიც არსებობს და ისინი პასუხისმგებელნი არიან იქ არჩევნების ჩატარებაზე) მუდმივად თათბირობენ და არ იციან რა მოიმოქმედონ, როგორ მოიქცნენ.
სხვათა შორის კანონით, სახელმწიფო მდივანსაც აქვს უფლება გასცეს განკარგულება, არ შეიტანონ ბიულეტენში ესა თუ ის სახელ-გვარი ანუ მოიმიზეზონ კონსტიტუციური ნორმა, თუმცა ამას ვერ ბედავენ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის უბრალოდ კატასტროფული ვითარება ამ დიადი ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენ ვგულშემატკივრობთ და მსოფლიოს იმედია მართლა - პუტინის `გლობალური ომის` პირობებში!
იმიტომ, რომ არასდროს ბოლო 100 წლის განმავლობაში ამერიკული სახელმწიფო ბიუროკრატია, იგივე Deep state არ წარმოჩენილა ასე დაბნეული და გაურკვევლობაში მყოფი!
ოღონდ ესეც კი არ არის ყველაზე უარესი. ყველაზე უარესი ის იქნება, თუკი რომელიმე შტატის ან რამდენიმე შტატის ხელისუფლება (არა აქვს მნიშვნელობა შტატის სახელმწიფო მდივანი თუ შტატის სასამართლო) აკრძალავს დონალდ ტრამპის სახელის შეტანას შტატის (!) საარჩევნო ბიულეტენში, ხოლო სხვა შტატებში იგი მაინც მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.
ხომ იოლი წარმოსადგენია ამას რა ქაოსი მოჰყვება ჯერ ერთი და მეორეც, რამდენად დაასუსტებს ამერიკულ ფედერაციას, როგორც ასეთს?!
XIX საუკუნის სამოქალაქო ომის შემდეგ ეს შტატებს შორის ყველაზე სერიოზული დაპირისპირება იქნება.
ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში რჩება გამოსავალი, რომ გადაწყვეტილება, - შეიტანონ თუ არა დონალდ ტრამპი საარჩევნო ბიულეტენში, - მიიღოს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ, მაგრამ......ესეც პრობლემაა: გამოვა, რომ აშშ უმაღლესი სასამართლო, რომელიც უდიდესი ავტორიტეტის მქონე არეოპაგია და ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას, უნდა ჩაერთოს კონკრეტულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რაც უეჭველად იმოქმედებს ნეგატიურად მის რენომეზე.
აი ამიტომაც თვლის ბევრი: `დონალდ ტრამპის პრობლემა` იმ სიმძიმის და ხიფათის სისტემური (!) გამოწვევაა, როგორიც ამერიკას უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში არ ჰქონია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი აპირებს შეხვდეს კიმ ჩენ ინს - მარაზმატული `ჩრდილო კორეის` რეჟიმის ლიდერს.
როგორც გატყობინებდით, მცირე ხნის წინ თავდაცვის მინისტრი შოიგუ გააგზავნა ფხენიანში, რათა იარაღი გამოევაჭრა.
იგულისხმება, პირველ რიგში საარტილერიო ჭურვები.
ჩრდილო კორეას, რომელიც იარაღის მეტს არაფერს აწარმოებს, ბოლო 70 წლის განმავლობაში იმდენი ჭურვი დაუგროვდა, მთელს მსოფლიოს ეყოფოდა; უკრაინაში ომი კი (ამას ბევრი სამხედრო დამკვირვებელი აღნიშნავს) ძირითადად `დისტანციური ომია` ანუ საარტილერიო.
ოღონდ ის ომი ჭურვების უზღვავ რაოდენობას მოითხოვს - საოცარია, რომ ყოფილი სსრკ-რუსეთის მარაგიც კი არ ჰყოფნის.
ვერ `გამოივაჭრა` შოიგუმ ჭურვები ჯერ, რაკი ჩრდილო კორეელი დიქტატორი ჯერ ერთი პუტინთან შეხვედრას ითხოვს და მეორეც, მოითხოვს რუსეთმა სანაცვლოდ მიაწოდოს ნავთობი და საკვები, რათა შიმშილით გაწამებულმა კორეელებმა აჯანყება არ მოაწყონ.
ამერიკის ელჩმა იაპონიაში, რამ ემანუელმა ამასთან დაკავშირებით სარკასტულად განაცხადა, რომ პუტინი `დიადი რუსული იმპერიის` აღდგენას ცდილობს და ამ `დიად საქმეში` კლოუნ კიმზეა დამოკიდებულიო.
ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა საინტერესო განცხადება გააკეთა: `ბევრი რომ აქვს ეს ჭურვები ჩრდ.კორეას გასაგებია, თუმცა ჩვენ CIA-ს ვკითხეთ, რამდენად ხარისხიანია ეს ჭურვებიო.`
როგორც ჩანს, ნაწილი მაინც შენახულია. იარაღს კიმი უვლის.
ხალხს არ უვლის, თორემ ჭურვებს კი უფრთხილდება
თუ პუტინი კიმს ნავთობს მიაწვდის, ეს გაეროს იმ სანქციების დარღვევა იქნება, რომლებსაც პუტინმა თვითონ დაუჭირა მხარი, როცა სხვა თემებზე ევაჭრებოდა დასავლეთს ოდესღაც.
თუმცა ამ `რეპუტაციულ დანაკარგზე` პუტინი, რასაკვირველია წავა. ეს მისთვის დიდი ვერაფერი ბედენაა, როდესაც გენოციდს აწყობს მეზობელ ქვეყანაში, რაც დადასტურდა უკრაინის მშვიდობიან ქალაქ კონსტანტინოვკაზე ბოლო ბარბაროსული დარტყმით.