სად დაბრუნდებიან ჩეჩენი ლტოლვილები?

სად დაბრუნდებიან ჩეჩენი ლტოლვილები?

        რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმირ რუშაილოს თბილისში ვიზიტის უმთავრეს შედეგად ითვლება შეთანხმება პანკისში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაციის ჩასვლის თაობაზე. მან უნდა შეისწავლოს ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა. თუმცა, თვით ლტოლვილები ამას ძალზე სკეპტიკურად უყურებენ: ჩეჩნეთის წარმომადგენელმა საქართველოში, ხიზრი ალდამოვმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ ლტოლვილები ჩეჩნეთში არ დაბრუნდებიან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანამდე. ლტოლვილთა ინტერპრეტაციით, ეს აზრი შემდეგნაირად ჟღერს: «ჩეჩნეთში არ დავბრუნდებით მანამ, სანამ იქ მშვიდობა არ დამყარდება და საომარი მოქმედება არ შეწყდება». ზოგადად, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთათვის (სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი) საკითხის ასე დასმა სავსებით ჩვეულებრივი და ნორმალურია. მაგალითად, ინგუშეთში ასეულობით ათასი ლტოლვილი ცხოვრობს. ისინი უარს აცხადებენ საომარ მოქმედებათა ზონაში დაბრუნებაზე, მაგრამ რუსეთი ათასგვარ ხერხს მიმართავს, რათა დევნილები აიძულონ დატოვონ ინგუშეთი და ისევ ჩეჩნეთში დასახლდნენ _ ხან ბუნებრივი აირის მიწოდებას უწყვეტს, ხან საჭმელს თუ მედიკამენტებს. ამ ხერხმა ინგუშეთში გაჭრა, მაგრამ საქართველოში (პანკისში) დასახლებული ლტოლვილების მიმართ იგივე მეთოდების გამოყენება არარეალურია.
        ოფიციალური ცნობებით, 1999 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შატილი-ომალოს გადმოსასვლელებით საქართველოში იტუმ-კადედან შემოვიდა 6-7 ათასი ჩეჩენი ლტოლვილი. ძირითადად, ქალები, ბავშვები და მოხუცები.თ უმცა, მათ შორის, დაჭრილი მამაკაცებიც იყვნენ, რომელთა უდიდეს ნაწილს პანკისშივე უმკურნალეს. შემდგომ პერიოდში (ანუ 2 წლის განმავლობაში) ლტოლვილთა მიგრაციის პროცესი მიმდინარეობდა. საქართველოში აშკარად დაიღალნენ მუდმივი დაძაბულობით პანკისის ხეობასთან დაკავშირებით: გატაცებებით, ბანდიტიზმით, ნარკობიზნესით. ბუნებრივია, თბილისში ამ პრობლემათა განხილვისას უეჭველად ითვალისწინებენ პანკისში «შეიარაღებული შემადგენლის» არსებობას. ზოგიერთი ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა კარგად არის შეიარაღებული და საბრძოლო გამოცდილება აქვს – როგორც პირველ, ასევე მეორე ომში მონაწილეობის თვალსაზრისით.
        აგრეთვე სერიოზული პრობლემაა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა ლტოლვილებთან. არ არის გამორიცხული, ჩეჩნებმა გზა გადაკეტონ და ისინი საერთოდ არ შეუშვან ხეობაში ან ლტოლვილებმა არ ისურვონ მათთან საუბარი, ინფორმაციის მიწოდება და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, რუსეთის მხარემ შეიძლება საქართველო დაადანაშაულოს იმ საბაბით, რომ მან «ვერ უზრუნველყო» სამინისტროს წარმომადგენელთა მუშაობა, როდესაც ისინი თავად მოიწვია. თუმცა, ეს საერთაშორისო თვალსაზრისით «წონადი» არგუმენტი ნამდვილად არ იქნებოდა. საქართველოსაც შეუძლია უფრო აქტიურად მიმართოს საერთაშორისო ლტოლვილთა ორგანიზაციებს, გაეროს შესაბამის კომისარიატს და ასე შემდეგ. ოღონდ ეს რუსეთთან ძალზე სერიოზულ პოლიტიკურ კონფლიქტს ნიშნავს.
        როგორც ჩანს, «ჩეჩენი ლტოლვილების» პრობლემა საქართველოსთვის გრძელვადიანი იქნება _ ისევე, როგორც თვით ჩეჩნეთის საკითხი.
        ჩეჩენი ლტოლვილები (რამდენიმე ათასი ადამიანი) არათუ კიდევ დიდხანს იცხოვრებენ საქართველოში, არამედ შეემატებიან პანკისის მოსახლეობას და (პირობითად თუ ვიტყვით) ქისტებად იქცევიან.

დილის გაზეთი, 31 იანვარი, 2002 წელი