საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ოქტომბერი. 2023 წელი
ხვალ, 18 ოქტომბერს, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ისრაელში.
უპირველეს ყოვლისა, ეს ვიზიტი ირანის კიდევ ერთხელ გაფრთხილებაა!
მაგრამ არა მხოლოდ: ამერიკას აღელვებს ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული სიტუაცია, რადგან ეს სიტუაცია ძალიან აბრაზებს მთელს არაბულ და მთელს ისლამურ სამყაროს, სადაც ამერიკას პოზიციების შენარჩუნება სასიცოცხლოდ სჭირდება.
მოსალოდნელია, რომ სწორედ აშშ პრეზიდენტის მონაწილეობით შემუშავდება რაღაც `მოდუს ოპერანდი`, რომელიც ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ან/და მშვიდობიანი მოსახლეობის ეგვიპტეში გაქცევის საკითხებს გადაწყვეტს.
ამერიკელმა რეპორტიორებმა გაარკვიეს ის მთავარი მესიჯი, რომელიც `თეთრ სახლში` შემუშავდა ბაიდენის ვიზიტის წინ: `რაც უფრო გაიზრდება მსხვერპლი ღაზაში, მით მეტად დაავიწყდება მსოფლიოს 7 ოქტომბრის ტერაქტის საშინელებები და პრიორიტეტი გახდება ის საშინელება, რაც 2 მილიონიან ქალაქში ტრიალებს ბლოკადისა და დაბომბვების შედეგად`
ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისრაელის არმია არ აპირებს დარჩეს ღაზაში მას შემდეგ, რაც შევა იქ და გაანადგურებს `ჰამასს`.
ჯერ ჯერობით, როგორც ვხედავთ ვერ (!) შედის.
და ამ შეყოვნების ყოველი დღე `ჰამასზე` მუშაობს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით.
რაც მთავარია, ისრაელის ხელისუფლება ვერ ხნის, თუკი ის შევა ღაზაში და მერე გამოვა, ვინ უნდა მართოს ღაზა?
იქ ხელისუფლება `ჰამასია`, რომელიც ღაზას მოსახლეობამ აირჩია 16 წლის წინ.
`ჰამასის` განადგურების შემდეგ რა ხდება - არჩევნები ტარდება? და სად არის გარანტია, რომ ისევ `ჰამასს` არ აირჩევენ?
უპასუხო კითხვებია.
გასაგებია, რომ გარკვეული შანსია, თუ `ჰამასის` განადგურების შემდეგ `ღაზაში` გახელისუფლდება `პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია`, რომელიც ახლა `დასავლეთ ნაპირს` მართავს.
ეს ორგანიზაცია ნაკლებ რადიკალურად ითვლება, ვიდრე `ჰამასი`. ყოველ შემთხვევაში, ჰამასისგან განსხვავებით იგი აღიარებს ისრაელის არსებობის უფლებას, მაგრამ.....ღაზას სოციუმი, ღაზას საზოგადოება განსხვავდება West Bank-ის სოციუმისგან. მით უმეტეს ამ საშინელების შემდეგ რაც იქ ტრიალებს.
ამდენად, შესაძლოა ყველაზე `შემრიგებლურად` განწყობილი ძალაც კი გარადიკალურდეს.
გუშინ ისრაელმა კიდევ ერთხელ დაბომბა ღაზა-ეგვიპტის საზღვარი მას შემდეგ, რაც ეგვიპტემ იგი ცალმხრივად გახსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის ისე, რომ ისრაელთან არ შეათანხმა.
ეს არის პასუხი საკითხზე (რაც ბევრს არ ესმის): ვინ აკონტროლებს ღაზა-ეგვიპტის საზღვარს?
ფორმალურად ეგვიპტე აკონტროლებს, ოღონდ მხოლოდ მანამ, სანამ ისრაელი არ ჩათვლის, რომ მისი ინტერესები ილახება ამ საზღვრის გახსნით.
ეგვიპტე ამიტომაც ცდილობს მუდამ შეათანხმოს საზღვრის გახსნა ისრაელთან. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქმედება (ამას ვიმეორებ) გამოიწვევს კემპ-დევიდის 1979 წლის ფუნდამენტური შეთანხმების დარღვევას, რომლის ძალითაც ისრაელმა ეგვიპტეს დაუბრუნა სინაის ნახევარკუნძული.
რატომ არის ისრაელი წინააღმდეგი საზღვრის გახსნის? პირველ რიგში იმიტომ, რომ არ სურს `ჰამასის`ლიდერშიპი გაიპაროს ღაზიდან ან ის ტერორისტები, ვინც `ებრაული 9/11` მოაწყო.
რაც შეეხება ირანს, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა უკიდურესად აგრესიული განცხადება გააკეთა: `ირანი არ გამორიცხავს `პრევენციულ` დარტყმებს, თუ ისრაელი განაგრძობს ღაზის დაბომბვასო`.
თანაც ირანელმა დიპლომატმა ახსნა, რა აქვს მხედველობაში: `ჩვენ არ დაველოდებით, სანამ ისრაელი ღაზას გაანადგურებს და შემდეგ ისრაელის ოკუპაციისათვის სხვა წინააღმდეგობის კერებს მიადგებაო`.
აქ 10 000%-ით იგულისხმება ლიბანის სამხრეთში დისლოცირებული პროირანული შიიტური დაჯგუფება `ჰესბოლლა` და ირანული კონტინგენტი სირიის ტერიტორიაზე, რომელიც ისრაელის ავიაციამ უკვე რამდენჯერმე დაბომბა ბოლო დღეებში.
რა `პრევენციული დარტყმები` აქვს მხედველობაში მინისტრს? ალბათ სარაკეტო შეტევა ისრაელზე `ჰესბოლლას` მხრიდან. ან უშუალოდ ირანული რაკეტების გაშვება, რომლებსაც `რკინის გუმბათი` ვერ შეაკავებს.
და ვერც Patriot ვერ შეაკავებს - იმდენი აქვთ უკვე ასეთი მძიმე რაკეტა ირანელებს
The wall street journal, რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული რესურსია, იტყობინება, რომ აშშ თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული არმიის სპეცდანიშნულების რაზმებს (დაახლოებით 2 000 სამხედროს) უბრძანა სრულ მზადყოფნაში იყონ, თუკი სახმელეთო ან ქალაქის ბრძოლებში ჩართვა მოუწევთ ისრაელს არმიის მხარდამხარ.
აქ ჯერ არ იგულისხმება ისრაელის პირდაპირი სახმელეთო მხარდაჭერა, მაგრამ ნამდვილად იგულისხმება, რომ თუ აშშ პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტისას ტერორისტები შეტევას გადაწყვეტენ, ამერიკის არმია მზად უნდა იყოს სახმელეთო და ქალაქის ბრძოლებისთვისაც.
ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კატარსა და ქუვეითში ამერიკას მძლავრი სახმელეთო დაჯგუფება აქვს.
უდიდესი საავიაციო და უპილოტო `ფრთაც` აქვს რასაკვირველია, თუმცა ისეთ გამოცდილ სამხედროს, როგორიც გენერალი ოსტინია, შესანიშნავად ესმის, რომ საბოლოო ანგარიშით, `მიწაზე` ომის გარეშე მაინც არაფერი გამოვა.
იმაზე, თუ რამდენად რთულია ახლა ვითარება ახლო აღმოსავლეთში ამერიკული პოლიტიკისთვის, მეტყველებს სახელმწიფო მდივან ბლინკენის `ქაოსური` (როგორც მას უწოდეს NYT კოლუმნისტებმა) ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში.
საკმარისია ითქვას, რომ სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ბლინკენი ჩავიდა ისრაელში, შემდეგ პალესტინის ავტონომიაში, მერე მარშრუტში იყო ეგვიპტე, ბაჰრეინი, კატარი, გაერთიანებული ემირატები, იორდანია, საუდის არაბეთი და ბოლოს ისევ ისრაელი.
ისრაელში მეორედ ვიზიტის დროს (გუშინ) ბლინკენი იძულებული გახდა თავშესაფარში ჩასულიყო, როცა ჰამასმა ცენტრალური ისრაელის დაბომბვა განაახლა.
ყველა დამკვირვებელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს დიდი ტურნე ერთ უმთავრეს მიზანს ემსახურება: მოხდეს არაბული ქვეყნების კონსოლიდირება ირანის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ირანი გადაწყვეტს `ჩაერიოს საქმეში` და პირიქით, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას არაბული ქვეყნების კონსოლიდირება (ისრაელის სიძულვილით) ირანის გარშემო.
დავაკვირდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ბლინკენი თურქეთში ჯერ არ ჩასულა. როგორც ჩანს ეს ბოლო `კოზირია`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის დაზვერვამ დააზუსტა, რომ `ჰამასის` ხელში ახლა 199 მძევალია. მათგან 13 - ამერიკის მოქალაქეა.
დაზუსტებულია აგრეთვე, ისრაელის მხრიდან რამდენი ადამიანი დაიღუპა 7 ოქტომბრის შეტევის შედეგად - 1 400.
კატასტროფული ციფრია პატარა ისრაელისთვის.
შეგახსენებთ, რომ როდესაც 1972 წელს პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ `შავი სექტემბერი` მიუნხენში, ოლიმპიადის დროს, რამდენიმე ისრაელელი სპორტსმენი მოკლა, ისრაელი ამას წლობით განიცდიდა და მთავარი თემა იყო.
ახლა.....1 400 მოკლული და 199 მძევალი!!!
მძევლებად ითვლებიან ყველანი, ვისი ცხედრებიც ვერ იპოვეს ჰამასის შეტევის შემდეგ.
ყველა მათგანის სახელი და გვარი უკვე ცნობილია.
`ჰამასმა` გამოაქვეყნა მძევალი 21 წლის გოგონას ვიდეო, რომელიც ისრაელის მთავრობას ეხვეწება დააბრუნონ იგი მშობლებთან და მეგობრებთან.
ეს საინფორმაციო ომია.
მაგრამ ისრაელი ისეა გამწარებული ახლა ამ მარცხის (!) შემდეგ, როცა ათასობით ებრაელი მოუკლეს, რომ ლტოლვილთა საკითხი და მათთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეც ვეღარ შეაჩერებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა გუშინ მკაცრად გააკრიტიკა მისი საქმის ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც აშშ პრეზიდენტობის მომავალ კანდიდატს, მთელი კამპანიის განმავლობაში აუკრძალა საჯარო კომენტარების გაჟღერება `კაპიტოლიუმის ბორცვზე თავდასხმის` და სხვა ქეისებზე, რადგან მოსამართლის აზრით `ამით ტრამპი მოწმეებზე, ასევე მისი საქმის გამომძიებლებზე ზეწოლას ახდენსო`.
ერთი შეხედვით ლოგიკურია, თუმცა ტრამპი რეზონულად პასუხობს: როგორღა ვისარგებლო მე ჩემი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, როგორ ვაწარმოო საარჩევნო კამპანია, თუ არ ვაკრიტიკე ბაიდენი, არ ვაკრიტიკე `დემოკრატები`, რომლებმაც ეს საქმეები შეთითხნეს ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნით?`
მართლაცდა როგორ?
ამერიკული ისტებლიშმენტი ჯერ არ აღიარებს, რომ აქ არის მძიმე სისტემური კაზუსი, რომელიც მარტივი აკრძალვით ვერ აღმოიფხვრება: ტრამპის ნებისმიერი წინასაარჩევნო განცხადება, თუკი ის შეეხება მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს (აბა როგორ არ შეეხება?!) შესაძლოა იყოს ინტერპრეტირებული, როგორც ზეწოლა მოწმეებზე და გამომძიებლებზე ან მოსამართლეებზე.
არ გამოვა!
შესაბამისად შეიქმნება პრეცედენტი, რომ მოსამართლის განჩინება `ღირს` იმდენი, რამდენიც ქაღალდი, რომელზეც დაბეჭდილია.
ეს კიდევ ერთი ზიანია, რასაც ტრამპის გარშემო შექმნილი ვითარება აყენებს ამერიკულ დემოკრატიას და ამერიკის სახელმწიფოს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლეთში აანალიზებენ პოლონეთის არჩევნებს, რომელიც მოიგო ოპოზიციამ და იმ არაპოლიტკორექტულ დასკვნამდე მიდიან, რომ ძალიან დიდი როლი მმართველი პარტია `სამართალი და სამართლიანობის` მარცხში ითამაშა ამ პარტიის გადაჭარბებულმა კონსერვატიზმმა თავისუფალ და ლიბერალურ ევროპაში, რომლის წევრიცაა პოლონეთი.
მმართველი პარტია, ფუნდამენტური ეკლესიური ღირებულებებიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ზღუდავდა ქალთა უფლებებს. მათ შორის Pro choice მოძრაობას და ამით ქალთა სოციუმის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც საბოლოოდ აისახა კიდეც შედეგში.
ეს მოსალოდნელიც იყო: არ შეიძლება (ამ მხრივ) ლაღ და თავისუფალ ევროპაში კონსერვატიული საზოგადოება ააშენო.
ეს არ გამოვიდოდა ისევე, როგორც ოდესღაც საბოლოოდ არ გამოვიდა სოციალიზმის აშენება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში, რასაც კომუნისტები ჰპირდებოდნენ ხალხს.